ფოტო
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით" ვაქცინაციის პროცესში დღეიდან ზუგდიდიც ჩაერთო. მანამდე "ფაიზერით" აცრა საქართველოს 4 ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და გორში იყო შესაძლებელი.

"ფაიზერით" ვაქცინაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით ზუგდიდში, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია შესაძლებელი. პარალელურად სამედიცინო დაწესებულებაში გრძელდება სხვა ვაქცინებით აცრის პროცესიც.

რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელ დავით შონიას განცხადებით, მხოლოდ დღეს "ფაიზერით" აცრის 560 მსურველია დარეგისტრირებული და აქტიურობა პირველივე დღიდან მაღალია. მისივე თქმით, ვაქცინაცია შაბათ-კვირის ჩათვლით მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე საქართველოში ვაქცინაცია ოთხი სხვადასხვა ვაქცინით არის შესაძლებელი. ესენია "ფაიზერი", ჩინური წარმოების "სინოვაკი" და "სინოფარმი", ასევე ბრიტანულ-შვედური "ასტრაზენეკა".

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რომელიც ჩართული მასობრივი ვაქცინაციის პროცესში, ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია:

ელექტრონულ პორტალზე - https://booking.moh.gov.ge

ვაქცინაციის ცხელ ხაზზე - 1522, რომელიც მომსახურებას ახორციელებს ეთნიკური უმცირესობების ენებზეც.

კოვიდ 19-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული კონსულტაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ - 144 (3).

ასევე Მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს მიმართოს რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს, სადაც ვაქცინაციის ოფიცერი უზრუნველყოფს მათ რეგისტრაციასა და აცრას.

"ფაიზერზე" რეგისტრაცია შესაძლებელია 16 წლის და ზემოთ ასაკის, ასევე ინფექციის დადასტურებიდან 30 დღის გასვლის შემდეგ ყველა იმ პირისთვისაც, რომელმაც კოვიდინფექცია გადაიტანა.

აშშ-ის მთავრობის მიერ საჩუქრად გადმოცემული "ფაიზერის" 500 000 დოზა საქართველოში 24 ივლისს შემოვიდა.

აგვისტოს შუა რიცხვებიდან საქართველოში "ფაიზერის" მორიგ პარტიას ელოდებიან.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო.