კომენტარი
ბიუჯეტი ისე შეიცვლება, რის საშუალებასაც მოგვცემს პანდემია - ინტერვიუ ზუგდიდის მერთან
FaceBook Twitter
E-mail Print
როგორია კორონავირუსის პანდემიის გავლენა ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირებაზე, შემცირდება თუ არა ადმინისტრაციული ხარჯები და რა სერვისებს მიიღებენ მოქალაქეები? - ამაზე "ლაივპრესი" ზუგდიდის მერს, გიორგი შენგელიას ესაუბრა.

ლაივპრესი: სანამ ახალ ბიუჯეტზე დავიწყებთ საუბარს, გვაინტერესებს, რა მუხლიდან გამოიყო 27 035 ლარი, რომელიც მიმდინარე წლის გაზაფხულზე, ბიუჯეტიდან ქუჩების მორეცხვას მოხმარდა?

გიორგი შენგელია: ამ თანხით მოხდა ხსნარების შეძენა, თუმცა მთლიანად, ჩატარებული სამუშაოებისთვის დაიხარჯა 50 ათას ლარამდე. მისი გახარჯვა მხოლოდ ქუჩების მორეცხვაზე არ მომხდარა, დანარჩენი მოსაცდელების, საბავშვო ბაღების, დევნილთა ჩასახლებების, მრავალბინიანი კორპუსების, ბაზრის დეზინფექციას მოხმარდა, ანუ ისეთი ადგილების, სადაც მოქალაქეთა გადადგილება იყო უფრო მაღალი. აღნიშნული თანხები გამოიყო მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან. მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოხდა ცენტრალური გამზირების, ქუჩების დასუფთავება, დეზინფექცია, მორეცხვა. აქ შედიოდა როგორც სავალი ნაწილის, ასევე ტროტუარების დეზინფექცია და მორეცხვა. ქალაქის მასშტაბით, 10 ქუჩის სრული დეზინფექცია განხორციელდა. ეს იყო ძირითადად ის ადგილები, სადაც მოქალაქეთა გადაადგილება უფრო აქტიური იყო.

ლაივპრესი: ეპიდემიოლოგების აზრით, ქუჩების მორეცხვა, ან დაკეტილი შენობების დეზინფექცია იყო ფუჭი ხარჯი. ეთანხმებით თუ არა რომ იმას, რომ ეს თანხა ფუჭად იყო გახარჯული?

გიორგი შენგელია: პანდემია არა მხოლოდ საქართველოსთვის, მთელი მსოფლიოსთვის იყო შოკის მომგვრელი. თანდათან ხდება შესწავლა, თუ რასთან გვაქვს საქმე და თავიდანვე რეკომენდაცია იყო ის, რომ რაც შეიძლება მეტი საზოგადოებრივი სივრცის დეზინფექცია მომხდარიყო, რათა დაგვეცვა მოქალაქეები და ვირუსის გავრცელების რისკი შემგვემცირებინა. ეს მაგალითები იყო არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სხვა ქვეყნებშიც. ბუნებრივია, რომ ჩვენც ჯანდაცვის რეკომენდაციებით ვხელმძღვანელობდით. დღევანდელი გადასახედიდან შეიძლება გუშინდელი აქტივობა მიზანშეუწონლად ჩაითვალოს, მაგრამ იმ კონკრეტულ მომენტში, როცა ეს განვახორციელეთ, იყო მნიშვნელოვანი. ამ რეკომენდაციით და ამ განწყობით ჩავატარეთ ეს ღონისძიება.


ლაივპრესი:
იგეგმება თუ არა იგივე ღონისძიებების გატარება მომავალ წელს?

გიორგი შენგელია: ჩვენ საბოლოოდ ვხელმძღვანელობთ მსოფლიო და ჩვენი ჯანდაცვის სისტემის რეკომენდაციებით. მომავალი წლისთვის ბიუჯეტში ამ მიმართულებით თანხები გათვალისწინებული არ გვაქვს, თუმცა სარეზერვო ფონდი მომავალ წელსაც გვექნება და თუ იქნება მსგავსი რეკომენდაცია, რომ ეს არის აუცილებელი, ან რაიმე სხვა ღონისძიება ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად, ბუნებრივია, მუნიციპალიტეტი ამ რეკომენდაციას გაითვალისწინებს და შესაბამისად იმოქმედებს.

ლაივპრესი: კონკრეტულად რა ხარჯები შემცირდა, ან გაიზარდა პანდემიის გამო მომავალ ბიუჯეტში?

გიორგი შენგელია: პანდემიის გამო, ბევრი რამის შეცვლა მოგვიწია. შევამცირეთ სოციალურ- კულტურული, ინფრატრუქტურული პროგრამების ნაწილი. სრულად იქნა ჩახსნილი კულტურული და სპორტული ღონისძიებები და მოგვიწია 4 მილიონ ლარამდე ბიუჯეტის დაკორექტირება, გამომდინარე იქიდან, რომ შემოსავლების ნაწილიც დაგვიკორექტირდა. მომავალ წელს, საწყისი ბიუჯეტი დაგეგმილი გვაქვს 41 მილიონი ლარი. ვფიქრობთ, ეს ბიუჯეტი შესრულებადია, თუმცა პანდემია მსოფლიო მასშტაბისაა და როგორ განვითარდება მოვლენები, წინასწარ არავინ იცის, ამიტომ ბიუჯეტის დაკორექტირება პროცესის შესაბამისად მოხდება. თუ პანდემია მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ჩავატაროთ ეს ღონისძიებები, იმისთვისაც მზად ვიქნებით, რომ გადავეწყოთ.

ლაივპრესი: ადმინისტრაციული ხარჯები თუ შემცირდა?

გიორგი შენგელია: მთელი წლის განმავლობაში ადმინისტრაციული ხარჯები შემცირდა 200 ათასი ლარით. მომავალ წელს იგეგმება კიდევ 100 ათასი ლარით ხარჯების შემცირება. ჩემი მერად არჩევის შემდეგ, ძვირადღირებული, მაღალი გამავლობის მანქანების რეალიზება მოვახდინეთ და შევიძინეთ მცირე ხარჯების მქონე ავტომანქანები. მარტო ამან მოგვცა იმის საშუალება, რომ დაახლოებით 60 ათასი ლარი საწვავზე დავზოგეთ. ჩვენ დაგვრჩა 1 მაღალი გამავლობის მანქანა, რომელიც 2- ჯერ გავიტანეთ აუქციონზე და ვერ გაიყიდა და იაფად გაყიდვას ვამჯობინეთ, რომ დაგვეტოვებინა და სხვადასხვა მიმართულებით გამოგვეყენებინა. ასე რომ, მსგავსი ტიპის ხარჯების შემცირებისკენ ვართ მიმართული. მომავალ წელს, შევამცირებთ როგორც საწვავის, ასევე ტექმომსახურების, საკანცელარიო ხარჯებს. ეკონომიურად მოვიხმართ იმ თანხებს, რომელიც არის გამოყოფილი მუნიციპალტეტის შენახვისთვის.

ლაივპრესი: ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაზე საუბრისას უნდა გკითხოთ, თუ გეგმავთ მერიის ააიპ-ების შემცირებას? იმიტომ, რომ აქ დასაქმებული ადამიანების ხელფასებზე დიდი თანხები იხარჯება ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

გიორგი შენგელია: ვგეგმავთ გარკვეულ ცვლილებებს სხვადასხვა ააიპ-ებში. ეს გამოიწვევს გარკვეულ გადადგილებებს, თუმცა ამ საკითხებზე უფრო დეტალურად, იანვრის ბოლოს შემეძლება საუბარი. შესაძლებელია გაუქმება, ან დაყოფა, სტრუქტურული ცვლილებები. ვმუშობთ ამ მიმართულებით. გავივლით საკრებულოსთანაც და ამის მიხედვით ვიმოქმედებთ. პროცესი გამჭვირვალე იქნება.

