ახალ სასწავლო წელს ზუგდიდში საბუნებისმეტყველო გიმნაზია გაიხსნება. საგანმანათლებლო დაწესებულება ყოფილი #7 საჯარო სკოლის შენობაში განთავსდება. გიმნაზიას შპს „რეზონანსი-საქართველო“ პარტნიორ გერმანულ კომპანიასთან, ლაბორატორიული და სამეცნიერო მოწყობილობების მწარმოებელ „ფიუვესთან“ ერთად აფუძნებს. ყოფილი სკოლის შენობაში ამჟამად სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
„პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, ყოფილი მე-7 საჯარო სკოლა არის პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზებული ქონება, რომელიც გარკვეული პირობების სანაცვლოდ გადაეცა შპს „რეზონანსი-საქართველოს“, - განუცხადეს „ლაივპრესს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში.
სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, „რეზონანსი-საქართველოს“ შემდეგი ვალდებულებები დაეკისრა: „2012 წლიდან სკოლაში სასწავლო პროცესის განახლება; ათი წლის განმავლობაში შენობის ზოგადსაგანმანათლებლო მიზნებისთვის გამოყენება და საგანმანათლებლო პროფილის შენარჩუნება. სარეაბილიტაციო- სამშენებლო სამუშაოების ჩატარება სკოლაში, რისთვისაც არანაკლებ 300 ათასი ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს. 2012 წლის 1 დეკემბრამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის, არანაკლებ 250 ათასი ლარის ღირებულების სასწავლო-ლაბორატორიული მოწყობილობების უსასყიდლოდ გადაცემა“, ნათქვამია წერილში.
შპს „რეზონანსი-საქართველომ“ სკოლის ეზო და შენობა მთლიანობაში 550 ათას ლარად შეიძინა. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში განმარტავენ, რომ ორსართულიანი კორპუსი შპს-ს გასული წლის სექტემბერში გადაეცა.
„შენობა პირდაპირი მიყიდვის წესით საკმაოდ ძვირად არის გასხვისებული. ის უფრო ნაკლებად გაიყიდებოდა, როგორც უძრავი ქონება“, აცხადებენ სამინისტროში.
თავის მხრივ, „რეზონანსი-საქართველოს“ წარმომადგენელმა ირაკლი თოდუამ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ სკოლის ორსართულიანი შენობა მიზერულ ფასად შეიძინეს. თუმცა მისი თქმით, ძველი კარკასული ტიპის კორპუსის რეკონსტრუქციაში დიდი ინვესტიცია ჩაიდო.
„ლაივპრესის“ კითხვას, თუ ვინ არის „რეზონანსი-საქართველოს“ დირექტორი? ირაკლი თოდუა პასუხობს, რომ კომპანიაში ყველა თანამშრომელი კონკრეტული განხრის დირექტორია და ერთი მმართველი შპს-ს არ ჰყავს. მისივე განმარტებით „რეზონანსი-საქართველო“ 5 წლის წინ დაფუძნდა, თუმცა აქტიური მუშაობა გასული წლიდან მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანია „ფიუვეს“ პარტნიორი გახდა.
საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციის თანახმად, შპს „რეზონანსი-საქართველო“ 2006 წლის 28 სექტემბერს, ფოთში მცხოვრებმა თინათინ ხარებავამ დააფუძნა. შპს-ს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირად თემურ კიკალიშვილია მოხსენიებული. საჯარო რეესტრის ვებ-გვერზე მითითებულ მისამართზე, ფოთში 25 მაისის ქუჩაზე საოფისე ფართი არსებობს, თუმცა ის დღემდე დაკეტილია.
„ჩვენ ვატარებთ საგანმანათლებლო სემინარებს მოსწავლეებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან. „რეზონანსი-საქართველომ“ თბილისის მასწავლებელთა სახლს 200 ათასი ლარის ღირებულების „ფიუვეს“ ლაბორატორიული მოწყობილობები უსასყიდლოდ გადასცა“, ამბობს „რეზონანსი-საქართველოს“ წარმომადგენელი ირაკლი თოდუა.
