ეკონომიკა
საახალწლო ხარჯები - რა და რატომ გაძვირდა პანდემიაში
FaceBook Twitter
E-mail Print
კორონავირუსის პანდემიამ, რომელიც ერთ წელს ითვლის, მსოფლიო შეცვალა და ადამიანებს ცხოვრების ახალი წესი დაუდგინა. განსხვავებულად, მკაცრი აკრძალვების და დამძიმებული სოციალური ფონით ხვდებიან მოქალაქეები დღესასწაულებს, მათ შორის ახალ წელსაც. არავინ გეგმავს დიდ წვეულებებს მეგობრებთან და ნათესავებთან. უმრავლესობა დღესასწაულს საკუთარ სახლში, ოჯახის წევრების გარემოცვაში შეხვდება.

მაგრამ რაც არ უნდა ვიწრო წრეში დაგეგმო, სურვილი, რომ საახალწლო სუფრა განსხვავებული იყოს, ყველას აქვს. ამიტომაც, ქალაქის ქუჩებში გარკვეული სამზადისი მაინც შეიმჩნევა. ზოგი რეგულაციების დაცვით, ზოგიც მისი უგულვებელყოფით, მაღაზიებში თუ ზუგდიდის ბაზრისკენ მიიჩქარის, რომელიც ახალ წლამდე 1 კვირით ადრე, ყოველთვის განსაკუთრებული დატვირთით მუშაობდა.

განსხვავებული სურათია წელს. აგრარული ბაზრის ყველა განყოფილებაში მომხმარებელთა სიმცირეს უჩივიან. ბუნებრივია, რომ მათ მოლოდინში, სიცივესა და კორონავირუსით დაინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ მომუშავე მოვაჭრეები უკმაყოფილო არიან, ისევე როგორ სავაჭროდ მისული მოქალაქეები. მათ პოდუქტებზე მზარდი ფასები აშინებთ. ერთ-ერთი მათგანია ზუგდიდის მცხოვრები ნინო ნარმანია. ამბობს, რომ ბოლო 2-3 თვის მანძილზე პროდუქტების ფასები ნელ-ნელა იმატებს. მათ შორის ყველაზე ხშირად მოხმარებად პურის ფქვილზე, ზეთზე, ბურღლეულსა და ყველზე.

„თუ მანამდე 1 ტომარა ფქვილი 64 ლარი ღირდა, ახლა 72 -73 ლარად ვყიდულობ. ყველი ზაფხულში თუ 15 ლარი ღირდა, ახლა 20 ლარია. ერთი ქილა ზეთის ფასმა 2 ლარზე მეტით მოიმატა. 3 ლარიანს, 5.50 ლარად ვყიდულობ“, - ამბობს ნინო ნარმანია.

ტურისტულ ბიზნესში ჩართული, პანდემიის გამო უმუშევარი დარჩა. დღეს 4 სულიანი ოჯახი მისი ქმრის ხელფასზე, 600 ლარზეა დამოკიდებული. გარდა საკვებისა, წვრილშვილიან ოჯახს სხვა მოთხოვნებიც ხომ აქვს. ამას ემატება კომუნალური გადასახადები. ამიტომაც, წელს გადაწყვიტა მოკრძალებული სუფრა გაეწყო. სახაჭაპურე ჭყინტი ყველი, რომელიც 1 კგ 16 ლარი ღირს, ნახევარი მოაჭრევინა. ასევე, სულგუნის ნახევარი შეიძინა, კილო 20 ლარად.

„წელს ინდაურს არ შევიძენ. ვერც შევიძენდი (იცინის). სოფელში მყავს ნათესავები და დედალი მაჩუქეს, რაც ძალიან გამიხარდა. ალბათ 10 ლარის კანფეტებს დავამატებ და ამდენივე ლარის ხილს. სულ ეს არის ჩემი სადღესასწაულო შენაძენი“, - გვიყვება ნინო და რძის პროდუქტების განყოფილებიდან ხილ-ბოსტენეულის დახლებისკენ ინაცვლებს.

63 წლის მოვაჭრე იამზე კეზუა კი პატარა ნაჭრებად დაჭრილ ჭყინტ ყველს ლამაზად ალაგებს, შემდეგი მომხმარებლის მოლოდინში. ხობის სოფელ ხამისკურში ცხოვრობს, საიდანაც საახალწლოდ საგანგებოდ დაგროვილი რძის პროდუქტი ჩამოიტანა. ბლომად აწყვია მის დახლზე სულგუნი:

„ჩვენი ხარჯებიც ხომ გაიზარდა?!ხომ იცით, რომ მარშუტკები უკვე აღარ დადიან. ორი გზა ხამისკურიდან ტაქსით 10 ლარი მიჯდება. ისიც მაშინ, თუ რამდენიმე ერთად ვართ. მეც ხომ უნდა ვიყიდო ფქვილი, შაქარი, პური. სოფელში ყველაფერი ვერ ექნება ადამიანს“, - გვიყვება იამზე კეზუა და თან პირბადეს სიცივისგან გაწითლებული თითებით ისწორებს.

განსაკუთრებით ლამაზია საახალწლო დღეებში ხილ-ბოსტნეულის განყოფილება. ზამთრის ცივ დღეებში აქაურობა ფერადი და ნათელია, თუმცა მომხმარებლისგან დაცარიელებული. მყიდველის მოლოდინშია ჩამწკრივებული ჩირები, ჯანჯუხა, ჩურჩხელა.

„ჩურჩხელების ფასი არაა მაღალი. აი, თხილით რომელიცაა, შედარებით პატარა, 2 ლარია, ნიგვზიანი 3 ლარი. ადრე, საზღვრები რომ ღია იყო, აგზავნიდნენ უცხოეთში და ბლომად მეყიდებოდა. ახლა შენსავით ფოტოს გადასაღებად თუ მოვლენ. ლამაზი კია, მაგრამ მე ფული მინდა, რომ სხვა პროუქტები ვიყიდო ჩემთვის. ფოტო აბა რას მიშველის?!“, - ამბობს ლიანა ბებო. იმედი აქვს, რომ უახლოეს დღეებში მყიდველთა რაოდენობა გაიზრდება. მისი თქმით, ხილი დიდად არ გაძვირებულა - ვაშლი 1კგ. 2-3 ლარი ღირს. მანდარინი კი 1.50 -2 ლარი.

აქვე შეძლებთ თაფლის შეძენას 17-20 ლარად. ნიგვზის ფასიც ხარისხის მიხედვით, 17-ლარიდან 30 ლარამდე მერყეობს.

თუ პანდემიის მიუხედავად ინდაურის, გოჭის, ცხვრის ან თუნდაც თხის ყიდვას შეძლებთ, არჩევანი დიდია.

ინდაურის ფასი 60 ლარიდან 120 ლარამდეა, ზომის მიხედვით. გოჭის ყიდვას 55 ლარიდან 150 ლარამდე შეძლებთ. სოფლის ქათმების ფასი 25 -30 ლარია. თუ რამდენიმეს ერთად წაიყვანთ, მოვაჭრეები ფასდაკლებასაც გთავაზობენ. უმრავლესობა სოფლიდან ტაქსით არის ჩამოსული. ისინიც გაზრდილ ხარჯებსა და შემცირებულ შემოსავალზე დარდობენ:

„ორსანტიიდან დავყავარ მანქანას. 25 ლარს ვაძლევ. 10 გოჭი ჩამოვიყვანე და აქ მელოდება (ტრანსპორტი) მთელი დღე. მერე ისევ უკან ხომ უნდა წავიდე? აგერ, 3 საათია და მარტო ერთი გოჭი გავყიდე“, - ამბობს ორსანტიელი ნარგიზა ბებო.

ფასების მატებას მომავალშიც ელოდებიან მაღაზიების მფლობელები. მათი ცნობით, სხვადასხვა კომპანიას პროდუქტები გაძვირებულ ფასად შემოაქვს და იძულებული არიან თავადაც მოუმატონ.

ამ ეტაპზე ფქვილზე ფასის გაზრდის მიუხედავად, სახელმწიფო სუბსიდირების ხარჯზე პურზე ფასი შენარჩუნებულია. თუმცა, საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს ზოგიერთ პროდუქტზე ფასი 20%-ზე მეტით გაიზარდა. მატება განსაკუთრებით შესამჩნევი იყო პანდემიის პირველივე ეტაპზე.

მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის მაისში საქართველოს მთავრობა 9 ძირითად პროდუქტზე ფასების შენარჩუნებას ირწმუნებოდა, ასე არ მოხდა. პირველადი მოხმარების პროდუქტები მალევე გაძვირდა.

ამასთან, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან ერთ თვეში, ხელისუფლებამ კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად, ეკონომიკური გეგმაც შეიმუშავა. ის მოიცავდა როგორც ბიზნესის ხელშეწყობას, ისე იმ პირთა ფინანსურ დახმარებასაც, რომლებმაც სამუშაო დაკარგეს. მთავრობამ ეკონომიკური გეგმის განხორციელებაში 3.5 მილიარდი ლარი დახარჯა, თუმცა მოსახლეობისთვის ერთჯერადი დახმარებები ხანგრძლივ ვადებში, ბუნებრივია, რომ საკმარისი არ აღმოჩნდა.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში აკაკი ცომაია „ლაივპრესთან“ საუბარში ამბობს, რომ პანდემიამ მნიშვნელოვნად აზარალა ქვეყანა, რაც არათუ მიმდინარე წლის, სავარაუდოდ მომავალი წლის ეკონომიკაზეც აისახება. მისი თქმით, წელს ეკონომიკა 5-დან 7%-მდე შემცირდება, თუმცა მოახერხებს თუ არა ხელისუფლება კრიზისის შემობრუნებას, კლების ზრდის მაჩვენებლში გადაზრდას, რასაც მთავრობა და ეროვნული ბანკი პროგნოზირებენ, ამაზე დღეს საუბარი უჭირს. ამბობს, რომ ჯერჯერობით რაიმე სასიკეთო ცვლილებებს ამ მიმართულებით ვერ ხედავს.

ექსპერტის თქმით, ეკონომიკის შემცირება ნეგატიურ გავლენას ახდენს მთლიან საზოგადოებაზე, განსაკუთრებით ადამიანთა კონკრეტულ ჯგუფებზე, შესაბამისად 5%-იანი კლება ეკონომიკისთვის, ამ ჯგუფებისთვის გაცილებით დიდ მაჩვენებელს და ცხოვრების დონის გაუარესებას ნიშნავს.

„ძირითადად ეს ეხება წვრილი, საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, ტურიზმის სექტორში, სარესტორნო ბიზნესში მომუშავე ადამიანებს, ავტომობილების ექსპორტით დაკავებულებს. განსაკუთრებით კი თვითდასაქმებულებს და მათ, რომლებსაც ეკონომიკა ვერ აღრიცხვს. ეკონომიკის კლებაში მათი მდგომარეობა არ ფიგურირებს, მაგრამ ესენი არიან გარემოვაჭრეები, რომელთაც ყველაზე მეტად შეეხოთ პანდემია. ესენი არიან სავაჭრო მაღაზიები, უფრო არა სასურსათო, არამედ სავაჭრო მოლები და ამ ტიპის მაღაზიები“, - უთხრა აკაკი ცომაიამ „ლაივპრესს“.

ექსპერტი ფიქრობს, რომ გრანტების დიდი ნაწილი, რომელიც ხელისუფლებამ პანდემიისას მოიზიდა, სწორად არ გაიხარჯა. კერძოდ, რეალურად ეს დახმარება მოწყვლად ჯგუფებზე ძალიან მცირე ოდენობით გაიცა მაშინ, როცა სახელმწიფოს შეეძლო უფრო მეტი გაეკეთებინა ამ მიმართულებით. თუმცა სხვა გზა არჩია - თანხის დიდი ნაწილი სავარაუდოდ სასტუმროების შენახვასა და კოვოდპაციენტების დაფინანსებაზე დახარჯა. მოგვიანებით, აკაკი ცომაიას თქმით, ხელისუფლებაში მოიძებნენ ადამიანები, რომლებმაც თქვეს, რომ ეს მთლად ადექვატური ქცევა არ იყო.

