კომენტარი
თენგიზ ჯოპუა: საქართველოსთან პირდაპირი დიალოგი უფრო სასარგებლო იქნება
FaceBook Twitter
E-mail Print
აფხაზი პოლიტიკოსი თენგიზ ჯოპუა ქართულ-აფხაზური თანამშომლობის შესაძლებლობას არ გამორიცხავს სხვადასხვა სფეროში, იქნება ეს ვაჭრობა, ენერგეტიკა, აგრარული სექტორი თუ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. თუმცა კონკრეტულ ინიციატივებზე საუბრამდე აუცილებლად მიიჩნევს „საომარი მდგომარეობიდან“ გამოსვლას. ის ასევე ემხრობა თბილისთან პირდაპირ დიალოგს, რადგან ფიქრობს, რომ კომუნიკაციის ეს ფორმატი გაცილებით მეტ სარგებელს მოიტანს. როგორ ხედავს თენგიზ ჯოპუა საქართველოსთან სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივას, რას ფიქრობს იმ ადამიანების აფხაზეთში დაბრუნებაზე, რომლებმაც ტერიტორია შეიარაღებული კონფლიქტის დროს დატოვეს, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე, ეს ნაწილია თემების, რასაც მასთან ინტერვიუში შევეხეთ.

თენგიზ ჯოპუა ოპოზიციონერი პოლიტიკოსია, რომელმაც პარტია „აინარი“ და თავმჯდომარის თანამდებობა ცოტა ხნის წინ დატოვა. თუმცა მან „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ პოლიტიკიდან არ მიდის და ბრძოლის გაგრძელებას სხვა გზებით გეგმავს.

ლაივპრესი: აფხაზური და ქართული საზოგადოებებისთვის ბოლო დროს განხილვის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა დრანდის ციხიდან გიორგი ლუკავას გათავისუფლება იყო. აფხაზეთში მოსახლეობა, პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ითხოვდნენ პასუხს, რა გახდა რაულ ხაჯიმბას მხრიდან ამ გადაწყვეტილების მიზეზი. თქვენ როგორ აფასებთ ამ ფაქტს? ასევე, მისაღებია ის პასუხი, რაც ხელისუფლებისგან მიიღეთ, თუ კიდევ არსებობს კითხვის ნიშნები?თუ კი, მაშინ რასთან დაკავშირებით?

თენგიზ ჯოპუა: გიორგი ლუკავას ბრალი ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებებში. ის არ არის რიგითი დამნაშვე. ადამიანებს აწამებდა, სასტიკად ექცეოდა, დაუნდობლად კლავდა ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე. ლუკავას ქმედებები, მის მიერ ჩადენილი დანაშაულებების ხასიათის გათვალისწინებით, ნებისმიერი თანამედროვე ცივილიზებული საზოგადოებისთვის სხვა არაფერია, თუ არა ტერორიზმი. ის ტერორისტია და არაფრით განსხვავდება სხვადასხვა ტერორისტული ორგანიზაციის წევრებისგან, რომელთაც ახლო აღმოსავლეთში მთელი მსოფლიო ებრძვის. ისინიც აწამებენ ადამიანებს სიკვდილის წინ, კვეთენ თავებს და ამავე დროს მიაჩნიათ, რომ სწორად იქცევიან. ასეთი ადამიანის ციხიდან გათავისუფლებამ აფხაზეთში შოკი გამოიწვია, რაც აბსოლუტურად ბუნებრივია. ამასთან, ქვეყნის პრეზიდენტმა ფაქტიურად არაფრით ახსნა პატიმრის გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება. მისი ადმინისტრაციის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი და პირადად მის მიერ გაკეთებული განმარტებები ურთიერთგამომრიცხავი იყო. ისინი არ იყო გამყარებული სამხრეთ ოსეთის ან საქართველოს ოფიციალური პირების მხრიდან რაიმე სახის დოკუმენტებით. მეტიც, გადაწყვეტილების მიღებისას, აფხაზეთის პრეზიდენტმა უხეშად უგულვებელყო ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობა, ამ საკითხში სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი წესები. ამჟამად ყველა ელოდება აფხაზეთის პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომელსაც ის საპარლამენტო კომისიის მასალების მიხედვით მიიღებს. კერძოდ, საქმე ეხება აფხაზეთის პრეზიდენტის მიერ შეწყალების პროცედურების გვერდის ავლით, გიორგი ლუკავას გათავისუფლების ლეგიტიმურობას. რჩება საკითხის მორალური მხარე, რომელიც ბევრს აღელვებს. სახელმწიფოებრივი ინსტიტუტები მის შეფასებას ვერ შეძლებენ, მაგრამ შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებზე ამას საზოგადოება გააკეთებს.

ლაივპრესი: კიდევ ერთი ამბავი, რამაც აფხაზი მოსახლეობის დიდ ნაწილში უკმაყოფილება გამოიწვია, ქართველი საოპერო მომღერლის, გიორგი თოდუას ინტერვიუ იყო გალში კონცერტის შემდეგ. გალის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ განაცხადა, რომ თუკი ის შემოვა აფხაზეთის ტერიტორიაზე, დააკავებენ. თქვენ როგორ აფასებთ მომხდარს? მომღერალს გალში აქვს საკუთარი სახლი, მიწა. ამ მოცემულობის გათვალისწინებით, აქვს თუ არა გიორგი თოდუას აფხაზეთში დაბრუნების უფლება?

თენგიზ ჯოპუა: მიჭირს იმის თქმა, რა მიზნები ამოძრავებდა გიორგი თოდუას გალში კონცერტის ჩატარებისას. თუ თქვენ კეთილი მიზნები გაქვთ, ცდილობთ კულტურის მეშვეობით რთულ, კონფლიქტურ სიტუაციაში მყოფ საზოგადოებებდე რაღაც ჯანსაღი, სასარგებლო მიიტანოთ და ამავე დროს ამაღლებულ ნოტაზე იძლევით ინტერვიუს, რომელშიც სრულ უპატივცემულობას იჩენთ აფხაზეთის, აფხაზი ხალხის შეხედულებების მიმართ, რომელმაც საკუთარ ქალაქში კონცერტის ჩატარების შესაძლებლობა მოგცათ, არათუ უგუნურობაა, არამედ უზნეობაც. რა თქმა უნდა სავსებით ბუნებრივია, რომ თუ ის არ არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, შესაძლოა აუკრძალონ აფხაზეთის ტერიტორიაზე შესვლა და ამაში არაფერი გასაკვირი არ იქნება. ის ჯერ უნდა ჩამოყალიბდეს, პოლიტიკოსია, თუ ოპერის მომღერალი. რაც შეეხება ამ რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებას მისი შესაძლო დაკავების თაობაზე, ეს შესაძლებელია მოხდეს, თუ გიორგი თოდუას ქმედებებში არის სამართალდარღვევების ნიშნები. პირადად მე მის ქმედებებში დანაშაულს ვერ ვხედავ, აქ უფრო ვხედავ ადამიანის შეცდომას, რომელმაც პირადი ამბიციები, ეგოიზმი და პატივმოყვარეობა პირველ ადგილზე დააყენა.

ლაივპრესი: ფიქრობთ თუ არა, რომ სოხუმი და თბილისი უნდა თანამშრომლობდნენ ცალკეულ საკითხებზე კონსესუსის მისაღებად? ვგულისხმობ ისეთ თემებს, რომლებიც ორივე მხარის ინტერესებში შედის. სად შეიძლება დღევანდელი პოლიტიკური მოცემულობიდან გამომდინარე, გადაკვეთის საერთო წერტილები ვიპოვოთ?