მისი ინფორმაციით, ზუგდიდის საბუნებისმეტყველო გიმნაზიაში პროფესორ-მასწავლებლები მთელი საქართველოდან იქნებიან მოწვეული და აქცენტი სამეცნიერო საგნებზე გაკეთდება. ირაკლი თოდუას თქმით, გიმნაზიას გერმანელი პროფესორი ინგე ბერგერი უხელმძღვანელებს, რომელიც ამავდროულად კომპანია „ფიუვეს“ წარმომადგენელია საქართველოში. ირაკლი თოდუა ფიქრობს, რომ ბერგერის დირქტორად დანიშვნა ხელს შეუწყობს გიმნაზიაში განათლების თანამედროვე სტანდარტების დანერგვას.
საგანმანათლებლო დაწესებულებაში განათლების მიღება ფასიანი იქნება, თუმცა გადასახადის ოდენობა ჯერ დადგენილი არ არის.
„მიმდინარეობს კვლევები, თუ რა ღირს სწავლა ზუგდიდისა და სხვა ქალაქების კერძო სკოლებში. ამ კვლევის შედეგების მიხედვით დადგინდება გადასახადის ოდენობა“, ამბობს ირაკლი თოდუა და განმარტავს, რომ „განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვები გიმნაზიაში სპეციალური ფასდაკლებით ისარგებლებენ“.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, გერმანული კომპანია „ფიუვე“ მსოფლიო საგანმანათლებლო ლაბორატორიული მოწყობილობების წარმოებაში ლიდერი კომპანიაა, რომელიც საბუნებისმეტყველო საგნებისთვის 5000-ზე მეტი სახეობის ლაბორატორიულ მოწყობილობას უშვებს. მისი პროდუქცია მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული.
„ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრმა“ ფოთის 2010 წლის ბიუჯეტის მონიტორინგი განახორციელა - მათ შორის, სარეზერვო ფონდის ხარჯვის მიზნობრიობა. კვლევის მიხედვით, ფოთის 2010 წლის ბიუჯეტში სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვრა 124,871 ლარის ოდენობით, საიდანაც დახარჯული იქნა 120,492 ლარი (96.5%), ხოლო დაუხარჯავი დარჩა 4,379 ლარი. სარეზერვო ფონდის მოცულობა, რომელმაც ბიუჯეტის ასიგნებების 0.68% შეადგინა, ნორმის ფარგლებში იქნა განსაზღვრული. მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ 2010 წლის განმავლობაში სარეზერვო ფონდის განკარგვა ხდებოდა როგორც საკრებულოს, ასევე ქალაქის მერის გადაწყვეტილებების საფუძველზე. წლის განმავლობაში სულ გამოცემული იქნა საკრებულოს თავმჯდომარის 5 და ქალაქის მერის 6 ბრძანება. სარეზერვო ფონდიდან თანხები, ძირითადად, დაიხარჯა შემდეგი მიმართულებით: 2010 წლის 11-13 თებერვალს, 11-12 მარტს და 21 აგვისტოს ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების, საჯარო სკოლების, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების და ადმინისტრაციული შენობების სახურავების აღდგენისათვის, ხანძრის შედეგად განადგურებული ფიზიკური პირების საცხოვრებელი სახლების ზიანის კომპენსაციისათვის და ზოგიერთი მინიმალური ხარჯების ანაზღაურებისათვის, რაც არ იყო ბიუჯეტში გათვალისწინებული. კვლევაში, მაგალითისთვის მოყვანილია, ქალაქში არსებული პარკის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფასური. „აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სარეზერვო ფონდის მასობრივ და მრავალმიზნობრივ ხარჯვასთან არ გვაქვს საქმე, რაც დადებითი მოვლენაა. ამასთან, ყველა ხარჯზე გამოცემულია შესაბამისი სამართლებრივი აქტი და გამოყოფილია ხარჯვაზე პასუხისმგებელი მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ (2010 წელს ასეთი სულ სამი სამსახური იყო),“ ნათქვამია კვლევაში, რომელიც ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრმა პროექტის „საქართველოს თვითმმართველი ქალაქების - ფოთის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის - 2010 წლის ბიუჯეტების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდა მონიტორინგის გზით“ ფარგლებში განახაორციელა.
