კომენტარი
რატომ არ სჯერათ კორონავირუსის არსებობის - უნდობლობის საფრთხე
FaceBook Twitter
E-mail Print
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში 35 მილიონს გადააჭარბა კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა, საქართველოში კი ბოლო დღეებია რამდენიმე ასეული ფიქსირდება, მოქალაქეთა ნაწილი ვირუსის არსებობას დღემდე არ აღიარებს. თუ რატომ და რა საფრთხეებს უკავშირდება ეს უნდობლობა, "ლაივპრესი" რუხის საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, ინფექციონისტ მაიკო ჯანაშიას ესაუბრა.

ლაივპრესი: უკვე რვა თვეა, რაც კორონავირუსს ებრძვის საქართველო. თუმცა მოსახლეობის ნაწილს, ვირუსთან თანაცხოვრების მიუხედავად არ სჯერა მისი არსებობის. რატომ?

მაიკო ჯანაშია: საერთოდ, საქართველოში და მსოფლიოში რამე თემა არსებობს, რაზეც ერთგვარია მოსაზრება? ალბათ იმიტომ აქვთ ეს განცდა, რომ ხშირ შემთხვევაში კორონავირუსი სერიოზული სიმპტომების გამოვლენის გარეშე მიმდინარეობს. როცა შეიძლება კვლევებში და ლაბორატორიებში სერიოზული ცვლილებები იყოს და ადამიანს არაფერი არ ეტყობოდეს, აქედან გამომდინარე ალბათ ფიქრობენ, რომ ტყუილის მსხვერპლნი არიან. როცა ადამიანი თავს ცუდად არ გრძნობს, ჰგონია, რომ ეს ვირუსი არ არსებობს. სინამდვილეში არსებობს და შეიძლება უსიმპტომოდაც მიმდინარეობდეს და მძიმედაც.

ლაივპრესი: წარმოადგენენ თუ არა სწორედ ეს, უსიმპტომო ადამიანები განსაკუთრებულ საფრთხეს გარშემომყოფებისთვის და ვირუსის გავრცელების ძირითად წყაროს?

მაიკო ჯანაშია: რა თქმა უნდა არიან იმიტომ, რომ არ სჯერათ ამ ვირუსის არსებობის და შესაბამისად, მინიმალურად იცავენ მოწოდებულ სტანდარტს. პლიუს, როცა უსიმპტომოა, არ ერიდებიან სხვასთან კონტაქტსაც.

ლაივპრესი: თუმცა არიან სიმპტომიანი პაციენტები, რომლებსაც ასევე არ სჯერათ კორონავირუსის და ამბობენ, რომ ეს ჩვეულებრივი გრიპია, გაციებაა..

მაიკო ჯანაშია: ამ შემთხვევაშიც ხდებას ის, რომ რიგ შემთხვევაში მოგვიანებით ხდება ვირუსის დადასტურება. ძალიან რომ გაურთულდებათ, მაშინ მოგვმართავენ და შორს წასული პროცესია. ამასობაში რამდენ ხანს ჰქონდათ სხვა ადამიანებთან კონტაქტი? რაც უფრო მეტი დღე ექნებათ, მით უფრო მეტია რისკი ვირუსის გადადების შანსი რაოდენობრივად.

ლაივპრესი: ურწმუნო განწყობები განსაკუთრებით მეორე ტალღის პერიოდში გამოიკვეთა. ინფიცირებულთა რიცხვის ნახტომისებრმა ზრდამაც ხომ არ შეუწყო ხელი უნდობლობის გაღვივებას?

მაიკო ჯანაშია: ეს ნახტომისებრი ზრდა სავარაუდოდ ისედაც მოსალოდნელი იყო, რადგან შემსუბუქდა რეგულაციები და როცა ჩაკეტილი ხარ, მაშინ ვირუსი როგორ გავრცელდება, თუ არავისთან გაქვს კონტაქტი? როცა გაქვს კონტაქტი, თავისთავად უფრო მეტად ვრცელდება. აქედან გამომდინარე, შეიძლება შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს ეს ტალღა, თუმცა ეს ალბათ დროებითია, რადგან მას სეზონური გრიპიც რომ დაერთვება, სიტუაცია უფრო რთული იქნება. ადამიანები ცოტა შეეჩვივნენ ამ მდგომარეობას, რომ არსებობს კოვიდი. ისეთ სტრესში აღარ არიან, როგორც თავიდან. ალბათ მიჩვევამაც განაპირობა ამ საკითხისადმი შედარებით მსუბუქად შეხედვა.

