ეკონომიკა
”ფეისბუკი” აქციების ბირჟაზე გაყიდვით 5 მილიარდის მოზიდვას გეგმავს
16:45 / 02.02.2012
”ფეისბუკი” აქციების ბირჟაზე გაყიდვით 5 მილიარდის მოზიდვას გეგმავს

ინტერნეტის უმსხვილესი სოციალური ქსელი ”ფეისბუკი” აპირებს, რომ პირველად განათავსოს თავისი აქციები ბირჟაზე. კომპანიამ უკვე შეიტანა შესაბამისი განაცხადი ფასიანი ქაღალდების ამერიკულ კომისიაში. აქციების გაყიდვით ”ფეისბუკი” 5 მილიარდი დოლარის მოზიდვას გეგმავს. კომპანიის დებიუტს საფონდო ბირჟაძე 3-4 თვეში ელიან. შარშან ამ სოციალური ქსელის მოგებამ 4 მილარდ დოლარზე მეტი შეადგინა.

ზუგდიდის მე-7 საჯარო სკოლა კერძო კომპანიამ შეისყიდა
16:56 / 10.01.2012
ზუგდიდის მე-7 საჯარო სკოლა კერძო კომპანიამ შეისყიდა

 

ახალ სასწავლო წელს ზუგდიდში საბუნებისმეტყველო გიმნაზია გაიხსნება. საგანმანათლებლო დაწესებულება ყოფილი #7 საჯარო სკოლის შენობაში განთავსდება. გიმნაზიას შპს „რეზონანსი-საქართველო“ პარტნიორ გერმანულ კომპანიასთან, ლაბორატორიული და სამეცნიერო მოწყობილობების მწარმოებელ „ფიუვესთან“ ერთად აფუძნებს. ყოფილი სკოლის შენობაში ამჟამად სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

 

„პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, ყოფილი მე-7 საჯარო სკოლა არის პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზებული ქონება, რომელიც გარკვეული პირობების სანაცვლოდ გადაეცა შპს „რეზონანსი-საქართველოს“, - განუცხადეს „ლაივპრესს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში.

 

სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, „რეზონანსი-საქართველოს“ შემდეგი ვალდებულებები დაეკისრა: „2012 წლიდან სკოლაში სასწავლო პროცესის განახლება; ათი წლის განმავლობაში შენობის ზოგადსაგანმანათლებლო მიზნებისთვის გამოყენება და საგანმანათლებლო პროფილის შენარჩუნება. სარეაბილიტაციო- სამშენებლო სამუშაოების ჩატარება სკოლაში, რისთვისაც არანაკლებ 300 ათასი ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს. 2012 წლის 1 დეკემბრამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის, არანაკლებ 250 ათასი ლარის ღირებულების სასწავლო-ლაბორატორიული მოწყობილობების უსასყიდლოდ გადაცემა“, ნათქვამია წერილში.  

 

შპს „რეზონანსი-საქართველომ“ სკოლის ეზო და შენობა მთლიანობაში 550 ათას ლარად შეიძინა. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში განმარტავენ, რომ ორსართულიანი კორპუსი შპს-ს გასული წლის სექტემბერში გადაეცა.

 

„შენობა პირდაპირი მიყიდვის წესით საკმაოდ ძვირად არის გასხვისებული. ის უფრო ნაკლებად გაიყიდებოდა, როგორც უძრავი ქონება“, აცხადებენ სამინისტროში. 

 

თავის მხრივ, „რეზონანსი-საქართველოს“ წარმომადგენელმა ირაკლი თოდუამ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ სკოლის ორსართულიანი შენობა მიზერულ ფასად შეიძინეს. თუმცა მისი თქმით, ძველი კარკასული ტიპის კორპუსის რეკონსტრუქციაში დიდი ინვესტიცია ჩაიდო.

 

ლაივპრესის“ კითხვას, თუ ვინ არის „რეზონანსი-საქართველოს“ დირექტორი? ირაკლი თოდუა პასუხობს, რომ კომპანიაში ყველა თანამშრომელი კონკრეტული განხრის დირექტორია და ერთი მმართველი შპს-ს არ ჰყავს. მისივე განმარტებით „რეზონანსი-საქართველო“ 5 წლის წინ დაფუძნდა, თუმცა აქტიური მუშაობა გასული წლიდან მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანია „ფიუვეს“ პარტნიორი გახდა.