არასამთავრობო ორგანიზაციამ „ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრმა“, პროექტის „საქართველოს თვითმმართველი ქალაქების - ფოთის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის - 2010 წლის ბიუჯეტების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდა მონიტორინგის გზით“ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. მონიტორინგის მიხედვით, ფოთის საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო საკითხთა კომისიის 2011 წლის მარტის და მოწვეული კერძო აუდიტის 2011 წლის დასკვნები, საკმაოდ მოცულობითი დოკუმენტებია და ეხება 2010 წლის ბიუჯეტის შესრულებას. ორივე მათგანი, ძირითადად, აღწერილობითი დოკუმენტია (რამდენი იყო ბიუჯეტის შემოსავლები სახეობების შესაბამისად, რამდენი დაიხარჯა ასევე სახეობების შესაბამისად და სხვა). ორგანიზაციის კვლევაში ნათქვანია, რომ 2010 წლის აუდიტის დასკვნა, ნაკლებად პასუხობს ბიუჯეტის ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის საკითხებს, ასევე, არ ამახვილებს ყურადღებას ცალკეული სამსახურების საქმიანობის ხარვეზებზე. „კომისიის აქტში აღნიშნულია, რომ შემოწმების შედეგად გამოვლინდა ზოგიერთი სახის დარღვევა-ნაკლოვანებები, თუმცა, რას ეხება და რა უნდა იქნას გამოსწორებული, აქტში არ არის მინიშნებული“, აღნიშნულია მონიტორინგის დასკვნით კვლევაში. ამის მიუხედავად, აუდიტის აქტში აღნიშნულია, რომ „2010 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ანგარიში არ შეიცავს არსებითი ხასიათის უზუსტობებს ან დამახინჯებებს“. „აქაც არ არის აღნიშნული, თუ რა არის თუნდაც ის არაარსებითი ხასიათის უზუსტობები. თუმცა, ძალზე საინტერესოა საკუთრივ აუდიტორული კომპანიისა და ფოთის თვითმმართველობის ურთიერთობა“, ნათქვამია კვლევაში, რომლის მიხედვითაც, აუდიტორული ფირმა, რომელმაც ქალაქ ფოთის 2010 წლის ბიუჯეტის აუდიტი ჩაატარა, „პულსი-2007”-ია. ფირმა შერჩეულია ერთ პირთან მოლაპარაკების გზით და მასთან ხელშეკრულება ქ.ფოთის საკრებულოს აქვს გაფორმებული. მომსახურების საფასური 17 000 ლარამდეა. აღნიშნული ფირმა ფოთის ბიუჯეტის აუდიტს 2008 წლიდან აკეთებს. პირველად, 2008 წელს, „პულსი 2007”-მა ჩაატარა ქ.ფოთის 2007 წლის ბიუჯეტის აუდიტი. მან ტენდერში მიიღო მონაწილეობა და მონაწილე ფირმებიდან („გაბი აუდიტი“ და „სუპერ აუდიტი“) ყველაზე ნაკლები 15 000 ლარი შესთავაზა (სატენდერო თანხა 30 000 ლარამდე იყო). 2009 წელს, 2008 წლის ბიუჯეტის აუდიტისთვის, ეს ფირმა უკვე ტენდერის გარეშე, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით იქნა შერჩეული და მას მომსახურებისთვის 17 00 ლარამდე გადაუხადეს. 2009 წლის ბიუჯეტის აუდიტიც ისევ აღნიშნულმა ფირმამ, ისევ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით შერჩეულმა ჩაატარა და ამისათვის 18 000 ლარამდე აიღო.
მონიტორინგის დოკუმენტში, ასევე, საუბარია ფოთის თვითმმართველობის მხრიდან 2010 წელს, არასაკუთარ უფლებამოსილებებზე ხარჯების გაწევაზე. საქართველოს პარლამენტში არჩეული მაჟორიტარი დეპუტატის მომსახურების ხარჯი (კოდი01 05) - 30.0 ათასი ლარი; შსს ადგილობრივი ორგანოს დაფინანსება (კოდი 03 00) - 137.5 ათასი ლარი; ტაძრის მშენებლობის ფონდი (07 12) - 220.0 ათასი ლარი; საჯარო სკოლების კაპიტალური შეკეთება (კოდი 06 02) - 20.4 ათასი ლარი.
კვლევის დასკვნით ნაწილში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული უფლებამოსილებები ცალსახად ცენტრალური ხელისუფლების უფლებამოსილებებია და ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან მათზე ხარჯების გაწევა „მწირი ბიუჯეტისპირობებში, საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვას ნიშნავს“.
რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამებს, კვლევის მიხედვით, წინა წლისაგან განსხვავებით, 2010 წელს არ იქნა გამოყოფილი დაფინანსება ინფექციურ დაავადებათა გამოვლენისა და მკურნალობის პროგრამაზე, ტუბერკულოზთან ბრძოლის დამატებით ღონისძიებათა პროგრამაზე, პენსიონერთა მედიკამენტებით უზრუნველყოფაზე, საომარი მოქმედებების შედეგად გარდაცვლილ სამოქალაქო პირთა ოჯახებისათვის ერთჯერად ფულად დახმარებაზე. ბიუჯეტში მოცემულია ყველა ის ინფრასტრუქტურული, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამა, რომელიც 2010 წელს ფინანსდებოდა. „ამდენად, პროგრამების ბიუჯეტში ასახვასთან მიმართებაში პრობლემები არ გვხვდება“ ვკითხულობთ კვლევაში, რომლის მიხედვითაც, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამებში უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს ფინანსური რესურსების სიმწირე, რის შედეგადაც, ხელშესახები სოციალური შედეგების მიღწევა შეუძლებელია და ქალაქის მოსახლეობის ნაწილი კვლავაც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება. „გამომდინარე იქიდან, რომ ყველა პროგრამაზე შედარებით მცირე რესურსი იყო გამოყოფილი, პროგრამების რეალიზაციისას დაფინანსების პრობლემები არ წარმოქმნილა. მით უმეტეს, ხშირი ცვლილებების შედეგად, საჭიროების მიხედვით, ხდებოდა მათთვის თანხების დამატებაც“ აღნიშნულია მონიტორინგის დასკვნაში.
გარდა ამისა, 2010 წლის განმავლობაში, ფოთის ბიუჯეტში განხორციელებული ხშირი ცვლილებების შედეგად, იცვლებოდა (ხშირ შემთხვევაში იზრდებოდა, ზოგიერთ შემთხვევაში მცირდებოდა) სხვადასხვა პროგრამის დაფინანსების მოცულობა. „ეს პროგრამების განხორციელების ხელშემშლელ ფაქტორად უნდა იქნას მიჩნეული, ვინაიდან, განსაკუთრებით ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამები ეფექტიანად ხორციელდება მაშინ, როცა წინასწარ ზუსტად არის განსაზღვრული ბენეფიციართა კატეგორია და დისკრიმინაციის გარეშე მათი სარგებლის მოცულობა“ ასეთია მკვლევარების შეფასება. ბიუჯეტთან და მასთან დაკავშირებულ დოკუმენტებთან მიმართებაში, არასამთავრობო ორგანიზაციამ, ფოთის თვითმმართველობის ვებ-გვერდების მონიტორინგიც განახორციელა, რომლის მიხედვითაც „მეტად დატვირთულია საკრებულოს ვებ-გვერდი, ხოლო მერიის ვებ-გვერდი ძალზე ღარიბია”. ამ უკანასკნელზე მხოლოდ 2007-2009 წლების ბიუჯეტებია განთავსებული, ხოლო 2010-2011 წლების ბიუჯეტები არ მოიპოვება. საკრებულოს ვებ-გვერდზე კი, განთავსებულია ბიუჯეტის პროექტები, პრიორიტეტების დოკუმენტი, აუდიტის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დასკვნები, ბიუჯეტის კვარტალური გაწერები და შესაბამისი შესრულების ანგარიშები, ნათქვამია „ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრის“ დასკვნაში.
