ფოტო
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება. მსურველებს რუხის საავადმყოფოსა და "ევექსის" კლინიკების პარალელურად ახლა უკვე შესაძლებლობა აქვთ სოფლების ამბულატორიებში აიცრან.

გარდა ამისა ზუგდიდის ბულვარის მიმდებარედ, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ახალი ცენტრი გაიხსნა.

მოქალაქეებს, რომლებსაც ვაქცინის გაკეთება სურთ, ადგილზე რეგისტრაციის საფუძველზე, მთელი დღის განმავლობაში შეუძლიათ იმუნიზაცია.

"გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ. დილის საათებში ჩვენთან რიგებია", - უთხრეს "ლაივპრესს" ვაქცინაციის ცენტრის თანამშრომლებმა.

ქალაქის და სოფლის ამცრელ ცენტრებში ყოველდღიურად ასობით მოქალაქე იკეთებს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას.

საერთო ჯამში ვაქცინაცია რეგიონის 12 სამედიცინო დაწესებულებაში არსებულ 25 ამცრელ კაბინეტში მიმდინარეობს.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. მსურველებისთვის ხელმისწავდომია ოთხი სხვადასხვა ვაქცინა - ამერიკული წარმოების "ფაიზერი", ჩინური წარმოების "სინოვაკი" და "სინოფარმი", ასევე ბრიტანულ-შვედური "ასტრაზენეკა".

ვაქცინაცია სოფელ კახათის ამბულატორიაში.


სოფლის ამბულატორიაში მსურველებს "სინოფარმის" და "სინოვაკის" ვაქცინებით ცრიან.

ვაქცინაციამდე მოქალაქეებს მიეწოდებათ აცრის შესახებ ინფორმაცია.