ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის გამო დისტანციურად მიმდინარეობდა, სკოლის შენობებში განახლდა. სასწავლო პროცესის დაწყება ზუგდიდში წვიმიან ამინდს დაემთხვა, თუმცა მოსწავლეების განწყობაზე ცუდი ამინდი არ ასახულა. 

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლები უზრუნველყოფილია შესაბამისი სადეზინფექციო ხსნარებით, პირბადეებით, თერმოსკრინინგის აპარატებითა და დეზობარიერებით. მათივე ცნობით, ვირუსის პრევენციისთვის საჭირო რესურსების მარაგი სკოლებისთვის მთელი სასწავლო წლისათვის არის საკმარისი.

სამინისტრო მშობლებს კვლავ აძლევს შესაძლებლობას, აირჩიონ დისტანციური სწავლების ფორმა.

მოსწავლეები I-XII კლასების ჩათვლით ვალდებული იქნებიან ატარონ პირბადე.

სახელმწიფო კვლავ უზრუნველყოფს მასწავლებელთა სავალდებულო ტესტირებას.

ამ ეტაპზე ვაქცინირებულია პედაგოგთა და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 67%.

სამინისტროში ირწმუნებიან, რომ იმ სკოლებს, სადაც 2 ოქტომბერს საარჩევნო უბნები იყო განთავსებული, ჩაუტარდა სრული დეზინფექცია.

საქართველოში ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს ეპიდვითარების გაუარესების გამო დისტანციურად დაიწყო.

კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლის დაკლებასთან ერთად უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ სწავლების სკოლის შენობებში აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო.