ეკონომიკა
ფოთის საკრებულომ 2016 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
ფოთის საკრებულომ 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც 16 მილიონ 840 ათას ლარს შეადგენს. ხელისუფლება ბიუჯეტს მისი ოდენობიდან გამომდინარე „უპრეცედენტოს“, ოპოზიცია „არაეფექტურს“ უწოდებს.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეფასებები

საკრებულოს სხდომაზე ფოთის მერიის მიერ წარმოდგენილ ბიუჯეტს უმრავლესობის წევრებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს. მათ სხდომის მიმდინარეობისას არც კითხვები გაჩენიათ, არც შენიშვნები გამოუთქვამთ და არც შეფასებები გაუკეთებიათ. მათ მსგავსად თანხმობა ხელის აწევით დააფიქსირა ოპოზიციის ერთმა ნაწილმა - „პატრიოტთა ალიანსმა“. „ნაციონალური მოძრაობის“ ორმა წევრმა ბიუჯეტის მხარი არ დაუჭირა. განმარტავენ, რომ ხელისუფლებამ მათ მიერ წარმოდგენილი წინადადებები არ გაითვალისწინა.

„ბიუჯეტი ხალხის პრობლემებისა და მათი მოთხოვნების გათვალისწინებით უნდა დაიგეგმოს, ჩვენს შემთხვევაში კი, მოსახლეობის ათობით განცხადებაა იგნორირებბული“, - უთხრა „ლაივპრესს“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი შამუგიამ.

მისი თქმით, ბიუჯეტის პრიორიტეტები და კონკრეტული ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაფინანსება არაეფექტურია.

„მილიონი ლარია გამოყოფილი გარეგანათებისთვის, მათ შორის კუნძულის უბნის ერთ ხიდზე განათების მოწყობისთვის, როცა სხვა დანარჩენი ხიდები სავალალო მდგომარეობაშია. ჩვენს, წინა ხელისუფლების დროს მოწყობილ ხელოვნურსაფარიანი მინი სპორტული მოედნების მოვლა - პატრონობისთვის, რომელიც ახალგაზრდების ერთ-ერთ გასართობს და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობას წარმოადგენს საერთოდ არაა თანხები გათვალისწინებული, ისევე როგორც მრავალსართულიანი ბინების რბილი სახურავების სარემონტო სამუშაოებისთვის, რასაც ითხოვდა მოსახლეობის დიდი ნაწილი“, - ამბობს შამუგია.

ფოთის მერიამ ახალი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ ოფიციალურ ვებგვერდზე განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ „პირველად დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში, ქალაქ ფოთის ბიუჯეტი ადგილობრივი შემოსავლებით შეივსება. თუ აქამდე მიზნობრივი და გარდამავალი პროექტები ცენტრალური ბიუჯეტის ტრანსფერით ფინანსდებოდა, ახალი წლიდან ისინი ადგილობრივი სახსრებით იქნება უზრუნველყოფილი“.

ფოთის ადგილობრივი ბიუჯეტის ერთადერთი ფინანსური წყარო 2005 წლამდე, ვიდრე ტრანსფერის სისტემა შემოვიდოდა, საკუთარი შემოსავლები იყო.

ბიუჯეტის ადგილობრივი შემოსავლები

ფოთის მთავრობა წლის განმავლობაში ბიუჯეტში თანხის ძირითადი ნაწილის მობილიზებას ადგილობრივი შემოსავლებიდან გეგმავს. 15 მლნ 940 ათას ლარს სხვადასხვა სახის გადასახედებიდან, მის საკუთრებაში არსებული ქონების გაყიდვიდან, ჯარიმებიდან და მოსაკრებლებიდან გეგმავს.

260 ათასი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ტრანსფერია.

წლის განმავლობაში მერია სხვა შემოსავლებიდან 3 მლნ 180 ათასი ლარის მიღებას გეგმავს. საკუთრებიდან - 1 მლნ 750 ათასი ლარის.

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის გადასახადიდან, მოსაკრებლიდან 1 მლნ 700 ათასი ლარის მიღება აქვს დაგეგმილი, რაც მიმდინარე წელთან შედარებით 100 ათსი ლარით ნაკლებია.

2015 წელთან შედარებით 200 ათასი ლარით ნაკლები, 760 ათასი ლარის შემოსავლის მიღებაა დაგეგმილი ადმინისტრაციული მოსაკრებლებისა და გადასახდელებისგან.

სანებართვო მოსაკრებელიდან 80 ათასი ლარის მიღებაა დაგეგმილი, რაც წინა წელთან შედარებით 20 ათასით ნაკლებია.

გეგმის მიხედვით, ბიუჯეტი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელიდან 180 ათასი ლარით უნდა შეივსოს, რაც წინა წელთან შედარებით 200 ათასით შემცირებულია.

