ქართველი საოპერო მომღერლის კონცერტი გალში - ინტერვიუ ბარიტონთან [ვიდეო/ფოტო]
გიორგი თოდუა: გალში პეტერბურგიდან ჩავედი, სადაც უკვე რამდენიმე თვეა მარინის თეატრში სოლისტად ვმუშაობ. დავიბადე 1997 წელს. 4 წლამდე აფხაზეთში ვცხოვრობდი. ომის შემდეგ რუსთავში გადავსახლდით, მაგრამ საქართველოში მცხოვრები ბევრი ოჯახის მსგავსად, ჩვენც ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოვჩნდით და სამუშაოს საძებნელად პეტერბურგში გავემგზავრეთ. იქ ქართულ სკოლაში ვსწავლობდი და მუსიკალური განათლებაც მივიღე, ჩემი ოცნება იყო ცნობილ მაესტრო ნოდარ ანდღულაძესთან მუშაობა და თბილისში ჩავედი. მე და ბაბუა მივედით მასთან ოჯახში. მომისმინა და მას შემდეგ ორი წელი ვმეცადინეობდი მასთან. მერე ჩავირიცხე თბილისის კონსერვატორიაში, დავამთავრე ბაკალავრიატი. მაგისტრატურაზე სწავლისას მამა გარდამეცვალა და ისევ ფინანსური პრობლემების წინაშე დავდექი. აკადემიური ავიღე და მომიწია სამუშაოს ძებნა ისევ პეტერბურგში, სადაც ვმეცადინეობდი და თან ვმუშაობდი. მაქვს ორმაგი მოქალაქეობა, მაგრამ სხვადასხვა კონკურსებში საქართველოს სახელით ვმონაწილეობდი.

ლაივპრესი: რა იყო გალში კონცერტის ჩატარების მიზანი, რატომ გაგიჩნდათ ეს იდეა?
გიორგი თოდუა: მამას გარდაცვალებამდე მივეცი პირობა, რომ გალში კონცერტს ჩავატარებდი. ეს კონცერტი მას მივუძღვენი და ასეც ვთქვი სცენიდან - მამა მე დავბრუნდი სახლში. კონცერტის ორგანიზებაში ძალიან ბევრი ადამიანი დამეხმარა. დარბაზი სავსე იყო. იყვნენ ნათესავები, რომლებიც ყოველ ჩემს ჩასვლას სულმოუთმენლად ელიან, მაგრამ გამიკვირდა, რომ ახალგაზრდებიც ვნახე, ჩემთვის სრულიად უცხოები.
ლაივპრესი: როგორ შეგხვდათ დე ფაქტო ადგილობრივი ხელისუფლება, როგორ ფიქრობთ რატომ დათანხმდნენ ისინი კონცერტის ჩატარებას?

გიორგი თოდუა: ჩამოსვლამდე ჩემი პირობები მქონდა, ჩემთვის ეს იყო მშობლიურ მიწაზე, სახლში ჩამოსვლა და არავითარი რესპუბლიკა აფხაზეთი. კონცერტის დაწყებამდე ასეც გამოაცხადეს, რომ მე ჩამოვედი გალის რაიონში. კონცერტის ორგანიზება ორწლიანი მცდელობის შემდეგ ჩემი პირობებით მაინც მოხერხდა. ადამიანებს შორის ძალიან თბილი ურთიერთობებია. რადიკალები, რომლებიც კატეგორიულად წინააღმდეგები არიან ამ ურთიერთობების, არიან აფხაზებშიც და ქართველებშიც. მე ისეთი ადამიანები შემხვდნენ, ვინც გაგებით მოეკიდა ჩემს ოცნებას, მემღერა სახლში. არცერთ თანამდებობის პირს არ ვიცნობ აფხაზური მხრიდან და არც მქონია სურვილი მათი გაცნობის. გალში ყოფნისას, მამის საფლავზე და ნათესავების სანახავად მივდივარ. ყველანაირად ვცდილობ, რომ არ შევიდე მათთან კონტაქტში. კონცერტის დაწყებამდე მითხრეს, რომ უნდა ყოფილიყო შეხვედრა თანამდებობის პირებთან, რაზეც უარი განვაცხადე.
ლაივპრესი: როგორი შთაბეჭდილებით მიდიხართ გალიდან?

გიორგი თოდუა: საოპერო ხელოვნება უცხოა მათთვის. ყოველ შემთხვევაში ბოლო 30 წელია ასეთი საღამო გალში არ ჩატარებულა. აქ გაუსაძლისი პირობებია ადამიანებისთვის. რაღაც ვაკუუმში ცხოვრობენ. დუხჭირ ცხოვრებას ემატება ის, რომ დიდი ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ არიან. სამწუხაროდ, აქ ტრაგედია ნორმაა. ყოველ ჯერზე, როცა გალში ჩავდივარ, რამდენიმე დღე მჭირდება იმისათვის, რომ ნათესავებს ახლობელი ადამიანის გარდაცვალება მივუსამძიმრო. ამჯერად, ძალიან გამიხარდა, რომ მუსიკალურ სკოლაში დამპატიჟეს. ძალიან ნიჭიერი ბავშვები ვნახე. ისინი კარგად საუბრობდნენ ქართულად. ბევრი კითხვა დამისვეს. მათ აინტერესებთ როგორია დიდი სცენა, რა არის ორკესტრი, როგორ ხდება დირიჟორთან მუშაობა. მენანება, რომ მათი პერსპექტივა სოხუმში რაღაც ფესტივალში მონაწილეობაა მხოლოდ და აქ მთავრდება ყველაფერი. მინდა მათაც ჰქონდეთ საშუალება ისწავლონ თბილისის კონსერვატორიაში, ისეთ მაესტროებთან, როგორთანაც მე ვიყავი.

ლაივპრესი: თქვენი სამომავლო გეგმები თუ უკავშირდება საქართველოს?
გიორგი თოდუა: გალი ჩემი მშობლიური ქალაქია. სადაც არ უნდა ვიყო, სულ გულით ვატარებ ჩემი სახლის მონატრებას. მიუხედავად იმისა, რომ დამწვარია, ის ყველა სახლზე უფრო მეტად მიყვარს. იქ ყოფნისას მე სოხუმშიც შემომთავაზეს კონცერტის ჩატარება, მაგრამ უარი განვაცხადე. ზოგადად, პოლიტიკა არ არის ჩემი საქმე, მაგრამ სოხუმში კონცერტს მაშინ ჩავატარებ, როცა ღირსეულად შევძლებ იქ ჩასვლას. მინდა, რომ ჩემს სახლში ისე ვიარო, როგორც დანარჩენ საქართველოში. ყველა ნორმალური ადამიანის სურვილი და უფლებაა სახლში ყოფნა. მგონია, რომ მათ ეს ესმით, მაგრამ ხმამაღლა არ საუბრობენ ამაზე.
მასალაში გამოყენებული ვიდეო გადაღებულია გალის კონცერტზე და ეკუთვნის სოციალური ქსელის მომხმარებელს.