კომენტარი
მეზობლებს შორის ნებისმიერი ომი ოდესღაც სამშვიდობო მოლაპარაკებით სრულდება - ასლან კობახია
ქართულ აფხაზურ ურთიერთობებში წლიდან წლამდე დინამიკაში მნიშვნელოვნად არაფერი იცვლება. თუ რატომ, ამაზე ყველას საკუთარი მოსაზრება აქვს, რომელიც მეტნაკლებად ჰგავს, ან არ ჰგავს ერთმანეთს. დღეს „ლაივპრესის“ კითხვებს აფხაზი პოლიტიკოსი, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ვიცე პრემიერი და პარლამენტარი ასლან კობახია პასუხობს. ინტერვიუსას ჩვენ შევეხეთ ისეთ თემებს, როგორიცაა სამეგრელოში აფხაზეთიდან კონტრაბანდის შემოტანა, რაზეც ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები საუბრობენ, ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალება და გალში მცხოვრები მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა. ეს ნაწილია საკითხების, რასაც ინტერვიუში გაეცნობით.

ლაივპრესი: ჩვენი ინტერვიუ მინდა დავიწყო ბოლო დროს გახმაურებული მოვლენით, რომელიც გალში საქართველოს მოქალაქე ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებას ეხება. აფხაზური მხარის მტკიცებით, ეს იყო თვითმკვლელობა, თუმცა ოჯახს ამ ვერსიის არ სჯერა. ამბობენ, რომ ცხედარს წამების კვალი ეტყობა და ის მოკლულია. ქართული მხარის თქმით, ეს ნებისმიერ შემთხვევაში რუსული ოკუპაციის შედეგია. თქვენ როგორ აფასებთ მომხდარს და გაქვთ თუ არა კითხვები ამ საქმესთან დაკავშირებით?

ასლან კობახია: მინდა ავღნიშნო, რომ ინტერვიუ პროვოკაციული ქვეტექსტით დაიწყეთ. ნუთუ ქართულ მხარეს სიამოვნებას ანიჭებს სიტყვა ოკუპაცია. აფხაზეთი, რომ ოკუპირებული იყოს, როგორც თქვენ ამტკიცებთ, ასე საუბრის უფლებას ვინ მოგვცემდა. თქვენ გადაწყვიტეთ, რომ თქვენი მომავალი აშშ-თან და ევროპის ქვეყნებთან აშენოთ. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. ჩვენ კი ჩვენი მომავალი დიად მეზობელს დავუკავშირეთ. მინდა ავღნიშნო, რომ საჭიროა მეზობელთან იმეგობრო და არა შორეული ნათესავი ეძიო, რომელიც საერთოდაც არ არის ნათესავი. აფხაზეთი დამოუკიდებელი ქვეყანაა და თავისი გზა თავად აირჩია. რაც შეეხება ტრაგედიას, რომელიც რუსეთის სასაზღვრო ბაზაზე მოხდა, გასაოცარი იქნებოდა, ქართულ მხარეს მისთვის მკვლელობა არ დაერქმია. მე კარგად ვიცნობ გალის რაიონში რუსი მესაზღვრეების ქცევას. ისინი ძალიან უფრთხილდებიან ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობას და არავითარი სიტყვიერი უხეშობის უფლებასაც არ მისცემენ თავს. როცა სახელმწიფო სამსახურში ვიყავი, ხშრად დავდიოდი საზღვრისპირა სოფლებში და ხშირად შევსწრებივარ ურთიერთპატივისცემის გამოხატვას მოსახლეობასა და მესაზღვრეებს შორის. ეს თქვენ, საქართველოში გსურთ ისე აჩვენოთ ყველაფერი, თითქოს ისინი ერთმანეთს, როგორ სამიზნეს უყურებენ. ეს სულაც არ არის ასე. ადამიანი, რომელიც უკანონოდ შემოდის აფხაზეთის ტერიტორიაზე, მათი გარჩევის ობიექტს არ წარმოადგენს. ამით არის დაკავებული აფხაზეთის სუსი, რომლსაც დაკავებულს გადასცემენ. მიცვალებულის შესახებ უხერხულია ცუდად ილაპარაკო, მაგრამ, ქართულ ვებ გვერდებს თუ მივადევნებთ თვალს, აშკარად ჩანს, რომ ის საცოდავი ადამიანი პრობლემური იყო. აფხაზურმა მხარემ საფუძვლიანი გამოძება ჩაატარა ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით და ამომწურავი პასუხი გასცა. მე არ მაქვს საფუძველი, არ ვენდო მათ.

ლაივპრესი: აუცილებლად მინდა შევეხო გალში მცხოვრები მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობას. რამდენად სამართლიანად მიგაჩნიათ, როცა სოხუმი უარს ამბობს მათზე ახალი აფხაზური პასპორტები გაიცეს? გალელები „ლაივპრესთან“ საუბარში ამბობენ, რომ იქ დაიბადნენ, გაიზარდნენ, თუმცა სოხუმის მხრიდან ეს მიდგომა დისკრიმინაციულია და მათი უფლებები შეზღუდული. პარალელურად ისმენენ განცხადებებს, რომ ხელისუფლების მიზანი გალელების ინტეგრირებაა დანარჩენ საზოგადოებასთან.

ასლან კობახია: შემთხვევით არ მიკითხავს თქვენი ასაკი, რადგან გალის რაიონის პრობლემებს მრავალწლიანი ისტორია აქვს. გალის რაიონში 1993 წლიდან 15 წლის განმავლობაში დათარეშობდა ე.წ. პარტიზანული დაჯგუფებები დიდი რაოდენობით, რომლებიც ატერორებდნენ არა მარტო რაიონის მოსახლეობას, არამედ მეზობელი სამეგრელოს დიდ ნაწილსაც. თქვენი რეგიონის მცხოვრებლებს კარგად ახსოვთ ეს დაჯგუფებები, რომელთა სინდისზე არაერთი საშინელი დანაშაულია. ბევრი მათგანი აფხაზეთის ტერიტორიაზე გაანადგურეს. ქართული მხარე დიდხანს ინახავდა და აქეზებდა ამ ადამიანებს, თუმცა, მიხვდა, რომ მათი შემდგომი მფარველობა უპერსპექტივოა და ისინი დაშალა. მათი მეთაურების უმეტესობა დააკავეს. გალის რიონი 15 წლის განმავლობაში იყო საომარი მოქმედებების ზონა, რის შედეგადაც, ოდესღაც აყვავებული რაიონი უბედურების ზონად იქცა. მადლობა ღმერთს, რომ გალი დღეს აფხაზეთის ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი რაიონია, სადაც ძალიან შრომისმოყვარე ხალხი ცხოვრობს. რაც შეეხებას პასპორტებს, აქ ყველაფერი ძალიან მარტივადაა: აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ კანონის თანახმად, იმ პირებზე, რომლებსაც არ აქვთ საქართველოს მოქალაქეობა - აფხაზეთის მოქალაქის პასპორტი გაიცემა. ისინი კი, ვისაც აქვს საქართველოს მოქალაქეობა - აფხაზეთის არამოქალაქის დოკუმენტს მიიღებენ. ასეთია კანონის მოთხოვნა და ჩვენ მკაცრად ვასრულებთ მას, თუნდაც ეს ბევრს არ მოსწონდეს. ნუ იკატუნებთ თავს, თითქოს გალელების ბედი ძალიან გაღელვებდეთ. ნახეთ, რაოდენ უზნეოდ გამოიყურება აფხაზეთის მცხოვრებთათვის სამედიცინო დახმარების ე.წ. „ჰუმანიტარული აქცია“, რომელშიც რატომღაც გალის მცხოვრებლები არ ჩაურთავთ. ადამიანების უბედურებაზე პიარის გაკეთება მკრეხელობაა. ყველამ იცის, რომ თქვენთან მკურნალობა უფასოა. საქართველოს ხელისუფლება მძიმედ დაავადებულ აფხაზეთის მოქალაქეებს მხოლოდ ერთ პირობას უყენებს - მიიღონ საქართველოს მოქალაქეობა. გალელების მკურნალობა კი რისთვის გჭირდებათ, ისინი, ხომ ისედაც საქართველოს მოქალაქეები არიან. აი, ასე ზრუნავთ თქვენ გალელებზე. ნუთუ ფიქრობთ, რომ ისინი იმდენად სულელები არიან, ამას ვერ ხვდებიან. თქვენს დასავლელ სპონსორებს და საქართველოს ხელისუფლებას ჰგონია, რომ ასეთი იეზუიტური მეთოდებით შეძლებენ აფხაზეთზე გავლენის მოპოვებას? ეს უპერსპექტივოა!!!

