ოლაფინია, რომელსაც ბავშვი თავად კერავს [ვიდეო/ფოტო]
ამ ეტაპზე ოლაფინიას საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან - სამეგრელოდან, კახეთიდან, იმერეთიდან და სვანეთიდან 10 მთავარი გმირი ჰყავს. კოლექციას მალე დაემატება პერსონაჟები აფხაზეთიდან და ოსეთიდან. როგორც „ლაივპრესთან" ინტერვიუში ოლაფინიას ერთ-ერთი ავტორი, ნუცი მალაშხია ამბობს, ეს არის ე.წ. DIY სათამაშო, ანუ ბავშვი საკუთარი ხელით ქმნის მას.

ნუცი მალაშხია: იდეა გაგვიჩნდა მე და ჩემს დას, სოფოს მაშინ, როცა ჩვენს შვილებთან ერთად ვკერავდით და ვხატავდით, როცა თამაშში ვიყავით ჩართული. შემდეგ დავხვეწეთ ეს ყველაფერი. მუშაობის პროცესში მეტი და მეტი იდეა მოგვდიოდა. საბოლოო ჯამში მივიღეთ ოლაფინია იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს არის წარმოდგენილი.
ლაივპრესი: რატომ მეგრული სახელწოდება?
ნუცი მალაშხია: მართალია ჩვენ სამეგრელოში არ გვიცხოვრია, მაგრამ წარმოშობით ამ რეგიონიდან, ზუგდიდიდან ვართ და ბრენდის სახელის შერჩევისას ამანაც იქონია გავლენა. გვინდოდა, რომ სახელწოდება ქართული ყოფილიყო, რათა ჩვენი ბრენდის კონცეფციას გავყოლოდით. რადგან გმირები არიან საქართველოს კუთხეებიდან, გვინდოდა სახელწოდებაც ქართული ჰქონოდა. გვინდოდა ისეთი სახელწოდება, ყველა ენაზე უცვლელი რომ დარჩებოდა. ასე მივაგენით სიტყვა ოლაფინიას, რომელიც ძალიან მოგვეწონა.
ლაივპრესი: ფიქრობთ, რომ პროდუქტის წარმატებაში დადებითი წვლილი ორიგინალურმა სახელწოდებამაც შეიტანა?
ნუცი მალაშხია: კი, ალბათ ასეა. პირველი ამ სახელწოდების გაგების შემდეგ არის კითხვა - რას ნიშნავს ეს სიტყვა. ინტერესდებიან და არკვევენ. მათში კი, ვინც სამეგრელოდანაა და იცის სიტყვის მნიშვნელობა, კიდევ უფრო მეტ აღფრთოვანებას იწვევს.

ლაივპრესი: მოგვიყევით სათამაშოებზე - რითია ის განსხვავებული?
ნუცი მალაშხია: ოლაფინიას ყუთში დევს ქსოვილზე დაბეჭდილი პერსონაჟის წინა და უკანა მხარე. ბეჭდვის ტექნოლოგიაც ისეთი გვაქვს შერჩეული, რომელიც უსაფრთხოა ბავშვისთვის. ყუთში დევს ნემსი და ძაფი. ნემსი არის ბლაგვი თავით, უასფრთხო, რათა ბავშვს არ შეერჭოს პატარა თითუკებში. დევს ბამბა, რომელიც უნდა ჩაიდოს შეკერილ სათამაშოში. ყუთშია შეკერვის ინსტრუქციაც.
პროდუქტი გათვლილია 4-5 წლის ბავშვებისთვის და თინეიჯერებისთვისაც. 4-5 წლის ბავშვებმა უმჯობესია სათამაშო შეკერონ მშობლებთან ერთად, მათი დახმარებით. მშობლის ჩართულობა ამ შემოქმედებით პროცესში ვფიქრობთ, რომ პროდუქტის ერთ-ერთი დადებითი მხარეა. დიდი ბავშვები ოლაფინიას უკვე თავად კერავენ. მაგალითად, ჩემი ბავშვი 10 წლისაა და ის მარტო, ძალიან დიდი ხალისით კერავს სათამაშოს.

ლაივპრესი: რამდენი სახეობის სათამაშო გაქვთ ამ ეტაპზე?
ნუცი მალაშხია: ჯერჯერობით ოლაფინიას 10 გმირი ჰყავს. ესენი არიან 4 კუთხის - სამეგრელოს, კახეთის, სვანეთის და იმერეთის წარმომადგენლები. ასევე არიან დამატებითი პერსონაჟები, რომელიც საჭიროა კოლექციის შესაქმნელად. მაგალითად ქათამი, ძროხა, სვანური კოშკი და ა.შ. ვაპირებთ გავზარდოთ ოლაფინიას კოლექცია. გვინდა მოვიცვათ ყველა კუთხე. რა თქმა უნდა, პერსონაჟები გვეყოლებიან აფხაზეთიდან და ოსეთიდან. კიდევ გვაქვს საინტერესო იდეები, რომელსაც მოგვიანებით გაგაცნობთ.

ლაივპრესი: როდის და სად გამოჩნდა პირველად ოლაფინია? ისიც გვითხარით, სად შეიძლება მისი შეძენა?
ნუცი მალაშხია: ბაზარზე დეკემბრის ბოლოს გამოვჩნდით და ბრენდმა საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია საზოგადოებაში, რაც ძალიან გვიხარია. გავაკეთეთ გვერდები ფეისბუკზე და ინსტაგრამზე. ამ გვერდების საშუალებით შეეძლო მომხმარებელს შეეძინა ჩვენი სათამაშო. გვწერდნენ, რომელი გმირი უნდოდათ და მიგვქონდა მათთან. ახლაც ამ რეჟიმში ვმუშაობთ. გარდა ამისა, თბილისში ორ ადგილას იყიდება უკვე ჩვენი პროდუქცია - სუპერის მაღაზიათა ქსელში და თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის მაღაზიაში. სათამაშო 45 ლარი ღირს ჩვენთანაც და სუპერების ქსელშიც. თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის მაღაზიაში კი ცოტათი უფრო ძვირია.

ლაივპრესი: როგორც ვიცით, ოლაფინიას შექმნას წინ უძღოდა გარკვეული კვლევა. მოგვიყევით ამის შესახებ.
ნუცი მალაშხია: თავიდან მე და ჩემმა დამ, სოფიმ ბევრი ვეძებეთ არტისტი, ვისთან ერთადაც შევიმუშავებდით გმირებს, პერსონაჟებს. ვიპოვეთ ძალიან კარგი არტისტი, მაკა ზედელაშვილი, რომელთანაც მჭიდრო მუშაობის შედეგადაც მივიღეთ ის პერსონაჟები, რომლებიც გვყავს. ვითანამშრომლეთ ბრენდინგის სააგენტო „კოლექტივთან“, რომელმაც გაგვიკეთა ლოგო, შეფუთვა, შეგვარჩევინა ფერები, რომელიც გამოყენებულია შეფუთვაშიც. ბავშვთა ფსიქოლოგთანაც გავიარეთ კონსულტაცია, თუ რომელი ფერის გამოყენება იქნებოდა ბავშვისთვის უმჯობესი.
სათამაშოს დამზადების პროცესში ჩვენ (იდეის ავტორები) თავადაც ვართ რა თქმა უნდა ჩართული და დაახლოებით 5-6 ადამიანი გვეხმარება. ოლაფინია რომ საბოლოო გასაყიდ ფორმამდე მივიყვანოთ, სჭირდება 2-3 დღე.

ბიზნესის გაფართოების მიზნით ოლაფინიას შემქნელები გეგმავენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიმართონ. მით უფრო, რომ მას აქვს კომპონენტი, ქართული სათამაშოების ექსპორტის ხელშეწყობის მიმართულებით.
ნუცი მალაშხია ამბობს, რომ სათამაშოების შეძენის მსურველები უკვე რეგიონებიდანაც გამოჩნდნენ, ამიტომ მუშაობენ იმაზე, თუ როგორ მიაწოდონ ოლაფინია მომხმარებლებს.