კომენტარი
ვაკო გვილია: მაქვს მიზანი ევროპის ტოპ ჩემპიონატებში ვითამაშო
საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველი, ზუგდიდელი ვაკო გვილია საფეხბურთო კარიერას ბელარუსის „ბატეს“ შემდეგ შვეიცარიის სუპერლიგაში განაგრძობს. რა გეგმები აქვს სპორტსმენს ახალ კლუბთან ერთად, რატომ აღმოჩნდა მისთვის ეს შემოთავაზება საინტერესო და რას ფიქრობს ის საქართველოს შანსებზე, უეფას ერთა ლიგის გავლით ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად, „ლაივპრესი“ გთავაზობთ ფეხბურთელთან ინტერვიუს.

ლაივპრესი: ორი წლის წინ, როცა ჩვენი ინტერვიუ ჩაიწერა, აღნიშნეთ, რომ თქვენი სამომავლო გეგმები ბელარუსის „ბატეს“ უკავშირდებოდა. დღეს უკვე შვეიცარული კლუბის, „ლუცერნის“ ღირსებას იცავთ. რატომ აღმოჩნდა საინტერესო თქვენთვის ამ კლუბის შემოთავაზება?

ვაკო გვილია: პირველ რიგში შემიძლია გითხრათ ის, რომ შვეიცარიის ჩემპიონატის დონე ბევრად აღემატება ბელარუსის ჩემპიონატისას. ეს არის ევროპის შუაგული, სადაც ყველა თამაშს აკვირდებიან სკაუტები ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა გერმანია, იტალია, საფრანგეთი. ეს არის ტოპ ჩემპიონატები ევროპის და გაქვს ყველანაირი პერსპექტივა იმისთვის, რომ წინ წახვიდე. რაც შეეხება „ბატეს“, მაშინ გითხარით, რომ მთლიანად კონცენტრირებული ვიყავი ამ გუნდზე და მართლაც ასე იყო. თავიდან ყველაფერი კარგად დაიწყო, მაგრამ შემდეგ სიტუაცია შეიცვალა. შეიძლება ითქვას, არ მაფასებდნენ, როგორც ფეხბურთელს.

ლაივპრესი: რაში გამოიხატებოდა დაუფასებლობა, მთავარ შემადგენლობაში არ გათამაშებდნენ?

ვაკო გვილია: დიახ, მთავარ შემადგენლობაში არ მათამაშებდნენ, რაც ფეხბურთელისთვის ყველაზე მნიშვნელვანია. სპორტსმენი თუ არ თამაშობს, ისე არასდროს არ არის ბედნიერი, რაც არ უნდა იყოს. როცა მივიღე შემოთავაზება შვეიცარიიდან, არც დავფიქრებულვარ და გადაწყვეტილებაც სწრაფად მივიღე.

ლაივპრესი: რამდენ ხანს გაგრძელდა მოლაპარაკების პროცესი?

ვაკო გვილია: დამირეკეს და ზუსტად სამ-ოთხ დღეში. ყველაფერი გადაწყდა ძალიან სწრაფად და ამით ბედნიერი ვარ.

ლაივპრესი: რომ ყოფილიყო „ლუცერნზე“ უფრო დაბალი კლასის კლუბი, მაინც დათანხმდებოდით ამ წინადადებას? სულერთი იყო თქვენთვის, თუ ქონდა მნიშვნელობა, ვისგან მიიღებდით შემოთავაზებას?

ვაკო გვილია: რა თქმა უნდა, ყოველთვის აქვს მნიშვნელობა იმას, რომელი კლუბი შემოგთავაზებს. საუბარი იმაზე, დავთანხმდებოდი თუ არა, ეს თეორიული საკითხია. როცა შემომთავაზეს „ლუცერნი“, ვნახე გუნდი, ვნახე ქალაქი, მითხრეს, რომ მწვრთნელი დაინტერესებულია ჩემით, ყველანი დაინტერესებულები არიან და შესაბამისად მივიღე გადაწყვეტილება გადავსულიყავი. როცა დამირეკეს, მაშინვე არ მითქვამს პასუხად, რომ მოვდივარ. მანამდე იყო სხვადასხვა წინადადება, მაგრამ ისინი არ იყო იმ პრიორიტეტებთან ახლოს, რომელიც მე მაქვს, ჩემს მიზნებთან და ოცნებებთან. ყოველთვის მინდოდა ევროპაში თამაში და დღესაც ის მიზანი მაქვს, რომ ევროპის ტოპ ჩემპიონატებში ვითამაშო.

