ეკონომიკა
ევროპის ბაზარზე ქართული თხილის დაბლოკვა არ დასტურდება
ქართული მედიით გავრცელებული ცნობების თანახმად, ევროპა ქართულ თხილს ბლოკავს. ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ევროკავშირის საზღვრიდან უკან დააბრუნეს რამდენიმე ტონა თხილი, რომელშიც კიბოს გამომწვევი სოკო აღმოაჩინეს.

ზუგდიდის „აგრო სახლის“ ხელმძღვანელი მაია მიქავა ამბობს, რომ ევროპის ბაზრის მიერ ქართული თხილის დაბლოკვის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

მისი განმარტებით, არსებობს ევროკომისიის სწრაფი განგაშის სისტემა - პორტალი RASFF Portal, სადაც ინფორმაცია თავსდება ამა თუ იმ ქვეყნის პროდუქციაზე წუნის დადების შესახებ.

მისივე თქმით, პორტალის თანახმად, ევროპის ბაზარზე მიმდინარე წელს, ქართულ თხილზე წუნის მხოლოდ 7 შემთხვევა იყო.

„დაბლოკვა და წუნის დადება ერთმანეთისგან განსხვავდება. პორტალზე ათასობით ინფორმაცია დევს, ისევ ევროპის ქვეყნების წარმოებული პროდუქციის წუნზე. მაგალითად, იტალიიდან გერმანიაში რომ კვერცხი და ხორცი დაიწუნეს და გერმანიის საზღვარზე არ შეუშვეს, რასაკვირველია ეს იმას არ ნიშნავს, რომ გერმანიამ დაბლოკა იტალიური ხორცი ან კვერცხი. ის ფაქტი, რომ ქართულ თხილზე წუნის მხოლოდ 7 შემთხვევა იყო, ჩემთვის სასიხარულოც კია, რადგან ისეთი მდგომარეობა გვაქვს თხილის სექტორში გავრცელებული სხვადასხვა დაავადების გამო. დაბლოკვა სულ სხვა რამეს ნიშნავს. რუსეთმა რომ ემბარგო დაუწესა ქართულ პროდუქციას, ეს არის დაბლოკვა“, - გვითხრა მაია მიქავამ.

დადგენილ ზღვარზე მეტი აფლატოქსინის მაჩვენებლის აღმოჩენა ქართული თხილის ევროკავშირის საზღვარზე გასულ ქართული თხილის ასობით პარტიიდან 7 შემთხვევაზე, ნორმალურ მოვლენად მიიჩნევს ასევე საქართველოს თხილის ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ქარდავა.

მისივე განმარტებით, პროდუქციაზე წუნის დადების შემთხვევაში, ის ნადგურდება და შესაბამისად, უვარგისი თხილი ქართულ ბაზარზე ვერ მოხვდება.

„ევროკავშირის საზღვარზე აფლატოქსინის აღმოჩენის შემთხვევაში თხილი ბრუნდება უკან, საქართველოში. საზღვარზე თხილს ხვდება სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი, ამოწმებს ტვირთს, ლუქავს მას და აცილებს დაცულ საწყობამდე, სადაც ასევე ხდება მისი დალუქვა. დალუქული თხილი კვლავ მოწმდება აფლატოქსინის შემცველობაზე.

აფლატოქსინის შემცველობის დადასტურების შემთხვევაში, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების კონტროლის ქვეშ ხდება მისი გადარჩევა და გასუფთავება საეჭვო თხილის გულისაგან, რადგან მასაში უმნიშვნელო რაოდენობის დაავადებულ გულს შეუძლია იმოქმედოს მთლიანი ანალიზის შედეგებზე. გადარჩევის შემდეგ, პროდუქცია განმეორებით მოწმდება ევროპულ ლაბორატორიებში. თუ აფლატოქსინი აღარ აღმოჩნდა, მეწარმეს ეძლევა უფლება განმეორებით მოახდინოს თხილის ექსპორტი.

გამორჩეული წუნდებული თხილი კი ექვემდებარება განადგურებას. არცერთი კილოგრამი დაავადებული თხილი არ ხვდება ქართულ ბაზარზე და არცერთ შემთხვევაში არ არის მისი გამოყენება მწარმოებლის კეთილ ნებაზე დამოკიდებული“, - განაცხადა ლევან ქარდავამ.

ქართული თხილის დაბლოკვაზე გავრცელებული ინფორმაციის პასუხად, სურსათის ეროვნული სააგენტოც RASFF-ის მონაცემებით პასუხობს, სადაც ნათქვამია, რომ გასულ წლებში ქართულ თხილზე წუნის მეტი შემთხვევა იყო და ასევე მოყვანილია სხვა ქვეყნების პროდუქციაზე მიღებული შეტყობინებების სტატისტიკა.

„ევროკომისიის სწრაფი განგაშის სისტემით შეტყობინებები თხილში აფლატოქსინების შემცველობაზე ყოველწლიურად ეგზავნება თხილის მწარმოებელ სხვა ქვეყნებსაც, მათ შორის ისეთ მსხვილ მწარმოებლებს, როგორებიცაა თურქეთი და იტალია (ევროკომისიის სწრაფი განგაშის სისტემით (RASFF) თურქეთმა 2016 წელს თხილსა და კაკლოვან კულტურებში (თხილი, მიწის თხილი, ფისტა, ნუში) აფლატოქსინების შემცველობაზე ევროკომისიის სწრაფი განგაშის სისტემით (RASFF) მიიღო 74 შეტყობინება, აქედან 37 შემთხვევა აღინიშნა თხილში. იტალიამ 2016 წელს თხილსა და კაკლოვან კულტურებზე მიიღო 58 შეტყობინება“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.


ქართულ თხილში ჯანმრთელობისთვის საზიანო ნივთიერება აფლატოქსინის აღმოჩენის და პროდუქციის ევროპის ბაზარზე აკრძალვის შესახებ ინფორმაცია მედიით, შარშან ივლისშიც გავრცელდა, რომელიც არ დადასტურდა.

მაია მიქავამ გვითხრა, რომ მან რუსთავი2-ის ჟურნალისტთან თხილის სექტორში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა, თუმცა მოგვიანებით სიუჟეტი სხვა კონტექსტით გავიდა ეთერში.

„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ პრობლემაში გაერკვიონ და მერე დაწერონ და გადაიღონ. თხილის სექტორს უჭირს ძალიან. ჩვენ სერიოზულად დავზარალდით თხილის დაავადებების გამო, მეთხილეების 90 %-ს საბანკო დავალიანებები აქვს. გასულ წელსაც 4 საათიანი ინტერვიუ მქონდა რუსთავი 2-თან, სადაც ბევრ რამეზე ვისაუბრე და არსად არ მითქვამს, რომ ქართული თხილი მკვლელია, თუმცა რეპორტაჟი ასეთი კონტექსტით გავიდა. გაუგებარია, რატომ ხდება ასე მიზანმიმართულად ქართული თხილის დისკრედიტაცია, როცა საინფორმაციო საშუალებები თხილის სექტორში არსებულ მთავარ პრობლემებს უნდა აშუქებდნენ“, - გვითხრა მაია მიქავამ.