ეკონომიკა
ზუგდიდელი დების „გემრიელი“ ბიზნესი [ფოტო]
„ჩირიფრუტი“, - ხელით დამზადებული სასუსნავების ბიზნესია, რომელიც ზუგდიდელმა დებმა - სოფიომ, მაიამ და მადონა ჯიქიებმა წამოიწყეს.

მათ მიერ დამზადებული სხვადასხვა სახეობის ჩირი და ცუკატები, როგორც მშრალი, ისე შოკოლადში ამოვლებული, იყიდება წონით და სასაჩუქრე შეფუთვით. პროდუქტი ჯერჯერობით მხოლოდ თბილისის რამდენიმე მაღაზიაში მოიპოვება. შპს-ს უახლოეს გეგმაშია ბათუმის, შემდეგ კი სხვა ქალაქების, მათ შორის ზუგდიდის ბაზარზე დამკვიდრება.

ყველაფერი ოჯახში, სასუსნავების დამზადების სხვადასხვა მეთოდის მოსინჯივით, 5 წლის წინ დაიწყო. შპს-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი სოფიო ჯიქია „ლაივპრესს“ უყვება, რომ ეტაპობრივად, ნელ-ნელა მივიდნენ იმ შედეგამდე, რაც დღეს აქვთ.

თავიდან სახლში, პატარა საშრობით მომზადებულ ჩირს ასინჯებდნენ ახლობლებს, შემდეგ რეცეპტებიც შეიმუშავეს და დახვეწეს. რადგანაც პროდუტი სულ უფრო მეტ მოწონებას იმსახურებდა, გადაწყვიტეს, ბედი ბაზარზე ეცადათ.

„ტექნოლოგიური თვალსაზრისით ჩირის წარმოება მარტივი არ არის. გვქონდა პატარა პრობლემები. ეს საქმე ითხოვს კონკრეტულ ცოდნას და მაგ პერიოდში ვერავინ ვერ მოვიძიეთ, ვინც ამას გვასწავლიდა. „ელკანას“ წარმომადგენელი ირაკლი ჯავახიშვილი დაგვეხმარა. დავუკავშირდით და გვითხრა, რომ მას სომხეთში ჰყავდა მეგობრები. იქ გაგვიშვა პრაქტიკაზე. დაგვეხმარა სრულიად უანგაროდ, რადგან გაუხარდა, რომ ამ საქმეს ვიწყებდით. სამივე წავედით და დილიდან საღამომდე ვიმუშავეთ საწარმოში, ერთი კვირის მანძილზე”, გვითხრა სოფიო ჯიქიამ.

ფიქრობს, რომ სომხეთისგან, რომელსაც ჩირის წარმოების 25 წლიანი გამოცდილება აქვს, ბევრი ისწავლეს. ამას დაემატა მათი პირადი გამოცდილება და წამოწყებაც წარმატებული აღმოჩნდა.

„შევისწავლეთ სად იყო ჩვენი კონტიგენტი, მომხმარებელი და მგონია, რომ ამანაც იმოქმედა, რადგან სწორედ იქ მოვხვდით, სადაც ჩვენი პროდუქტი გაიყიდებოდა“, - ამბობს სოფიო.

„ჩირიფრუტში“ ამ ეტაპზე 10 ადამიანი მუშაობს, შპს-ს დამფუძნებლების ჩართვით. პროდუქტი იქმნება ხელით და არ არის ინდუსტრიული წარმოების, თუმცა სამომავლოდ გაფართოება იგეგმება.

დებმა თბილისში, ლილოს დასახლებაში შეიძინეს მიწის ნაკვეთი, სადაც საჭირო თანხების დაგროვების შემდეგ საწარმოს მშენებლობას გეგმავენ.

ფოტოები მოგვაწოდა სოფიო ჯიქიამ.