საქართველოს თვითმმართველი ქალაქების ბიუჯეტის მონიტორინგის შედეგების პრეზენტაციას „ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრი“, 12 ივლისს, თბილისში გამართავს. ცენტრის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ ექსპერტებმა ფოთის, ბათუმის, ქუთაისის და რუსთავის 2010 წლის ბიუჯეტის მონიტორინგი რამდენიმე მიმართულებით განახორციელეს. „საბიუჯეტო პროცედურების დაცვის, ბიუჯეტის შესრულების, სარეზერვო ფონდის ხარჯვის, ინფრასტრუქტურული, კულტურისა და წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსების ხარჯვის მონიტორინგის გარდა, გამოკვლეულ იქნა ბიუჯეტის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების საკითხები, სესხებისა და გრანტების მიზნობრიობა, ხარჯვის სისწორე და 2011 წლის ბიუჯეტის მომზადების პროცედურები“. ნათქვამია ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრის პრესრელიზში. მისივე ცნობით, პროექტის ფარგლებში დაიწერა ანგარიში, რომელშიც წარმოდგენილია განხორციელებული ანალიტიკური კვლევა, მონიტორინგის შედეგები და შემუშავებული რეკომენდაციები. ცენტრი პროექტზე 2010 წლის ივლისიდან მუშაობდა.
ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის ინიციატივით პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, 2007 წელს გამოვიდა. 2008 წლის 15 აპრილს კი ინდუსტრიული ზონის გახსნის ოფიციალური ცერემონია გამართა. პრეზიდენტს, თან ახლდა პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე და პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენაძე. სტუმრებს შორის იყვნენ ეკონომიკური განვითარების მინისტრი ეკა შარაშიძე და პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი. პრეზიდენტი, თანმხლებ პირებთან ერთად, თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან ფოთის პორტში თბომავლით "პატრიოტი" შევიდა. პრეზენტაცია, საკმაოდ შთამბეჭდავი გამოვიდა, ისევე, როგორც სააკაშვილის მიერ გაკეთებული პროგნოზები.
შავი ზღვის ნავთობით დაბინძურების მონიტორინგის ჯგუფმა, ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ფოთის საზღვაო აკვატორიაში, ნავთობის ბუნებრივი წყარო აღმოაჩინა. ამის შესახებ, კომპანია „სკან ეკსი“ იუწყება.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარლებში საქართველოს მთავრობამ წელს 40 მილიონი ლარი გამოყო. აქედან ნახევარი მილიონი ლარი წალენჯიხის ტერიტორიულ ერთეულებს უნდა მოხმარდეს. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ძირითადი პრიორიტეტები წალენჯიხაში განსაზღვრულია, სამუშაოების ნაწილი კი დაწყებული. თუ როგორ ჩატარდა შარშან იგივე პროგრამის ფარგლებში განხორციელებული სამუშაობი და რამდენად ეფექტურად მოხდა გამოყოფილი თანხის ათვისება, ამის დასადგენად ჩვენ შემთხვევითი შერჩევის მეთოდით წალენჯიხის ერთ-ერთი სოფელი ფახულანი ავირჩიეთ.
ფოთის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა, პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით 2012 წელს დასრულდება. "რას ალ ხაიმა ინვესტმენ აუტორიტი ჯორჯიას" ფოთის აეროპორტის აქციების 98.26%, პირდაპირი მიყიდვის წესით, 2009 წლის ბოლოს გადაეცა. მუნიციპალური ქონების გასხვისებას საფუძვლად, პრეზიდენტის განკარგულება დაედო, რის შემდეგაც, კომპანიას აეროპორტის ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობები და მიწა, რომელზეც საფრენი ბილიკი და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა უნდა აშენდეს, ერთ მილიონ დოლარად მიეყიდა.