ლაივპრესი: ქართველ ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა ნაწილი აქტიურად საუბრობს, რომ აფხაზეთიდან სამეგრელოში დიდი ოდენობით კონტრაბანდული საქონელი შემოდის. მათ შორის სიგარეტი, რომლის ყიდვაც ზუგდიდში შესაძლებელია. თქვენ, როგორც შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, გაქვთ თუ არა ინფორმაცია ამის შესახებ? შესაძლებელია თუ არა პროდუქციის შემოტანა კონკრეტული აფხაზი თანამდებობის პირების გვერდით ავლით ხდებოდეს? გამორიცხავთ მათ მონაწილეობას ამ პროცესში?

ასევე საინტერესოა, სხვადასხვა დანაშაულში ბრალდებული ადამიანები აფხაზეთიდან ხშირად თავს სამეგრელოს, ან საქართველოს სხვა რეგიონს აფარებენ. ხდება პირიქითაც. პირები, რომლებზეც თბილისი ძებნას აცხადებს, გალში გადადიან. ამ კონტექსტში, თანამშრომლობენ თუ არა რაიმე ფორმით ქართველი და აფხაზი სამართალდამცველები?

ასლან კობახია: ორივე მხარის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის კავშირის არარსებობა ხელს რომ აძლევს კრიმინალურ სტრუქტურებს, ამაში სრულიად გეთანხმებით. მათ შორის წინააღმდეგობა არ არსებობს, თუმცა, თქვენ ხომ არ გინდათ საოკუპაციო რეჟიმთან ურთიერთობა. საერთოდ, უცნაურად ჟღერს: აფხაზებმა მოახდინეს აფხაზეთის ოკუპირება. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს! შედეგად, ჩვენ მივიღეთ, საზღვრის უკანონო კვეთის შემთხვევები, კრიმინალური ელემენტების მიგრაცია, საქონლის კონტრაბანდა და სხვა ნეგატიური მოვლენები. ფაქტების კონსტატაცია ნებისმიერს შეუძლია, თუმცა, გადაწყვეტილების მისაღებად ნებაა საჭირო.

ლაივპრესი: მე მინდა გაგახსენოთ ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში გაჟღერებული თქვენი განცხადება, რომ როცა ქართველებს იჭერთ და დეპორტაციით უკან აბრუნებთ, ეს არასწორია, რადგან მათ უნდა ხვრეტდნენ, როგორც უკანასკნელ ძაღლებს. ამ სიტყვებმა ქართული საზოგადოება რბილად რომ ვთქვა, გააღიზიანა. დღეს რამდენად სწორად მიგაჩნიათ ეს ნათქვამი? როგორ ფიქრობთ, მსგავსი განცხადებები რამდენად უშლის ხელს ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს?

ასლან კობახია: მე ვიცი ამის შესახებ. ქართულ მხარეს შუძლია კონტექსტიდან ამოგლიჯოს დიდი ინტევიუს ნაწილი. იქ საუბარი ქართველ ბოევიკებს შეეხებოდა, რომლებიც აფხაზეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ. გარდა იმისა, რომ ჩვენთან ცხოვრობდნენ, დოკუმენტებიც კი შეიტანეს აფხაზეთის მოქალაქეობის მისაღებად. მთავარია, რომ ამის შესახებ ჩვენმა სპეცსამსახურებმაც იცოდნენ და არავითარი ზომები არ მიიღეს. ასეთ ელემენტებს ჩვენთან, აფხაზეთში არასდროს დაინდობენ.