ლაივპრესი: როგორ შეეწყვეთ ახალ კლუბს, ადაპტაციის პერიოდი როგორ მიმდინარეობს ახალ გარემოში?

ვაკო გვილია: ყველაფერი კარგად მიდის. ძალიან თბილად მიმიღეს როგორც ფეხბურთელებმა, ასევე მწვრთნელმა და დანარჩენმა პერსონალმა. რა თქმა უნდა, ენის ბარიერი არის რაღაც დონეზე, მაგრამ ინგლისური ყველამ იცის და მეც შესაბამისად კომუნიკაცია არ მიჭირს. მაგრამ მწვრთნელი ყველაფერს ხსნის და დავალებებს გვაძლევს გერმანულად. ამიტომ, უკვე დავიწყე გერმანულის სწავლა. კლუბმა აგვიყვანა ინდივიდუალური მასწავლებელი, რომელიც ენას გვასწავლის.

ლაივპრესი: რითი განსხვავდება „ლუცერნი“ „ბატესგან“?

ვაკო გვილია: აქ მაინც ევროპაა, მაინც სხვანაირი მიდგომებია ყველაფრის მიმართ. ყველაფერი უფრო სოლიდურადაა და სხვა დონეზე. რაც შეეხება „ბატეს“, ის ბელარუსში დიდი და ძლიერი გუნდია, ჩემპიონები არიან თავის ქვეყანაში, ხშირად თამაშობენ ჩემპიონთა ლიგასა და ევროპის ლიგაზე, მაგრამ მე მიხარია, რომ გადმოვედი ამ გუნდში.

ლაივპრესი: „ლუცერნი“ შვეიცარიის სუპერლიგის მონაწილე გუნდია. რა წარმატებები აქვს გუნდს და რომელ ადგილზეა დღეს ის ამ ჩემპიონატში?

ვაკო გვილია: წინა ჩემპიონატში მეხუთე ადგილი დაიკავა „ლუცერნმა“. თამაშობდა ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, თუმცა გავარდა. წელს მეშვიდე ადგილზე ვართ, მაგრამ მეოთხე ადგილამდე, რომელიც ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურია, სულ ორი ქულაა განსხვავება. ძალიან მჭიდრო ჩემპიონატია. ყველა დაძაბული მატჩია. რომელ ქალაქშიც არ უნდა ჩახვიდე და როგორც არ უნდა ითამაშო, არ ხარ დარწმუნებული, რომ იქ გამარჯვებას მოიპოვებ. 100%-ით უნდა დაიხარჯო ყველა შეხვედრაში.

ლაივპრესი: ეს ნიშნავს, რომ კონკურენცია ძალიან მაღალია..

ვაკო გვილია: დიახ, კონკურენცია ძალიან მაღალია. ძალიან მჭიდრო სატურნირო ცხრილია.

ლაივპრესი: რა გეგმები გაქვთ ახალ კლუბთან ერთად, რა იქნება მაქსიმუმი მწვრთნელისთვის, თქვენთვის და მთლიანად გუნდისთვის?

ვაკო გვილია: რა თქმა უნდა, მთავარი მიზანია გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში, დავეხმაროთ და ნაბიჯ-ნაბიჯ წავიდეთ იმ მიზნისკენ, რომელიც გვაქვს და ეს მიზანი იქნება ოთხეულში მოხვედრა - ევროპის ლიგის საგზურის მოპოვება. მაგრამ, უნდა ვიყოთ კონცენტრირებული დღევანდელ დღეზე და არა მომავალზე, იმიტომ, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მწვრთნელიც ამას გვეუბნება. ვართ კონცენტრირებული დღევანდელ ვარჯიშზე, შემდეგ უკვე თამაშზე.

ლაივპრესი: რამდენ ხნიანი კონტრაქტი გაქვთ „ლუცერნთან“?

