კომენტარი
ძველი აღჭურვილობით და მცირე ხელფასით პანდემიის პირისპირ - ინტერვიუ საბერიოში მცხოვრებ ექიმთან
FaceBook Twitter
E-mail Print
გალის რაიონის სოფელ საბერიოს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების სამსახური, გალის 8 სოფლის მოსახლეობას და ენგურჰესის 1000-მდე თანამშრომელს ემსახურება. როგორ ხდება პანდემიის მართვა ოკუპირებულ ტერიტორიაზე და როგორ ახერხებენ კონფლიქტური მხარეები ამ მიმართულებით თანამშრომლობას, ამაზე "ლაივპრესი" სასწრაფო დახმარების სამსახურის დირექტორს, ხათუნა გარგულიას ესაუბრა.

ლაივპრესი: სანამ ინტერვიუს დავიწყებთ, ცოტა რამ საკუთარ თავზე გვიამბეთ.

ხათუნა გარგულია: 2005 წლიდან ვმუშაობ გალის რაიონში, ენგურჰესის დასახლებაში, კერძოდ, საბერიოს საავადმყოფოში გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ხელძღვანელად. მყავს მეუღლე და 3 შვილი. ვარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი. აქამდე ვმუშაობდი ზუგდიდის სხვადასხვა სამედიცინო კლინიკაში, მაგრამ პანდემიამ ხელი შემიშალა და ბოლო 1 წელიწადია, რაც საბერიოში ვარ.

ლაივპრესი: თქვენ აღნიშნეთ, რომ სხვადასხვა კლინიკაშიც მუშაობდით და რატომ აირჩიეთ სამუშაოდ გალის რაიონი?

ხათუნა გარგულია: წარმოშობით საბერიოდან ვარ. სკოლაც აქ დავამთავრე. აქაურობა ჩემს ბავშვობას უკავშირდება. ჩემი პროფესიის არჩევანიც ხწორედ ჩემმა ბავშვობამ განაპირობა. ეს იყო პერიოდი, როცა ფანჯრიდან გახედვისაც კი გვეშინოდა. ჩვენს სოფელში ცხოვრობდა ერთი ქალბატონი, მიმოზა მიქაია, რომელიც დღეს ჩვენთან მუშაობს ექთნად. ომის პერიოდში ის იმ ასაკში იყო, რომელშიც ახლა მე ვარ, 35 წლის. რომ გავიხედავდი მისი სახლისკენ და ფანჯარაში შუქს ვნახავდი, ეს იყო ჩემთვის იმედი და ერთგვარი ძალა, იმიტომ, რომ არ იყო მედპუნქტი, საავადმყოფო, იყო მხოლოდ ქალბატონი მიმოზა, რომელიც უანგაროდ ემსახურებოდა ყველას, ცხენით, ტრაქტორით, ფეხით, ყველანაირ ამინდში. ის ყველასათვის ავტორიტეტი იყო, იმ ადამიანებისთვისაც კი, ვისიც ჩვენ ყველას გვეშინოდა. ის იყო ადამიანი, ვისთვისაც არ არსებობდა ბარიერები. ვუყურებდი და ვოცნებობდი, როდის გავიზრდები, რომ გავხდე მიმოზა და მეც ბევრ ადამიანს დავეხმარო. მისმა მაგალითმა მომცა ძალა და განაპირობა ჩემი მომავალიც, გადაუჭარბებლად ვამბობ.

ლაივპრესი: თქვენ რა ბარიერები შეგვხდათ, რამდენად სტრესულ გარემოში გიწევთ ყოფნა, როგორ უმკლავდებით პანდემიასთან დაკავშირებულ სირთულეებს?

საბერიოს საავადმყოფო.

ხათუნა გარგულია:
როცა პანდემიაზე საუბარი დაიწყო, თითქოს შინაგანი ფორიაქი დამეწყო. ეტყობა ვგრნობდი რა სირთულეების გავლა მომიწევდა. მოხდა ისე, რომ პირველი კოვიდინფიცირებული პაციენტი აფხაზეთში მე მივიღე. ის შემოვიდა რუსეთიდან, მოვიდა ცხელებით. ისეთი სიმპტომები აღენიშნებოდა, რომ ჩავთვალეთ, შესაძლოა კოვიდინფიცირებული ყოფილიყო. ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა ამ პაციენტის ტრანსპორტირებაზე. მას შემდეგ მუდმივი მზადყოფნის რეჟიმზე გადავედით.

ლაივპრესი: სოფელში, სადაც თქვენ მუშაობთ, შემოდგომაზე ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი იყო. გვიამბეთ ამ პერიოდის შესახებ.

ხათუნა გარგულია: სექტემბერში იყო ერთ დღეში 28 დადასტურებული შემთხვევა, რასაც შემდეგ მოჰყვა ვირუსის გავრცელების ტალღა, რომელიც გაგრძელდა თვე-ნახევრის განმავლობაში. ეს ძალიან რთული პერიოდი იყო. რომ არა ენგურჰესის ადმინისტრაცია და მისი ხელმძღვანელი ლევან მებონია, კიდევ უფრო მეტად გაგვიჭირდებოდა. ის უშუალოდ ჩართული იყო პისიარ ტესტებით უზრუნველყოფაში, პაციენტების ტრანსპორტირებაში. შეძლება ითქვას, რომ ჩვენი სამუშაოს ნახევარი მან გასწია. დიდი შრომა ჩადო პანდემიის მართვაში. თუმცა ეს არის არაკონტროლირებადი ტერიტორია, სადაც ცენტრალური ხელისუფლება ვერ ახერხებს სათანადოდ იმ მენეჯმენტის გატარებას, რაც არის დანარჩენ საქართველოში. გალის რაიონის მოსახლეობა დე ფაქტო ხელისუფლების ყურადღების მიღმაცაა დარჩენილი, აქედან გამომდინარე, იძულებულები ვართ ჩვენი ძალისხმევით, პირადი კონტაქტებით ვაკეთოთ საქმე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის, რასაც ახლა ვაკეთებთ, შეიძლება ხვალ არ გამოვიდეს, რადგან ერთიანი სტრატეგია პანდემიის მართვის არ არსებობს.

ლაივპრესი: თქვენი ერთი სამუშაო დღე როგორია?

ხათუნა გარგულია: ვერ ვიტყვი, რომ მარტივია. ეს არ არის მხოლოდ პაციენტზე ზრუნვა და ერთ კონკრეტულ ნოზოლოგიაზე პასუხისმგებლობის აღება. როცა პაციენტი შემოდის, მე ვარ ექიმი, ვარ მისი გამცილებელი გამშვებ პუნქტზე, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მისი გადაყვანა, დოკუმენტაციის მოგვარება. ადგილზე ხომ ძალიან გვიჭირს სერვისების შეთავაზება. დიაგნოსტიკის თვალსაზრისით, ჯერ კიდევ ინსპექცია, პერკუსია პალპაციას ვიყენებთ. ამ საფეხურზე ვართ სამწუხაროდ. ჩემი ყოველდღიური სამუშაო რადიკალურად განსხვავდება იმ გარემოსგან, სადაც მიმუშავია აქამდე - თბილისში გასტროენტეოროლოგიურ ცენტრში, ზუგდიდში სხვადასხვა კლინიკაში, სადაც პასუხისმგებელი ვიყავი მხოლოდ დიაგნოზზე და დანიშნულებაზე, აქ საბერიოში სრულიად სხვა ფენომენია. მაგალითად, როცა სრულიად უცნობი ადამიანი გიკავშირდება და გიყვება, რომ მისი ოჯახის წევრს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, მაგრამ არ აქვს საჭირო დოკუმენტაცია ადმინისტრაციულ საზღვარზე გადასაყვანად, ვიწყებთ ალტერნატიული გზების ძიებას მის დასახმარებლად. ვაწუხებთ დე ფაქტო ხელისუფლების სხვადასხვა უწყებას, წერილობით თუ პირადი კონტაქტებით. ყოფილა ისეთი დღეებიც 6, 7 საათი გამიტარებია გამშვებ პუნქტზე პაციენტთან ერთად. რა თქმა უნდა რთულია, ბევრი ბრძოლა, დრო და გამოცდილება სჭირდება იმას, რომ ყველა მხარესთან ნდობა მოიპოვო და სხვების დახმარება შეძლო. ძალიან დიდ რისკებზე გვიწევს წასვლა მთელ გუნდს. ჩვენთვის ხომ არ არსებობს პროტოკოლები, გაიდლაინები, კონსულტაციები და ეს ყველაფერი ძალიან რთულია.

ლაივპრესი: აფხაზური მედიით გავრცელებული სტატისტიკის მიხედვით, ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი აფხაზეთში მაღალი არ არის. ენდობით ამ სტატისტიკას?

ხათუნა გარგულია: აქ პისიარ ტესტირებას ვატარებთ და ბიოლოგიურ ნიმუშებს ზუგდიდის ლაბორატორიაში ვაგზავნით. ჩვენი მონაცემები სოხუმში არ მიდის, შესაბამისად, ვერ გეტყვით იქით რა ხდება. წვდომა არ მაქვს. თუმცა მკაცრი რეგულაციები ჩვენთან არ ყოფილა. ამან თავისი შედეგები მოიტანა, რადგან რეალურად მეტი იყო ინფიცირებული, ვიდრე აისახა ციფრებში.

ლაივპრესი: პანდემიის მართვის მიმართულებით კონფლიქტური მხარეები თანამშრომლობას ახერხებენ. ყოველ შემთხვევაში, პაციენტებს ენგურის ხიდზე ატარებენ. როგორ ფიქრობთ, როცა პანდემია დასრულდება, შესაძლოა თუ არა ეს თანხვედრის წერტილები შევინარჩუნოთ?

ხათუნა გარგულია: ჯანდაცვის მიმართულებით ჩვენ წლებია ვთანამშრომლობთ. პაციენტებს, რომელთა მკურნალობა ადგილზე არ იყო შესაძლებელი, მათ გადმოყვანაში აქამდეც ვეხმარებოდით. მაგრამ ამას დიდი სირთულეები ახლავს. იყო ისეთი შემთხვევები, როცა მძიმე პაციენტების ტრანსპორტირებისას 24 საათი დაგვჭირვებია. ამ დროს გვიწევდა რეანიმაციული ღონისძიებების ჩატარება, ადგილზე მართვა. პანდემიის დროს გამარტივდა პაციენტების გადმოყვანა, თუმცა მხოლოდ ინფიცირებულების, რადგან დე ფაქტო ხელისუფლებას თვითონ არ ჰქონდა რესურსი, მიეღო გალის მოსახლეობა სოხუმში, ან გუდაუთის კოვიდ ცენტრებში. ტრანსპორტირების პროცედურების გამარტივება მხოლოდ კოვიდინფიცირებულებს შეეხო. ქრონიკული ავადმყოფები და ონკოპაციენტები, რომელთათვის ენგურსგამოღმა კლინიკებში მკურნალობა იყო მნიშვნელოვანი, მოწყდნენ გეგმიურ კონსულტაციებს. ამიტომ ვეჭვობ, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ, პაციენტების ტრანსპორტირება ასე გაგრძელდეს.

ლაივპრესი: არის თუ არა ცენტრალური ხელისუფლებისგან მხარდაჭერა?

ხათუნა გარგულია: ვირუსის გავრცელების პირველ დღეებში იყო ქაოსი, მაგრამ ამ მიმართულებით გულისხმიერება გამოიჩინა ცენტრალურმა ხელისუფლებამ და ყველა პაციენტი, რომელსაც უდასტურდებოდა კოვიდინფექცია, გადმოყვანილი იყო კონტროლირებად ტერიტორიაზე. პირველი ნაკადი მიიღო საჩხერის კლინიკამ. შემდეგ პაციენტები გადანაწილდნენ სხვადასხვა კოვიდსასტუმროსა თუ კლინიკაში. მაგრამ საჭიროა მეტი კომუნიკაცია, მეტი კონტაქტი არაკონტროლირებად ტერიტორიაზე მომუშავე სამედიცინო პერსონალთან. ჩვენ არაერთხელ მიგვიმართავს სხვადასხვა უწყებისთვის ჩვენი პრობლემების შესახებ. მატერიალურ - ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების, ხელფასების მომატების და კიდევ სხვა უამრავი პრობლემის შესახებ. ის სურათი, რომელსაც თქვენ ხედავთ შორიდან, ეს რეალური აფხაზეთი არ არის, შიგნით ვითარება გაცილებით მძიმეა და ჩვენ იქ იმიტომ ვართ, რომ ამაზე ვისაუბროთ და ეს დაგანახოთ. ამიტომ ვისურვებდი, რომ მეტად მოგვისმინონ და უფრო ნათლად დაინახონ ჩვენი პრობლემები. რთულია, როცა გაუმართავი მანქანა გყავს და მძიმე პაციენტის გადაყვანა ძველი ავტობუსით გიწევს. როცა 3-ჯერ ნაკლები ხელფასი გაქვს, ვიდრე ენგურსგამოღმა მომუშავე ჩემს კოლეგებს, რის გამოც პროფესიონალი კადრების გადინება ხდება. მაგრამ ჩვენ ღირსეულად გავუმკლავდით, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს გუნდს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 500-ზე მეტი კოვიდინფიცირებული პაციენტი მივიღეთ, რომელთაგან 300-ზე მეტის ტრანსპორტირება ენგურსგამოღმა მოვახერხეთ. ამჟამად სიტუაცია კორონავირუსის გავრცელების მხრივ, დასტაბილურდა. იკლო მომართვიანობამ, რადგან მოსახლეობის უმეტესობამ ზოგმა უსიმპტომოდ, ზოგმაც სიმპტომებით კოვიდინფექცია მოიხადა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ბოლო დროს საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების მაჩვენებელი
21:41 / 25.07.2021
ბოლო დროს საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების მაჩვენებელი
კორონავირუსის დელტა შტამის გავრცელების შემდეგ, მსოფლიო
მასშტაბით ბავშვებში
14:06 / 22.07.2021
კორონავირუსის დელტა შტამის გავრცელების შემდეგ, მსოფლიო მასშტაბით ბავშვებში
კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანას გარკვეული შეზღუდვების ფონზე
11:42 / 13.05.2021
კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანას გარკვეული შეზღუდვების ფონზე
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
30 კილომეტრი ფეხით ფეხბურთის მოედნამდე [ვიდეო]
ალეკო თასმებს იკრავს და უმცროს ძმას, ილიას ეძახის, მოემზადეო. მერე
B612 - წიგნის მოყვარული მოზარდების ახალი „პლანეტა“  ზუგდიდში [ვიდეო]
წიგნს აქვს მაგიური ძალა და გვაძლევს იმას, რასაც სხვაგან ვერ ვპოულობთ,
ველოსპორტი რისკის ფასად - რატომ არ ცვლის სიტუაციას ზუგდიდის მერია [ვიდეო/ფოტო]
15 წლის ნიკოლოზ ტყებუჩავა სკოლისგან თავისუფალ დროს მთლიანად
მდგრადი მოდის საწარმო ეკოლოგიური ზიანის შესამცირებლად [ვიდეო/ფოტო]
ყველას გარდერობშია გამოუყენებელი ან მოძველებული ტანისამოსი,
ცხოვრება დევნილობაში, პანდემიისას [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ რუხში, ყოფილი სკოლის ნგრევად შენობაში 9 დევნილი ოჯახი
ფოტო
"აქტიურობა მაღალია"-  ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით" ვაქცინაციის
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
 26 მაისი ზუგდიდში [ფოტო]
დამოუკიდებლობის დღეს ზუგდიდში, უკვე მეორე წელია არ იმართება
რეგულაციები კორონავირუსზე და საზოგადოებრივი ტრანსპორტი ზუგდიდში [ფოტორეპორტაჟი]
ტრანსპორტში, მუნიციპალურია ის, თუ კერძო, ისევ პრობლემად რჩება
ოჩოფეხები კოლხეთის ეროვნული პარკიდან [ფოტო]
ოჩოფეხები, რომლებიც კოლხეთის ეროვნული
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.