რეკლამა
ზუგდიდში 12 ახალი ქუჩის რეაბილიტაცია იწყება
აღმაშენებლის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება.

მიმდინარე სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე კაკავა გაეცნენ.

როგორც კონსტანტინე კაკავამ აღნიშნა, გზების რეაბილიტაცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება.

"ზუგდიდის მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა. ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენს მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევითა და მთავრობის მხარდაჭერით მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა. ჩვენი მთავარი მიზანია, მოქალაქეების კომფორტული მობილობის უზრუნველყოფა"–აღნიშნა კონსტანტინე კაკავამ.

სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, ზუგდიდში დამატებით 12 მნიშვნელოვანი ქუჩის რეაბილიტაცია იწყება.

,,აღმაშენებლის ქუჩაზე ვასრულებთ უკვე მთლიანი ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც თავისთავში ასფალტის საფარის გარდა მოიცავდა საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოებს, სანიაღვრე სისტემის მოწესრიგებას. გარდა ამისა, ქალაქის მასშტაბით რამოდენიმე დღეში დამატებით ქალაქის 12 მნიშვნელივანი ქუჩის რეაბილიტაცია იწყება. ასევე, გზების მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს სოფლებში და უახლოეს პერიოდში რამდენიმე მიმართულება დაემატება"- აღნიშნა გიორგი გუგუჩიამ.

ცნობისთვის, აღმაშენებლის ქუჩაზე წყალარინების სამუშაოები დასრულდა.