კომენტარი
ნათია თოდუა: ჩემი წარმატება აფხაზებსაც უხარიათ, რაც მეიმედება [ვიდეო]
23 წლის მომღერალი ნათია თოდუა გერმანიაში ცხოვრობს. ის აფხაზეთიდან დევნილია. ამბობს, რომ ბავშვობიდან შეეჩვია სიძნელეების გადალახვას, რაც წარმატების მიღწევაში ეხმარება. ნათია გერმანული Voice-ის გამარჯვებულია. ამჟამად პირველ მუსიკალურ ალბომს წერს და გასტროლებისთვის ემზადება. "ლაივპრესი" გთავაზობთ ინტერვიუს ნათია თოდუასთან.

ნათია თოდუა: ყველაზე მძაფრად მახსოვს წლები, როცა გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში, იქ სადაც ჩვენი სახლია, ნანგრევებზე ვიდექი და წარმოვიდგენდი, გადამწვარი სახლიდან გადარჩენილ რკინის ბოძებს მიკროფონებად და განათებებად და ვმღეროდი. ეს რომ მახსენდება ხოლმე, მაძლიერებს. იყო ისეთი წლები ჩემს ცხოვრებაში, როცა ვამბობდი, ნეტავ სხვა ადგილას დავბადებულიყავი, სხვა გარემოში, მაგრამ ახლა რომ ვუფიქრდები, ვერ შედგებოდა ნათია თოდუა ისეთი, როგორიც ახლა არის. მე მომწონს, რომ არ ვჩერდები და სიახლეებს ვეძებ. ვძლიერდები, რომ მიზანს მივაღწიო.

ლაივპრესი: ფიქრობ, რომ ხშირად უნდა ვისაუბროთ ომზე, აფხაზეთზე?

ნათია თოდუა: მე ყოველთვის ვიხსენებ ჩემს წარსულს, არასოდეს არაფერს ვმალავ. როცა ბავშვობაში გვინდოდა, რომ გვეცეკვა, გვეთამაშა, კინოში წავსულიყავით და ეს ყველაფერი არ გვქონდა, ვბრაზდებოდი, რატომ ჩვენ? ჩვენ ხომ ეს არ გვინდოდა, ჩვენ ხომ ამაზე არ გვიოცნებია. მართალია, ეს წარსულია, მაგრამ დღემდე ვერ ვახერხებთ იქ ჩავიდეთ და მშვიდად ვიყოთ. ჩავიდეთ სახლებში, ვინახულოთ ნათესავები. 4 წლის წინ ვიყავი ბებია და ბაბუასთან, რომლებიც აფხაზეთში ცხოვრობენ. კარგი ურთიერთობა მაქვს ჩემს ნაცნობ აფხაზებთან. ვიცი რომ ვუყვარვათ და ვახსოვართ.

ლაივპრესი: რამდენად კარგად გიცნობენ აფხაზეთში, როგორც მომღერალს?

ნათია თოდუა: მესაზღვრეები აჩვენებენ ხოლმე ბებიას ჩემს ახალ ვიდეოებს. ეუბნებიან, რომ ნათიას ახალი ფოტო დაიდო, ან ინტერვიუ. ხშირად ბებია აფხაზი მესაზღვრეებისგან იგებს ხოლმე ჩემს სიახლეებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი იზიარებენ ჩემს სიხარულს. ეს მაბედნიერებს და იმედს მისახავს, რომ მოსალოდნელია ბევრი რამის, კონფლიქტის მშვიდობიანად, ადამიანურ პირობებში მოგვარება. ამიტომ მაქვს დიდი იმედი, რომ თანდათან ყველაფერი თავის კალაპოტს დაუბრუნდება. მაგრამ ამისთვის დიდი სიყვარული და ურთიერთგაგებაა საჭირო.

ლაივპრესი: აფხაზეთში კონცერტის გამართვაზე გიფიქრია?

ნათია თოდუა: ჩემი ოცნებაა, კონცერტი გავმართო აფხაზეთში, იმიტომ რომ ვიცი, როგორი მოწყურებულია ახალგაზრდობა და ზოგადად, მოსახლეობა პოზიტიურს და კონცერტს და ღონისძიებას. თვითონ ღონისძიებაც როგორი ფანტასტიური სიტყვაა. მსგავსი რამ მე იქ ყოფნისას არ მინახავს. ამიტომ, ეს ისეთი ადგილი მგონია, სადაც უნდა მიხვიდე და უბრალოდ იმღერო, ასიამოვნო ადამიანები სხვების ჩარევის გარეშე.

ლაივპრესი: როგორ მოახერხებ ამას?

ნათია თოდუა: ჩემი პირველი ალბომი გამოვა ივლისში და ტურნეებს ვიწყებთ გერმანიაში სექტემბრიდან. ამის შემდეგ, როგორც ხელოვანს, მექნება ჩემს პროდიუსერთან და ჩემს გუნდთან ერთად შესაძლებლობა, რომ ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ ქალაქში მოვინდომო და დავგეგმო კონცერტი. ამ შესაძლებლობას ველოდები. მინდა ადამიანებმა ამას სხვა სახელი არ დაარქვან და სავსებით მიუკერძოებელი იყოს ეს, თუ გაკეთდება და ამისთვის აუცილებლად ბევრს ვიმუშავებ.

ლაივპრესი: აფხაზეთში კონცერტისთვის რეპერტუარი უკვე გაქვს შერჩეული?

ნათია თოდუა: ჩემს ალბომში 12 სიმღერა შედის. ერთ-ერთი, გაგანდობთ და გეტყვით, რომ არის საქართველოზე, რომლის მისამღერის ნაწილი არის აფხაზურად.

ლაივპრესი: რას ეტყოდი შენს აფხაზ თანატოლებს, იქ მცხოვრებ ახალგაზრდებს?

ნათია თოდუა: როცა იქ ვცხოვრობდი, ვინმეს რომ ეთქვა, ჩემი ცხოვრება 5 წელიწადში ასე შეიცვლებოდა, ვერასოდეს დავიჯერებდი. მინდა მივმართო იმათ, ვინც იქ ცხოვრობს და მოტივაცია აკლია, ან იმედი, ან განწყობა, რომ რაღაც შეიცვლება. მინდა მათ ვუთხრა, რომ მიუხედავად გარემო პირობებისა, სადაც მათ ცხოვრება და ბრძოლა გადარჩენისთვის უწევთ, ისინი არიან გმირები, რომლებიც აუცილებლად იმსახურებენ იმას, რომ იყვნენ ბედნიერები. ამიტომ, არცერთი დღით არ უნდა იფიქრონ, რომ ყველაფერი დამთავრდა. სიტყვა „არ შემიძლია“ უნდა დაივიწყონ, თუნდაც ერთი დღით შეხედონ პოზიტიურად მომავალს. გაბედონ და ხმამაღლა თქვან, რა უნდათ, რაზე ოცნებობენ, რაც დაეხმარებათ მათ იმაში, რომ ეს მოხდეს.