ფოტო
ზუგდიდში აქციის მონაწილეებმა სოლიდარობის ნიშნად თვალი წითლად შეიღებეს [ფოტო]
ზუგდიდის ბულვარში დაწყებული აქცია "სირცხვილია", სადაც სხვა მოთხოვნებთან ერთად, მოქალაქეები და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვდა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან დასრულდა. ამბობენ, რომ პროტესტი მანამ გაგრძელდება, სანამ ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. შეკრებილებმა ერთგვარად უკმაყოფილებაც გამოხატეს იმის გამო, რომ უფრო მეტი ადამიანი არ გამოდის აქციებზე, მაშინ, როცა ისინი გაცილებით აქტიურები არიან სოციალურ ქსელში.

აქციის მონაწილეებს სიმბოლურად ცალი თვალი ირგვლივ წითლად მოუხატეს. მათი თქმით, წინგადადგმული ნაბიჯია პარლამენტის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება, თუმცა ეს საკმარისი არ არის და შს მინისტრმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა აქციის დარბევაზე ძალისმიერი მეთოდებით. ამბობენ, რომ ნებისმიერი მოქალაქის გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს, რაც გიორგი გახარიამ ვერ მოახერხა.

ბულვარიდან შეკრებილებმა სამხარეო ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეებთან მივიდა საკრებულოს წევრი უმრავლესობიდან ირაკლი ლაგვილავა. მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ არის დამნაშავე, მათ ვინაობას გამოძიება დაადგენს და ისინი შესაბამისად დაისჯებიან. მანვე აღნიშნა, რომ რუსეთი ოკუპანტია და ეს ცალსახაა.

ირაკლი ლაგვილავას განმარტებით, კონკრეტულმა პარტიებმა ახალგაზრდების კარგი მუხტი სათავისოდ გამოიყენა.

ზუგდიდში რამდენიმე დღის წინაც გაიმართა იგივე მოთხოვნით საპროტესტო აქცია. კერძოდ მათ სურთ მანიფესტაციის დაშლისას დაკავებულთა გათავისუფლება. ასევე, იმ სამართალდამცველთა დასჯა, რომლებიც აქციისას ძალადობით გამოირჩეოდნენ. შეკრებილთა მოთხოვნა, პარლამენტის 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ, უკვე დაკმაყოფილდა.

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში პლენარულ სესიაზე გამოსვლას ითხოვს. ის წერილობით მიმართავს საკანონმდებლო ორგნოს.