კომენტარი
„სქანი“ - პირველი მეგრულენოვანი ჟურნალი - ინტერვიუ დამფუძნებელთან
FaceBook Twitter
E-mail Print
უახლოეს დღეებში პირველი მეგრულენოვანი ჟურნალი - „სქანი“ გამოვა. სიტყვა „სქანი“ ქართულად ითარგმნება, როგორც - შენი. მკითხველი ჟურნალში მეგრულ ენაზე გაეცნობა ისტორიის, სამეცნიერო თუ კულტურის თემებზე მომზადებულ სტატიებს. ასევე, მსოფლიო ლიტერატურის ცნობილი ნაწარმოებების თარგმანებს. ჟურნალს „მარგალურ ნინაშ ასოციაცია“ [მეგრული ენის ასოციაცია] გამოსცემს, რომლის დამფუძნებლებიც გივი ქარჩავა და გიგა ქავთარაძე არიან.

„სქანი“ დასაბეჭდად უკვე სტამბაშია. მარტის თვეში უნდა გამოსულიყო, თუმცა Covid-19-თან ბრძოლის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების გამო შეფერხდა. ჟურნალის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გივი ქარჩავამ გვითხრა, რომ პირველ ნომერზე დაახლოებით 20-კაციანმა ჯგუფმა იმუშავა. გივიმ ინტერვიუში აღნიშნა, რომ წლებია ასეთი ჟურნალის გამოცემის სურვილი აქვს, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო მუშაობის დაწყება, მხოლოდ ბოლო ერთი წელია, მეგობრებთან ერთად შეძლო.

რა მიზნები აქვს ჟურნალს და რას უნდა ველოდოთ, ვინ და რა მასალები მოამზადა „სქანის“ პირველ ნომერში, - „ლაივპრესი“ დამფუძნებელს და მთავარ რედაქტორს გივი ქარჩავას ესაუბრა. მართალია, რედაქტორმა ჟურნალის გარეკანის დიზაინი და სტატიების ავტორების ნაწილი საიდუმლოდ დატოვა, მაგრამ ბევრი სხვა საინტერესო ამბავი მოგვიყვა.

გივი ქარჩავა: პირველ ეტაპზე ალბათ 700-800 ცალი გამოვა. ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაცია ვართ, რომელიც სპეციალურად ამ ჟურნალის გამოსაცემად გაკეთდა. ორგანიზაციას „მეგრული ენის ასოციაცია“ ეწოდა. ანუ, კერძო დაფინანსებაზე ვართ. თვითონ დამფუძნებლების კერძო შენატანით კეთდება ჟურნალი. ამიტომაც იმის ფუფუნება, რომ რამდენიმე ათასი გამოგვეცა, არ გვქონია. იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალში ხალხს ჟურნალი მოეწონება, წაიკითხავენ და შევძლებთ ტირაჟის გაზრდას.

ლაივპრესი: ჟურნალის შესახებ მოგვიყევით - რამდენ გვერდიანია და რაზეა? ასევე, ვინ არიან ის ადამიანები, ვინც მუშაობს ამ ჟურნალზე?

გივი ქარჩავა: ჟურნალის პირველი ნომერი იქნება 100 გვერდამდე, უფრო ნაკლებიც. იმიტომ, რომ ახლა სტატიების სიმრავლით არ გამოვირჩევით. სიმრავლით კი გამოვირჩვით, მაგრამ სიდიდით არა. თუმცა, მეორე და მესამე ნომრებიც უკვე მზადდება და ისინი უფრო დიდი იქნება მოცულობაში. ჟურნალი არის სამეცნიერო-პოპულარული ხასიათის. აქ იქნება მეგრულენოვანი სტატიები ისტორიაზე, ეთნოგრაფიაზე... მაგალითისთვის, მე შემიძლია პირველი ნომრიდან რამდენიმე სტატიის შინაარსი გაგანდოთ.