ვაკო გვილია: ორ წელიწად-ნახევრიანი. მაგრამ პლიუს ბოლო სეზონში, ანუ 2020 წლის სეზონი როცა იქნება, თუ 50%-ზე მეტი თამაშები ჩავატარე, კიდევ ერთი წელი გაგრძელდება ავტომატურად.

ლაივპრესი: დატვირთული დღეები გაქვთ? რა ინტენსივობით ვარჯიშობთ?

ვაკო გვილია: ვარჯიშები ნამდვილად ძალიან ინტენსიურია. ამ მხრივაც არის განხვავება იმისგან, რაც „ბატეში“ და ბელარუსში იყო. ყველაფერი არის მაღალ სისწრაფეებზე, და ეს კარგია რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ როგორც ფეხბურთელი და სპორტსმენი უფრო გავიზრდები. არის დღეები, როცა ვარჯიში დღეში ორჯერ გვაქვს, თუმცა ისეთი დღეებიც გვაქვს, როცა მხოლოდ ერთხელ ვვარჯიშობთ.

ლაივპრესი: თქვენი დაკვირვებით, თავდაცვითი ფეხბურთი უფრო ამართლებს შედეგის მხრივ, თუ შემტევი, რომელიც გაცილებით სანახაობრივია?

ვაკო გვილია: რა თქმა უნდა, დღეს ისეთი ფეხბურთია, რომ ყველა მატჩისთვის უნდა მოემზადო სათანადოდ, რადგან ყველა გუნდი სხვადასხვა სტილს თამაშობს, თავისი ტაქტიკა და მონახაზი აქვს. მე, როგორც ყველა ქართველს, შეტევითი ფეხბურთი მიყვარს და „ლუცერნშიც“ შემტევი ფეხბურთის პროპაგანდა მიდის. დაცვითი ფეხბურთით შეიძლება რამდენიმე თამაში მოიგო, მაგრამ ჩემპიონატს ვერ მოიგებ და ვერც საბოლოო მიზანს მიაღწევ.

ლაივპრესი: რომელი თანამედროვე და ვეტერანი ფეხბურთელი მოგწონთ? რომლის თამაშის სტილი?

ვაკო გვილია: ჩემი საყვარელი ფეხბურთელი იყო და არის ალექსანდრო დელ პიერო. ამიტომაც ვარ „იუვენტუსის“ გულშემატკივარი. მომწონს ასევე ანდრეს ინიესტა, მისი სტილის თამაში, ლუკა მოდრიჩის სტილი.

ლაივპრესი: ფეხბურთის გარდა სპორტის რომელი სახეობა მოგწონთ?

ვაკო გვილია: ძალიან მომწონს და შეიძლება ითქვას, ფეხბურთის შემდეგ ჩემი საყვარელი სპორტია კალათბურთი. ვუყურებ და ვთამაშობ, როცა მაქვს ამის საშუალება ბიჭებთან ერთად. ჩვენი ქართველი ზაზა ფაჩულია როგორი მაგალითი და საამაყო ადამიანია, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში თამაშობს. კალათბურთის შემდეგ მიყვარს ჩოგბურთი. როჯე ფედერერის გულშემატკივარი ვარ მამასთან ერთად და რა თქმა უნდა რაგბი, რომელშიც დიდი წარმატებები გვაქვს. სანახაობრივად კალათბურთი და ჩოგბურთი უფრო ლამაზია, მაგრამ რაგბში არის ძალიან დიდი ემოციები და ადრენალინი.

ლაივპრესი: არ ვიცი რამდენად გაქვთ თავისუფალი დრო, მაგრამ რას აკეთებთ დროის ამ პერიოდში, რისი კეთება მოგწონთ?

ვაკო გვილია: ახლა ჯერ ადაპტირებაზე ვარ ორიენტირებული. სულ გადარბენებზე ვარ. ახალი ყველაფერი უნდა შევისწავლო. ზოგადად, როცა მაქვს დრო, მიყვარს და ვკითხულობ წიგნებს სხვადასხვა ჟანრის, რომანიდან დაწყებული ავტობიოგრაფიულით დამთავრებული. რა თქმა უნდა, ფილმებსაც ვუყურებ ხოლმე.