ამ პროცედურას, წინ უძღოდა 2009 წლის სექტემბერში, პრეზიდენტ სააკაშვილის ფოთში ვიზიტი და პირველი განცხადება, ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი აეროპორტის მშენებლობაზე ფოთში. დასახელდა ვადაც – „წელიწადნახევარი.“ მისივე განცხადებით, აეროპორტს სახელმწიფო თავისი სახსრებით ააშენებდა. ნოემბრიდან, აქცენტი უცხოურ ინვესტიციაზე გაკეთდა. მიუხედავად იმისა, რომ ახალი აეროპორტი, წელიწადნახევარში უნდა აშენებულიყო, მის ტერიტორიაზე, ჯერჯერობით, ახალი მხოლოდ შპს „საქაერონავიგაციის“ რადარებია, რომელიც პრეზიდენტმა 22 აპრილს, ფოთში ვიზიტისას, კიდევ ერთხელ გახსნა და საერთაშორისო აეროპორტის „საფუძველი“ უწოდა. livepress.ge-ს ფოთის სარადარო სისტემის ავიამეთვალყურეებმა განუცხადეს, რომ მათ ობიექტს აეროპორტთან არანაირი შეხება არ აქვს.
ფოთში აეროპორტის მშენებლობის საჭიროებას ვერ ხედავს livepress.ge-სთან საუბარში, ეკონომიკის ექსპერტი, ლადო პაპავა. „საერთოდ, დიდი სატრანსპორტო კვანძები, ეს არის ეკონომიკის განვითარების მასტიმულირებელი და მეორეს მხრივ, განვითარებული ეკონომიკის მოთხოვნით შექმნილი. განვიხილოთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი და ვთქვათ-რამდენად არის ის დატვირთული? სამწუხაროდ, დატვირთვის ხარისხი მაღალი არის, მხოლოდ ღამის საათებში. დღისით კი, პრაკტიკულად, არანაირ ფუნქციას არ ასრულებს. აქედან გამომდინარე, მე ძალიან გამიხარდება, რომ ფოთშიც, ბათუმშიც, ქუთაისშიც იყოს დიდი საერთაშორისო აეროპორტები, დიდი დატვირთვით მუშაობდნენ, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ პრეზიდენტის ნება-სურვილზე დამოკიდებული. მასშტაბური აეროპორტის მშენებლობის დაწყება არ ნიშნავს დიდი ბიზნესის სტიმულირებას.“ - განაცხადა ლადო პაპავამ, რომელიც დასავლეთ საქართველოში, რამოდენიმე აეროპორტის საჭიროებას ვერ ხედავს.
მიხეილ სააკაშვილმა, თავის გამოსვლაში, ახალი საერთაშორისო აეროპორტი, საქართველოს მოდერნიზაციის 2015 წლის გეგმის ნაწილად განიხილა და დასძინა, რომ ამ დროისთვის ფოთი, ეკონომიკური დატვირთვიდან გამომდინარე, 100%-ანი დასაქმების ქალაქი გახდება. ტურიზმის მაქსიმალურად განვითარებას პროგნოზირებს პრეზიდენტი აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებშიც, რაც მისი ვარაუდით, სატრანსპორტო ხაზებზე მოთხოვნას, უფრო გაზრდის. „ჩვენ ვარაუდობთ, რომ 2012 წელს ბათუმში და მის შემოგარენში, მინიმუმ ორი მილიონი ტურისტი, დამსვენებელი და სტუმარი ჩამოვა. ფოთი ასევე გადაფარავს მესტიას, სადაც 2012 წლისთვის ყველაზე ცნობილი და წარმატებული სათხილამურო კურორტი იქნება, მინიმუმ, აღმოსავლეთ ევროპაში. ფოთის აეროპორტი გადაფარავს ანაკლიასაც, რომელიც აქედან, დაახლოებით, 15 წუთის სავალზეა. აქედან ანაკლიამდე გაიჭრება გზაც და ანაკლია იქნება ყველაზე განვითარებული საზღვაო კურორტი საქართველოსა და შავი ზღვისპირა ექვსი ქვეყნის მასშტაბით,“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
