კომენტარი
ახალგაზრდა თაობა მზადაა გვემეგობროს - ბლოგერი აფხაზეთიდან
FaceBook Twitter
E-mail Print
გელა ხასაია ოკუპირებული აფხაზეთიდანაა. ის დღეს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობს, თუმცა მშობლიურ გალზე, გალელების უფლებრივ მდგომარეობაზე ხშირად წერს. ამისთვის ფეისბუკ ბლოგი "აფხაზური ამბები" შექმნა. აქ სიახლეებთან ერთად, აფხაზეთის ფოტოებს და ვიდეოებსაც ნახავთ.

ლაივპრესი: პირველ რიგში გაეცანით ჩვენს მკითხველს. ვინ ხართ და რას აკეთებთ.

გელა ხასაია:
მე ვარ აფხაზეთიდან, გალის რაიონის სოფელ საბერიოდან. ჩემები ახლაც იქ ცხოვრობენ. სკოლა გალში დავამთავრე. შემდეგ გადავწყვიტე ჩამებარებინა აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უნივერსიტეტში. ეს არ ყოფილა მარტივი გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებას ჰქონდა უარყოფითი და დადებითი მხარეები.

ლაივპრესი: რა იყო ამ გადაწყვეტილების პოზიტიური და ნეგატიური მხარე?

გელა ხასაია: მანამდეც მქონდა ურთიერთობა აფხაზ მეგობრებთან, სანამ ჩავაბარებდი. მეექვსე-მეშვიდე კლასში იყო გარკვეული პრობლემები, რის გამოც ბანაკებში არ გამოგვდიოდა კომუნიკაცია. ყოველთვის დაყოფილები ვიყავით გალელებად და სოხუმელებად. ერთიანად, ჩვენ, როგორც გუნდი, არ მახსოვს, რომ პროექტში ვყოფილიყავით.

ლაივპრესი: რატომ? ვინ გყოფდათ ასე? თუ თქვენ თვითონ დისტანცირდებოდით ერთმანეთისგან?

გელა ხასაია: ორივე მხრიდან იყო მსგავსი დამოკიდებულება. ჩვენც გვქონდა სტერეოტიპი, რომ მათ ჩვენთან არ უნდათ და ისინიც ფიქრობდნენ, რომ გალელებს არ მოვწონვართ ჩვენ. ეს მშობლების ბრალიც არის, გარემოს, სკოლის, ხალხის. ეს შემდეგ განაპირობებს იმას, რომ რა განწყობითაც მიდიხარ, იმ განწყობით ხვდები ადამიანებს. ამიტომაც, გალის რაიონის ბავშვები ვიყავით ცალკე, სოხუმელები ცალკე. ოთახებში განაწილებაც ამგვარად ხდებოდა. ეს ყველაფერი ჩემში ყოველთვის იწვევდა პროტესტს. თუმცა შემდეგ ვცდილობდით რაღაცნაირად კომუნიკაციას და დამეგობრებასაც ვახერხებდით. ეს იყო ჩემთვის პოზიტივი, რომ გამერღვია სტერეოტიპული ჯაჭვი. ზუსტად ეს ინტერესი მქონდა, შევძლებდი თუ არა მათთან მეგობრობას უნივერსიტეტში და იმ გარემოში, სადაც ვიქნებოდი. პარარაელურად იმასაც ვფიქრობდი, რომ ჩვენთან, თუ აფხაზეთის უნივერსიტეტს ამთავრებ გალის რაიონის მცხოვრები, აუცილებლად უნდა იმუშაო ან ჰესში, ან სკოლაში. არის ასეთი ასეთი წარმოდგენა. ერთგვარი სტერეოტიპი მეგონა, მაგრამ სწავლის პროცესში მივხვდი, რომ რეალურად ასეცაა, და რომ არ გაქვს საშუალება, სოხუმში დასაქმდე, ან ოჩამჩირეში.

ნეგატივი იყო ის, რომ მომიწევდა რუსულ პროპაგანდაზე თვალების დახუჭვა. წინასწარ ვიცოდი, იქ ვერაფერს გავაპროტესტებდი. ასევე, მქონდა მოლოდინი, რომ შეიძლებოდა გამართლებულიყო ჩემი ეჭვები და საზოგადოებას არ მივეღე. მესამე იყო ლექტორების დამოკიდებულება, რადგან მესმოდა, რომ ისინი ქართველ ბავშვებს წნეხის ქვეშ აყენებდნენ, ქულებს აკლებდნენ. ეს გამართლდა ჩემს შემთხვევაში. ბევრი ლექტორი მაკლებდა ქულას. მყავდნენ ისეთებიც, რომლებიც მიმტკიცებდნენ, რომ ქართველი კი არა მეგრელი ვიყავი. პირველი პრობლემა, რასაც შევეჯახე გამოცდების პროცესში, ეს იყო აფხაზეთის ისტორიის გამოცდა, სადაც შემხვდა სულ სხვა საკითხზე ბილეთი, მაგრამ, ჩემდა სამწუხაროდ და გასაკვირად, ამ ბილეთის ნაცვლად, შეგნებულად მომაყოლეს ომის პერიოდზე. სამი წელი ვისწავლე იქ და მესამე წლის ბოლოს გადმოვედი თბილისში, სოხუმის უნივერსიტეტში.

ლაივპრესი: რა იყო ამ გადაწყვეტილების მიზეზი?

გელა ხასაია: ბევრი მიზეზია, მაგრამ მთავარს გეტყვით. გავაანალიზე და მივხვდი, რომ მხოლოდ ჰესში და გალის სკოლებში მომიწევდა მუშაობა და სხვა პერსპექტივა არ მქონდა. მეორე მიზეზი იყო პოლიციაში მუდმივი სიარული და რაღაც თემებზე საუბარი. მაგალითად, მოდიოდნენ უნივერსიტეტში. კითხულობდნენ, თუ ვინ იყო კურსზე ქართველი-მეგრელი. შემდეგ გვიბარებდნენ. გვეკითხებოდნენ, გვქონდა თუ არა კონტაქტი საქართველოსთან და თუ კი, რა სახის. გვთავაზობდნენ გარკვეულ თანამშრომლობას, რაზეც უარს იღებდნენ. პოზიტივი ამ ყველაფერში არის ის, რომ ამ სამი წლის განმავლობაში კურსელებთან, უნივერსიტეტელებთან, მეზობლებთან, ახალგაზრდებთან არასდროს არ მქონია რაიმე სახის პრობლემა. პირიქით, ძალიან ბევრი შემთხვევა იყო, როცა ლექტორისგან დავუცვივარ ჩემს თანაკურსელებს. გამოუხატავთ პროტესტი, რომ მსგავსი შინაარსის ტექსტები არ უნდა ეთქვათ ჩემთვის.

ლაივპრესი: სტერეოტიპები დაგენგრათ..

გელა ხასაია: კი. ახალგაზრდა თაობა მზად არის კომუნიკაციისთვის, მზად არის იმისთვის, რომ გვემეგობროს. ოღონდ ერთი ძირითადი კანონი არსებობს კომუნიკაციაში შესვლის წინ - არ უნდა ვესაუბროთ მათ პოლიტიკაზე, ტერიტორიულ მთლიანობაზე. არც ისინი მაყენებდნენ შეურაცხყოფას და მიმტკიცებდნენ, რომ იცი რა, აფხაზეთი ჩვენია და შეიგნე. არც მე ვაძლევდი თავს იმის უფლებას, საპირისპირო მემტკიცებინა მათთვის.

ლაივპრესი: მართალია აფხაზეთი დატოვეთ, მაგრამ დღემდე წერთ იქაურ ამბებზე. შექმენით ფეისბუკ ბლოგიც. რატომ გადაწყვიტეთ, თქვენი სათქმელისთვის ეს ფორმა მიგეცათ? რას ემსახურება ეს ყველაფერი?

