დადიანები
ევროპული ბაღი - ფოტოები დადიანების არქივიდან
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი დადიანების ევროპული მემკვიდრეობიდან კულტურის თვალსაჩინო ძეგლია.

მისი გაშენების ისტორიასა და განვითარების ეტაპებზე ზუგდიდის მუზეუმის ექსკურსიამძღოლი სოფო კობახიძე, ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით გვიყვება.

მკვლევარი, მეცნიერი და დადიანების სასახლეების ყოფილი დირექტორი ილია გოგია ზუგდიდის ტყეების ბაზაზე, ბოტანიკური ბაღის ჩასახვის პერიოდად მიიჩნევს 1828-1840 წლების შუალედს, როცა სასახლის გარშემო მდებარე ტყეების ერთი ნაწილი შემოისაზღვრა ხელოვნური ზღუდით და მიჩნეულ იქნა სასახლის ბაღად.

ბაღის მშენებლობისას ყურადღება ექცეოდა ისეთ ჯიშებს, რომელთაც პრაქტიკული გამოყენებითი მნიშვნელობა ჰქონდა. სასახლის ბაღად მიჩნეულ ადგილებში შესვლა, მცენარეთა მოჭრა, ხილით სარგებლობა, საქონლის შეშვება და ნადირობა მთავრის ნებართვის გარეშე ეკრძალებოდა ყველას, გარდა ოჯახის წევრებისა. ამ დროს, ბაღი გახდა მთავართა გასართობი სანადირო ადგილი.

ჭადრების ხეივანი

ეს გასართობი ადგილი, ევროპული სტილის დეკორატიულ ბაღად დავით დადიანის მმართველობის პერიოდში 1840 წლიდან იქცა.

ისტორიკოს ანდრეი მურავიოვის წიგნში "სომხეთი და საქართველო" ვკითხულობთ:

"ზუგდიდიდან კილომეტრის მოშორებით, ხშირ ტყეში შეგვხვდა მთავარი დავით დადიანი. გულთბილი და მეგობრული მოკითხვის შემდეგ, სანამ სახლში შეგვიძღვებოდა, მთავარმა გაგვასეირნა ბაღში, რომელიც მის დიდ დაინტერესებას წარმოადგენს. ეს ევროპული ყაიდის ბაღი მშვენიერი ყვავილებით ამ აზიის ცის ქვეშ გულცივს არ ტოვებს მნახველს. ბაღის შუაგულში მუხის ფანჩატურია, ხეზე კვეთის აღმოსავლური სტილით გამშვენებული, სადაც ხშირად ატარებდნენ დროს ოჯახურ იდილიაში".

მალე ბაღისადმი ზრუნვა და მისი მართვა-გამგეობა დავითმა ჩააბარა თავის მეუღლეს, ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანს, რომელმაც ცოტა ხანში ეგზოტიკური სახეობების მდიდარი ბაღი შექმნა.

ცნობილი საზოგადო მოღვაწე იონა მეუნარგია წერს, რომ ეკატერინემ გამოიწერა თესლები და ნერგები მეფის, ლუი ფილიპეს ვერსალის ბაღიდან და კავკასიაში საუკეთესო ბაღი გააშენა.

ე.წ. საუფლისწულო "სადადიო"

ბაღის მშენებლობის მთავარ ხელმძღვანელად მოიწვიეს იტალიიდან მებაღე ჟოზეფ ბაბინი, რომელმაც ბაღს მთლიანად შეუცვალა იერი, გაწმინდა უვარგისი მცენარეებისაგან, დარგო ახალი ადგილობრივი თუ უცხო ჯიშები, მოაწყო პირველი სანერგე და ორანჟერეა, განსაზღვრა და დააზუსტა დეკორატიული ბაღის ფართობი. პირველმა დაგეგმა ეს ბაღი ფრანგული სიმეტრიული სტილით. მცენარეები შეიტანა საფრანგეთიდან და იტალიიდან. ჟოზეფ ბაბინის დროს გაკეთდა ვრცელი აუზი, ე.წ ხელოვნური ტბა, რომელსაც ასაზრდოებდა მდ. ჩხოუშიიდან გამოყვანილი არხი.

აქ საღამოობით გამოდიოდა მთავრის ოჯახი სასეირნოდ, უყურებდნენ ნავით მიმოსვლას აუზში, გედების ცურვას ან თევზჭერას. გედებთან, თევზებთან ბაღში ირმებიც დადიოდნენ.

იონა მეუნარგია ასევე აღწერს იმ ადგილს, სადაც დადიანები ყავას სვამდნენ:

დადიანების ყავახანა

"სამხრეთის მხრით იმ ადგილზე, სადაც აუზიდან გამოდის წყალი, იდგა თლილი ქვისაგან აყვანილი საყავე. აქ მთავარი და მისი ოჯახობა წვეულებით მიირთმევდნენ ყავას".

მეფისნაცვლის კანცელარიის მოხელე ეკატერინეს შვილების აღმზრდელი-მასწავლებელი კორნელი ბოროზდინი წერდა, რომ 10 წლის განმავლობაში დედოფალმა საუცხოო ბაღი გააშენა:

"მაგნოლიები, ბეგონიები, პაულონიები, მიმოზები, კვიპაროზები, ოლეანდრები უშველებელის სიდიდისა გაიზარდა და ამ ხეებისა მთელი ხეივნები შეიქმნა. ბაღთან იყო საუცხოვო სათბური და საგრუნტე ფარდულები, სადაც 500 ზე მეტი ხე იყო ფორთოხლისა, ლიმონისა, პაპელმოსისა, ბანანისა და სხვა იშვიათი ხეხილისა, მაგრამ განსაკუთრებით კარგი იყო საყვავილე განყოფილება, დათვლაც კი სჭირდა ათასნაირ ვარდებისა,ზოგიერთი მათგანი ორ მეტრის სიმაღლისა გაიზარდა, მრავალფეროვანი იყო აგრეთვე კამელიების კოლექცია. ერთის სიტყვით, ზუგდიდის ბაღი ყოვლის მხრივ შესანიშნავი იყო და ამიერკავკასიაში მისი ბადალი არ მოიძებნებოდა".

მარცხნიდან პირველი ზის დადიანების იტალიელი მებაღე ჯიოვანო ზამბერლეტი

თუმცა ბაღის აყვავების ხანა არ იყო ხანგრძლივი. 1855 წელს, ოსმალთა არმიამ ომერ-ფაშას მეთაურობით სამეგრელოში ნახევარ წელიწადზე მეტი დაჰყო და ამ ხნის მანძილზე მთლიანად გაანადგურა ეს მხარე. ერთ-ერთი გარნიზონის უფროსის ისკანდერ ფაშას ბრძანებით ძირიანად ამოთხარეს და გაანადგურეს ბაღი. აქ არსებული არსებული სასახლეები და ორანჟერეა ცეცხლს მისცეს, წაიყვანეს სწავლული მებაღეც და დედოფლის მიერ გაშენებული ბაღი მიწასთან გაასწორეს.

1869 წელს, როდესაც ეკატერინე პარიზიდან დაბრუნდა მოიწვია, ქალაქ ვარეზედან მებაღე-დეკორატორი გაეტანო ზამბერლეტი, რომელსაც დააკისრა ორი ბაღის ზუგდიდის და გორდის ხელმძღვანელობა. მას სურდა, რომ ფრანგული ბაღების მსგავსი ზუგდიდშიც გაეშენებინა.

დადიანების კარის ეკლესიის მოძღვრის თევდორე ხოშტარიას დღიურში ვკითხულობთ: "პარიზი დიდი წესრიგის ქალაქია, დაკრიალებული ქუჩებით, დიდი კულტურით, აღზრდითა და საზოგადოებრივი წესრიგით. იმ დღეს ეკატერინე და მის შვილებთან ერთად სასეირნოდ ვიყავი ბულონის ბაღში. რა ბაღები არ მინახავს,მაგრამ მსგავსი არსად არაფერი. ბაღი სიდიდით, იშვიათი ხეებით, შესანიშნავი გზებით, ხელოვნურად გაკეთებული კლდე-გორებითა და წყაროს წყლებით საოცარია,აქ კარეტები შემოდიან სასეირნოდ. ეკატერინე მეუბნებოდა აი, როგორ უნდა მოვაწყო ჩემი ბაღები ზუგდიდსა და გორდშიო".