 

საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციის თანახმად, შპს „რეზონანსი-საქართველო“ 2006 წლის 28 სექტემბერს, ფოთში მცხოვრებმა თინათინ ხარებავამ დააფუძნა. შპს-ს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირად თემურ კიკალიშვილია მოხსენიებული. საჯარო რეესტრის ვებ-გვერზე მითითებულ მისამართზე, ფოთში 25 მაისის ქუჩაზე საოფისე ფართი არსებობს, თუმცა ის დღემდე დაკეტილია.

 

„ჩვენ ვატარებთ საგანმანათლებლო სემინარებს მოსწავლეებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან. „რეზონანსი-საქართველომ“ თბილისის მასწავლებელთა სახლს 200 ათასი ლარის ღირებულების „ფიუვეს“ ლაბორატორიული მოწყობილობები უსასყიდლოდ გადასცა“, ამბობს „რეზონანსი-საქართველოს“ წარმომადგენელი ირაკლი თოდუა.

 

მისი ინფორმაციით, ზუგდიდის საბუნებისმეტყველო გიმნაზიაში პროფესორ-მასწავლებლები მთელი საქართველოდან იქნებიან მოწვეული და აქცენტი სამეცნიერო საგნებზე გაკეთდება. ირაკლი თოდუას თქმით, გიმნაზიას გერმანელი პროფესორი ინგე ბერგერი უხელმძღვანელებს, რომელიც ამავდროულად კომპანია „ფიუვეს“ წარმომადგენელია საქართველოში. ირაკლი თოდუა ფიქრობს, რომ ბერგერის დირქტორად დანიშვნა ხელს შეუწყობს გიმნაზიაში განათლების თანამედროვე სტანდარტების დანერგვას.

 

საგანმანათლებლო დაწესებულებაში განათლების მიღება ფასიანი იქნება, თუმცა გადასახადის ოდენობა ჯერ დადგენილი არ არის.

 

„მიმდინარეობს კვლევები, თუ რა ღირს სწავლა ზუგდიდისა და სხვა ქალაქების კერძო სკოლებში. ამ კვლევის შედეგების მიხედვით დადგინდება გადასახადის ოდენობა“, ამბობს ირაკლი თოდუა და განმარტავს, რომ „განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვები გიმნაზიაში სპეციალური ფასდაკლებით ისარგებლებენ“.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, გერმანული კომპანია „ფიუვე“ მსოფლიო საგანმანათლებლო ლაბორატორიული მოწყობილობების წარმოებაში ლიდერი კომპანიაა, რომელიც საბუნებისმეტყველო საგნებისთვის 5000-ზე მეტი სახეობის ლაბორატორიულ მოწყობილობას უშვებს. მისი პროდუქცია მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაშია  გავრცელებული.

ფოთის 2010 წლის ბიუჯეტის მონიტორინგის შედეგები
12:58 / 20.07.2011
ფოთის 2010 წლის ბიუჯეტის მონიტორინგის შედეგები

„ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრმა“ ფოთის 2010 წლის ბიუჯეტის მონიტორინგი განახორციელა - მათ შორის, სარეზერვო ფონდის ხარჯვის მიზნობრიობა. კვლევის მიხედვით, ფოთის 2010 წლის ბიუჯეტში სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვრა 124,871 ლარის ოდენობით, საიდანაც დახარჯული იქნა 120,492 ლარი (96.5%), ხოლო დაუხარჯავი დარჩა 4,379 ლარი. სარეზერვო ფონდის მოცულობა, რომელმაც ბიუჯეტის ასიგნებების 0.68% შეადგინა, ნორმის ფარგლებში იქნა განსაზღვრული. მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ 2010 წლის განმავლობაში სარეზერვო ფონდის განკარგვა ხდებოდა როგორც საკრებულოს, ასევე ქალაქის მერის გადაწყვეტილებების საფუძველზე. წლის განმავლობაში სულ გამოცემული იქნა საკრებულოს თავმჯდომარის 5 და ქალაქის მერის 6 ბრძანება. სარეზერვო ფონდიდან თანხები, ძირითადად, დაიხარჯა შემდეგი მიმართულებით: 2010 წლის 11-13 თებერვალს, 11-12 მარტს და 21 აგვისტოს ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების, საჯარო სკოლების, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების და ადმინისტრაციული შენობების სახურავების აღდგენისათვის, ხანძრის შედეგად განადგურებული ფიზიკური პირების საცხოვრებელი სახლების ზიანის კომპენსაციისათვის და ზოგიერთი მინიმალური ხარჯების ანაზღაურებისათვის, რაც არ იყო ბიუჯეტში გათვალისწინებული. კვლევაში, მაგალითისთვის მოყვანილია, ქალაქში არსებული პარკის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფასური. „აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სარეზერვო ფონდის მასობრივ და მრავალმიზნობრივ ხარჯვასთან არ გვაქვს საქმე, რაც დადებითი მოვლენაა. ამასთან, ყველა ხარჯზე გამოცემულია შესაბამისი სამართლებრივი აქტი და გამოყოფილია ხარჯვაზე პასუხისმგებელი მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ (2010 წელს ასეთი სულ სამი სამსახური იყო),“ ნათქვამია კვლევაში, რომელიც ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრმა პროექტის „საქართველოს თვითმმართველი ქალაქების - ფოთის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის - 2010 წლის ბიუჯეტების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდა მონიტორინგის გზით“ ფარგლებში განახაორციელა.

ფოთის ბიუჯეტზე კვლევა გამოქვეყნდა
12:49 / 20.07.2011
ფოთის ბიუჯეტზე კვლევა გამოქვეყნდა

არასამთავრობო ორგანიზაციამ „ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრმა“, პროექტის „საქართველოს თვითმმართველი ქალაქების - ფოთის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის - 2010 წლის ბიუჯეტების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდა მონიტორინგის გზით“ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. მონიტორინგის მიხედვით, ფოთის საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო საკითხთა კომისიის 2011 წლის მარტის და მოწვეული კერძო აუდიტის 2011 წლის დასკვნები, საკმაოდ მოცულობითი დოკუმენტებია და ეხება 2010 წლის ბიუჯეტის შესრულებას. ორივე მათგანი, ძირითადად, აღწერილობითი დოკუმენტია (რამდენი იყო ბიუჯეტის შემოსავლები სახეობების შესაბამისად, რამდენი დაიხარჯა ასევე სახეობების შესაბამისად და სხვა). ორგანიზაციის კვლევაში ნათქვანია, რომ 2010 წლის აუდიტის დასკვნა, ნაკლებად პასუხობს ბიუჯეტის ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის საკითხებს, ასევე, არ ამახვილებს ყურადღებას ცალკეული სამსახურების საქმიანობის ხარვეზებზე. „კომისიის აქტში აღნიშნულია, რომ შემოწმების შედეგად გამოვლინდა ზოგიერთი სახის დარღვევა-ნაკლოვანებები, თუმცა, რას ეხება და რა უნდა იქნას გამოსწორებული, აქტში არ არის მინიშნებული“, აღნიშნულია მონიტორინგის დასკვნით კვლევაში. ამის მიუხედავად, აუდიტის აქტში აღნიშნულია, რომ „2010 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ანგარიში არ შეიცავს არსებითი ხასიათის უზუსტობებს ან დამახინჯებებს“. „აქაც არ არის აღნიშნული, თუ რა არის თუნდაც ის არაარსებითი ხასიათის უზუსტობები. თუმცა, ძალზე საინტერესოა საკუთრივ აუდიტორული კომპანიისა და ფოთის თვითმმართველობის ურთიერთობა“, ნათქვამია კვლევაში, რომლის მიხედვითაც, აუდიტორული ფირმა, რომელმაც ქალაქ ფოთის 2010 წლის ბიუჯეტის აუდიტი ჩაატარა, „პულსი-2007”-ია. ფირმა შერჩეულია ერთ პირთან მოლაპარაკების გზით და მასთან ხელშეკრულება ქ.ფოთის საკრებულოს აქვს გაფორმებული. მომსახურების საფასური 17 000 ლარამდეა. აღნიშნული ფირმა ფოთის ბიუჯეტის აუდიტს 2008 წლიდან აკეთებს. პირველად, 2008 წელს, „პულსი 2007”-მა ჩაატარა ქ.ფოთის 2007 წლის ბიუჯეტის აუდიტი. მან ტენდერში მიიღო მონაწილეობა და მონაწილე ფირმებიდან („გაბი აუდიტი“ და „სუპერ აუდიტი“) ყველაზე ნაკლები 15 000 ლარი შესთავაზა (სატენდერო თანხა 30 000 ლარამდე იყო). 2009 წელს, 2008 წლის ბიუჯეტის აუდიტისთვის, ეს ფირმა უკვე ტენდერის გარეშე, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით იქნა შერჩეული და მას მომსახურებისთვის 17 00 ლარამდე გადაუხადეს. 2009 წლის ბიუჯეტის აუდიტიც ისევ აღნიშნულმა ფირმამ, ისევ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით შერჩეულმა ჩაატარა და ამისათვის 18 000 ლარამდე აიღო.