შეიძლებოდა თუ არა პანდემიით გამოწვეული შედეგების თავიდან არიდება, ზიანის შემცირება, ექსპერტი ამბობს, რომ კი. მისი განმარტებით, თუ პრობლემის მხოლოდ ეკონომიკურ ნაწილზე ისაუბრებს, მეტი აქცენტი, როცა კრიზისია, კეთდება ე.წ. ტრანსფერებზე, ანუ სოციალურ უზრუნველყოფაზე, ნაკლები შესყიდვებზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. ამიტომ, აკაკი ცომაია ამბობს, რომ არსებობს მარტივი რეცეპტი ვითარების გაუმჯობესების - სახელმწიფომ დროებით შეაჩეროს შესყიდვები და მეტი ძალისხმევა მიმართოს მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლად:

ფოტოზე: აკაკი ცომაია

„ამისთვის, ის დაგროვილი ტვირთი ვალდებულებების, რაც აქვს მცირე ბიზნეს, და ეს პირველ რიგში არის დაგროვილი გადასახადები სახელმწიფოს მიმართ, სახელმწიფომ ხომ გადაუვადა, მერე გადავადებულიც ხომ დაგროვდა და ახალი დაემატა, ეს ყველაფერი უნდა ჩამოიწეროს და რაღაც გარკვეული დროის განმავლობაში მორატორიუმი გამოცხადდეს. ამ ადამიანებიდან შემოსავალი არ უნდა აიკრიფოს, რომ მათ შეძლონ ეკონომიკური აქტივობის განხორციელება და იმ ნიშნულზე დაბრუნება, რომელზეც პანდემიამდე იყვნენ“.

ექსპერტი კიდევ ერთ საფრთხეზე საუბრობს. მისი განმარტებით, სახელმწიფო ვალის მასშტაბის ზრდა, რაც თითქმის 60%-იანი ნიშნულია, შესაძლოა ფსიქოლოგიური ზღვარი იყოს საერთაშორისო ინვესტორებისთვის, რამაც ქვეყანაში მოულოდნელად კაპიტალის შეუქცევადი გადინების პროცესის დაწყება გამოიწვიოს.

ეკონომიკური და პანდემიასთან ბრძოლის კუთხით 2021 წელიც რომ რთული იქნება, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. თუმცა მოსახლეობა დააიმედა, რომ ყველაფრის მიუხედავად, ეს წელი, განსაკუთრებით მისი მეორე ნახევარი, საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის აღდგენის წელი იქნება:

მანვე მოგვიანებით ჟურნალისტებს განუმარტა, რომ 2021 წლის სამთავრობო პროგრამა ოთხი ძირითადი საკვანძო კომპონენტისგან შედგება, საიდანაც პირველზე ეკონომიკა და მეორეზე სოციალური ნაწილია. შემდეგ მოდის საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება და ოკუპაცია.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის საგანგებო შტაბის ინფორმაციით,
12:20 / 03.06.2020
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის საგანგებო შტაბის ინფორმაციით,
ვის და როგორ დაეხმარება მთავრობა ახალი კორონავირუსის
11:31 / 14.05.2020
ვის და როგორ დაეხმარება მთავრობა ახალი კორონავირუსის
მუსიკალური ფესტივალისთვის ასეთ დროს ჯავშანები მქონდა. ახლა ერთიც არ
არის და
18:29 / 11.05.2020
მუსიკალური ფესტივალისთვის ასეთ დროს ჯავშანები მქონდა. ახლა ერთიც არ არის და
ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოს ხელისუფლების
მკაცრმა
19:05 / 08.05.2020
ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოს ხელისუფლების მკაცრმა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.