პირველივე ნომერში არის ძალიან საინტერესო სტატია გენდერის პრობლემაზე სამეგრელოში. ანუ ქალის სოციალურ ყოფაზე ძველ სამეგრელოში. ძალიან საინტერესო სტატიაა. არის ასევე ფრინველთა მეგრულ ტერმინოლოგიაზე ძალიან საინტერესო კვლევა გაკეთებული. გვაქვს ასევე ისტორიულ გათხრებზე. მათ შორის ცვანეს დიხაგუძუბაზე [კოლხური ნამოსახლარი ზუგდიდის სოფელ ცვანეში] და სხვა. გვაქვს სამეგრელოს სამთავროს გაუქმების დროინდელი ისტორია მეგრულად. ასევე, გალის რაიონში შეცვლილ მეგრულ ტოპონიმიკაზე მასალა. გარდა ამისა, რაც ძალიან საინტერესოა, გვაქვს თარგმანები. მაგალითად, ერნესტ ჰემინგუეის და ედგარ ალან პოს მოთხრობების. გვაქვს ორიგინალური ლექსები და მოთხრობები. აქედან ორი დებიუტია. ორი დებიუტანტიდან ერთ-ერთი, რომლის სახელს ჯერჯერობით არ გავამხელ და ინტრიგად დავტოვებ, არის ცნობილი, „საბას“ პრემიის ლაურეატი, რომელმაც პირველად ჟურნალისთვის შექმნა მეგრულენოვანი ნაწარმოები.

ლაივპრესი: ვინ არიან ის ადამიანები, ვისი წარდგენაც ახლა შეგიძლიათ?

გივი ქარჩავა: ვართ მე და ჩემი მეგობარი, გიგა ქავთარაძე, რომლებიც გახლავართ ორგანიზაციის დამფუძნებლები. ავტორების რაოდენობა და ვინაობა იცვლება ყოველი ჟურნალის გამოსვლისას. ნუ ჩამითვლით ინფორმაციის დამალვად, თუმცა მინდა ინტრიგად დავტოვო. არის ძალიან საინტერესო ხალხი და ავტორები. ეს ხალხი, ჯგუფი იცვლება სულ. საკმაოდ დიდი ჯგუფია, დაახლოებით 20 კაცი მაინც არის, ვინც ჟურნალისთვის დროდადრო გაამზადებს საინტერესო პოპულარულ მასალებს.

ლაივპრესი: როგორი იქნება ჟურნალის პერიოდულობა?

გივი ქარჩავა: ვფიქრობთ, ჯერჯერობით გამოვა სამ თვეში ერთხელ. თუ მოთხოვნა გაჩნდა, შეიძლება თვეში ერთხელაც გამოვიდეს, ან სხვა ჟურნალი გაკეთდეს სხვა პროფილით. ეს იქნება ყოველკვარტლური ჟურნალი. წელიწადში გამოვა 4 ნომერი.

ლაივპრესი: სად გაიყიდება ჟურნალი?

გივი ქარჩავა: ჟურნალი ჩაეშვება ჩვეულებრივ - პრესის ჯიხურებში იქნება ეს თუ მაღაზიებში. გვაქვს მოლაპარაკებაც, უბრალოდ ამ ეტაპზე ყველაფერი დახურულია და ველოდებით შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნას მაინც, რომ ონლაინ მიტანა იქნება ეს თუ, პრესის ან წიგნის მაღაზიების გახსნა, რომელიმე მაინც რომ მოხდეს, რომ უკვე დავარიგოთ ჟურნალი. ვაპირებთ თბილისში და სამეგრელოს ქალაქებში არსებულ მაღაზიებში ამ ჟურნალის განთავსებას.

ლაივპრესი: რა ეღირება?