თენგიზ ჯოპუა: თანამედროვე მსოფლიოში საკმაოდ ბევრი მოუგვარებელი პოსტკონფლიქტური ზონაა, სადაც გარკვეულ საკითხებში არსებული გადაუჭრელი წინააღმდეგობები, დაბრკოლებას არ წარმოადგენს სხვა საკითხებში თანამშრომლობისთვის. ეს სავსებით თანამედროვე და პრაგმატული მიდგომაა. სტატუსის საკითხი რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენს გარშემო მსოფლიო წინ მიდის და და ამ საკითხზე მუდმივი აქცენტირება, ორივე ქვეყნის განვითარებისთვის შემაკავებელ ფაქტორად იქცევა. ამასთან, ჩვენ შევძლებდით თანამშრომლობას ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ვაჭრობის, აგრარული სექტორის სფეროში და დანაშაულებებთან ბრძოლის საკითხშიც. თუმცა, სანამ ამ მიმართულებებით ინიციატივების აქტიურ განხილვაზე გადავალთ, პრინციპულად მნიშვნელოვანია „ომის მდგომარეობიდან“ „მშვიდობის მდგომარეობაში“ გადასვლა, შეთანხმება იმაზე, რომ საომარი კონფლიქტის განახლება დაუშვებელია, და საერთო სურვილის შესაბამისი სამშვიდობო ხელშეკრულებით გაფორმება. ამის ნაცვლად, მთელი ომის შემდეგი პერიოდის განმავლობაში, ჩვენ „ჩუმი ომის“ მდგომარეობაში ვცხოვრობთ, რომლის ფარგლებში საქართველო, ზეწოლის საერთაშორისო ბერკეტების გამოყენებით, ბლოკავს რესპუბლიკის გარე სამყაროსთან წვდომას. ფაქტობრივად, აფხაზეთი მთელი ეს წლები ეკონომიკურ ბლოკადაში იმყოფება. ჩვენ გვეზღუდება საერთაშორისო ბაზრებზე, შრომის რესურსებსა და ტექნოლოგიაზე წვდომა, არ გვაქვს უცხოურ კომპანიებთან ეკონომიკური კავშირების დამყარების შესაძლებლობა, არ ვღებულობთ საერთაშორისო ფინანსურ დახმარებას, მოწყვეტილები ვართ ძირითად სატრანსპორტო - ლოგისტიკურ და საერთაშორისო ფინანსურ სისტემებს. მიუხედავად ამისა, აფხაზეთი არსებობს და ვითარდება.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს რუსეთის ფედერაციის როლი, რომელმაც პირველად აღიარა აფხაზეთის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა და ამ გზით ნაწილობრივ მაინც მისცა რესპუბლიკას გარე სამყაროზე წვდომის საშუალება. თუმცა, ქვეყნის სრულყოფილი განვითარებისთვს ეს საკმარისი არ არის. მერწმუნეთ, საზღვაო ხომალდების დაკავებით, უცხოური კომპანიებისგან კონტრაქტების გაწყვეტის თხოვნით, აფხაზი სპორტსმენების საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის დაბლოკვით, საბავშვო კოლექტივებისთვის გამოსვლის აკრძალვით, მით უმეტეს, ძეგლების აღების ინიციატივით გამოსვლით, თქვენ ვერავისთან ააწყობთ კონსტრუქციულ ურთიერთობებს. ეს უაზრო და არაფრისმთქმელი პოლიტიკაა, რომელიც არ იწვევს პატივისცემას იმ ადამინების მიმართ, ვინც ამ წინადადებებით გამოდის. რაც შეეხება საქართველოსთან მომავალი ურთობების ჩემეულ ხედვას, მე მათ განვიხილავ, მხოლოდ როგორც სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს. ჩვენ არასდროს ვიყავით და ვიქნებით ქართველები, თუმცა არც რუსებად ვიქცევით და არც ვინმე სხვად. ჩვენ აფხაზები ვართ და განზრახული გვაქვს, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, დამოუკიდებლობის გზით ვიაროთ. დარწმუნებული ვარ, რომ მოვა დრო, როცა აფხაზეთს საერთაშორისო საზოგადოება აღიარებს, და შესაძლოა, თავად საქართველოც მივიდეს აქამდე. თუმცა დროს, რესურსებს და დაკარგულ შესაძლებლობლებს უკან ვერავინ დააბრუნებს.

ლაივპრესი: როგორ უყურებთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს და გალის შეხვედრებს? აქვს თუ არა მათ კონკრეტული შედეგი აფხაზეთისთვის? თუ კი, მაშინ რა? მიგაჩნიათ თუ არა მათი არსებული ფორმატით გაგრძელება, თუ შეიტანდით მასში რაიმე ცვლილებას?