ლაივპრესი: პანდემიის დროს, დაწესებული რეგულაციების გამო ბევრი ოჯახი რჩება შემოსავლის გარეშე. მოქალაქეების ნაწილმა ვერ მიიღო მთავრობისგან ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში გაწეული თუნდაც მიზერული დახმარება, რადგან მათ არ ჰქონდათ რეგისტრირებული სამსახური. მაგალითად, ძიძები, ხელოსნები, მოვაჭრეები, თუ არის გათვალისწინებული მათთვის ადგილობრივი ბიუჯეტით რაიმე სახის დახმარება?

გიორგი შენგელია: მოქალაქეთა დახმარების მიმართულებით მუშაობს ცენტრალური მთავრობა. მუნიციპალიტეტის ალტერანტიული პროგრამა ამ მიმართულებით არ აქვს. ცენტრალურ მთავრობას აქვს შესაბამისი პროგრამები, გეგმები და მიმართულებები, რომლის მიხედვით ხდება დაფინანსება ამა თუ იმ სფეროში დასაქმებული ადამიანების. რაც შეეხება მათ, ვინც ვერ ადასტურებენ თავიანთ შემოსავალს, პირველი ტალღის დროს, ბევრი ისეთი მოქალაქე დაფინანსდა, ვინც განცხადებით მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს. თავდაპირველად, ამ მოქალაქეების იდენტიფიცირება გართულდა და დაფინანსდნენ მხოლოდ ის ადამიანები, ვინც შემოსავალი დაადასტურა, მაგრამ შემდეგ პრემიერის ინიციატივით, ვინც განცხადებით მიმართა სამინისტროს, ერთჯერადი დახმარებით დაკმაყოფილდნენ. ბუნებრივია გვესმის, რომ ადამიანების ნაწილი რჩება ამ ანტიკრიზისული გეგმის მიღმა, რადგან ისინი ფიზიკურად ვერ ადასტურებენ ამ შემოსავალს. მათთან მიმართებაში მთავრობის მიერ ჯერ არ არის გაჟღერებული დახმარების პროგრამა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეული პაკეტი იქნება შემუშავებული, რომელიც ამ სექტორსაც მოიცავს. რადგან პირველი ტალღის დროს, ამ სექტორის დიდი ნაწილმა მიიღო მთავრობის დახმარება.

ლაივპრესი: არის თუ არა ახალი სოციალური პროგრამა, რომელიც პანდემიით დაზარალებულთა დახმარების მიმართულებით შეიმუშავა ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ახალ ბიუჯეტში?

გიორგი შენგელია: არსებულ პროგრამებს ვინარჩუნებთ. ვითვალისწინებთ მომლოდინე მოქალაქეების რაოდენობას, სხვადასხვა ჯანდაცვის პროექტებს ვახორციელებთ, ეს იქნება სმენადაქვეითებული ბავშვებისთვის კოხლეარული იმპლანტის დაფინანსება, ასევე აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებისთვის თერაპიის კურსი. აქაც ვცდილობთ, რომ არავინ დაგვრჩეს დაფინანსების მიღმა. რჩება წარმატებული პროექტები: სოციალური სახლების, ერთი თბილი ოთახის, შინმოვლის პროგრამები. ახალი რაც გვაქვს ის არის, რომ სოციალურად დაუცველებისთვის გვქონდა ერთჯერადად შეშით უზრუნველყოფის პროგრამა, რომლის ნაცვლად, ბენეფიციარებს, დავუფინანსებთ ბუნებრივი აირის შეყვანის ღირებულებას, ასვე გამოვყოფთ თანხებს კომუნალური გადასახადების დასაფინასებლად, ეს სიახლე - თანამონაწილეობის პრინციპის დანერგვა დიდი შეღავათი იქნება სოციალურად დაუცველი ჩვენი მოქალაქეებისთვის.

ლაივპრესი: ყველაზე მნიშვნელოვანი რა იყო მუნიციპალიტეტისთვის მიმდინარე წელს?

გიორგი შენგელია: ძალიან რთული წელი იყო ყველასთვის. ბევრი გეგმები გვქონდა, რომლის გადალაგებამ მოგვიწია, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ მომავალ წელს დასტაბილურდება ვითარება და მეტის გაკეთების შეძლებლობა მოგვეცემა. მნიშვნელოვანი იყო, რომ თითქმის დასრულდა წყალმომარაგების და წყალარინების პროგრამა. მოხდა 100 -ზე მეტი გზის რეკონსტრუქცია, რაც ასევე მნიშვენელოვანია,რადგან, ჩვენს გზებზე სწორედ ამ პროექტების გამო შეუძლებელი იყო გადაადგილება. მილენიუმის პროგრამით, 5 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მოხდა, ანაკლიაში ბაღის გახსნა. სამოქალაქო ბიუჯეტიც ძალიან მნიშვნლოვანი იყო, რითაც მოქალაქეებს მიეცათ შესაძლებლობა თვითონ დაგეგმონ ესა თუ ის პროექტი, თავიანთი უბნის განვითარების სტრატეგიები. მართალია პანდემიამ აქაც ხელი შეგვიშალა და ბოლომდე ვერ განვახორციელეთ, თუმცა მომავალი წლის პროგრამასთან ერთად ამასაც განვახორციელებთ.ასევე ჩამოგვიყალიბდა დონორებთან მჭიდრო ურთიერთობები. ტურიზმის და მეწარმეობის განვითარების მიზნით "იუენდიპისთან" ერთად შევქმენით ეთნოსივრცე. ასევე ცენტრ "აფხაზეთთან" ერთად რუხში დავიწყეთ მოხუცთა და ბავშვთა თავშესაფრის მშენებლობა, აქვე იქნება ინტეგრირებული დღის ცენტრი, რომელიც მნიშვნელოვანი სიახხლეა იქნება ჩვენტვის. დასრულდება ავტოპარკის განახლება. შარშან 15 ახალი ავტობუსი შემოვიყვანეთ, წელს 5 მივიღეთ და კიდევ 20-ს ველოდებით, ჯამში ზუგდიდს 40 ავტობუსი თანამედროვე სტანდარტის ავტობუსი ეყოლება, რომელიც ქალაქის გარდა ყველა სოფლის ადმინისტაციულ ცენტრამდე მივა. სატრანსპორტო სისტემა ბოლომდე გამართული იქნება. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბოტანიკური ბაღის გახსნა. ეს არის სივრცე, რომელიც მსოფლიოს ნებისიმიერ ქალაქისთვის იქნება საამაყო და თითით საჩვენებელი.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ვიდეო
საახალწლო სათამაშოები პირბადით  [ვიდეო]
18 წლის დათო მიქავა ბავშვობიდან ხატავს.
ჩიჩილაკების იმედად პანდემიაში [ვიდეო]
ახალი წელი ნაძვის ხესთან და ჩიჩილაკთან
პანდემიით დაზარალებული ბიზნესი
კორონავირუსის პანდემიამ არაერთი ბიზნესი, მათ შორის რესტორნებიც დააზარალა.
ბებია-ბაბუა, რომლებმაც კოვიდი დაამარცხეს [ვიდეო]
კორონავირუსი დაამარცხა 86 წლის ლევან ქავთარაძემ
ფოტო
საშობაო „ალილო“ მრევლის გარეშე [ფოტო]
პანდემიის გამო, ტრადიციული საშობაო „ალილოს" მსვლელობა ზუგდიდში არ გამართულა,
სვანეთი შემოდგომის ფერებში [ფოტოამბავი]
სვანეთი წელიწადის ნებისმიერ დროს გამოირჩევა
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.