ფოთში, დღემდე არსებული აეროპორტის ტერიტორიაზე, საერთაშორისო დატვირთვის ობიექტის მშენებლობას, ეჭვქვეშ აყენებს, აკადემიკოსი ანზორ ტყებუჩავა. „ფოთის გრუნტი არის არამყარი და ბოინგის დასაჯდომად აეროპორტის მომზადება ასეთ გრუნტზე, ცოტა უცნაურად მეჩვენება. ძალიან დიდ სიღრმეზე უნდა იყოს ამოღებული ტორფის ფენა, რომელიც 10 მეტრამდეა ნიადაგში. ამის შემდგომ ამოღებული ნიადაგი რკინა-ბეტონის კონსტრუქციებით უნდა შეივსოს. რაც ძალიან დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. კომუნისტური მმართველობის პერიოდში, აეროპორტის ტერიტორიაზე აშენდა ადმინისტრაციული შენობა, რომელიც ექსპლუატაციაში ფაქტობრივად არც შესულა, აშენებიდან სულ ერთ წელიწადში ბზარები მიიღო, შემდეგ დეფორმაცია მიიღო და ბოლოს სულ დაინგრა. ეს ხომ, მაგალითია იმისა, რომ შენობას ვერ გაუძლო იქაურმა გრუნტმა და ბოინგების დაჯდომას გაუძლებს?!“ - განუცხადა livepress.ge-ს ანზორ ტყებუჩავამ.
მის მოსაზრებას არ ეთანხმება, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი თეიმურაზ წურწუმია, რომელიც ამბობს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში, გრუნტი ხელისშემშლელი ვერ გახდება. „შენობა, რომელიც საბჭოთა პერიოდში აშენდა და შემდგომ გრუნტის გამო დაინგრა, სულ სხვა მიზეზებით იყო გამოწვეული. მაშინ იქ, ძლიერი მიწისმწოვი მანქანები მუშაობდნენ, ვერ მოხდა გათვლა წყლის გამტარუნარიანობის, რის გამოც ნიადაგი დაჯდა, ეს არის იმ პერიოდის ინჟინრებისა და დამპროექტებლების ხარვეზი და შეცდომა. ამ მომენტს, საერთაშორისო კომპანია, რომელიც აეროპორტს აშენებს, რათქმაუნდა გაითვალისწინებს,“ - ამბობს დეპუტატი.
არსებობს სხვა რისკებიც. გარემოსდამცველი ორგანიზაციები და ექსპერტები აეროპორტის სიახლოვეს – „კოლხეთის ეროვნული პარკის“ გარემოზე უარყოფით გავლენას ვარაუდობენ. „ხმაური, რომელიც თანსდევს აეროპორტს, მეტი არაფერია, თუ არა, ის, რომ ფრინველები, რომელთა მთავარი საფრენი ტრასა კოლხეთის ჭაობებზე გადის, დაფრთხებიან და გაიქცევიან ჩვენგან. ვერც დაიზამთრებენ, იმიტომ რომ ნადირ-ფრინველი ძალიან ფრთხილია, ერიდება ხმაურს, რამაც შეიძლება მასშტაბური ეკოლოგიური ცვლილებებიც გამოიწვიოს. არ არის გამორიცხული საკითხი საერთაშორისო სკანდალის საბაბი გახდეს, ვინაიდან კოლხეთის ჭაობებს „რამსარის კონვენცია“ იცავს.“ - ამბობს, ანზორ ტყებუჩავა.