თენგიზ ჯოპუა: ჟენევის დისკუსიები ჯერჯერობით აფხაზეთისთვის ნაკლებპროდუქტიულია, თუმცა, ეს ამ დრომდე ერთადერთი სივრცეა, დაგროვილი პრობლემების განსახილველად. ვფიქრობ, ურთიერთობის ახალ ფორმატზე გადასვლა უფრო სასარგებლო იქნება, პირდაპირ და ღია დიალოგზე, ყოველგვარი შუამავლების გარეშე. სანამ ამას არ გავაკეთებთ, სიტუაციის status quo არ შეიცვლება. საერთოდ, ჩვენს რესპუბლიკაში საკმაოდ სკეპტიკური დამოკიდებულება ჩამოყალიბდა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების ჟენევის ფორმატის მიმართ. ეს, უპირველეს ყოვლისა დაკავშირებულია იმასთან, რომ ამ დისკუსიების მოქმედების განმავლობაში არ ყოფილა სერიოზული ძვრები კონფლიქტის მოგვარების საკითხებში. ჟენევის პროცესის შეფასებისას აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ პოლიტიკური დარეგულირების აღნიშნული ფორმატი ატარებს ხანგრძლივ ხასიათს და აქ ჩვენ კონკრეტული მიზნისკენ ვისწრაფვით, მიუხედავად იმისა, რა დრო დასჭირდება ამას. პოლიტიკური თვალსაზრისით, აფხაზური მხარის ძირითადი ამოცანაა დაარწმუნოს ქართული მხარე, ხელი მოაწეროს იურიდიულად დამავალდებულებელ ხელშეკრულებას, რომელიც საომარი მოქმედების განუახლებლობის საერთაშორისო გარანტიას იძლევა. ამასთან, ჩვენ ვცდილობთ სათანადოდ შევაფასოთ აღნიშნული შეთანხმების მიღების პერსპექტივები და გვესმის, რომ ეს პროცესი საკმაოდ რთული, ხანგრძლივია და ყველა მონაწილის მხრიდან სერიოზულ ძალისხმევას მოითხოვს. მინდა შეგახსენოთ, 2008 წლიდან ჟენევის დისკუსიები კონფლიქტის დარეგულირების ერთადერთი საერთაშორისო ოფიციალური ფორმატია. აღნიშნული დისკუსიები ისეთი მსხვილი საერთაშორისო სტრუქტურების მონაწილეობით იმართება, როგორიცაა გაერო, ეუთო, ევროკავშირი, ასევე რუსეთის ფედერაცია და აშშ. სამწუხაროდ, სხვა საერთაშორისო სივრცეები ჩვენთვის დახურულია. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია გაგრძელდეს ჟენევის დისკუსიების მუშაობა, რადგან ეს ერთადერთი საერთაშორისო ფორმატია, სადაც აფხაზეთის წარმომადგენლებს საკუთარი პოზიციის დაფიქსირება და საერთაშორისო არენაზე საკუთარი რესპუბლიკის ინტერესების დაფიქსირება შეუძლიათ.

ლაივპრესი: ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ სტრასბურგის სასამართლოს გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა. ორგანიზაცია მომხდარზე პასუხისმგებლობასრუსეთს აკისრებს,რადგან მასამ ტერიტორიაზე კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოდ მიიჩნევს. რას გვეტყვით ამაზე? ზუგდიდის სასამართლომ მკვლელად აფხაზეთის მცხოვრები რაშიდ კანჯი-ოღლი ცნო. თუმცა დღეს ის თავისუფალია. უნდა აგოს თუ არა დანაშაულის ჩამდენმა პასუხი? ფიქრობთ, რომ შესაძლებელია ამ საკითხზე ქართულმა და აფხაზურმა მხარეებმა ითანამშრომლონ?

თენგიზ ჯოპუა: ჯერ ერთი, აფხაზეთი არავის მიერ არ არის ოკუპირებული. აფხაზეთს სურს რუსეთთან რაციონალური ურთიერთობები იქონიოს უსაფრთხოების და ეკონომიკის სფეროში. ჩვენს ტერიტორიაზე რუსული სამხედრო დანაყოფების არსებობა უკავშირდება საქართველოს მხრიდან მოსალოდნელ სამხედრო აგრესიის საფრთხეს. ამასთან, რუსეთის ფედერაცია სერიოზულ ფინანსურ დახმარებას უწევს აფხაზეთს, ეკონომიკური და სოციალური პრობლემების გადაწყვეტაში. რუსეთის დახმარებით ხორციელდება სხვადასხვა პროგრამა განათლების, მედიცინის, კულტურის სფეროში. ეს არა ოკუპაცია, არამედ თანამშრომლობა და პარტნიორობაა. მინდა ისიც ვთქვა, რომ აფხაზეთის ოკუპაცია არც თუ ისე იოლია. გარდა ამისა, რუსეთს ამ ინციდენტთან არავითარი კავშირი არ აქვს. მეტსაც გეტყვით, თავად დანაშაული საქართველოს ტერიტორიაზე მოხდა და არა აფხაზეთის. დანაშაულის ჩადენის ადგილის გათვალისწინებით, ის ჩვენი იურისდიქციის ქვეშ არ ექცევა. მეორეს მხრივ, ადამიანის მკვლელობას გამართლება არა აქვს, და რა თქმა უნდა, დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს. თუმცა, 25 წლის განმავლობაში ჩვენ ვერ ვისწავლეთ მსგავსი პრობლემების ერთობლივად გადაწყვეტა და ჩვენი საქმეები ურთიერთ მუქარას ვერ სცდება. უფრო დიდი პასუხისმგებლობით რომ მოვეკიდოთ ერთმანეთის პოზიციებს, და ადამიანებისთვის სასარგებლო ურთიერთობებს ვაგებდეთ საზღვრის ორივე მხარეს, შესაძლოა გიგა ოთხოზორია დღეს ცოცხალი ყოფილიყო.

და განა გიგა ოთხოზორია ერთადერთია, ვინც ამ საზღვრის გასწვრივ მოკლეს? ვინ იცის, აფხაზეთის რამდენი მოქალაქე, სამხედრო მოსამსახურე და აფხაზეთის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელი დაიღუპა, ქართული დაჯგუფებების დივერსიული და პარტიზანული ქმედებების შედეგად. ესეც დანაშაულებებია, რომლებიც სამწუხაროდ დაუსჯელია დღემდე. დანაშაულთან ბრძოლა ურთიერთთანამშრომლობის უმთავრესი ფორმაა, რომელიც უპირველეს ყოვლისა, ენგურის ორივე მხარეს მცხოვრებ უბრალო ადამიანებს სჭირდებათ. თუმცა ვიღაცას, რატომღაც უფრო მეტად ინფორმაციული რესურსის დამთრგუნველი მონაცემები უფრო სჭირდება, ვიდრე სიმშვიდე და მშვიდობა ამ სანაპიროებზე.

ლაივპრესი: რამდენად მარტივია აფხაზეთში ოპოზიციის თანამშრომლობა ხელისუფლებასთან? შეგიძლიათ გაიხსენოთ შემთხვევები, როცა მაგალითად თქვენი რომელიმე შენიშვნა გაითვალისწინეს?თუ იყო ასეთი ფაქტი, რას ეხებოდა ის?

თენგიზ ჯოპუა: აფხაზეთის პოლიტიკურ ასპარზზე რა თქმა უნდა ადგილი აქვს ოპოზიციის და ხელისუფლების ურთიერთქმედებას, თუმცა ის იმდენად უმნიშვნელოა, რომ ხშირად თავს იჩენს, როგორც საზოგადოებრივ-პოლიტიკური კრიზისის შედეგი. ჩემი პოლიტიკაში ყოფნის განმავლობაში მე არ მახსოვს შემთხვევა, როცა ხელისუფლებამ საპროტესტო მასების ზეწოლის გარეშე გაუწია ანგარიში სხვა პოლიტიკური ძალების მოსაზრებას. ძირითადად, ამაში უნდა ვეძებოთ ყველა პოლიტიკოსის პრობლემა, რომლებიც აფხაზეთის ხელისუფლების სათავეში იდგნენ. ეს ყოველთვის „ნულოვან თანხასთან თამაშს“ უდრის, თითქმის მათემატიკურია, რადგან არჩევნების მოგებისას ახალი ხელისუფლება ცდილობს ყველაფერი წაგებულ მხარეს გადააბრალოს, მათ შორის, მიღებულ გადაწყვეტილებებზე ზეგავლენის ხარისხის თვალსაზრისითაც. არის ოპოზიციის და ხელისუფლების „შეთახმების“ შემთხვევებიც, როდესაც საერთო ინტერესები მათ კომპრომისზე წასვლას აიძულებენ, თუმცა პოლიტიკური პარტია „აინარის“ ისტორიაში ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა, რადგან, ხელისუფლებასთან ჩვენი შეთანხმება აფხაზეთისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან უსაფრთხოების საკითხებს და მის ეკონომიკურ ინტერესებს არასდროს გასცდენია.

ლაივპრესი: რა არის როგორ ფიქრობთ დღეს მთავარი პრობლემა და გამოწვევა აფხაზეთში, რის წინაშეც დღეს მოსახლეობასთან ერთად ხელისუფლება დგას? არაღიარების გარდა, თვითონ საზოგადოების, პოლიტიკურ წრეებს შიგნით რა საჭიროებები გაქვთ, რაც შეიძლება აფერხებდეს აფხაზეთის განვითარებას?

თენგიზ ჯოპუა: პრობლემების ძირითადი ფენა, რომელიც აფხაზეთის განვითარებას აფერხებს, მის ინსტიტუციონალურ სიბრტყეშია განთავსებული. სახელმწიფო ხელისუფლების სისტემური კრიზისი ამცირებს სოციალურ ეკონომიკური პროცესების მართვის ეფექტურობას, ამწვავებს ეკონომიკაზე კრიზისულ ზეგავლენებს და საპროტესტო განწყობების თანმიმდევრულ ზრდამდე მივყავართ. ამ სისტემამ უკვე ამოწურა საკუთარი თავი. აუცილებელია მისი სტრუქტურული რეფორმირებ. მან უკვე ბიფურკაციის წერტილს მიაღწია. ამასთან, ძველი პოლიტიკური ელიტა უარს აცხადებს გაიგოს, ხოლო ახალს არ აქვს შესაბამისი რესურსები პრობლემაზე აქტიური ზემოქმედება მოახდინოს. ამ ნეგატიური პროცესების შედეგია სახელმწიფო ინსტიტუტების სიუსტე, ხელისუფლების კორუმპირებულობის მაღალი დონე, კრიმინალური სიტუაციის გაუარესება, ეკონომიკური კრიზისი და პოლიტიკური არასტაბილურობა. პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების უმრავლესობა ან მსგავს სიტუაციაში არის, ან უკვე გადალახა ის „ძველი“, პოლიტიკური ელიტის „ახალ“, უფრო პროგრესულზე შეცვლის გზით და ამიტომ, არაფერი ექსტრაორდინალური ამაში არ არის. მნიშვნელოვანია მოიძებნოს უფრო მოქნილი და ეფექტური მექანიზმები აღნიშნული პრობლემის გადასაწყვეტად, და არა რევოლუციური, რომელსაც შეუძლია ჩვენი სამოქალაქო დაპირისპირებდამდე მიყვანა. ეს იმისთვის, რომ განვითარების ახალ დონეზე საღი აზრის, მოთმინების და ურთიერთპატივისცემის ფარგლებში, საზოგადოებრივი ღელვის და კონფლიქტების გარეშე გადავიდეთ განვითარების ახალ დონეზე. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ამას შევძლებთ, რადგან სწორედ ასეთი მიდგომები დაგვეხმარება შიდა წინაღმდეგობების დაძლევაში, რაც უფრო შეესაბამება აფხაზი ხალხის მენტალიტეტს.

ლაივპრესი: რას ფიქრობთ იმ ადამიანების დაბრუნებაზე აფხაზეთის ტერიტორიაზე, რომლებსაც საკუთარი სახლების დატოვება შეიარაღებული კონფლიქტის დროს მოუწიათ?

თენგიზ ჯოპუა: აფხაზეთის ხელისუფლებას არავისთვის უთქვამს უარი სამშობლოში დაბრუნებაზე, ვინც აფხაზეთს ასეთად მიიჩნევს. გამონაკლისს წარმოადგენენ ის პირები, რომლებიც იარაღით ხელში აფხაზი ხალხის წინააღმდეგ იბრძოდნენ. და რომელ ადამიანებზეა საუბარი? თუ ქართველებზე, ეს კითხვა უკვე მოძველდა. ეს შეუძლებელია, რადგან ის ავტომატურად ახალ შეიარაღებულ დაპირისპირებამდე მიგვიყვანს. მე ვფიქრობ, პოლიტიკოსებს მშვენივრად ესმით ეს, მათ შორის თბილისშიც. ეს დღის წესრიგის ის საკითხია, რომელიც ორ ხალხს ყოველთვის კონფლიქტამდე მიიყვანს. მიმაჩნია, რომ პოლიტიკური სპეკულაცია ამ პრობლემით, ქართველის პოლიტიკოსების მიერ საფუძველს მოკლებული იმედებით მუდმივი ჟონგლირება, აფხაზეთში ახლო მომავალში დაბრუნების შესახებ, არის მითი. აფხაზეთი სხვა სახელმწიფოა და ამ აზრს უნდა შევეგუოთ. ამასთან, არ შეიძლება არ გავითვლისწინოთ ის გარემოებაც, რომ მსოფლიოში არც ისე ბევრი მაგალითია დევნილების ასეთი რაოდენობით სახლებში დაბრუნების, როგორც ჩვენთან იყო. აფხაზეთში დაბრუნდა რამდენიმე ათეული ათასი ქართველი და ამ დროისთის ისინი გალის რაიონის ტერიტორიაზე ცხოვრობენ. მაგალითისთვის, კოსოვოში მთელი ამ დროის განმავლობაში ორი ათასამდე ადამიანი დაბრუნდა მხოლოდ. ასე რომ, ამ საკითხში ჩვენი რაიმეში დადანაშაულება რთულია.

ლაივპრესი: აზიურმა ფაროსანამ სამეგრელოს და აფხაზეთის მოსახლეობას დიდი ზიანი მიაყენა. აფხაზეთის ტერიტორიაზე განხორციელებული სამუშაოები ამ მხრივ რამდენად ეფექტური იყო? თბილისმა გამოთქვა დახმარების სურვილი. ფიქრობთ თუ არა, რომ ამ კუთხით საჭიროა თანამშრომლობა?

თენგიზ ჯოპუა: მავნებელთან ბრძოლა, რომლის გავრცელების კერად საზღვრისპირა რაიონები იქცნენ, არასდროს იქნება ეფექტური ორი ქვეყნის ურთიერთშეთანხმებული მუშაობის გარეშე, რადგან მწერების მიგრაციამ შესაძლოა ფაქტობივად ხაზი გადაუსვას ამ მიმართულებით გაწეულ ცალმხრივ ძალისხმევას. თანამშრომლობა რა თქმა უნდა აუცილებელია. აზიური ფაროსანას დარტყმის ქვეშ აფხაზეთის ყველა აგრარული რაიონი მოექცა, რამაც ძირითადი კულტურების მოსავლიანობა და სოფლის მცხოვრებთა შემოსავალი შეამცირა. დარწმუნებული ვარ, არანაკლებ რთული სიტუაციაა საქართველოს სასოფლო- სამეურნეო რაიონებში. გამოცდელების გაცვლა, მავნებელთან ბრძოლის საშუალებებით დახმარება და მოქმედებების კოორდინაცია ყველასთვის სასარგებლო იქნება.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს სტუმრობდა,
12:31 / 20.07.2022
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს სტუმრობდა,
სამეგრელოს ის მუნიციპალიტეტები, სადაც ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საკრებულოებში
21:06 / 05.02.2022
სამეგრელოს ის მუნიციპალიტეტები, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საკრებულოებში
გრიპის მოახლოებული სეზონი, ვაქცინაციის საგანგაშოდ
დაბალი მაჩვენებელი და მეხუთე
15:10 / 14.10.2021
გრიპის მოახლოებული სეზონი, ვაქცინაციის საგანგაშოდ დაბალი მაჩვენებელი და მეხუთე
აფხაზეთში, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, რთული
ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.
09:21 / 03.09.2021
აფხაზეთში, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.