გივი ქარჩავა: ეს არ არის კომერციული პროექტი, თუმცა იმისთვის, რომ მომდევნო ნომერი გამოვიდეს, რაღაც თანხა, რაც დაიხარჯა, უნდა შემოვიდეს. დაახლოებით 2-დან 3-ლარამდე ვვარაუდობთ. ეს არის ის თანხა, რაც ჯდება მისი დაკაბადონება და სტამბაში გამოცემა...

ლაივპრესი: ჟურნალი მთლიანად მეგრულენოვანი იქნება?

გივი ქარჩავა: დიახ და ოცდამეერთე საუკუნეში, ეს იქნება პირველი მეგრულეონავნი ჟურნალი. ჟურნალი განკუთვნილია მეგრულენოვანი ადამიანებისთვის. ვიცი, რომ მკითხავთ და ბარემ აქვე გეტყვით - რატომ მეგრულენოვანი? ვიღაც ინტრიგნები იტყვიან - რატომ? ქართლად ვერ კითხულობენ თუ რა? - მე ამაზე ყოველთვის ვეუბნები ადამიანებს და თქვენც გეტყვით: აი მაგალითად, თქვენი მეგრული ვერ არის ისეთი, როგორიც იყო თქვენი მშობლების და თქვენი მშობლების ვერ არის ისეთი, როგორიც იყო მათი მშობლების და ა.შ.

რატომ? - იმიტომ, რომ ენა არ ვითარდება, არ იწრთობა და ამ პირობებში ენა არის გალევადი რესურსი. ჩვენ ჩვეულებრივ ვხარჯავთ ამ ენას და არაფერს არ ვამატებთ. დროთა განმავლობაში სზოგადოებაში სახელმწიფოს უმოქმედობის გამო შექმნილი განწყობებისგან მივიღეთ ის, რომ მეგრული არის, მეგრულად გეტყვით, ყებურს ეკარაგადალ ნინა, ანუ ბუხართან სასაუბრო ენა, ოჯახში შინაურულად სასაუბრო ენა. მეგრულს ამ შიდამოხმარების სტატუსმა დიდი დარტყმა მიაყენა. ამ სახელმწიფოში არავინ, არც ერთი ინსტიტუცია არ სწავლობს და არ ზრუნავს მეგრულზე. სწავლობენ ენათმეცნიერები და ძირითადად ფოლკლორულ ტექსტებს, ენის სტრუქტურას და აი, როგორ გითხრათ, ენათმეცნიერები სწავლობენ მკვდარ ენებს. მეგრულიც ძალიან მალე იქნება მკვდარი და ეს რომ არ მოხდეს, ენას სჭირდება წრთობა. ენა მუდმივად უნდა ვითარდებოდეს, რომ გადარჩეს, იმიტომ, რომ ჩვეულებრივი ცოცხალი ორგანიზმია.

ენა რომ გადარჩეს, უნდა შეეჭიდოს ფოლკლორულ ტექსტებზე უფრო მეტს, განსხვავებული ხასიათის, დოკუმენტური, მხატვრული ხასიათის ტექსტებს. მეგრულს ამის საშუალება აქვს და როგორც კი ჟურნალი გამოვა, თქვენ დარწმუნდებით ამაში. მეგრულს შეუძლია ნებისმიერი სირთულის სამეცნირერო სტატია გადმოსცეს ჩვეულებრივ. აი მაგალითად, იგივე გენდერის თემაზე დაწერილი სტატია „ქალის სოციალური ყოფა სამეგრელოში“, ამას რომ გაეცნობით, თქვენ მეგრელი ქალი ხართ და თქვენ მშობლიურ ენაზე რომ გაეცნობით, თქვენი წინამორბედების ყოფას, იქნება საინტერესო. აი მაშინ ნახავთ, როგორი შესაძლებლობა აქვს ამ ენას, გადმოსცეს ნებისმიერი სირთულის ამბები. ეს არის მიზანიც - ვისაც არ სჯერა და ჰგონია, რომ მეგრული არის პრიმიტიული ენა, დავანახოთ ეს და მეორე, მეგრული ენა დაიხვეწოს და ამ სირთულეებს შეეჭიდოს ღირსეულად.

ფოტოზე: გივი ქარჩავა

ლაივპრესი: როგორ მუშაობს გუნდი მასალაზე? იქნება კვლევაზე დაფუძნებული ნაშრომები, თუ იქნება ჟურნალისტური პროდუქტიც?

გივი ქარჩავა: ჩვენ გვაქვს რუბრიკები, რომელიც გულისხმობს კვლევაზე დაფუძნებულ სტატიებს - კვლევას, ძიებას, დაკვირვებებს, ესსეს, მხატვრულ ტექსტებს, თუმცა, აი მაგალითად, პირველ ნომერში არის ჩემ მიერ საქართველოს გარეთ გაკეთებული ინტერვიუც ერთ ძალიან საინტერსო ჩვენებურ ადამიანთან, რომელიც მუშაობს „ნასაში“ [აშშ-ის კოსმოსური სააგენტო] და რომელიც მარსზე „კურიოსიტის“ [ყველგან მავალი რობოტი, რომლის საშუალებით მარსზე ღრმულის გაკეთება და ნიმუშების აღება მოხერხდა] გაშვების პროექტში მონაწილეობდა და თვითონ „კურიოსიტის“ ნაწილი დაპროგრამებულია ამ ადამიანის მიერ და მასთან ინტერვიუ ამ ჟურნალში იქნება. მომავალშიც გვექნება ინტერვიუები, მაგრამ რადგან სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალი დავარქვით, უფრო სტატიებით იქნება დაკომპლექტებული.

ლაივპრესი: ჟურნალის სახელწოდება „სქანი“ რა პრინციპით შეარჩიეთ?

გივი ქარჩავა: ასე გამოვიდა, რომ ამ ინტერვიუში ბევრ ინტრიგას ვტოვებ. პირველ ნომერში არის პატარა შესავალი მეგრულად, რომლითაც მკითხველს მივმართავთ და სადაც ახსნილია, რატომ სახელი „სქანი“, მაგრამ მოკლედ მაინც გეტყვით. „სქანი“ [შენი] იმიტომ, რომ მე პირადად და ჩემს მეგობრებს გვაქვს დიდი სურვილი, ეს ჟურნალი იყოს ძალიან ახლობელი იმ ადამიანებისთვის, ვისაც სტკივა მეგრული, ესმის მეგრული და გულშემატკივრობს მას. ეს არის მესიჯივით, ანუ ჟურნალი ელაპარაკება ადამიანს, რომ მისი განუყრელი მეგობარია.

როცა ჟურნალს ქმნი, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რას დაარქმევ. როგორც მარკეტინგულად, ასევე ფსიქოლოგიურად ეს ელაპარაკება ადამიანებს, მომხმარებლებს, ამიტომაც ბევრი არ მიფიქრია. მე დავარქვი ეს სახელი. იყო რამდენიმე ვერსია, ყველაში იყო სიტყვა სქანი...იმიტომ რომ ადამიანმა გაიგოს, რომ ეს ჟურნალი არის მისი.

ლაივპრესი: რა მოლოდინი გაქვთ, როგორ მიიღებენ მეგრულენოვან ჟურნალს, რადგან მეგრულ ენასთან დაკავშირებით აქტივობები ხშირად ასოცირდება სეპარატიზმთან.

გივი ქარჩავა: ეს ჟურნალი ღია სივრცეში დევს მხოლოდ და მხოლოდ ასოციაციის გვერდზე, საიდანაც გადააზიარეს ადამიანებმა. მე რასაც ვუყურებ და ყოველდღიურად ვითვლი კომენტარებს და ვაფასებ, ასე რომ ვთქვათ 99% არის აბსოლუტურად დადებითად გაწყობილი. მათ შორის მეგრელებიც და არა მეგრელებიც. არსებობს ადამიანების კატეგორია, ვინც ამას სეპარატიზმად აფასებს. მე მათ ცუდად არ მოვიხსენიებ, იმიტომ რომ რეალურად ეს არის გაუნათლებლობის პრობლემა საქართველოში, ის რომ ნებისმიერ მეგრულ აქტივობას მყისიერად უკავშირებენ სეპარატიზმს, რაზეც ჩვენ რა თქმა უნდა ვბრაზდებით, იმიტომ, რომ მუდმივად გვიწევს ამ ქვეყნისთვის მტკიცება, რომ მე არ ვარ სეპარატისტი და მე ვარ ამ ქვეყნის შვილი.

ამ ადამიანებს არ აქვთ განათლება, ადამიანებს ასე ჩაუნერგეს, ადამიანებს ასე ასწავლეს და ეს არის საბჭოთა მემკვიდრეობა, რომ მეგრულად საუბარი, სვანურად წერა და ლაზურად რადიოს გაშვება, არის აპრიორი სეპარატიზმი.

ეს ჟურნალი იმისთვისაც არის მოწოდებული, რომ ადამიანებს აჩვენოს, რომ არაფერი განსაკუთრებული არ არის იმაში, რომ მეგრულად იწერება ჟურნალი. მე თქვენი საიტის საშუალებით ამ ადამიანებისთვის დავტოვებ ძალიან მარტივ მინიშნებას: ბუნებაში არსებობს მეგრული ენა, ამას ვერ წაუვალთ ვერსად. თუ ადამიანები საუბრობენ სახლში, აი მაგალითად მე და თქვენ დავსხედით და ვისაუბრეთ ქალის გენდერულ პრობლემებზე მეცხრამეტე საუკუნის სამეგრელოში, ვისაუბრეთ ზეპირად, აი ეს თუ არ არის სეპარატიზმი, მაშინ ამ ნასაუბრების ქაღალდზე გადმოტანა რა პრინციპით შეიძლება აღმოჩნდს სეპარატიზმი? ამას ვერ ვხვდები. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ზოგადად მეგრულად საუბარს და მეგრულის არსებობას განიხილავენ სეპარატიზმად. მათ განათლებასთან იმდენად არ აქვთ პრობლემა რამდენადაც ქსენოფობიასთან. იმედი მაქვს, რომ ისინი ცოტა არიან. ნუ, ეს ჟურნალი მათთვის არც კეთდება პრინციპში.

ჩვენ არ ვართ სეპარატისტები, ჩვენ ვართ ამ ქვეყნის მშენებლები. მეგრელებზე მაქვს ამ შემთხვევაში საუბარი, სხვაზე ნაკლებად თუ მეტად არა, ეს ქვეყანა არ გვიშენებია, სხვაზე ნაკლებად თუ მეტად არა, ამ ქვეყნისთვის სისხლი არ დაგვიღვრია და ასე მოვიქცევით მომავალშიც! ასე რომ, ასეთ ადამიანებს შეუძლიათ მშვიდად ეძინოთ, ჩვენგან საფრთხე საქართველოს არ ემუქრება!
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს სტუმრობდა,
12:31 / 20.07.2022
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს სტუმრობდა,
სამეგრელოს ის მუნიციპალიტეტები, სადაც ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საკრებულოებში
21:06 / 05.02.2022
სამეგრელოს ის მუნიციპალიტეტები, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საკრებულოებში
გრიპის მოახლოებული სეზონი, ვაქცინაციის საგანგაშოდ
დაბალი მაჩვენებელი და მეხუთე
15:10 / 14.10.2021
გრიპის მოახლოებული სეზონი, ვაქცინაციის საგანგაშოდ დაბალი მაჩვენებელი და მეხუთე
აფხაზეთში, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, რთული
ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.
09:21 / 03.09.2021
აფხაზეთში, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.