„ფოთში, დიდი აეროპორტის აშენების წინააღმდეგ, ბევრი მყარი არგუმენტია. პირველი: ეს პარკი ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტია გადამფრენი ფრინველების, აფრიკა-ევრაზიის ტრასაზე. აეროპორტი ძირეულად დაარღვევს უნიკალურ ეკო-სისტემას და გლობალური ეკოლოგიური დანაშაული იქნება. მეორეს მხრივ, ფრინველებით მდიდარი გარემო საფრთხეს უქმნის ფრენების უსაფრთხოებას. ამიტომაცაა, რომ დიდ აეროპორტებში საგანგებოდ გაწვრთნილი მტაცებელი ფრინველებით ებრძვიან ჩიტებს,“ - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „არგომედიას“ თავმჯდომარე ირაკლი აბსანძე.
„არ ვუყურებ ამ საკითხს ასე საგანგაშოდ და სახიფათოდ, როგორც ცდილობენ წარმოაჩინონ, პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები. მთელ მსოფლიოში სახელმწიფოები მიდიან განვითარების გზით და ამის შეთავსებას ახდენენ ნაკრძალებთანაც, ფრინველებთანაც, ცხოველებთანაც და საერთოდ ფლორასთან და ფაუნასთან. „კოლხეთის ეროვნული პარკის“ ირგვლივ ატეხილმა სკანდალმა, არ უნდა შეაფერხოს, ამ პროექტის განხორციელება,“ - ამბობს, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი თეიმურაზ წურწუმია. ამ დრომდე, ფოთის საზოგადოების თანამონაწილეობით, პროექტთან დაკავშირებით, არცერთი საჯარო განხილვა არ ჩატარებულა. შესაბამისად, ინფორმაცია მათთვის ხელმისაწვდომი არ არის.
რას ფიქრობს ფოთის მოსახლეობა აეროპორტის მშენებლობაზე. – ,,კარგია თუ რამე გაკეთდება, აეროპორტი იყოს და თუნდაც სხვა რამე, ოღონდაც ხალხი დასაქმდეს. ორი ბიჭი მყავს სახლში და არცერთს სამუშაო არ აქვს. როგორ უნდა იცხოვრო ადამიანმა. აეროპორტის, ფოთში აშენებაზე, მხოლოდ ტელევიზიებიდან მიღებული ინფორმაცია მაქვს. რა ვიცი, ხალხს ვინ ეკითხება. იქნება, მართლა აშენდეს და გვეშველოს რამე.“ – ამბობს 52 წლის მზია ჩაჩიბაია.“
63 წლის ეპიფანე აკობიას აეროპორტის მშენებლობის გეგმა განუხორციელებელი ჰგონია. – „არ ვიცი ახლა ვის მოუვიდა აზრად ეს მშენებლობა. იქ აეროპორტი ვერ აშენდება, ჭაობია. მართალია, იაპონიამ ხელოვნურ კუნძულებზე ააშენა აეროპორტი, მაგრამ ამას კოლოსალური თანხები უნდა და მაგდენი შემოსავალი, ფოთის აეროპორტს ექნება მერე?! თუ მოგება არ აჩვენა ისე, ვინ ააშენებს ამხელა ობიექტს, არ მჯერა მე ამ ამბავის.“
„ამბობენ, მაგრამ ძნელად დასაჯერებელია. ფოთი არავის ახსოვს, რამდენი წელია ახალი არაფერი გაკეთებულა. აეროპორტის მშენებლობაზე ყურმოკვრით ვიცი. უბრალო ხალხის აზრი არავის აინტერესებს. ვინმე გაიხსენებს, რომ ჩვენთვის მოესმინათ?! საარჩევნო ხმები ვართ მარტო ყველასთვის და მეტი არავინ. აეროპორტი მაშინაა კარგი, თუ ადგილობრივები დასაქმდებიან, თორემ მასე სხვა რაღაცეებიც იხსნება, მაგრამ ჩვენთვის მერე რა?!“ კითხულობს ფოთელი ირმა გარუჩავა.
აეროპორტის მშენებლობის დაწყება-დასრულების ვადებზე და სხვა საკითხებზე, „რას ალ ხაიმა ინვესტმენ აუტორიტი ჯორჯიასგან“, არაერთი მცდელობის მიუხედავად, livepress.ge-მ კომენტარის მიღება ვერ შეძლო.