რეკლამა
წარმატებული ზუგდიდელი - ბათუმის სამედიცინო ცენტრის (BMC-ის) კლინიკური დირექტორის, სოსო ჯახიას ინტერვიუ
FaceBook Twitter
E-mail Print
"წარმატებულ მენეჯერს გამოწვევები არ აშინებს, პირიქით, შეიძლება ითქვას ის მუდმივად ეძებს სირთულეებს, რათა არსებული რეალობა სწორი და ადეკვატური გადაწყვეტილებებით შეცვალოს. ასეთ დროს ძლიერი და წარმატებული გუნდი კი ყოველთვის გაძლევს სტიმულს ბოლომდე დაიხარჯო ნებიესმიერ ბრძოლაში!" - სოსო ჯახია, BMC-ის კლინიკური დირექტორი.

მრავალწლიანი მართვის გამოცდილების მქონე წარმატებულმა მენეჯერმა ბათუმის სამედიცინო ცენტრის (BMC) კლინიკური დირექტორის პოსტი 2020 წლის თებერვლიდან დაიკავა. განათლება, გამოცდილება, სამომავლო გეგმები - გთავაზობთ ინტერვიუს სოსო ჯახიასთან.

მოგვიყევით თქვენ შესახებ:

დავიბადე ზუგდიდში 1987 წლის 8 იანვარს. შესაბამისად, ყველა მნიშვნელოვანი ემოცია, განცდა, ბავშვობის საუკეთესო წლები, მეგობრების გარემოცვა უკავშირდება ჩემს მშობლიურ ქალაქს, რომელთანაც კავშირი არასოდეს გაწყვეტილა, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა ქალაქში მიხდებოდა ცხოვრება. ზუგდიდი ჩემთვის, როგორც ამ ქალაქში დაბადებული და გაზრდილი ადამიანისთვის ყოველთვის დარჩება ნომერ პირველ ადგილად სამყაროში, სადაც დაბრუნება ნიშნავს მოგონებების გაცოცხლებას, ოჯახთან მეტ კომუნიკაციას და მეგობრების გარემოცვაში სასიამოვნო და დაუვიწყარი წუთების გატარებას. ადამიანს ხომ ყოველთვის იქ მიუწევს გული, სადაც მშობლები და მეგობრები ეგულება - დატვირთული სამუშაო რეჟიმის მიუხედავად ვცდილობ ხშირად მოვინახულო მშობლიური ქალაქი.

დავიბადე მეცნიერების ოჯახში, მამა - გობრონ ჯახია, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, დედა - დარეჯან ბუიძე ენათმეცნიერი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. ვსწავლობდი ზუგდიდის მე-2 საჯარო სკოლაში. პროფესიის არჩევაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩემს პედიატრსა და ნათლიას, არაჩვეულებრივ ადამიანს და საუკეთესო ექიმს, მადონა ფიფიას - 2003 წელს სწავლა განვაგრძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტზე, ამავე უნივერსიტეტში დავამთავრე მაგისტრატურა და მომენიჭა საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრის ხარისხი. სწავლის დამთავრებისთანავე, 2009 წელს, ამიყვანეს სტაჟიორად ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში კონტროლის დეპარტამენტში. სტაჟირების გავლის შემდგომ მუშაობა დავიწყე ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში სამედიცინო დაზღვევისა და ჯანდაცვის პროგრამების დეპარტამენტში უფროს სპეციალისტად. ამავე სააგენტოში რამდენიმე პოზიციის გავლის შემდგომ 2014-2015 წლებში ვხელმძღვანელობდი საყოველთაო ჯანდაცვის მონიტორინგის სამმართველოს.

შემდგომ წლებში ვმუშაობდი თბილისის სხვადასხვა კერძო სამედიცინო დაწესებულებაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე, მათ შორის - ელიზაბეტ ბლექველის ჰოსპიტალი - გენერალური დირექტორის მოადგილე, მრავალპროფილური გადაუდებელი დახმარების ცენტრი - დირექტორის მოადგილე, 2018-2020 წლებში მონაწილეობა მივიღე ქუთაისში თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრის გახსნაში და ვიყავი ამავე ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე და კლინიკური მენეჯერი. 2020 წლის იანვარში შემოთავაზება მივიღე ბათუმის სამედიცინო ცენტრიდან კლინიკური დირექტორის პოზიციაზე და დავთანხმდი ამ გამოწვევას.

