ეკონომიკა
ტურისტული სეზონის დასაწყისი და სტუმრების გარეშე დარჩენილი ანაკლიელები [ვიდეო]
მუსიკალური ფესტივალისთვის ასეთ დროს ჯავშანები მქონდა. ახლა ერთიც არ არის და ბუნდოვანია ისიც, როგორი იქნება ტურისტული სეზონი, - ამბობს ჰოსტელ "ლაზიკას" მეპატრონე, ანაკლიელი ჟანა ცხადაია.

ჟანა ჰოსტელს არა ისეთი დატვირთვით, როგორც ზაფხულში, მაგრამ ზამთარშიც აქირავებდა. როგორც წესი, მაისიდან ექსკურსიაზე ანაკლიაში ჩამოსულ სკოლის მოსწავლეებსაც მასპინძლობდა. ამბობს, - იმდენი იყვნენ, მეზობელ საოჯახო სასტუმროებშიც ვაბინავებდი, ერთმანეთს ვეხმარებოდითო.

"ჯერ იყო და პორტის მოლოდინი გვქონდა. ხალხი შემოვიდოდა. ჰოსტელების საჭიროება იქნებოდა. მაგრამ ესეც კორონამდე გაჩერდა. ღმერთმა ქნას, რომ იყოს რამე კარგი, მაგრამ რეალისტი ვარ და რასაც ახლა ვხედავ, ვერანაირ პროგნოზს ვერ ვაკეთებ", - მითხრა ჟანამ.

ანაკლიელებისთვის შემოსავლის მთავარი წყარო, ათეულ წელზე მეტია ტურიზმია. შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობა ახალი კორონავირუსის პანდემიით, ტურისტული სეზონის ჩავარდნის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ჟანა ამბობს, რომ ოღონდ ტურისტი მივიდეს და ჰოსტელში ძველ ფასს, დღეში25 ლარს შეინარჩუნებს.

ჟანამ, პირველად დამსვენებლები12 წლის წინ მიიღო. მაშინ მხოლოდ სამი ოთახი ჰქონდა. შემდეგ გაფართოვდნენ და დღეს 7 ოთახს აქირავებს. ამ პერიოდში ბევრი რამ ისწავლა. მათ შორის ტრენინგებით და პირადი დაკვირვებით. "USAID-ის" პროგრამის ფარგლებში 5 ათას ლარამდე უპროცენტო სესხით კონდინციონერები შეიძინა. წელს კი "ზრდას" და "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" [კომპანია, რომელიც პორტს აშენებდა] ფინანსური დახმარებით საკუთარი სახლის წინ კაფეს მოაწყობს.

"ზაფხულში მაინც გავხსნი. პროექტი უფრო ადრე უნდა ჩაგვებარებინა, მაგრამ კორონას გამო გადაიდო ყველაფერი და ვადები გადაგვიწიეს", - განმარტავს ჟანა და ამბობს, რომ თუკი ხელისუფლება მოახერხებს, ქვეყანამ ტურისტები წელსაც მიიღოს, ეს ადგილობრივების საოჯახო ბიზნესს მნიშვნელოვნად დაეხმარება. თუმცა აცნობიერებს, რომ ყველაფერი ეპიდსიტუაციაზე იქნება დამოკიდებული.

მთავრობა ამბობს, რომ 15 ივნისიდან საქართველოში ადგილობრივ ტურიზმს გახსნის, პირველი ივლისიდან კი საერთაშორისო ვიზიტორებს მიიღებს. პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, ასევე, განიხილავენ საკითხს, რომელიც ცალკეული ტურისტული ადგილების კორონავირუსისგან სუფთა ზონებად გამოცხადებას შეეხება.

მსოფლიო ისევ ახალი კორონავირუსის პანდემიას ებრძვის და პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, რაიმეზე მტკიცებით ფორმაში საუბარი ნაადრევია. ხელისუფლებაც უშვებს შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში პანდემიის გაუარესების შემთხვევაში, ნებისმიერი გეგმა შეიცვალოს, შემსუბუქებული ზომები კი ხელახლა გამკაცრდეს.

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა და დღემდე ძალაშია საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი. აიკრძალა სამზე მეტი პირის შეკრება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის, მათ შორის მეტროს მოძრაობა. მაშინვე დაიხურა დიდი აგრარული ბაზრები და მაღაზიები, გარდა სურსათისა, სადაც სპეციალური წესების დაცვით მუშაობენ. ასევე, ჩაკეტილი იყო ოთხი დიდი ქალაქი: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და რუსთავი. დღეიდან სრულად გაიხსნა დედაქალაქი. ქუთაისი და ბათუმი კი 5 მაისს. 14 მაისიდან მიმოსვლა აღდგება რუსთავშიც.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან ერთ თვეში, საქართველოს მთავრობამ ახალი კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად, ეკონომიკური გეგმა გამოაქვეყნა. ის მოიცავს, როგორც ბიზნესის ხელშეწყობას, ასევე იმ პირთა ფინანსურ დახმარებასაც, რომლებმაც სამუშაო დაკარგეს. მთავრობა ეკონომიკური გეგმის განხორიელებაში 3.5 მილიარდ ლარს დახარჯავს.

გეგმის თანახმად, 27 აპრილიდან, საქართველოს მასშტაბით, თითქმის ყველა რეგიონში ეტაპობრივად გაიხსნა აგრარული ბაზრები. ასევე, 5 მაისიდან მუშაობა განაახლეს სამშენებლო კომპანიებმა, სამშენებლო მასალების მწარმოებლებმა, ავტოსამრეცხაოებმა და ავტოსარემონტო მომსახურების ობიექტებმა. 11 მასიდან გაიხსნა ყველა ის მაღაზია, რომელსაც დამოუკიდებელი შესასვლელი აქვს ქუჩიდან. თუმცა ეს არ ეხება ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მაღაზიებს. დახურული ტიპის ბაზრების, რესტორნებისა და კვების ობიექტების გახსნა ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, მეხუთე ეტაპზე უნდა მოხდეს, რაც ივნისის ბოლოს, ივლისის დასაწყისში უწევს.

საბოლოოდ, ეს ყველაფერი საქართველოს ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დადასტურდა.