 

მონიტორინგის დოკუმენტში, ასევე, საუბარია ფოთის თვითმმართველობის მხრიდან 2010 წელს, არასაკუთარ უფლებამოსილებებზე ხარჯების გაწევაზე. საქართველოს პარლამენტში არჩეული მაჟორიტარი დეპუტატის მომსახურების ხარჯი (კოდი01 05) - 30.0 ათასი ლარი; შსს ადგილობრივი ორგანოს დაფინანსება (კოდი 03 00) - 137.5 ათასი ლარი; ტაძრის მშენებლობის ფონდი (07 12) - 220.0 ათასი ლარი; საჯარო სკოლების კაპიტალური შეკეთება (კოდი 06 02) - 20.4 ათასი ლარი.

 

კვლევის დასკვნით ნაწილში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული უფლებამოსილებები ცალსახად ცენტრალური ხელისუფლების უფლებამოსილებებია და ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან მათზე ხარჯების გაწევა „მწირი ბიუჯეტისპირობებში, საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვას ნიშნავს“.

 

რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამებს, კვლევის მიხედვით, წინა წლისაგან განსხვავებით, 2010 წელს არ იქნა გამოყოფილი დაფინანსება ინფექციურ დაავადებათა გამოვლენისა და მკურნალობის პროგრამაზე, ტუბერკულოზთან ბრძოლის დამატებით ღონისძიებათა პროგრამაზე, პენსიონერთა მედიკამენტებით უზრუნველყოფაზე, საომარი მოქმედებების შედეგად გარდაცვლილ სამოქალაქო პირთა ოჯახებისათვის ერთჯერად ფულად დახმარებაზე. ბიუჯეტში მოცემულია ყველა ის ინფრასტრუქტურული, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამა, რომელიც 2010 წელს ფინანსდებოდა. „ამდენად, პროგრამების ბიუჯეტში ასახვასთან მიმართებაში პრობლემები არ გვხვდება“ ვკითხულობთ კვლევაში, რომლის მიხედვითაც, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამებში უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს ფინანსური რესურსების სიმწირე, რის შედეგადაც, ხელშესახები სოციალური შედეგების მიღწევა შეუძლებელია და ქალაქის მოსახლეობის ნაწილი კვლავაც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება. „გამომდინარე იქიდან, რომ ყველა პროგრამაზე შედარებით მცირე რესურსი იყო გამოყოფილი, პროგრამების რეალიზაციისას დაფინანსების პრობლემები არ წარმოქმნილა. მით უმეტეს, ხშირი ცვლილებების შედეგად, საჭიროების მიხედვით, ხდებოდა მათთვის თანხების დამატებაც“ აღნიშნულია მონიტორინგის დასკვნაში.

 

გარდა ამისა, 2010 წლის განმავლობაში, ფოთის ბიუჯეტში განხორციელებული ხშირი ცვლილებების შედეგად, იცვლებოდა (ხშირ შემთხვევაში იზრდებოდა, ზოგიერთ შემთხვევაში მცირდებოდა) სხვადასხვა პროგრამის დაფინანსების მოცულობა. „ეს პროგრამების განხორციელების ხელშემშლელ ფაქტორად უნდა იქნას მიჩნეული, ვინაიდან, განსაკუთრებით ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამები ეფექტიანად ხორციელდება მაშინ, როცა წინასწარ ზუსტად არის განსაზღვრული ბენეფიციართა კატეგორია და დისკრიმინაციის გარეშე მათი სარგებლის მოცულობა“ ასეთია მკვლევარების შეფასება. ბიუჯეტთან და მასთან დაკავშირებულ დოკუმენტებთან მიმართებაში, არასამთავრობო ორგანიზაციამ, ფოთის თვითმმართველობის ვებ-გვერდების მონიტორინგიც განახორციელა, რომლის მიხედვითაც „მეტად დატვირთულია საკრებულოს ვებ-გვერდი, ხოლო მერიის ვებ-გვერდი ძალზე ღარიბია”. ამ უკანასკნელზე მხოლოდ 2007-2009 წლების ბიუჯეტებია განთავსებული, ხოლო 2010-2011 წლების ბიუჯეტები არ მოიპოვება. საკრებულოს ვებ-გვერდზე კი, განთავსებულია ბიუჯეტის პროექტები, პრიორიტეტების დოკუმენტი, აუდიტის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დასკვნები, ბიუჯეტის კვარტალური გაწერები და შესაბამისი შესრულების ანგარიშები, ნათქვამია „ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრის“ დასკვნაში.

დღის ფოტო
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.