ლაივპრესი: აფხაზური პრესა ხშირად წერს კრიმინოგენული ვითარების გაუარესებაზე წლიდან წლამდე აფხაზეთში, მათ შორის გალის რაიონში. საუბარია გაუპატიურების შემთხვევებზეც არასრულწლოვნებზე. ეთანხმებით ამ მოსაზრებას? როგორ ფიქრობთ, რისი ბრალია ეს, დაუსჯელობის განცდა აქვს მოსახლეობას, შესაბამისი სამსახურები სათანადოდ ვერ მუშაობენ, თუ რამე სხვა მიზეზია?

ასლან კობახია: არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილი ყველა დანაშაული გახსნილია და დამნაშავეები სასჯელს იხდიან. ეს ფაქტია. ჩვენი საზოგადოება არასდროს შეეგუება ბავშვებზე მოძალადეებს. ეს ჩვენი ხალხის გენშია ისტორიულად, და ნებისმიერი თავმოყვარე ერის. რაც შეეხება კრიმინოგენულ ვითარებას, ამ მაჩვენებლების შესახებ მე ყველაზე უკეთ ვიცი. ვერ ვიტყვი, რომ ის იზრდება, თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ მკვეთრი ნახტომი გაუმჯობესებისკენ არ ფიქსირდება. აქ სამართალდამცავ სტრუქტურაში სისტემური რეფორმებია გასატარებელი. როცა რეფორმაზე ვსაუბრობთ, ჩემთვის ყველაზე მთავარი, სამართალდამცავი ორგანოების მუშაკთა სამუშაო პირობებია. იმედი მაქვს, ჩვენი საზოგადოება და ხელისუფლება მიხვდება, რომ სერიოზული დაფინანსების გარეშე მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში დანაშაულებებთან ბრძოლას წარმატება არ მოაქვს. ხარისხიანი დაფინანსების პირობებში, შესაბამისად, უფრო ხარისხიანი პირადი შემადგენლობის ფორმირება და უფრო მნიშვნელოვანი შედეგის მიღება შეიძლება. კრიტიკა, ყველას შეუძლია, ვისაც არ ეზარება.

ლაივპრესი: რამდენად გაამართლა აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმებულმა ხელშეკრულებამ „მოკავშირეობის და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ? აფხაზური საზოგადოების ნაწილი თავის დროზე ნეგატიურად შეხვდა ამ ფაქტს. რა მოგცათ თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლამ - განვითარების პერსპექტივა და დაცულობა, თუ მეტი დამოკიდებულება მოსკოვზე?

ასლან კობახია: როცა თქვენ კრიტიკულად საუბრობთ რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმებაზე, მოლაპარაკების ის პუნქტი მაინც უნდა ახსენოთ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ლახავს, თორემ, უკვე იმათ ემსგავსებით, ვინც ლაპარაკობს მხოლოდ იმისთვის, რომ ილაპარაკოს. მოლაპარაკების ყველა პუნქტი მხოლოდ აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის ინტერესებს იცავს. რა თქმა უნდა, იქ ყველა პუნქტი ჯერ არ შესრულებულა, აფხაზური მხარისგან დამოუკიდებელი გარემოებების გამო. კონკრეტულად ამის შესახებ აქ არ ვილაპარაკებ, თუმცა, იმედი მაქვს, ორივე მხარე გადადგამს ყველა აუცილებელ ნაბიჯს იმისთვის, რომ შეთანხმების ყველა პირობა მკაცრად შესრულდეს.

ლაივპრესი: როგორ უყურებთ დევნილების აფხაზეთში დაბრუნების წინადადებას? რამდენად შესაძლებლად მიგაჩნიათ ეს?

ასლან კობახია: ქართულ მხარეს 90-იან წლებში უნიკალური შანსი ჰქონდა, რომ ცივილიზებულად მოეგვარებინა ამ ადამიანების საკითხები. ეს მაშინ, როცა ვლადისლავ არძინბამ შესთავაზა იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნების თავისი ვარიანტი. ამაზე პასუხად, საქართველო სისტემურად აწარმოებდა საომარ მოქმედებას აფხაზეთის გალის რაიონში, რასაც რამდენიმე ასეული ჩვენი სამართალდამცავი შეეწირა. ასე მიიღო საქართველომ ჩვენი სამშვიდობო ინიციატივები. სხვათაშორის, მინდა შეგახსენოთ, რომ გალის რაიონის მოსახლეობა დაბრუნდა საკუთარ სახლებში საქართველოს ხელისუფლების ნების წინააღმდეგ, აფხაზური ხელისუფლების მოწოდებით. საქართველომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს თემა საბოლოოდ დახურულიყო.