მთავრობა ტერიტორიის დასუფთავებისთვის მოსალხეობისთვის დაწესებული გადასახადიდან 2016 წელს, წინა წელთან შედარებით 20 ათასი ლარით მეტი, ჯამში 500 ათასი ლარის შემოსავლის მიღებას გეგმავს.

მომავალ წელს ხელისუფლებას 900 ათასი ლარის ღირებულების მიწის გაყიდვა აქვს დაგეგმილი.

ფოთის მერია ჯარიმებიდან, სანქციებიდან და საურავებიდან წლის განმავლობაში 620 ათასი ლარის მიღებას პროგნოზირებს.

თვითმმართველობაში დასაქმებულთა სახელფასო ფონდი

მომოავალი წლის ბიუჯეტიდან მერია-საკრებულოს თანამშრომლების შრომის ანაზრაურებისთვის (ხელფასი, დანამატი, პრემია, ფულადი წახალსიება) 3 მლნ 126,600 ლარი დაიხარჯება.

მომავალ წლის განმავლობაში ხელისუფლება საქონლის შეძენასა და მომსახურებაში - 3 მლნ 757,200 ლარს დახარჯავს.

წინა წლებში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვა და სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფა ბიუჯეტს 158,4 ათასი ლარი დაუჯდება.

ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამები


ხელისუფლების გადაწყვეტილებით ჯანდაცვის 4 პროგრამა 538 ათასი ლარით დაფინანსდება. 1. მოსახლეობის სტაციონარული მკურნალობის პროგრამა - 376 ათასი ლარი. 2. მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა - 80 ათასი ლარი, რაც გულისხმობს შეჭირვებული მოსახლეობისთვის წელიწადში ერთხელ წამლის 70 ლარიანი ვაუჩერის დარიგებას. 3. განსაკუთრებული საჭიროების მქონე ავადმყოფთა და დიალიზის პროგრამაში მონაწილეთა ტრანსპორტირებისთვის 27 ათასი ლარი. 4. გინეკოლოგიურ დაავადებათა გამოკვლევა და პროფილაქტიკა 15 ათასი ლარით დაფინანსდება.

2016 წელს მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფისთვის მერიამ 561,5 ათასი ლარი გაითვალისწინა და 10 პროგრამა დააფინანსა, რომელთაგან რამდენიმე ერთჯერადი ხასიათისაა:

2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპულთა ოჯახების დახმარება - 5 ათასი ლარი.

მარტოხელა დედათა დახმარება - 50 ათასი ლარი.

ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა - 122 ათასი ლარი.

სარიტუალო მომსახურება - 39 ათასი ლარი.

მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა დახმარება - 14 ათასი ლარი.

უსინათლოების მატერიალური დახმარების პროგრამა - 14,500 ლარი.

სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფა (უფასო სასადილო) - 220 ათასი ლარი.

ახალშობილთა ოჯახების დახმარება - 50 ათასი ლარი.

მრავალშვილიანი ოჯახების ყოველთვიური დახმარება - 222 ათასი ლარი.

ინფრასტრუქტურა და მშენებლობა


ფოთის მერიამ ბიუჯეტის თანხმად ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეკონსტრუქცია და ექსპლოატაციისთვის 4 მლნ 791 ათასი ლარი გამოყო.

მოქმედი ხელისუფლება ერთ-ერთ პრიორიტეტად გარე განათების მოწყობას მიიჩნევს და ამ კუთხით წლის განმავლობაში 1 მლნ 095 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს.

მერიამ საკრებულოს თანხმობით 880 ათასი ლარი გამოყო საგზაო ინფრასტრუქტურის (გზები და ხიდები) მშენებლობისთვის, მისი რეაბილიტაცია და მოვლა შენახვისთვის.

110 ათასი ლარი გამოიყოფა ქალაქის გამწვანებისთვის.

უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების იზოლაციისთვის 80 ათასი ლარია გათვალისიწნებული.

ქალქის დასუფთავების ღონისძიებები, ქუჩების დაგვა და ნარჩენების გატანა - 950 ათასი ლარით დაფინანსდება.

სანიაღვრე არხების მშენებლობა რეკონსტრუქცია და ექსპლოატაცია - 591 ათასი ლარით.

კულტურა

წლის განმავლობაში სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების მოსაწყობად ბიუჯეტიდან 148 ათასი ლარია გამოყოფილი, თუმცა დეგეგმილი ღონისძიებების გარდა, გაუთვალისიწნებელი ღონისძიებებისთვის - 20 ათასი ლარი გამოყო.

სპორტი


სხვადასხვა ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებებისთვის - 74 ათასი ლარია გათვალისიწნებული, სხვა წინასწარ დაუგეგმავი სპორტული ღონისძიებისთვის მერიამ წლის განმავლობაში 6 ათასი ლარი გაითვალისწინა.

რელიგია


ფოთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2016 წელს რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობის მიზნით, ფოთის საკათედრო ტაძარი დაფინანსდება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 120 ათასი ლარია გამოყოფილი.