კომენტარი
თეატრი ქართულ-აფხაზური დიალოგისთვის [ვიდეო]
თეატრის ენა რადგან ყველას ესმის, ის შეიძლება დაპირისპირებულ მხარეებს შორის დიალოგის საშუალებად იქცეს, - ასე ფიქრობს ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ირაკლი გოგია. სცენაზე, მის მიერ განხორციელებულ პროექტებში ქართველი და აფხაზი მსახიობები ერთად თამაშობენ.

როგორია ენა, რომელიც თეატრმა დიალოგისთვის გამოიყენა, - ამის შესახებ „ლაივპრესი“ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ირაკლი გოგიას ესაუბრა.

ირაკლი გოგია: თეატრით კონფლიქტის მოგვარება არის ერთ-ერთი ახალი მიმდინარეობა, ახალი ხერხი. ეს არ არის ტრადიციული თეატრი, ეს სოციალური თეატრია, სადაც სხვადასხვა თანამედროვე თეატრალური ხერხების გამოყენება ხდება. ჩვენ მას პოსტბოალის სისტემა დავარქვით. აუგუსტო ბოალი ცნობილი ბრაზილიელი არტისტი და თეორეტიკოსი იყო, რომელმაც შექმნა „ფორუმის თეატრის“ ტრადიცია. ოსლოს მშვიდობის ინსტიტუტთან, მაჰათმა განდის ფონდთან და ამერიკული ორგანიზაცია მრავალარხიანი დიპლომატის ინსტიტუტთან ერთად გავაკეთეთ რამდენიმე პროექტი, რომლის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნის დაპირისპირებული მსახიობები იყვნენ ჩართულები ჩვენს წარმოდგენებში.

რეჟისორი ირაკლი გოგია დასთან ერთად. ფოტო სოციალური ქსელიდან.

ლაივპრესი: რა პროექტები განხორციელდა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მიმართულებით?

ირაკლი გოგია: ჩვენი მუშაობის პირველი დიდი შედეგი იყო კონფლიქტების ტრანსფორმაციის ლაბორატორია. მოვიწვიეთ რამდენიმე რეჟისორი, ავიღეთ კავკასიის პრობლემებზე პატარ-პატარა პიესები და საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი დაწესებულების სტუდენტებთან მიდიოდა ლაბორატორიული მუშაობა თემაზე, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს კონფლიქტი, როგორ შეიძლება ავირიდოთ კატასტროფა და მსხვერპლის გარეშე მივიდეთ კათარზისამდე. ბოლო ერთი წელია, რაც ჩვენ გადავერთეთ ქართულ-აფხაზურ პრობლემაზე. ამ პროექტის ფარგლებში შარშან დავდგით სპექტაკლი „დაბრუნებამდე“, რომელიც გიგა ოთხოზორიას ხსოვნას მივუძღვენით. ეს არის გურამ ბათიაშვილის სცენარის მიხედვით შექმნილი პიესა, ქართულ-აფხაზური რომეო და ჯულიეტა. ქართველი გიორგი და აფხაზი ამრა სხვა ქვეყანაში შეხვდნენ ერთმანეთს. შეყვარებული წყვილი გადაწყვეტს, რომ დაბრუნდეს და ოჯახი შექმნას სახლში - აფხაზეთში, მაგრამ მათ არ უშვებენ საზღვარზე. იქ კი, საზღვარზე ვინც დგას, ყველამ კარგად ვიცით. ჩვენ უნდა ავუხსნათ აფხაზებს, რომ საერთო მტერი გვყავს, რომელიც არ გვიშვებს ერთმანეთთან და მითუმეტეს შიგნით, ერთად არასდროს შეგვიშვებს.

სპექტაკლი „დაბრუნებამდე". იური მეჩითოვის ფოტო.

ლაივპრესი: რა გამოხმაურება აქვს აფხაზური მხრიდან თქვენს მიერ განხორციელებულ პროექტებს?

ირაკლი გოგია: ჩვენს პროექტში ჩაერთო აფხაზი მსახიობი მარტა ცვიჟბა. ეს მოხდა პირველად ბოლო 25 წლის განმავლობაში. მასთან ერთად გავაკეთეთ დოკუმენტური დრამა, სადაც ის თვითონ ყვება, თუ როგორ მოხდა მასში ტრანსფორმაცია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დროა უკვე შევეშვათ იმაზე საუბარს, თუ ვინ გაისროლა პირველი, ჩვენში უნდა მოხდეს ტრანსფორმაცია. დავიწყეთ ასევე მუსიკალური როკ-ჯგუფის ჩამოყალიბება, სადაც ორი ქართველი და ორიც აფხაზი ახალგაზრდა მონაწილეობს. ამ მუსიკალურ ჯგუფს დავარქვით 2+2=2, ანუ ეს არის ორის - ქართველის და აფხაზის ერთობა.

აფხაზი მსახიობი მარტა ცვიჟბა. იური მეჩითოვის ფოტო.

ლაივპრესი: ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მიმართულებით განხორციელებული პროექტების კონკრეტულ შედეგებზე თუ შეგიძლიათ საუბარი?

ირაკლი გოგია: თეატრს ყველა ელაპარაკება, ამიტომ თეატრი უნდა გახდეს კონფლიქტოლოგი. ჩვენ პირდაპირი კავშირი გვაქვს სოხუმის აფხაზურ თეატრთან, სადაც უკვე წელს ვგეგმავთ საერთო პროექტს, რადგან საფუძველი უკვე ჩაყრილია. ვამზადებთ სპექტაკლს, ირაკლი კაკაბაძის პიესის მიხედვით „კანდიდატი ჯოყოლა“, რომელიც ასევე კონფლიქტის პრობლემის გადაჭრაზეა. აქაც ჩართული იქნება აფხაზური მხარე. ყველაზე დიდი ნაბიჯი რაც გადავდგით არტისტული კონფლიქტოლოგიის გარდა, არის ის, რომ ჩვენი ინიციატივით და მაჰათმა განდი ფონდის ხელშეწყობით, უკვე ოჩამჩირეში დაარსდა მაჰათმა განდის ცენტრი. ეს არის მშვიდობის ცენტრი. ის, რომ ადამიანები ოჩამჩირეში ფიქრობენ შერიგებაზე, მშვიდობიან თანაცხოვრებაზე, მნიშვნელოვანია და თუ ჩვენ ამ მშვიდობის ხაზს მივყვებით, მივალთ კონკრეტულ პრობლემამდე, თუ რა გვიშლის ხელს დიალოგის დაწყებაში.