ლაივპრესი: რა პერსპექტივა აქვს სოხუმს და თბილისს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციას? როგორ წარმოგიდგენიათ აფხაზების და ქართველების მომავალი?

ასლან კობახია: საქართველო და აფხაზეთი ისტორიული მეზობლები არიან. სამწუხაროდ, ქართველებმა გადაწყვიტეს, რომ საქართველოს და აფხაზეთს შორის დავები სამხედრო გზით მოეგვარებინათ. შედეგები ცნობილია. ახლა ქართულ საზოგადოებაში მუსირებს ბოდვის მსგავსი აზრები იმის შესახებ, რომ ამ ომში არც აფხაზები, არ ქართველები, არამედ, რუსეთია დამნაშავე, რომელმაც ჩვენ ერთმანეთს დაგვაპირისპირა. უნდა გვახსოვდეს, რომ ერთმანეთს იდიოტებს უპირისპირებენ. მისმინეთ ბატონებო, თუ თქვენ იარაღი მოგცეს და გიბრძანეს, რომ აფხაზეთის წინააღმდეგ წახვიდეთ, მაშინ აღიარეთ. მძინარე რესპუბლიკას თავს დაესხით დილაადრიან, როგორც სვავები, რამდენიმე ათასი თავზეხელაღებული თვითმფრინავით, ტანკებით და მძიმე საარტილერიო დანადგარების გამოყენებით. და რის გაკეთებას სთავაზობდით აფხაზებს? რომ „გადაეყლაპათ“ ეს, როგორც მეგრელებმა გააკეთეს, რომელთაც ჩვენამდე რამდენიმე თვის განმავლობაში „აუთოებდნენ?“ იქნებ ვტყუი და ასე არ ყოფილა? იქნებ, სამეგრელო ყვავილებით შეეგება საქართველოს სახელმწიფო საბჭოთა ჯარებს, როგორ ეს აფხაზეთის ქართულმა მოსახლეობამ გააკეთა? ყველაფერი იყო: მშვიდობიანი მოქალაქეების ხოცვა, ქვეყნის გაძარცვა, კულტურის ძეგლების განადგურება. მერე კი იყო ძალიან უხეში, შეიძლება ითქვას, დაუნდობელი ბუმერანგი. რა გაეწყობა, ასეთია ომის წესები, რომლებიც თავს მოგვახვიეს. მაგრამ, მუდმივი ომები არ არსებობენ, ნებისმიერი ომი მეზობლებს შორის ოდესღაც სრულდება სამშვიდობო მოლაპარაკებით. საქართველომ უნდა გაიგოს, რომ მსოფლიოში „ნაწყენის“ სტატუსით მოძრაობა კარგს არაფერს მოუტანს. ხოლო, იმის თქმა, რომ ვინ ხართ თქვენ, რომ თქვენთან ხელშეკრულებას მოვაწეროთ ხელი, მხოლოდ სისუსტეზე მიუთითებს. ჩვენ ვინც ვართ, უკვე დავამტკიცეთ, და არ ვისურვებდი ამის კიდევ ერთხელ დამტკიცებას.

რა უნდა ვქნათ? პირველი - უნდა ვაღიაროთ ომის შედეგები. მეორე - ხელი უნდა მოვაწეროთ სამშვიდობო მოლაპარაკებას. მესამე - საქართველომ უნდა აღიაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა და აშენოს ცივილიზებული ურთიერთობები. სხვა ვარიანტები არ არსებობს. რაც უფრო ადრე გაიგებს საქართველო ამის შესახებ, მით უკეთესი ორივე სახლემწიფოსთვის და ერისთვის.

ინტერვიუ შეიცავს ტერმინოლოგიას, რომელიც გამოიყენება აფხაზეთის ტერიტორიაზე.