ახალი ამბები
არაადამიანური მოპყრობისთვის ზუგდიდის ციხის ყოფილი თანამშრომლები დამნაშავედ ცნეს
ფოთის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 2008-2012 წლებში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ზუგდიდის N4 დაწესებულების პატიმართა დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისათვის, ამავე დაწესებულების ოთხი ყოფილი თანამშრომელი დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ამ საანგარიშო პერიოდში პატიმართა დაშინებისა და უსიტყვო მორჩილების მიზნით, ამავე დაწესებულების თანამშრომლები - ი.ჭ-, თ.გ-, ლ.კ და გ.გ- მათ ამცირებდნენ, იყო არაადამიანური მოპყრობის, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენების ფაქტები.

კერძოდ, საგამოძიებო უწყების ცნობით, ზუგდიდის N4 დაწესებულებაში შესახლებისას ძალადობრივი მეთოდებით უსწორდებოდნენ ყველა პატიმარს, აყენებდნენ მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ხოლო შემდგომ პერიოდშიც ამავე პატიმართა მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას ჰქონდა სისტემატიური ხასიათი, რისი მიზანიც იყო მათი უსიტყვო მორჩილება. პატიმრებს ასევე უკანონოდ შეზღუდული ჰქონდათ გასეირნების, სატელეფონო საუბრებისა და მიმოწერის უფლება. არ ჰქონდათ სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა. შეზღუდული ჰქონდათ ძილისთვის და დასვენებისთვის განკუთვნილი დროც. პროკურატურისვე ინფორმაციით, პატიმრებს ასევე აიძულებდნენ თანხმობა განეცხადებინათ სასჯელაღსრულების ადმინისტრაციასთან ფარულ თანამშრომლობაზე.

„ფოთის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ი.ჭ., თ.გ., ლ.კ., და გ.გ. ცნობილი იქნენ დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,დ“, ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით (დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრათ თითოეულს 4 წლით და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დანიშნული სასჯელი შეუმცრდათ ერთი მეოთხედით და საბოლოოდ თითოეულს განესაზღვრათ 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ასევე 2 წლით და 3 თვით ჩამოერთვათ საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება.

სასამართლო განხილვისას დაიკითხა 70-მდე ყოფილი მსჯავრდებული, რომლებიც სხვადასხვა დროს განთავსებული იყვნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N4 დაწესებულებაში და მათგან აბსოლუტური უმრავლესობა წლების განმავლობაში იყო ძალადობის მსხვერპლი“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.