ლაივპრესი: შვეიცარიის დათვალიერება თუ მოახერხეთ ნაწილობრივ მაინც? რამ მოახდინა შენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება, რით გასხვავდება სხვა ქვეყნებისგან?

ვაკო გვილია: პირველ რიგში განსხვავდება იმით, რომ ძალიან მოწესრიგებული ქვეყანაა მშვიდი, ლამაზი ბუნებით. ეს შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს. ქალაქში გავედი ერთი-ორჯერ და ძალიან ლამაზი ადგილებია. აქ არის მდინარის მთებთან შერწყმა, რაც კარგი სანახავია. სრულად დათვალიერება ვერ მოვასწარი. დრო არ მქონდა საამისოდ. აუცილებლად, მომავალში როცა მექნება რამდენიმე თავისუფალი დღე, არის ასეთი მთა პილატუსი, რომელიც ზღვის დონიდან 2 ათას მეტრზე მდებარეობს, იქ ვგეგმავ ასვლას. იქ ყველაფერი ახლოსაა - ციურიხი, ბაზელი, ბერნი. მილანამდეც სამი სათის გზაა მანქანით. არის საშუალება, თავისუფალ დროს ბევრი კარგი ადგილი ვნახო.

ლაივპრესი: საქართველოში ჩამოსვლას რა პერიოდულობით ახერხებთ? ეს ხდება ძირითადად მაშინ, როცა ეროვნულ ნაკრებს აქვს თამაში?

ვაკო გვილია: რა თქმა უნდა, მთავარი მიზეზი ჩემი ჩამოსვლის არის ეროვნული ნაკრების თამაშები, და ამით ყველაზე ბედნიერი ვარ, რომ ამის გამო მიწევს ჩამოსვლა. ეს იყო ჩემი ბავშვობის ოცნება და ყოველ ჯერზე ისე ჩამოვდივარ, თითქოს ეს პირველად ხდებოდეს. მანამდე ბელარუსში იყო ასეთი განრიგი, რომ მარტო ერთხელ მიხდებოდა ზამთარში დასვენება. ევროპაში სხვა განრიგით თამაშობენ. ორი-სამი კვირაა ზაფხულში დასვენება და ამდენივე ზამთარში.

ლაივპრესი:
უცხოეთში ყოფნისას რა და ვინ გენატრებათ ყველაზე მეტად?

ვაკო გვილია: რა თქმა უნდა მშობლები, ნათესავები და მეგობრები. ასევე მენატრება ქართული კერძები. ამის გარეშე არ გამოდის... ყველაზე მეტად მიყვარს დედაჩემის ხაჭაპური. ასევე ხინკალი, მწვადი და საცივი. მაგრამ ყველაზე მეტად დედაჩემის გამომცხვარი ხაჭაპური მენატრება.

ლაივპრესი: რას გვეტყვით უეფას ერთა ლიგაზე? როგორ ფიქრობთ, რა შანსები აქვს საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად?

ვაკო გვილია: ეს ძალიან კარგი ტურნირია და კარგი შანსიც დაახლოებით ჩვენი რეიტინგის გუნდებისთვის. თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არ იქნება ადვილი გზა, ეს იქნება ძალიან რთული გზა. იქნება დაძაბული, ძნელი თამაშები. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ყველა თამაშისთვის სათანადოდ მოვემზადოთ. უნდა ვიფიქროთ კონკრეტულ თამაშზე, მასზე უნდა მოვახდინოთ ფოკუსირება. თუ ყველა შეხვედრას მოვიგებთ, მაშინ გამორიცხულია ევროპის ჩემპიონატზე არ მოვხვდეთ. ყველა თამაშზე კონცენტრირებული უნდა ვიყოთ ბოლომდე. გვერდში უნდა დავუდგეთ ერთმანეთს და დავეხმაროთ! უნდა ჩავდოთ სული და გული! მე აქ მარტო ნაკრებზე არ მაქვს საუბარი, ვგულისხმობ ასევე ქართველ ხალხს, რომლის თანადგომაც ძალიან დაგვჭირდება. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში, უფლის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება.