კომენტარი
ფასები პროდუქტებზე კიდევ გაძვირდება, სუბსიდირება არაეფექტურია - ინტერვიუ ეკონომიკის ექსპერტთან
FaceBook Twitter
E-mail Print
საქართველოში პროდუქტებზე ფასები პანდემიაში რამდენჯერმე გაძვირდა. მიზეზებზე და ბაზარზე ფასების დარეგულირების პერსპექტივაზე, "ლაივპრესი" ექსპერტს ეკონომიკის საკითხებში, იოსებ არჩვაძეს ესაუბრა.

ლაივპრესი: მოსახლეობას მძიმე ტვირთად დააწვა პანდემიაში პროდუქტების გაძვირება. რა მიზეზით ძვირდება პროდუქტები?

იოსებ არჩვაძე: ეს მიზეზთა კომპლექსია, თუმცა ამით შეღავათს ვერ იგრძნობენ მომხმარებლები. ისინი აფასებენ შედეგს და არა მის გამომწვევ ფაქტორებს. საქართველოს ტრადიციულად, პოსტსაბჭოთა პერიოდში ახასიათებს იმპორტის მეტობა ექსპორტთან შედარებით. ჩვენ უფრო მეტი შემოგვაქვს, ვიდრე გაგვაქვს. დამოკიდებული ვართ სამომხმარებლო საქონელში, დიდწილად იმპორტირებულ საქონელზე. აქ იგულისხმება არამხოლოდ მაღალტექნოლოგიური პროდუქცია, არამედ კვების პროდუქტებიც, რომლის მიხედვითაც, მარტო შარშან, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი დაახლოებით 256 მილიონი დოლარი გვქონდა და ეს იყო ყველაზე მიზერული მაჩვენებელი 2005 წლის შემდეგ. ყოფილა წლები, როცა 600 და 700 მილიონიც კი გვქონია მარტო აგროსასურსათო პროდუქციაზე. რა გამოდის - ჩვენ ადგილობრივი წარმოების სურსათი არ გვაქვს. იძულებულები ვართ შემოვიტანოთ, და როცა ეს სურსათი მსოფლიო ბაზარზე ძვირდება, ორმაგი წნეხის ქვეშ ვართ. ერთის მხრივ, მსოფლიო ბაზარზე ძვირდება საქონელი, ყავა გაძვირდა, ხორბალი ძვირდება, შაქარი. მეორეს მხრივ, დოლარის კურსის დაცემის ხარჯზე. ქართული ანდაზა რომ გავიხსენოთ, "დამწვარზე მდუღარე დაასხესო", დაახლოებით ასეთია ჩვენი სამომხმარებლო ბაზრის ფასები.

ლაივპრესი: ძირითადად რომელ ქვეყნებთან გვაქვს ტვირთბრუნვა, საიდან შემოგვაქვს საჭირო პროდუქცია?

იოსებ არჩვაძე: ჩვენ სავაჭრო ურთიერთობები გვაქვს 130-ზე მეტ სახელმწიფოსთან. იმპორტირებული პროდუქციის ძირითადი მომწოდებელი თურქეთია ღირებულების ფორმით. მაგრამ თუ ავიღებთ აგროსასურსათო პროდუქციას, იქ საკმაოდ დიდი წილი უკავია, მაგალითად რუსეთის ფედერაციას. შარშან მთელი მარცვლეულის თითქმის 99% სწორედ რუსეთიდან შემოიტანეს.

ლაივპრესი: მომხმარებლები განსაკუთრებით ზეთის გაძვირებას აღნიშნავენ და ეს თემა ხუმრობის საგნადაც კი იქცა სოციალურ ქსელში..

იოსებ არჩვაძე: ჯერ ერთი, იმპორტზე ვართ დიდწილად დამოკიდებული. ადგილობრივი წარმოება შიდა ბაზრის 10%-საც ვერ წვდება სამწუხაროდ. მთლიანად რომ ნახოთ ბაზარი, გაჯერებულია უცხოური, ძირითადად რუსეთიდან და უკრაინიდან შემოტანილი ზეთის პროდუქტებით. როცა ვალუტის კურსი ეცემა, აქაც იგივე ფაქტორი მუშაობს. ამიტომ, თუ ჩვენ გვინდა არ ვიყოთ დამოკიდებული ბაზრის რყევაზე, უნდა განვავითაროთ ადგილობრივი წარმოება. უნდა მივაღწიოთ იმას, რომ გვქონდეს დადებითი ბალანსი - უფრო მეტ პროდუქციას უნდა ვყიდდეთ უცხოეთში. ჯერ დავიწყოთ აგროსასურსათო პროდუქციით და მერე სხვა დანარჩენით. ნიდერლანდებს ჩვენზე უარესი კლიმატური პირობები აქვთ, მაგრამ მსოფლიოში მეორე ადგილზეა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის მოცულობით. ისტორიის მიხედვით, გეორგიანელები მიწათმოქმედი ხალხი იყო და ამ დროს მიწის დამუშავებას გავურბივართ. მზად ვართ სხვა ქვეყანაში ბადრაგებად, მოჯამაგირეებად ვიმუშაოთ, სამაგიეროდ გადავიხადოთ უცხოეთში ნაშოვნი ფული, ისევ უცხოეთის პროდუქციის საქართველოში შესაძენად, რომელიც სამჯერ უფრო ძვირია, ვიდრე ადგილობზე წარმოების შემთხვევაში. სად არის აქ ლოგიკა?

ლაივპრესი: ადგილზე წარმოებულ პროდუქციაზე მწარმოებლები ხელოვნურად ხომ არ ზრდიან ფასებს? გვაქვს მსგავსი შემთხვევები?

იოსებ არჩვაძე: ბიზნესისთვის დამახასიათებელია სიფრთხილე და ე.წ. უსაფრთხოების ბალიშის შექმნა. როცა მწარმოებელი ხედავს ეკონომიკურ არასტაბილურობას, ის ცდილობს, საცალო ფასში ჩადოს ის ფასწანამატი, რომელიც მას ფასების რყევისგან და სხვა მოულოდნელობისგან დაიცავს. ყოველ შემთხვევაში, მის ზარალს მინიმუმამდე შეამცირებს. ამიტომ, ეს სპეკულაციური ნაბიჯი ახსნადია. ფიზიკურად, თუ ის კანონით არ ისჯება, ჩვენ არ გვაქვს უფლება ავუკრძალოთ. საბაზრო ეკონომიკა ეს არის თავისუფალი საქონელმწარმოებლების მიერ, ბაზრის კონიუნქტურის მიხედვით ფასების ფორმირება. ამიტომ, რაიმე ადმინისტრირებული წესით ღონისძიებების გატარება უკუშედეგს მოგვცემს.

ლაივპრესი: პირველი ტალღის დროს, ხელისუფლებამ კი თქვა, რომ 9 პროდუქტზე შენარჩუნდებოდა ძველი ფასი, მაგრამ მომხმარებლები წერდნენ, რომ პროდუქტები მაინც გაძვირდა. რატომ? ხელისუფლებამ ვერ შეძლო სიტუაციის კონტროლი?

იოსებ არჩვაძე: ფოტო ფეისბუკიდან

იოსებ არჩვაძე: საერთოდ, დარეგულირება უფრო სასურველია, ვიდრე შესაძლებელი, იმიტომ, რომ ხელოვნური ფორმატით დეფიციტის მოხსნას ეფექტურობა დაბალი აქვს. ბაზარმა უნდა უზრუნველყოს დამატებითი საქონლის მიწოდება, და იქ ადმინისტრაციული რესურსის ჩართვა ყოველთვის იწვევს ამ რესურსების არაეფექტურ გამოყენებას. ჯობია ბაზარს ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ მეტი პროდუქცია გავიდეს გასაყიდად, ადგილობრივი წარმოების იქნება, თუ იმპორტირებული. ხოლო, ფასის სუბსიდირება არის უკიდურესი, საკმაოდ მოკლევადიანი და დაბალი ეფექტის მომტანი ღონისძიება.

ლაივპრესი: დღეს არსებობს თუ არა რესურსი, რომ ფქვილის გარდა, პირველადი მოხმარების სხვა აუცილებელ პროდუქტებზეც შენარჩუნდეს სუბსიდირების გზით ფასი?

იოსებ არჩვაძე: საით მივდივართ ჩვენ მაშინ? უცვლელი ფასები გვქონდა 28 წლის განმავლობაში საბჭოთა პერიოდში, 1962-1988 წლამდე. ფასი უცვლელი იყო, მაგრამ საქონელი არ იშოვებოდა. საერთოდ, ინფლაცია და ფასების მატება საბაზრო ეკონომიკის თანმდევი პროცესია. ჩვენ უნდა შევძლოთ და შევქმნათ ისეთი პირობები, რომ ადამიანს ჰქონდეს დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა, რომლითაც ის უზრუნველყოფს თავის კეთილდღეობას, თვით მომატებული ფასების პირობებშიც. მეტსაც გეტყვით, დღეს საქართველოს მოსახლეობის წინაშე მთავარ გამოწვევად რჩება არა იმდენად ფასების ზრდა, არამედ მყიდველუნარიანობის შემცირება. შესაძლოა ზოგიერთ პროდუქტზე ფასი აღარ იზრდებოდეს მკვეთრად, მაგრამ ფასები იმიტომ აღარ იზრდება, რომ ადამიანს მისი ყიდვის რესურსი არ აქვს. ამიტომ, ყურადღება უნდა მივაქციოთ მისი მყიდველუნარიანობას, როგორ იცვლება ის, იზრდება თუ მცირდება.