მოგვიანებით, ეკატერინემ დამატებით მოიწვია გაეტანო ზამბერლეტის უმცროსი ძმა - ჯიოვანო ზამბერლეტი და ბაღის მშენებლობაც სწრაფი ტემპით წავიდა. პეტერბურგიდან ჩამოიტანეს ეგზოტიკურ მცენარეთა თესლები და ნერგები, გააფართოვეს ბაღის ტერიტორია, გააგრძელეს ბზის ბორდიურები და ხეთა ხეივნები. ამ პერიოდისაა ცნობილი ჭადრების ხეივანი 1182 მეტრი და რცხილების ხეივანი 187 მეტრი სიგრძის.

დადიანების მებაღე ზუგდიდის მთავრისეული სასახლის ბაღში, 1900-იანი წლები

1882 წელს, დედოფლის გარდაცვალების შემდეგ, წყდება ბაღის გაფართოება და ახალ-ახალი კოლექციით შევსება, თუმცა მოვლა - პატრონობა გრძელდება. მცენარის ბევრი ლამაზი ჯიში გავიდა სასახლის ბაღიდან, გავრცელდა სამეგრელოს სხვადასხვა კუთხეში სწორედ შეიძლება აიხსნას ეგზოტიკურ მცენარეთა და დეკორატიული ბაღების ის სიუხვე, რომლითაც ასე განსხვავდება ზუგდიდი საქართველოს სხვა ქალაქებს შორის.

ბოტანიკურ ბაღსა და ზუგდიდში არსებულ ევროპული მემკვიდრეობის ძეგლებზე დადიანების სასახლის არქივიდან მასალას, მეორე ნაწილად შემოგთავაზებთ, კერძოდ, საუბარი შეეხება ბაღის არქიტექტურულ ნაწილს.

2-3 ოქტომბერს ევროპის მემკვიდრეობის დღეები აღინიშნება, რომელშიც მონაწილებას იღებს ევროპის კულტურული კონვენციის ხელმომწერი 50 ქვეყანა. წლევანდელი დღეების თემაა "მემკვიდრეობა და განათლება - სწავლა სიბერემდე".  პანდემიის გამო, დადიანების სასახლე ევროპულ დღეებს, ზუგდიდის ღია, თუმცა ყველაზე ევროპულ სივრცეში აღნიშნავს.

Print E-mail
Twitter
ვიდეო
მოვედით, რომ პანდემია დასრულდეს - ზუგდიდელი პენსიონერები Covid19-ის ვაქცინაციაზე [ვიდეო]
აქ ახლა რიგი უნდა იყოს, - ამბობს 69 წლის რუბენ გახარია და მოსაცდელი
არ შეიძლება ვინმეს გამო ოცნებებზე უარი თქვა - სპელეოლოგი ქალი ჩხოროწყუდან [ვიდეო]
ჩხოროწყუში მიგარიას კირქვულ მასივზე არსებულ ლამაზ მღვიმეებს
ონლაინგაკვეთილიდან საკლასო ოთახში [ვიდეო]
პირველკლასელი ერეკლე მართალია, დილით ადრე
ფოტო
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის
 „ყინულის სამყარო“ სვანეთში
„ყინულის მინი სამყაროში“ ასე დაარქვა საკუთარ ფოტოამბავს
დათოვლილი მესტია და ჰეშკილი [ფოტო]
სვანეთი განსაკუთრებით ლამაზია ზამთარში, როცა მთები
საშობაო „ალილო“ მრევლის გარეშე [ფოტო]
პანდემიის გამო, ტრადიციული საშობაო „ალილოს" მსვლელობა
სვანეთი შემოდგომის ფერებში [ფოტოამბავი]
სვანეთი წელიწადის ნებისმიერ დროს გამოირჩევა
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.