კომენტარი
კორონავირუსი საგნებზე და უსაფრთხო დასვენება - ინტერვიუ ინფექციონისტთან
როგორ დავისვენოთ უსაფრთხოდ საქართველოში ისე, რომ მოგზაურობისას, ზღვის სანაპიროზე თუ სასტუმროებში, ახალი კორონავირუსით არ დავინფიცირდეთ. რამდენი ხნით რჩება ინფექცია სხვადასხვა სახის ზედაპირზე, "ლაივპრესი" "ჯანმრთელობის კვლევის კავშირის" დირექტორს და ინფექციონისტ მაია ბუწაშვილს ესაუბრა.

ლაივპრესი: ვრცელდება მოსაზრებები, რომ კორონავირუსის ინფექცია დიდი ხნის განმავლობაში რჩება სხვადასხვა სახის ზედაპირზე და ადამიანებისთვის ინფიცირების ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენს. რეალურად, რა პერიოდია ვირუსის სიცოცხლის ხანგრძლივობა ზედაპირებზე და რომელ ზედაპირებზე შეიძლება დარჩეს ის უფრო დიდხანს?

მაია ბუწაშვილი: ამ კუთხით დიდი პროგრესი არ არის კვლევების თვალსაზრისით. რაც დასაწყისში ვრცელდებოდა ინფორმაცია, ისევ ის არის. ზედაპირებით გადაცემის ალბათობა არ არის იმდენად მაღალი. მთავარ გზად მაინც რჩება პირდაპირი კონტაქტი. თუმცა რა თქმა უნდა, ზედაპირებიც უნდა გვახსოვდეს.

რაც შეეხება დასვენების თემას, ვინაიდან ძირითადად უფრო ზღვის კურორტებია საყურადღებო, სანაპიროებზე ზედაპირებით ინფექციის გადაცემის რისკი მკვეთრად ნაკლებია იმ მხრივ, რომ პირდაპი ულტრაიისფერი სხივების ქვეშ ეს ვირუსი მალე იღუპება. ამიტომ, აქტუალურად მაინც რჩება ადამიანებს შორის პირდაპირი კონტაქტი და ოქროს წესი - დისტანცირების დაცვა. ეს უფრო დაიცავს ადამიანებს, ვიდრე ზედაპირებთან დაკავშირებული სიფრთხილე. თუმცა რა თქმა უნდა, ყოველ ნაბიჯზე ჰიგიენა და ხელების დამუშავება რჩება სტანდარტად. ამიტომ, ყველგან, ეს იქნება პლაჟი, ზღვის კურორტი, ადამიანებს შორის მანძილი უნდა იყოს დაცული და ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრევენციული ღონისძიება.

ლაივპრესი: მუყაო იქნება ეს, პლასტმასი, თუ რკინის ზედაპირი, გვაქვს დაახლოებითი ინფორმაცია, რომელზე შეიძლება უფრო მეტხანს ცოცხლობდეს კორონავირუსის ინფექცია?

მაია ბუწაშვილი: რაც უფრო ფოროვანია ზედაპირი, მით უფრო დიდხანს ცოცხლობს. მაგრამ აქ წამყვანი ის არის, რომ თავიდან რაც ვრცელდებოდა ინფორმაცია, საათებსაც კი წერდნენ, ის იმდენად აქტუალური არ არის. ის ფაქტი, რომ ზეგ იპოვიან ვირუსის გენეტიკურ მასალას, ავტომატურად არ ნიშნავს, რომ გადადების თვალსაზრისით სარისკოა. შეიძლება იქ ვირუსის ნარჩენი იყოს, აღმოჩინოს გამოკვლევამ ვირუსის გენეტიკური მასალა, მაგრამ რამდენად ექნება მას დამაინფიცირებელი უნარი, ეს საკითხი კვლავ ღიად რჩება.

ლაივპრესი: გასაგებია, რომ უშუალოდ ზღვაში ბანაობისას ულტრაიისფერი სხივები მოქმედებს და დაინფიცირების რისკი მინიმალურია. თუმცა უშუალოდ სანაპიროზე, შეზლონგებზე რამდენად ნარჩუნდება ეს რისკი?

მაია ბუწაშვილი: პლაჟზე დისტანციის დაცვა უნდა ახსოვდეს ყველას. ძალიან გართულდება ალბათ რეგულირება, რომ ცალ-ცალკე ყველა ადამიანს დაადგნენ თავზე და დააცილონ. ახლა არ არის იმდენად გადატვირთული სანაპიროები, რომ ამის დაცვა შეუძლებელი იყოს. ამიტომ, თვითონ მოქალაქეებმა უნდა დაარეგულირონ. ვიღაც თუ პლაჟზეა, მეორე აუცილებლად გვერდზე არ უნდა მოთავსდეს და დაიცვას დისტანცია.

ზედაპირებზე როცა ვლაპარაკობთ და ულტრაიისფერი სხივების მოქმედებაზე, სანაპიროზე არსებულ საგნებზე ვამბობ, თუ მზეა, პირდაპირი სხივები საკმაოდ კარგად მუშაობს გასაუვნებლად.

ლაივპრესი: შიდა ტურიზმი გულისხმობს გადაადგილებას ერთი ქალაქიდან მეორეში, რეგიონიდან რეგიონში, მგზავრობას სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებით. რა უნდა გავითვალისწინოთ ამ პროცესში, სანამ დანიშნულების წერტილამდე მივალთ?

მაია ბუწაშვილი: ზოგადად ტრანსპორტთან დაკავშირებით ჩვენი, სპეციალისტების რეკომენდაცია თავიდანვე იყო, რომ როგორმე მოხერხებულიყო და ტრანსპორტის რაოდენობას როგორც ქალაქს შიგნით, ისე საქალაქთაშორისოს დამატებოდა, იმიტომ, რომ შესაძლებელი ყოფილიყო მანქანის სალონში, ავტობუსი იქნება, თუ სამარშრუტო ტაქსი, ადამიანებს შორის მანძილის დაცვა. ეს სამწუხაროდ ასე არ მოხდა. ტრანსპორტის რაოდენობა ამის საშუალებას არ იძლევა. ამიტომ, რისკი კვლავ რჩება, რადგან მოქალაქეებს კვლავ უწევთ ერთმანეთის გვერდით ჯდომა. მინიმუმ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაარღვიონ მძღოლებმა წესი და დამატებით არ უნდა დაამატონ ფეხზე მდგომი მგზავრები. სამწუხაროდ, ამის მაგალითებს ვხედავთ - ისევ შუაში ჩადგმული დამატებითი სკამები. ეს გამორიცხულია. კიდევ უფრო მეტ რისკს და სიმჭიდროვეს ქმნის. რაც შეიძლება ხალვათად უნდა იყვნენ ადამიანები ტრანსპორტის შიგნით და გამოიყენონ პირბადე. ეს არის გამოსავალი.

ლაივპრესი: უშუალოდ როცა მივალთ, იქნება ეს სასტუმრო თუ საოჯახო ტიპის სასტუმროები, აქ უშუალოდ მოქალაქეებზე რა არის დამოკიდებული, გარდა იმისა, რომ იქ შეიძლება მეპატრონემ დეზინფიცირებული სივრცე დაგვახვედროს?

მაია ბუწაშვილი: არ უნდა გავუჯიუტდეთ, როცა მოგვიწოდებენ მაგალითად სასტუმროს მისაღებში. იქ უნდა ვიქონიოთ პირბადე, რადგან ბევრი ადამიანი იყრის თავს, სანამ ნომერში შევა. უნდა დავემორჩილოთ მითითებებს. მეც მინახავს, უკმაყოფილოები არიან სტუმრები, როცა დაცვა, ან ვინმე სხვა მიუთითებს პირბადეზე. ასევე, კაფეტერიებში დილის საუზმის დროს, რეგულაციების თანახმად ბარიერების იქით არის პროდუქტი და ეს დისკომფორტს უქმნის დამსვენებლებს. უნდა დამორჩილდნენ ამ წესებს, რადგან ეს ყველას ჯანმრთელობისთვის კეთდება. ყველგან, სადაც ვართ, იქნება ეს სატუმრო, პარკი თუ სანაპირო, კი ქმნის დისკომფორტს ყოველ წუთს ამაზე ფიქრი, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ უნდა დავიცვათ მანძილი სხვა ადამიანებისგან.

ლაივპრესი: ტემპერატურის მატებამ თუ შეამცირა ვირუსის აგრესიულობა როგორც გავრცელების, ისე სიკვდილიანობის კუთხით?

მაია ბუწაშვილი: არა. არც იყო ამის მოლოდინი. ხშირად ვსაუბრობდით ამაზე, მაგრამ რატომღაც ადამიანებს ჰქონდათ ამის მოლოდინი. ტემპერატურის მატების მიუხედავად, რეალურად ამ პანდემიის უკან დახევის არავითარი ნიშანი არ არის.

ლაივპრესი: ბოლო დღეებში შემთხვევების მატება ნიშნავს თუ არა იმას, რომ ადამიანები მოეშვნენ და ისე აღარ იცავენ რეკომენდაციებს?

მაია ბუწშვილი: ნაწილობრივ ალბათ, მაგრამ რეალურად კარგი ის არის, რომ შემთხვევების მატება არ არის ქაოსური და მთელს ქვეყანაზე გაშლილი. ისევ კონკრეტულ რეგიონში და კონკრეტულ კლასტერებს უკავშირდება. აღმავლობა ისევ არის ქვემო ქართლში. იმედია ლოკალიზება მოხდება ისევე, როგორც ადრე. ჯერჯერობით არ გვაქვს იმის ნიშნები, რომ ქვეყანაში შემთხვევების მასიური აღმავლობა იყოს.

ლაივპრესი: რამდენად უსაფრთხოა თქვენი აზრის საქართველოში დღეს დასვენება და შიდა ტურიზი?

მაია ბუწაშვილი: რეალურად გარანტირებული უსაფრთხოება არ არსებობს არც ტურისტისთვის და არც ქალაქში მყოფისთვის. არცერთი ადამიანისთვის. ჩვენ ჯერ არ დაგვიმარცხებია ეს ვირუსი. რაღაც რისკებს რა თქმა უნდა შეიცავს გადაადგილება, მოქალაქეთა შეკრება, ტურიზმი, მაგრამ ცხოვრებას ვერ გავაჩერებთ. ეს აცილებელია. მოქალაქეები უნდა ფრთხილობდნენ და ახსოვდეთ, რომ სხვა ადამიანი არის პოტენციურად მისი ინფიცირების რისკის მატარებელი და მისგან უნდა დაიცვან დისტანცია.