ეკონომიკა
ცაიშის ბალნეოლოგიური კურორტის აღდგენა ორ ბიზნესმენს სურს
ცაიშის ყოფილი ბალნეოლოგიური კურორტის შეძენით ორი ბიზნესმენი დაინტერესდა. ერთ-ერთი ზუგდიდის ყოფილი მერის დაკავების საქმესთან დაკავშირებული ზურაბ კვირკვიაა. მეორე კი ადგილობრივი ფერმერი გენო ასათიანი, ძმებთან ერთად.

ზურაბ კვირკვიას ძმამ, მამუკა კვირკვიამ, რომლის მფლობელობაშიც ცაიშის თერმული წყლის სამი ჭაბურღილია, "ლაივპრესს" უთხრა, რომ კურორტის განვითარების ბიზნესგეგმა ეკონომიკის სამინისტროს წარუდგინეს.

"მთავრობამ ისეთი ვალდებულებების შესრულება დაგვაკისრა, რაც ჩვენთვის მიუღებელია. ამიტომ, ამ ეტაპზე გაჩერებული ვართ", - ამბობს ის.

ბიზნესმენმა შპს "ცაიშის კურორტი" საჯარო რეესტრში შარშან, 23 ოქტომბერს დაარეგისტრირა. კომპანიის 10%-ს კიკბოქსიორი და მსოფლიო სამგზის ჩემპიონი, დავით ქირია ფლობს.

კომპანიის მიზანია ცაიშში კურორტის მოწყობა სამკურნალო აბაზანებით, სპა ცენტრით და ხის ერთსართულიანი საოჯახო კოტეჯებით.

კვირკვიას კომპანიას ცაიშის მიწისქვეშა თერმული წყლების არსებული ოთხი ჭაბურღილიდან, სამის გამოყენებაზე 20-წლიანი ლიცენზია აქვს.

ცაიშის ბალნეოლოგიური კურორტის განვითარება სურს ადგილობრივ ფერმერ გენო ასათიანსაც. მას ახლა ცაიშის სათბურში ჰოლანდიური ნესვი მოჰყავს. ფერმერმა თერმული წყლის დარჩენილ ერთ ჭაბურღილზე ლიცენზია 25 წლის ვადით მოიპოვა. მან შარშან თებერვალში, კურორტის განვითარების მიზნით ეკონომიკის სამინისტროს მიწის ნაკვეთის გადმოცემის მოთხოვნით მიმართა.

ფერმერი ამბობს, რომ ძმებთან ერთად, 5 მილიონი დოლარის ინვესტიციას და 40-მდე ადამიანის დასაქმებას გეგმავს.

გენო ასათიანის თქმით, ისინი აპირებენ მოაწყონ სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი ღია და დახურული საცურაო აუზებით, სპორტული მოედნებით, დასასვენებელი ადგილებით, სასტუმრო და რესტორნით.

"ერთი კვირის წინ ეკონომიკის სამინისტროსგან მივიღეთ წერილი საპროექტო დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზის შესახებ. ახლა ვმუშაობთ და ხარვეზების გასწორების შემდეგ ისევ მივმართავთ", - გვითხრა გენო ასათიანმა.

სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში "ლაივპრესს" უთხრეს, რომ ცაიშში ორი სხვადასხვა მიწის ნაკვეთის შესყიდვის მოთხოვნით ინვესტორებმა მიმართეს, თუმცა სააგენტო მათ ვინაობას არ ასახელებს.

"ბიზნესმენების მხრიდან ცაიშის კურორტის ტერიტორიის შეძენა მოთხოვნილია აუქციონის წესით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საპრივატიზებო პაკეტის მომზადება, რომელიც გვინდა, რომ მალე დასრულდეს", - გვითხრეს სააგენტოში.

აუდიოჩანაწერში, რომელიც ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეში მტკიცებულების სახით დევს, ბიზნესმენი ზურაბ კვირკვია ზუგდიდის ყოფილ მერთან, ლაშა გოგიასთან და ყოფილ ვიცე-მერთან, გია გულორდავასთან კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს. ჩანაწერის მიხედვით, ბიზნესმენი მერს კორუფციაში ამხელს და მისთვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას სთხოვს.

გოგია და გულორდავა თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ უკვე ცნო. როგორც "ლაივპრესს" საქართველოს მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, თითოეულ მათგანს სასჯელის სახით ორი წელი პატიმრობა, 4 წელი კი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა.