რეკლამა
რა სერვისები უნდა ამოქმედდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2021 წელს, ზრდასული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების გათვალისწინებით - ასოციაცია „დეას“ რეკომენდაციები [video]
FaceBook Twitter
E-mail Print
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე მომუშავე ასოციაცია "დეა" აცხადებს, რომ მათი მუშაობის 21 წლიანმა გამოცდილებამ და არაერთმა ჩატარებულმა კვლევამ, მათ შორის, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ფინანსური ხელშეწყობით მიმდინარე პროექტის "ადვოკატირება ზრდასულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე მორგებული სერვისების ამოქმედების მხარდასაჭერად" ფარგლებში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა ერთჯერადი დახმარებებიდან საჭიროებებზე მორგებულ სერვისებზე გადასვლის აუცილებლობა.

საჭირობებზე მორგებული სერვისების ამოქმედების რეკომენდაციით ასოციაცია "დეამ" ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართა შეხვედრაზე, რომელიც მერიის შესაბამისი სამსახურების და საკრებულოს დეპუტატების მონაწილეობით სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა.

ასოციაცია "დეას" აღმასრულებელი დირექტორის, მადონა ხარებას თქმით, სახელმწიფოს არც ცენტრალურ და არც ადგილობრივ დონეზე არ აქვს სერვისი, ზრდასული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

ასოციაცია "დეას" რეკომენდაციით, პირველ რიგში, უნდა ამოქმედდეს და უპირატესობა მიენიჭოს სარეაბილიტაციო მომსახურების სერვისს, რომელიც გააუმჯობესებს ზრდასული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ფიზიკურ და ფსიქო-სოციალურ მდგომარეობას. ასევე, დაეხმარება ჩაერთონ არაფორმალური განათლებისა და დასაქმების პროგრამებში, რაც მომავალში გააძლიერებს მათ ეკონომიკურად, გაზრდის დამოუკიდებელი ცხოვრებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხარისხს.

კომუნალური გადასახადების თანადაფინანსება, საკურორტო მომსახურება, უფასო მუნიციპალური ტრანსპორტი, შინმოვლა, მძღოლი გამცილებლით, ასისტენტი, ერთი თბილი ოთახის პროგრამაში ჩართვა, დამხმარე საშუალებებითა და ჰიგიენური საშუალებებით უზრუვენლყოფა, ლოგოპედის /ჟესტური ენის თარჯიმნის მომსახურება - ეს ის სერვისებია, რომლის ამოქმედების აუცილებლობაზეც მადონა ხარებავა საუბრობს უახლოესი წლებისთვის.
"ჩვენი ერთობლივი შეხვედრა იმის საფუძველს გვაძლევს, რომ მუნიციპალიტეტი მზად არის მოგვისმინოს, კვლევის შედეგები გაითვალისწინოს და ჩვენ ვთვლით, ერთობლივი მუშაობითა და თანამშრომლობით, აუცილებლად მივიღებთ 2021 წლისთვის იმ შედეგს, რასაც პროექტი ითვალისწინებს. კერძოდ, ზრდასრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე მორგებული სერვისები ასახული იქნება 2021 წლის ბიუჯეტში", - აღნიშნა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

ამასთან, მადონა ხარებავა საუბრობს იმაზე, რომ ასოციაცია ,,დეა" საკრებულოსა და მერიასთან ერთობლივად იმუშავებს, რათა კომპლექსურად განიხილონ გამოწვევები, კონკრეტული სერვისები და სერვისების ამოქმედებისთვის საჭირო ფინანსური და ადამიანური რესურსები იმისთვის, რომ ერთჯერადი ფულადი დახმარების პრაქტიკა 2021 წელს ჩანაცვლდეს გრძელვადიან შედეგებსა და სარგებელზე ორიენტირებული სერვისებით.

მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსის, ნინო სხულუხიას თქმით, პრობლემა, რომელზეც "დეა" საუბრობს, სხვა მუნიციპალიტეტებისთვისაც სენსიტიური და აქტუალურია. მისი აზრით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის გრძელვადიანი სერვისის მიწოდების შესაძლებლობა, აქილევსის ქუსლია ზოგადად ქვეყნისთვის. მით უფრო, როცა საუბარია 18 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებზე, და რომ ამ მიმართულებით ბევრია სამუშაო.

"არის პრობლემა სტატისტიკასთან დაკავშირებით. არის პრობლემა ჩაშლილად ამ მოწყვლადი ჯგუფის საჭიროებების თემატიკაზე. ამდენად, ჩვენ თუ ვგეგმავთ და ვისახავთ მიზნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტეგრაციას საზოგადოებაში, და მათი სრული თვითრეალიზაციის ხელშეწყობას, მაშინ უნდა ვიმუშაოთ არა ერთი კონკრეტული მიმართულებით, არამედ რამდენიმე მიმართულებით", - აცხადებს ნინო სხულუხია.

მერიის წარმომადგენლის თქმით, წლის განმავლობაში დაიგეგმება სხვა შეხვედრებიც, არსებული პრობლემების გადასაწყვეტად.

საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, ლექსო თოდუას განმარტებით, ისინი მზად არიან მიმდინარე წლის განმავლობაში იმუშაონ "დეას" მიერ წარმოდგენილი კვლევის ფარგლებში გამოვლენილი პრობლემების გადასაჭრელად. მათ შორის იმ პრიორიტეტული საკითხების უზრუნველსაყოფად, რაზეც ორგანიზაცია საუბრობს, და ეს ყველაფერი უკვე მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტში ასახონ.

უფრო ადრე, 14 დეკემბერს, ასოციაცია "დეამ" მათ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები გააცნო ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად იმუშავებენ 2020 წელს კონკრეტული პროექტების შემუშავებაზე, რათა 2021 წლის ბიუჯეტი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე მორგებული გახდეს.

Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.