ლაივპრესი: თქვენ გაქვთ სამსახურებრივად შეხება ამ ადამიანებთან, ვისაც არ სჯერა კორონავირუსის. რას გეუბნებიან, როცა უკვე დადასტურებული დიაგნოზით შემოჰყავთ საავადმყოფოში?

მაიკო ჯანაშია: რა თქმა უნდა ჭირს ამ ადამიანების დარწმუნება, თუმცა, თუ დაუდგინდათ კორონავირუსი, მიუხედავად უსიმპტომობისა, ან გამოუვლინდათ პნევმონია და შესაბამისი მკურნალობა დასჭირდათ, მეტ-ნაკლებად შემდეგ იჯერებენ ხოლმე. ან შეიძლება უსიმპტომოები არიან და მერე დაუდასტურდეთ და პირველივე ნიშანზე პანიკაში ვარდებიან. ზოგი საბოლოოდ მაინც არ იჯერებს, მაგრამ უმეტესობა კლინიკაში მოთავსებული, იჯერებს, როცა ხედავს მის ირგვლივ ცოტა უფრო მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტს. მეტ-ნაკლებად კლინიკაში მოხვედრილი იჯერებს. კლინიკაში ვინც არ ხვდება, მათი არ ვიცი.

ლაივპრესი: აფხაზეთიდან გადმოყვანილ პაციენტებში როგორი განწყობაა? საბერიოში ჩვენ ვისაც ვესაუბრეთ, უმრავლესობა ამ ვირუსს არ აღიარებს.

მაიკო ჯანაშია: რაიმე განსაკუთრებული სირთულე აფხაზეთიდან მიღებულ პაციენტებთან არ შეგვხვედრია. ერთმანეთს ყველა იცნობდა და იცოდნენ, რომ შესაძლოა რომელიმე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულიყო. საბერიოსთან დაკავშირებით რაიმე სირთულე არ შემქმნია, რომ კლინიკაში მოთავსებული ვერ დავაჯერეთ. გულის სიღრმეში სჯერათ თუ არა, არ ვიცი, მაგრამ აქ ეს არ დაუფიქსირებიათ.

ლაივპრესი: როცა კოვიდინფიცირებული გარდაიცვლება და მას თანმხლები დაავადებები აქვ, მოქალაქეების ნაწილი ფიქრობს - რატომ კეთდება აქცენტი კორონავირუსზე, როცა სხვა მძიმე დაავადებებიც ჰქონდათ..

მაიკო ჯანაშია: რეალურად, ეს დაავადებები ასეთ ადამიანებს ერთი თვის წინაც სჭირდათ. გუშინდელი და დღევანდელი ამბავი ხომ არ არის? მაშინ რატომ არ გარდაიცვალნენ ერთი ან ორი თვის წინ? დაერთოთ კორონავირუსი და გაურთულდათ დაავადებები. ვთქვათ, შაქრიანი დიაბეტი რომ იყოს მომაკვდინებელი, ყველა გარდაიცვლებოდა. რაღაცამ თუ არ გაართულა დიაბეტი, გულის უკმარისობა და სუნთქვის უკმარისობა, ხალხი წლები ცხოვრობს და რაღა მაინცდამაინც კორონავირუსი რომ დაერთვება, მაშინ კვდებიან? კი, ჰქონდათ თანმხლები დაავადებები, ნიშნავს, რომ დასუსტებული ორგანიზმი ვერ ებრძვის სათანადოდ ამ დაავადებას და უფრო დიდი შანსია მდგომარეობის დამძიმების, რადგან თავისი მილიონი გაჭირვება ჰყოფნის ამ ორგანიზმს და კოვიდი რომ დაემატება, სტრესში ვარდება. ცალსახად, აქ კავშირში მაინც არის კორონავირუსი. შეიძლება გრიპის ვირუსი დაერთოს და სიკვდილი განაპირობოს. სიკვდილი როცა დგება, რაღაც მწვავე პროცესი განაპირობებს და არა ვთქვათ, რომ მთელი ცხოვრება თანმხლები დაავადებით ცხოვრობდა.

ლაივპრესი: თქვენი დაკვირვებით, დღეს უფრო მეტს სჯერა კორონავირუსის, თუ ნაკლებს?

მაიკო ჯანაშია: ვფიქრობ, პანდემიის დასაწყისში უფრო სჯეროდათ, რადგან რაღაც ბომბივით იყო ეს ამბავი. მერე გავრცელდა სხვადასხვა ინფორმაცია, ხან 5 ჯი, ხან ჩიპები.. უკვე ლაბილურია ხალხის ნებისყოფა. უფრო მარტივად ექცევა სხვისი გავლენის ქვეშ. რამდენიმე დამაჯერებლად რომ აუხსნის, რომ ეს ასეა, მერე დაფიქრდება, მართლა ასე ხომ არ არის? მეტ-ნაკლებად დაიღალნენ. მობეზრდათ შეზღუდვები, კარანტინი. მობეზრდათ პირბადე და ურჩევნიათ დაიჯერონ ის, რაც მათთვის უფრო მისაღებია. შესაბამისად, რაც უფრო დრო გავა, მით უფრო ნაკლებ დაიჯერებენ კორონავირუსის არსებობის.

ლაივპრესი: ეს გაართულებს გავრცელების კუთხით ვითარებას..

მაიკო ჯანაშია: ფაქტია, რომ რეალურად ამ საშიშროების წინაშე დავდექით.

ლაივპრესი: მედიის როლს როგორ ხედავთ ინფორმაციის გავრცელების პროცესში?

მაიკო ჯანაშია: მედია მეტ-ნაკლებად აქტიურად არის ჩართული. ვფიქრობ, მათი მხრიდან ინფორმაციულ ვაკუუმში მოსახლეობა არ უნდა იყოს. ყველანაირი რაკურსით არის ეს პრობლემა დაყენებული. ხალხმა ახლა თვითონ უნდა გადაწყვიტოს და დასკვნები გააკეთოს, რეალობას შეეგუონ. ალბათ დროა ამის უკვე. არარეალური ზღაპრების დრო აღარ არის. მესმის, რომ რიგ შემთხვევაში დაავადება მსუბუქად მიდის და არ არის მომაკვდინებელი, მაგრამ ერთი რამ ძალიან კარგად ვიცი, ეს ვირუსი იმდენად ამოუცნობია და ახალი, 21-ე საუკუნეში მისი საწინააღმდეგო წამალი ამ დრომდე რომ ვერ გამოიგონეს, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ხვალ-ზეგ რას მოიმოქმედებს, არავინ არ იცის. იმდენად ნაკლებად პროგნოზირებადია, რომ სიფრთხილეს თავი არ სტკივა და რაც უფრო დაიჯერებენ, რომ არსებობს, და არსებობს, მით უკეთესი ყველასთვის.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
თვალი, რომ ადამიანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ორგანოა და მისი მოვლა
აუცილებელია, არახალია.
14:42 / 16.10.2020
თვალი, რომ ადამიანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ორგანოა და მისი მოვლა აუცილებელია, არახალია.
რატომ არის შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში კორონავირუსით
ინფიცირების,
16:12 / 27.08.2020
რატომ არის შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში კორონავირუსით ინფიცირების,
როგორ დავისვენოთ უსაფრთხოდ საქართველოში ისე, რომ მოგზაურობისას,
ზღვის სანაპიროზე თუ სასტუმროებში,
19:06 / 27.07.2020
როგორ დავისვენოთ უსაფრთხოდ საქართველოში ისე, რომ მოგზაურობისას, ზღვის სანაპიროზე თუ სასტუმროებში,
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პანდემიით დაზარალებული ფერმერები ახალი შესაძლებლობების ძიებაში
პანდემიის დროს გამოცხადებული კარანტინის გამო, ფერმერები დაზარალდნენ,
ეთნოსოფელი უცხოელი სტუმრების გარეშე
პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო მნიშვნელოვნად იზარალა
ხანდაზმულთა ცხოვრება პანდემიის წესებით [ვიდეო]
ზუგდიდში მოქმედმა ხანდაზმულთა დღის
პანდემიაგამოვლილი თხილის გზა ექსპორტამდე
თხილის ბაღებში შეწამვლის სამუშაოები კარანტინს დაემთხვა.
ფოტო
სვანეთი შემოდგომის ფერებში [ფოტოამბავი]
სვანეთი წელიწადის ნებისმიერ დროს გამოირჩევა
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.