ლაივპრესი: მოსახლეობას აქვს მოლოდინი, რომ პურსა და სხვა პროდუქტებზე ფასები კიდევ გაიზრდება..

იოსებ არჩვაძე: ფაქტი სახეზეა. ძალიან ბევრი სახეობის პროდუქციის ღირებულებამ მოიმატა პურის ფასის ზრდის მიხედვით. თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ვაწყდებით ფასების ზრდას. ველოდებით კიდევ მომატებას. ეს არის უწყვეტი პროცესი. ფასები ყველგან იზრდება. მათ შორის აშშ-ში. ახლა 2021 წელია და 1921 წელთან შედარებით, ფასები ამერიკაში 16-ჯერაა გაზრდილი. ანუ ერთი დოლარი გაუფასურებულია 16-ჯერ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამერიკაში ცხოვრების დონემ კატასტროფულად იკლო. ფასები იზრდება, თუმცა უფრო მეტად იზრდება შემოსავლები. ამიტომ, აქცენტი ფასების ზრდის დამუხრუჭებაზე კი არ უნდა გავაკეთოთ, უნდა ავიღოთ აქცენტი შემოსავლების უფრო სწრაფად ზრდაზე, ფასების ზრდასთან შედარებით. სტრატეგია ეს უნდა იყოს.

ლაივპრესი: თქვენ ამბობთ, რომ ადგილობრივი წარმოება უნდა განვავითაროთ, ექსპორტი გაიზარდოს, შემოსავლების ზრდაზე იყოს აქცენტი, თუმცა ეს გრძელვადიანი პერსპექტივა უფროა. მოკლე დროში თუ ხედავთ რაიმე მექანიზმს ვითარების დარეგულირების?

იოსებ არჩვაძე: ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორია სახელმწიფო რესურსები. ამერიკას აქვს საკმაოდ კარგი, ისტორიული მაგალითი სასურსათო ტალონების შემოღების. ასეთი იქ დღეს 40 მილიონი ადამიანია.ამ ტალონებით აქვთ შესაძლებლობა, შეიძინონ მხოლოდ პირველადი მოხმარების სასურსათო საქონელი და საბავშვო საქონელი. შეიძლება ამ ფორმატის გამოყენება, მაგრამ აქ ადმინისტრირებაცაა გასათვალისწინებელი. საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილის შემოსავლები ყალიბდება უცხოეთიდან ფულადი გზავნილების სახით. შარშან მილიარდ 800 მილიონი დოლარის ფულადი გზავნილი განხორციელდა. როგორ გამოვარჩიოთ ის ადამიანები, რომლებიც დახმამრებას საჭიროებენ? როგორც წესი, როცა ასეთი ღონისძიება ტარდება, იქ დახმარების მიმღებთა რაოდენობა მკვეთრად იზრდება. შეიძლება ხარჯები გაიღოს სახელმწიფომ, მაგრამ ეკონომიკური ეფექტი დაბალი იყოს. მედალს ორი მხარე აქვს. სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. მითუმეტეს, შეზღუდული სახელმწიფო რესურსების პირობებში. სახელმწიფო ვალის თანაფარდობა მთლიან ეროვნულ პროდუქტთა უკვე 60%-ის მიჯნაზეა და შორს არ არის ის დრო, როცა სახელმწიფოს მისი მომსახურები შესაძლებლობა შეიძლება სერიოზულად გაუჭირდეს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს სტუმრობდა,
12:31 / 20.07.2022
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს სტუმრობდა,
სამეგრელოს ის მუნიციპალიტეტები, სადაც ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საკრებულოებში
21:06 / 05.02.2022
სამეგრელოს ის მუნიციპალიტეტები, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საკრებულოებში
გრიპის მოახლოებული სეზონი, ვაქცინაციის საგანგაშოდ
დაბალი მაჩვენებელი და მეხუთე
15:10 / 14.10.2021
გრიპის მოახლოებული სეზონი, ვაქცინაციის საგანგაშოდ დაბალი მაჩვენებელი და მეხუთე
აფხაზეთში, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, რთული
ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.
09:21 / 03.09.2021
აფხაზეთში, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.