გელა ხასაია: ყველაზე დიდ პრობლემას აფხაზეთში ვხედავ, ყველაზე დიდი პრობლემა იქ არის, მაგრამ საზღვრის აქეთა მხარეს მყოფ ადამიანებს ძალიან მწირი ინფორმაცია აქვთ, რა ხდება დღეს იქ. როცა გადმოვედი სოხუმის უნივერსიტეტში, მეკითხებოდნენ, რას ნიშნავს, რომ რუსულ ენაზე მიმდინარეობს სწავლა, ქართული აიკრძალა? ასეთი კითხვები როცა მესმოდა, დავკარგე იმის განცდა, რომ ოდესმე შეიძლება აფხაზეთი დავიბრუნოთ. თუ საზოგადოებას არ ექნება სწორი ინფორმაცია და ინტერესი, ვფიქრობ, ასე ურთიერთობის აღდგენა შეუძლებელია. მე აქტიური ვიყავი მაშინაც კი, როცა სოხუმში ვცხოვრობდი. ვაანალიზებდი, რომ ეს შეიძლება საფრთხის შემცველი ყოფილიყო. ლაივებსაც ვრთავდი სოხუმის ცენტრიდან და ვსაუბრობდი ქართულად. რამდენიმე ქართველს თავისი სახლიც კი ვანახე, სადაც დღეს სხვები ცხოვრობენ. როცა გადმოვედი, ვიგრძენი, რომ მქონდა ჩემი პასუხისმგებლობა. ის, რომ წამოვედი და აბა კარგად, ამას ვერ გავაკეთებდი. არასდროს ვიტყვი, რომ მინდა ბლოგერობა, ან ვარ ბლოგერი. ერთ ადამიანსაც რომ მივაწოდო პატარა ინფორმაციაც კი, ესეც რაღაცას ნიშნავს. რაც მე ვიცი და რაც გამომიცდია საკუთარ თავზე, ვფიქრობ კარგია, რომ ამ ყველაფერს სხვასაც აწვდი და მერე ის გადააფასებს რაღაცებს, რა არის სწორი და რა არა.

ლაივპრესი: როცა ასე ღიად წერთ გალელების უფლებებზე, არ გეშინიათ, რომ იქ მცხოვრებ თქვენს ოჯახის წევრებს შეექმნებათ საფრთხე?

გელა ხასაია: ეს პრობლემა მქონდა აფხაზეთში ცხოვრების პერიოდში. მაშინ უფრო ახდენდნენ ჩემს ყველა ნაბიჯზე რეაგირებას. შემოუთვლიდნენ ჩემს მშობლებს, რომ დავერიგებინე. მაგრამ დღეს.. არ ვიცი რამდენად სწორი ვარ.. დღეს უფრო აქტიური ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზიებში გამოვედი, ღიად ვისაუბრე რაღაც თემებზე, ჩემებთან არავინ მისულა. ავიღოთ თუნდაც ის ბიჭი, გალში აფხაზური დროშა დაწვა. ეს რომ გაეკეთებინა 6-7 წლის წინ, 90%-ით დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ცოცხალი არ იქნებოდა. ამით იმის თქმა მინდა, როგორც ჩვენ ვვითარდებით წლებთან ერთად, ვითარდება აფხაზეთიც.

ლაივპრესი: თუ ინარჩუნებთ კომუნიკაციას აფხაზ კურსელებთან?

გელა ხასაია: კი, ვინარჩუნებ. ფეისბუკზე ყველა მეგობრებში მყავს. ფეისბუკს აქვს ფუნქცია, რომ ჩემი ქართული პოსტები წაიკითხონ რუსულად და კითხულობენ. მე ღიად ვწერ ჩემს დამოკიდებულებას. ამიტომ, როცა მათზე ვსაუბრობ, ვფრთხილობ რეალობას არ ავცდე და ის არ ვთქვა, რაც არ ყოფილა.

ლაივპრესი: გააგრძელებთ აფხაზეთის თემატიკაზე მუშაობას? გაქვთ რაიმე კონკრეტული გეგმა? აპირებთ ჩასვლას?

გელა ხასაია: მინდა ჩამოვაყალიბო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ამ მიმართულებით რეალურად იმუშავებს და არა ისე, როგორც დღეს ორგანიზაციების უმრავლესობა მუშაობს. ისეთი ორგანიზაცია სჭირდება საქართველოს, რომელიც დაეხმარება აფხაზეთში მცხოვრებ ადამიანებს პრობლემების გადაწყვეტაში. დღეს არ მეგულება ერთი სივრცე, ერთი კონკრეტული ლოკაცია, სადაც მივალ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანი და ისინი რაღაცას გააკეთებენ. ორგანიზაციების უმრავლესობა ლაპარაკის რეჟიმშია. გვანახებენ კადრებს, რომ აფხაზეთი არ უნდა დავივიწყოთ. რეალურად, გამონაკლისების გარდა, საქმის გამკეთებლად არავინ მეგულება.

რაც შეეხება აფხაზეთში მიმოსვლას, მქონდა დროებითი საბუთი, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობდი. არ მქონდა იქაური პასპორტი. ორი წელი არ გადამიკვეთავს ე.წ. საზღვარი და საბუთიც გამიუქმდა. თუ მოვახერხებ საბუთის გაკეთებას, აუცილებლად ჩავალ, რადგან არაფერი საშიში მე არ გამიკეთებია. ვფიქრობ, არანაირი პრობლემა არ შემექმნება.

ლაივპრესი: ხომ არ დაგრჩათ კიდევ რამე სათქმელი?

გელა ხასაია: როცა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანებისთვის არის რაღაც რეგულაციები, გამონაკლისები, ეს არ უნდა იყოს მხოლოდ აფხაზებზე ან ქართველებზე. უნდა იყოს ყველასთვის. როცა გალელების უფლებებს აფხაზები არღვევენ და ამავდროულად ამ უფლებებს საქართველო არღვევს, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგდია. მე ვგულისხმობ თუნდაც ჯანდაცვას, რომელიც 100%-ით უფინანსდებათ აფხაზებს. მიხარია, რომ ჩვენი სახელმწიფო ამას აკეთებს, მაგრამ იგივე გამონაკლისი უნდა იყოს იქ მცხოვრებ ქართველებზეც. ჩვენ ხომ ორმაგი წნეხის ქვეშ ვართ. არჩევნებზეც მინდა ვისაუბრო. ერთი განცხადება არ გაკეთებულა სახელმწიფოს მხრიდან, რომ წუხან იმის გამო, რომ ეს ადამიანები ვერ მონაწილეობენ არჩევნებში. არცერთი პლატფორმა არ გამოუყენებიათ ამისთვის. არც უფიქრიათ ისეთი რამ მოეფიქრებინათ, რომ მათაც ესარგებლათ ხმის უფლებით. ამით იმის თქმა მინდა, რომ აფხაზებს ხომ არ ვაინტერესებთ და, არც ქართულ მხარეს ვაინტერესებთ დიდად სამწუხაროდ.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს სტუმრობდა,
12:31 / 20.07.2022
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს სტუმრობდა,
სამეგრელოს ის მუნიციპალიტეტები, სადაც ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საკრებულოებში
21:06 / 05.02.2022
სამეგრელოს ის მუნიციპალიტეტები, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საკრებულოებში
გრიპის მოახლოებული სეზონი, ვაქცინაციის საგანგაშოდ
დაბალი მაჩვენებელი და მეხუთე
15:10 / 14.10.2021
გრიპის მოახლოებული სეზონი, ვაქცინაციის საგანგაშოდ დაბალი მაჩვენებელი და მეხუთე
აფხაზეთში, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, რთული
ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.
09:21 / 03.09.2021
აფხაზეთში, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.