მყავს მეუღლე, ციცი ჩიკვილაძე და ორი შვილი, საბა და სანდრო.

● პროფესიის არჩევისას რატომ ჯანდაცვის სფერო? იყო თუ არა ოჯახი განმსაზღვრელი ფაქტორი?

რა თქმა უნდა მშობლების პროფესიამ დადებითი გავლენა იქონია ჩემი და ჩემი ძმის სწავლასა და განათლებაზე, თუმცა პროფესიის არჩევისას, მომავალი საქმიანობის სფერო ორივესთვის მედიცინა აღმოჩნდა. ჩემი ძმა, ტატო ჯახია დღეს წარმატებული კარდიოლოგი, ინტერვენციული კარდიოლოგია ჩაფიძის გულის ცენტრში, ასევე, არის BMC-ის კარდიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მისი მეუღლე, მარიამ გველესიანი რეზიდენტია კარდიოლოგიაში, ჩემი მეუღლე კი დიპლომირებული მედიკოსი.

რატომ მედიცინა? ვფიქრობ, რომ მედიცინა ყველაზე ჰუმანური პროფესიაა სამყაროში, რადგან საშუალებას გაძლევს დაეხმარო ადამიანებს, როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად.

სასიამოვნოა განცდა გადაარჩინო ყველაზე ძვირფასი - ადამიანის სიცოცხლე.

● აღნიშნეთ, რომ რამდენიმე კლინიკის თანახელმძღვანელი იყავით. რა ფაქტორმა განაპირობა თქვენი გადაწყვეტილება - დათანხმებულიყავით BMC-ის კლინიკური დირექტორის პოსტს?

მაშ ასე,

რატომ BMC?

 მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულებაა, ექსკლუზიური სერვისებითა და ინოვაციური მკურნალობის მეთოდებით;
 კლინიკა, რომელსაც მოწყობითა და სტრუქტურით საქართველოში ანალოგი არ ჰყავს;
 24/7-ზე, უწყვეტ რეჟიმში ქმნის ხარისხიან, ეფეტურ და ხელმისაწვდომ სამედიცინო მომსახურებას რეგიონში;
 BMC ყველა თანამედროვე მოთხოვნებს პასუხობს!
 BMC-ში წარმატებული, კვალიფიციური და პროფესიონალი ადგილობრივი და მოწვეული სპეციალისტების გუნდი მუშაობს;
 ულტრათანამედროვე ტექნოლოგიები უზუსტესი დიაგნოსტირების საშუალებას იძლევა;
 BMC-ში მუდმივად ზრუნავენ მედ-პერსონალის უწყვეტ სამედიცინო განათლებაზე!
 BMC-ში მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანია;
 კლინიკაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყველა რგოლი ერთ სივრცეშია - დრო უდრის სიცოცხლეს!

ჩემთვის უზარმაზარი პასუხისმგებლობაა - გჭირდება კვალიფიკაცია, ცოდნა, განათლება და გამოცდილება. პაციენტის წინაშე მართალი უნდა იყო. თუ ამ პროფესიას ზერელედ უყურებ სამედიცინო სფეროს ვერ მოერგები. ზუსტად იქ ვმუშაობ, სადაც მინდა რომ ვმუშაობდე. ძალიან შეკრული გუნდი ვართ და ეს დიდი პატივია პირადად ჩემთვის.

● როგორ განვითარდა ბათუმის სამედიცინო ცენტრი (BMC) დაარსებიდან დღემდე?

არაჩვეულებრივი ადამიანების, საუკეთესო ხელმძღვანელების, მფლობელების, ეკა ზოიძისა და გოჩა ბაკურაძის თავდაუზოგავი შრომისა და მოტივაციის შედეგია BMC. კლინიკა, რომელიც წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა, როგორც ფსიქონევროლოგიური დაწესებულება. ტერიტორია 2017 წლის დეკემბერში აუქციონის წესით გასხვისდა, ეტაპობრივად დაემატა სხვადასხვა პროფილის დეპარტამენტები, სრულად გარემონტდა და აღიჭურვა სივრცეები. შედეგად, BMC დღეს ფუნქციონირებს, როგორც ულტრათანამედროვე, 266 საწოლიანი მრავალპროფილური კლინიკა, სადაც ექსკლუზიური სერვისებით პაციენტებს ვთავაზობთ ადეკვატურ, დროულ და ხარისხიან სამედიცინო დახმარებას მტკიცებულებითი მედიცინით, მულტიდისციპლინარული მიდგომით, გამორჩეული ინფრასტრუქტურითა და ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით.

უმაღლესი ხარისხის სტაციონარული და ამბულატორიული სერვისების მიწოდება ხორციელდება მოწვეული და ადგილობრივი პროფესიონალი და გამოცდილი ექიმებისა და ექთნების გუნდის მიერ. ჩვენთვის თითოეული თანამშრომელი მნიშვნელოვანია, ვზრუნავთ მათ კვალიფიკაციის ამაღლებაზე და პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ვუქმნით კომფორტულ და სტაბილურ გარემოს.

მადლიერი პაციენტების რიცხვი გაიზარდა და დამერწმუნეთ, ეს ჩვენი გუნდისთვის დიდი სტიმულია. მთავარი მიზანიც ეს არის - პაციენტის საუკეთესო ინტერესი და მათი ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილება.

● რატომ უნდა აირჩიოს პაციენტმა BMC? რით არის გამორჩეული ბათუმის სამედიცინო ცენტრი?

ბევრი ფაქტორის გამოა BMC განსაკუთრებული, როგორც კლინიკა, სადაც პროფესიონალთა გუნდი ყოველდღე და დაუღალავად იბრძვის სიცოცხლის გადასარჩენად.

BMC-ის უახლესი, ულტრათანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზა გვაძლევს საშუალებას სწორი და დროული დიაგნოზის დასმით გადავარჩინოთ მეტი სიცოცხლე!

გამორჩეული ინფრასტრუქტურა და კლინიკის მოწყობა/განლაგება BMC-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა. ყველა დეპარტამენტში შექმნილია სასიამოვნო გარემო, რათა პაციენტმა და პაციენტის ახლობლებმა თავი იგრძნონ მაქსიმალურად კომფორტულად და უსაფრთხოდ, როგორც საკუთარ სახლში.

პაციენტი სამედიცინო მომსახურების სრულ პაკეტს ერთ სივრცეში ღებულობს. გართულების ან პაციენტის დამძიმების შემთხვევაში, მინიმალურ დროში 2-3 წუთში, სამედიცინო პერსონალს შეუძლია ნებისმიერი მანიპულაციის დროული შესრულება, რადგან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყველა რგოლი ერთ სართულზეა (რეანიმაცია, საოპერაციო ოთახები, კათეტერიზაციის ლაბორატორია, სადიაგნოსტიკო საშუალებები).

განსაკუთრებით გამოვარჩევდი საიმედო, პროფესიონალ და გამოცდილ BMC-ის გუნდს. ადგილობრივი და მოწვეული სპეციალისტების კვალიფიციურმა სამედიცინო პერსონალმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ მათ უნდა ანდოთ თქვენი ჯანმრთელობა!

BMC-ის თითოეულ დეპარტამენტში ხორციელდება თანამედროვე გაიდლაინებით მოწოდებული ყველა სახის სამედიცინო ჩარევა, მკურნალობის ინდივიდუალური, უახლეს საერთაშორისო რეკომენდაციებზე აგებული მიდგომები და პაციენტების მაქსიმალურ კომფორტზე ორიენტირებული უმაღლესი ხარისხის მომსახურება.

● უფრო დეტალურად რომ ვისაუბროთ BMC-ში არსებულ სერვისებზე - რა მიმართულებებია და რა პროფილის პაციენტებს ემსახურება კლინიკა?

ჩვენი სერვისებია: ემერჯენსი; რეანიმაცია; კარდიოლოგია; ინტერვენციული კარდიოლოგია; სისხლძარღვთა ქირურგია; ენდოვასკულარული ანგიოლოგია; ნევროლოგია; ნეიროქირურგია; ენდოვასკულარული ნეიროქირურგია; ქირურგია; ორთოპედია - ტრავმატოლოგია; ოტორინოლარინგოლოგია; ოფთალმოლოგია; გინეკოლოგია; სამშობიარო; ნარკოლოგია; ფსიქიატრია; სრული ამბულატორიული მომსახურება; სრული ლაბორატორიული მომსახურება; სრული დიაგნოსტიკა;

ფაქტობრივად ყველა სომატური პათოლოგიის მართვა ხდება.

