აფხაზი სტუდენტების მიერ გადარჩენილი ქართველი პროფესორის ასდღიანი პატიმრობის ამბავი
ლაივპრესი: პირველ რიგში მოუყევით ჩვენს მკითხველს სოხუმთან თქვენს კავშირებზე, საქმიანობაზე, რომელსაც აფხაზეთში ეწეოდით.
ზურაბ პაპასქირი: წარმოშობით ზუგდიდელი ვარ. დავიბადე და გავიზარდე ზუგდიდში, იქვე დავამთავრე ქალაქის #3 საშუალო სკოლა. თავდაპირველად ვსწავლობდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისტორიის ფაკულტეტზე, შემდეგ მიხეილ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიზნობრივ ასპირანტურაში, რომლის დამთავრების შემდეგ ე.წ. განაწილებით მოვხვდი სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში. ერთი სიტყვით, ჩემი სამსახურებრივი კარიერა სწორედ სოხუმში დაიწყო. ვერ ვიტყვი, რომ მანამდე სოხუმი და აფხაზეთი ჩემთვის უცხო იყო. ბავშვობაში არაერთხელ ვყოფილვარ ზღვაზე დასასვენებლად, სტუდენტობის პერიოდში კი სასწავლო პრაქტიკაც გამივლია. მიუხედავად ამისა, როგორც აღმოჩნდა, აფხაზეთის რეალობას ჯეროვნად არ ვიცნობდი. პედაგოგიურ ინსტიტუტში დავიკავე მასწავლებლის თანამდებობა. თანდათანობით ჩამოვყალიბდი საქართველოს ისტორიის წამყვან სპეციალისტად, რამაც განაპირობა ჩემი დანიშვნა ახლად შექმნილი საქართველო-აფხაზეთის ისტორიის კათედრის გამგის მოადგილედ. საგანგებოდ უნდა აღვნიშნო, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო რექტორმა, გამოჩენილმა აფხაზმა მეცნიერმა, ქართული საისტორიო სკოლის ერთ-ერთმა გამორჩეულმა წარმომადგენელმა, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა, პროფესორმა ზურაბ ანჩაბაძემ, რომელიც იყო ამ კათედრის შექმნის ინიციატორი და მისი პირველი გამგე (შეთავსებით).
ლაივპრესი: რა პირობებში გაიცანით რაულ ხაჯიმბა?
ზურაბ პაპასქირი: საქართველოს ისტორიას არამხოლოდ ისტორიკოსებს ვასწავლიდი, არამედ იურისტებს, ფილოლოგებს და აშ. დღევანდელი აფხაზური პოლიტიკური ელიტის არაერთი წარმომადგენელი უშუალოდ ჩემი სტუდენტი იყო. მათ შორის რაულ ხაჯიმბა, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ისტორიას ვუკითხავდი. ის „სამართალმცოდნეობის“ სპეციალობაზე სწავლობდა. ზრდილობით, კეთილშობილებით და ნიჭიერებით გამორჩეული სტუდენტი იყო. მე მას ფრიადი დავუწერე. მერე დამეკარგა, არც ვიცოდი სად იყო. ხელახლა შევხვდით ერთმანეთს საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ. ჩემი ყოფილი სტუდენტებიდან მინდა გამოვყო აგრეთვე ბესლან კობახია – ვალერიან კობახიას (თავის დროზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პირველი პირი – საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი, ხოლო მოგვიანებით უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე) ვაჟი, რომელსაც თავადაც საკმაოდ წარმატებული კარიერა ჰქონდა. ერთი პერიოდი ვლადისლავ არძინბას ხელისუფლებაში მინისტრის თანამდებობაც ეკავა. მინდა აღვნიშნო ირინა აგრბაც, ნიჭიერი ისტორიკოსი, რომელზეც დიდი ამაგი მაქვს. აღსანიშნავია, რომ მან სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტის ასპირანტურაში და იქვე დაიცვა დისერტაცია ჩემი ყოფილი მეცნიერ-ხელმძღვანელის, ცნობილი რუსი მეცნიერის, პროფესორ ანატოლი ნოვოსელცევის ხელმძღვანელობით. ისიც აქტიური პოლიტიკოსია. იყო იქაური პარლამენტის – სახალხო კრების ვიცე-სპიკერი, ამჟამად კი ხაჯიმბას (სხვათა შორის ისინი ერთ დროს სწავლობდნენ უნივერსიტეტში – პარალელურ კურსებზე) ოპოზიციის ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერია და მკაცრად აკრიტიკებს მის პოლიტიკას.

ფოტოზე: ზედა რიგში მარჯვნიდან მეხუთე რაულ ხაჯიმბა. ქვედა, პირველ რიგში მარცხნიდან მეორე ზურაბ პაპასქირი. 1984 წელი
ლაივპრესი: დღეს თუ გაქვთ რაიმე კავშირი თქვენს ყოფილ სტუდენტებთან?
ზურაბ პაპასქირი: რაულ ხაჯიმბასთან მქონდა კავშირი მაშინ, როცა ის ოპოზიციის ლიდერი იყო. იმ დროს „ოდნოკლასნიკით“ ვსარგებლობდი. მისთვის მიმილოცავს ქრისტიანული დღესასწაულები. ისიც გამომხმაურებია.
ლაივპრესი: მოგვიყევით, რა ვითარებაში მოხდა თქვენი დაპატიმრება?
ზურაბ პაპასქირი: 1989 წლიდან არამხოლოდ სამეცნიერო ასპარეზზე, არამედ საზოგადოებრივ-პოლიტიკური კუთხითაც ვაქტიურობდი, ხოლო შეიარაღებული დაპირისპირების დროს მეორე საარმიო კორპუსის უფროს ოფიცრად ვმსახურობდი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბევრი აფხაზისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიუღებელ პერსონად ვითვლებოდი, თუმცა მათ შორის ბევრი მეგობარიც მყავდა. სოხუმში ფრონტის ხაზთან ახლოს ვცხოვრობდი, ახალ რაიონში და დროულად ვერ დავტოვე ქალაქი, რადგან ბოლომდე ოპტიმისტურად ვიყავით განწყობილი. როცა ჩავრჩი, აფხაზმა მეზობლებმა შემიფარეს. სწორედ მათ გადამარჩინეს. მეზობლებს ჩემი თანადგომა ახსოვდათ. როცა ჩვენი ჯარი სოხუმს აკონტროლებდა, ვიცავდი აფხაზებს ყოველგვარი შევიწროებისგან, ვცდილობდი ყოველ შემთხვევაში. ჩემი მეუღლის თანადგომაც არ დავიწყნიათ. ის ექიმია და ბევრს გაუწოდა დახმარების ხელი ომის პერიოდში. მეზობლები ცდილობდნენ ჩვენს გამოყვანას, მაგრამ ამას ვერ ახერხებდნენ. ამასობაში უშიშროების სამსახურმა მომაკითხა. პირველ მოსვლაზე მეზობლებმა არ გამაყოლეს, მეორე დღეს, 1993 წლის 7 ოქტომბერს უკვე ვერ დამიცვეს. ასე მოვხვდი იზოლატორში.
ლაივპრესი: რამდენი ხანი დაჰყავით იქ და რა პირობებში, როგორ გექცეოდნენ?
ზურაბ პაპასქირი: ზუსტად მეასე დღეს გამომიშვეს. პირველ ხანებში იყო ჩემი ფიზიკური მოსპობის მცდელობა. ვინც ჩემს ირგვლივ ტრიალებდა, უმრავლეოსობამ დამიცვა, თუმცა იყო ერთი ყოფილი სტუდენტი - ნოდარ კვარჩია, რომელმაც, როგორც იტყვიან, „ჩამიშვა“. იმ დღეს, როცა დამაკავეს, უშიშროების კომიტეტის შენობაში მნახა. არ მომეკარა. მეორე სტუდენტი კი, მასიკ აგრბა მოვიდა, გადამეხვია, მომიკითხა. მთელი აფხაზობა გაოცებული გვიყურებდა, როგორი პატივისცემით შემხვდა ავტომატიანი აფხაზი. კვარჩიამ კი ისე მოაწყო, რომ ესროლათ ჩემთვის. იზოლატორის ზედამხედველმა, სრულიად უცნობმა ჩემთვის, ოთარ დელბამ გადამარჩინა მაშინ. ორ რამეში მადანაშაულებდნენ - ერთა შორის შუღლის გაღვივება და ომის პროპაგანდა. სინამდვილეში პირიქით იყო. ეს მე ვაკრიტიკებდი მათ, ვინც შუღლს აღვივებდა. ის, რაც ბრალდების მხარეს ერთა შორის შუღლის გაღვივებად მიაჩნდა, სინამდვილეში იყო საქართველო-აფხაზეთის ისტორიის აფხაზური ხედვის კრიტიკა და ქართულ ისტორიოგრაფიაში საყოველთაოდ აღიარებული ქართულ-აფხაზური ისტორიული ძმობისა და ერთობის თეზისის პროპაგანდა, რომელსაც წლების მანძილზე ვეწეოდი აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის კედლებში.
ლაივპრესი: ქონდა თუ არა რაულ ხაჯიმბას წვლილი თქვენი გადარჩენის საქმეში?

ფოტოზე: ზურაბ პაპასქირი. 1994 წელი
ზურაბ პაპასქირი: მე უშიშროების სამსახურის პატიმარი ვიყავი. ჩემი საქმე ამ სამსახურის მაღალჩინოსანს მიჰყავდა. ესეც აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული აღმოჩნდა – ზურაბ აგუმავა. დღეს ის სოხუმში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეა, რომელიც, როგორც თვითონ მითხრა, მაშინ კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებდა. რაული, თუ არ ვცდები, მისი მოადგილე იყო. მოხდა ისე, რომ მთავარი დაკითხვის შემდეგ, რომელსაც უშუალოდ მათი „გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი“ სერგეი ბგანბა უძღვებოდა, და რომელზეც ფაქტობრივად ჩემი გათავისუფლების საკითხი თითქოს გადაწყდა, ამ უკანასკნელმა მოულოდნელად ზურაბ აგუმავას შესთავაზა ჩემს ჩასაწერად ტელევიზია მოეყვანათ. „რაც არ უნდა იყოს, ცნობილი კაცია, პროფესორი, თქვას თავისი აზრიო“ . ასე განმარტა თავისი შემოთავაზება. იძულებული ვიყავი დავთანხმებოდი, მაგრამ ჩემი პირობები წამოვაყენე: ინტერვიუს მივცემდი მხოლოდ გათავისუფლების შემდეგ, ვიტყოდი მხოლოდ იმას, რაც ოფიციალურ ჩვენებაში მქონდა დაფიქსირებული და არცერთ სიტყვას ზედმეტს. ასევე, ჩანაწერი გავიდოდა ტელევიზიით ჩემს მიერ აფხაზეთის ტერიტორიის დატოვების შემდეგ. ტელევიზია რომ მოიყვანეს, ჩემთან გამოგზავნეს რაულ ხაჯიმბა. ერთმანეთს იზოლატორის სამორიგეოში შევხვდით. გადამეხვია, მოვიკითხეთ ერთმანეთი. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მას ხომ შეეძლო თავი ჩემგან შორს დაეჭირა და არ გამკარებოდა, თუმცა კაცურად მოიქცა. რაულმა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში გადამიყვანა, სადაც უკვე ცნობილი ტელეჟურნალისტი გიორგი გულია (დიმიტრი გულიას შვილიშვილი, რომელიც 5 წელი ჩემი სტუდენტი იყო – ამჟამად მოსკოვში საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელია) გამომეცხადა. შესვლისთანავე კამერას ხელი დავაფარე და მივახალე - მე ჩემი პირობები მაქვს მეთქი. ინტერვიუ არ შედგა, რამაც გიორგი გააღიზიანა და თავხედურადაც მელაპარაკა. წავკამათდით კიდეც. რაული ჩემთან შემდეგაც მოდიოდა და მომიკითხავდა. დღემდე ყურებში ჩამესმის მისი და ზურაბ აგუმავას სიტყვები, „ვალერიანოვიჩ, ხომ არაფერი გაწუხებთო“. მე მას დიდ პატივს ვცემდი მისი ოპოზიცინერობის პერიოდში. განსაკუთრებით მომწონდა მისი ანტირუსული გამოსვლები. მაგრამ მას შემდეგ, რაც ხელისუფლების სათავეში მოვიდა, სხვათა შორის მის მიერ ორგანიზებული ანტიქართული ისტერიის ფონზე, რაც უკავშირდებოდა გალის მკვიდრი ქართული მოსახლეობისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხს, ის მთლიანად კრემლის ნავში ჩაჯდა და, ფაქტობრივად, „აფხაზ ორჯონიკიძედ“ ჩამოყალიბდა, რაც არა მგონია აფხაზი ხალხისათვის სიკეთის მომტანი იყოს.
ლაივპრესი: უშუალოდ თქვენი გათავისუფლების საქმეში მონაწილეობდა?
ზურაბ პაპასქირი: ჩემს გათავისუფლებას მას არავინ ჰკითხავდა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ხაჯიმბა, აგუმავა და კიდევ რამდენიმე სტუდენტი ქმნიდა ისეთ სიტუაციას, რომ ჩემთვის არ ევნოთ.
ლაივპრესი: პატიმრობიდან როგორ გათავისუფლდით?ვინ დაგეხმარათ?
ზურაბ პაპასქირი: ჩემმა მეუღლემ, აფხაზეთიდან გამოსვლისთანავე მიაწვდინა ხმა აკადემიკოს როინ მეტრველს, იმჟამად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს. მან სასწრაფოდ დეპეშა აფრინა ვლადისლავ არძინბასთან გუდაუთაში. ეს დეპეშა გამოქვეყნდა გაზეთში, საიდანაც საზოგადოებამ შეიტყო ჩემი ამბავი. იმ დროიდან ჩემს გასათავისუფლებლად დაიწყო საკმაოდ ფართო მასშტაბის კამპანია, რომელშიც ჩართულნი აღმოჩნდნენ არა მხოლოდ ცნობილი ქართველი მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები, არამედ თვით რუსეთის წამყვანი ისტორიოკოსები – რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის განყოფილების აკადემიკოსები, აგრეთვე საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები. მიუხედავად ამისა, მე მაინც საპყრობილეში ვრჩებოდი. ბოლოს, სამი თვის თავზე, 1994 წლის 7 იანვარს, შობა დღეს ჩამაბარეს დოკუმენტი, რომლის თანახმადაც მე მიცვლიდნენ აღკვეთის ზომას და პატიმრობიდან მათავისუფლებდნენ. მაგრამ ეს საქმე მაინც გაჯანჯლდა. კიდევ ერთი კვირა გავატარე საკანში. როგორც გაირკვა, აფხაზებს ჩემი უსაფრთხო გამოყვანის საკითხი აფიქრებდათ. გამომძიებელმა პირდაპირ მითხრა, რომ ინფორმაციამ გაჟონა და ვერ ვახერხებთო უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ბოლოს გამოსავალი იპოვეს წითელი ჯვრის ადგილობრივი ოფისის სახით, რომელმაც მანქანით გადამიყვანა ადლერში, ხოლო იქიდან სპეციალური თვითმფრინავით გამომამგზავრა თბილისში. რაც შეეხება უშუალოდ არძინბას წვლილს ჩემს გათავისუფლებაში, ამის შესახებ მე არაფერი ვიცი, თუმცა, ვფიქრობ, რომ მის გარეშე ეს საკითხი არ გადაწყდებოდა. სხვათა შორის ამ რამდენიმე ხნის წინ ერთმა აფხაზმა ახალგაზრდამ ფეისბუკზე დამიდასტურა კიდეც ეს ვარაუდი და დარწმუნებით განმიცხადა, რომ მე სწორედ პირველი პირის გადაწყვეტილებით გამომიშვეს.