როგორც უკვე გითხარით, კლინიკა 2017 წლამდე ფუნქციონირებდა, როგორც ფსიქონევროლოგიური დაწესებულება. დღეს ფსიქიატრიის დეპარტამენტი ინტეგრირებულია სამედიცინო დაწესებულების სომატურ ნაწილთან, რაც BMC-ის გამოარჩევს სხვა კლინიკებისგან - საქართველოში მოწყობითა და სტრუქტურით ანალოგი არ ჰყავს!

ფსიქიკური სერვისების მიმღები პირები მუდმივად განიცდიან სტიგმას საზოგადოების მხრიდან. ჩვენ სხვადასხვა აქტივობებით და პროექტებით მუდმივად ვცდილობთ არსებული რეალობის შეცვლას. ამ მხრივ მრავალპროფილური კლინიკის ჩამოყალიბება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და წინგადადგული ნაბიჯია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ვახორციელებთ მნიშვნელოვან პროექტებს - უკვე ფუნქციონირებს სამი საცხოვრისი ფსიქიკური სერვისების მიმღები პირებისთვის! საცხოვრისები დეინსტიტუციონალიზაციის პროცესია და გულისხმობს ინსტიტუციების ჩანაცვლებას სტაციონარს გარე სერვისებით, სადაც ბენეფიციარებს დამოუკიდებელი უნარ-ჩვევების განვითარების და საზოგადოებაში ინტეგრაციის მეტი შესაძლებლობა აქვთ!

ასევე, ვმკურნალობთ ალკო და ნარკოდამოკიდებულების მქონე პაციენტებს.

● რაც შეეხება სამომვლო გეგმებს, რა მიმართულების გაძლიერებას ან დამატებას გეგმავთ?

ვგეგმავთ გრანდიოზული პროექტის განხორციელებას - BMC-ის ტერიტორიაზე ვერტოდრომის მოწყობას. მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია.

მოგეხსენებათ, დღეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მაღალმთიან აჭარაში მომხდარი უბედური შემთხვევებისას ურგენტული პაციენტების მართვა, რადგან ბათუმში გადმოყვანისას იკარგება ყველაზე ძვირფასი - დრო! მაღალმთიანი აჭარის რელიეფიდან გამომდინარე კი ვერტოდრომის არსებობა ხელმისაწვდომი და ეფექტური სამედიცინო მომსახურების შესაძლებლობას მოგვცემს. დასავლეთ საქართველოში არც ერთ სამედიცინო დაწესებულებას ვერტოდრომი არ გააჩნია, შესაბამისად ამ მიმართულებით ჩვენ პირველები ვიქნებით.

რაც შეეხება ახალ მიმართულებას - უახლოეს პერიოდში კარდიოქირურგია დაგვემატება. დედაქალაქის ერთ-ერთი წამყვანი და წარმატებული კლინიკის სპეციალისტებთან გვქონდა შეხვედრა, რომლებმაც გამოთქვეს ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი. BMC-ში სპეციალურად ამ მიმართულებისთვის მოეწყობა ევროპული სტანდარტების შესაბამისი სივრცე, სადაც ყველა დეტალს ექნება დატვირთვა მთავარი მოტივით - პაციენტზე და მის კეთილდღეობაზე ორიენტირებული გარემო.

ჩვენ ვცდილობთ, მნიშვნელოვანი სამედიცინო კომპეტენციითა და მკურნალობის თანამედროვე, ინოვაციური მეთოდებით გავაუმჯობესოთ არსებული სამედიცინო მომსახურების ხარისხი და შევქმნათ ახალი მიმართულებები აჭარაში, რათა გავზარდოთ მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობა. ასევე, მნიშვნელოვან ამოცანად დავისახეთ ისეთი სერვისების მიწოდება, რომლებიც საზღვარგარეთ მკურნალობის ღირსეული ალტერნატივა იქნება.

ყველა სიცოცხლე იმსახურებს თანამედროვე და ჯეროვან მკურნალობას!

გისურვებთ ჯანმრთელობას!
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.