კომენტარი
პანდემიის რეგულაციებს იყენებენ, რომ კრიტიკული აზრი შეზღუდონ - გიორგი მშვენიერაძე
კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანას გარკვეული შეზღუდვების ფონზე უწევს ცხოვრება. ნაწილი მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მოიხსნა. თუმცა საზოგადოების მოთხოვნის, საპროტესტო აქციების მიუხედავად, რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების მიზეზით, ძალაში რჩება 21 საათიდან დილის 05 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა. ხშირად სწორედ ამ ე.წ. კომენდანტის საათის გამო მოქალაქეებს ეზღუდებათ გამოხატვის თავისუფლებაც.

შეუძლია თუ არა სახელმწიფოს ნაკლებად შემზღუდავი რეგულაციების დაწესება და იკვეთება თუ არა პანდემიის პირობებში სხვადასხვა რელიგიურ ჯგუფებთან მიმართებაში დისკრიმინაციული მიდგომა?, - ამ და სხვა კითხვებს  პასუხობს არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე.

ლაივპრესი: მოქალაქეები არ ეთანხმებიან პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილს. მაგალითისთვის ე.წ. კომენდანტის საათს. თვლიან, რომ ვირუსის გავრცელების საფრთხე ღამის საათებში არ არსებობს და მთავრობამ არ უნდა შეუზღუდოს მათ გადაადგილების უფლება. როგორ თვლით რამდენად აუცილებელია ე.წ. კომენდანტის საათი?

გიორგი მშვენიერაძე: ამ კითხვაზე გადაჭრით, პირდაპირი პასუხი ცოტა რთულია. ეს არის კომპლექსური თემა და მას აქვს გარკვეული გამართლება. ამაში ვგულისხმობ რომ მობილობას ამცირებს - ღამის საათებში სხვადასხვა არაფორმალურ შეხვედრებს ადამიანებს შორის. ამდენად ამ მექანიზმს შეიძლება გავლენა ჰქონდეს პანდემიასთან ბრძოლაში, თუმცა ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მნიშვნელოვანია ისიც გვესმოდეს, რომ არსებობს თუ არა სხვა ნაკლებ შემზღუდავი საშუალებები, რომელსაც შეიძლება იგივე ეფექტი ჰქონდეს ან სხვაგვარად აგვარებდეს პანდემიის გავრცელების შეკავებას.

როდესაც პანდემიის პირველი ტალღა იყო, ეს შეზღუდვები უფრო ლოგიკურად გამოიყურებოდა იმიტომ, რომ გაცილებით ნაკლები ვიცოდით ვირუსზე, მისი გავრცელების გზებზე და რაც დრო გადის სახელმწიფოს გაცილებით მეტი საშუალება უჩნდება პანდემიასთან ბრძოლის. მაგალითად ეს არის ვაქცინაცია, რომელიც არის ეფექტიანი ფორმა ვირუსთან ბრძოლის, თუმცა როგორც ხედავთ სახელმწიფოს სწორედ აქ აქვს მთავარი ჩავარდნები. ის ვერ უზრუნველყოფს სათანადო რაოდენობით ვერც ვაქცინების შემოტანას, ვერც საზოგადოების დარწმუნებას, ვერც სამედიცინო ინფრასტრუქტურის იმდაგვარად მოწყობას, რომ ვაქცინაციის მაჩვენებელი გაიზარდოს. სწორედ ამიტომ მიმართავს ნაცად ხერხს და სწორედ ამიტომ იყენებს კომენდანტის საათს. რაც არის ვაქცინაციის ერთგვარი ჩანაცვლება. მისი გახანგრძლივება კი ხდება იმიტომ, რომ სახელმწიფო სხვა გზებით ვერ ახერხებს ვირუსთან ბრძოლას.

ამიტომ თუ კითხვა ისმის ასე: არის თუ არა კომენდანტის საათი ადამიანის უფლებების და თავისუფლების შეზღუდვა? - არის. არის თუ არა გამოსადეგი საშუალება - შეიძლება ითქვას, რომ არის; არის თუ არა ნაკლებ მზღუდავი საშუალება, ანუ სახელმწიფოს შეუძლია თუ არა სხვა საშუალების გამოყენება, რომელიც ნაკლებად შეზღუდავს ადამიანის უფლებებს - დიახ შეუძლია. აი ამ ნაწილში, თუ ის ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის მოთხოვნებს, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ზღუდავს ადამიანის უფლებებს იმაზე მეტად ვიდრე ამის საჭიროება არსებობს. იმიტომ რომ არსებობს როგორც უკვე ვთქვი სხვა ნაკლებ მზღუდავი საშუალებები. ამიტომ თუ ამას მთლიან კომპლექსში დავინახავთ, სახელმწიფოს უნდა მიეღო ზომები, მათ შორის ვაქცინაციის კუთხით და შეემცირებინა კომენდანტის საათის გამოყენების საჭიროება.

ლაივპრესი: გადაადგილების აკრძალვა თავის მხრივ ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას. მაგალითისთვის გავიხსენებ ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციას, სადაც პირები, რომლებმაც ვერ მოახერხეს აქციას შეერთებოდნენ, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის საფუძვლით 2000-2000 ლარით დააჯარიმეს. ხომ არ ხდება "კომენდანტის საათის" გამოყენება პროტესტის შესაჩერებლად?

გიორგი მშვენიერაძე: ზოგადად ნაკლებ დემოკრატიულ ან ავტორიტარულ სახელმწიფოებს აქვთ მიდრეკილება, რომ სხვა ფაქტორებით გამოწვეული შეზღუდვები გამოიყენონ მათ შორის დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპის, გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად და დიახ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამწუხაროდ ჩვენი სახელმწიფოც იმ სახელმწიფოთა რიგშია, რომლებიც ამ რეგულაციებს იყენებენ კრიტიკული აზრის შესაზღუდად.

აზრის გამოხატვა სხვადასხვა ფორმებით არის შესაძლებელი და შეკრება-მანიფესტაცია მისი ერთ-ერთი ფორმაა. მათ შორის შეკრება-მანიფესტაცია იმ დროს და იმ ადგილას, სადაც ყველაზე უკეთ, ან სათანადოდ მისცემდა საშუალებას აქციის მონაწილეებს საკუთარი აზრი გამოეხატათ. ცხადია, ჩვენ ვნახეთ არაერთი ასეთი ფაქტი, როცა სახელმწიფო იყენებს ამ დაწესებულ კომენდანტის საათს არა მისი დაწესების ნამდვილი მიზეზისთვის, რომ ვირუსის გავრელება იქნეს შემცირებული, არამედ საზოგადოებრივი პროტესტის სხვადასხვა კერების შესაზღუდად ან ზოგადად პროტესტის შესაჩერებლად.

ეს არის რეალობა, რაშიც ვცხოვრობთ და ასეთი დამოკიდებულება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ დამახასიათებელია ნაკლებ დემოკრატიული ან ავტოკრატიული ქვეყნებისთვის.

ლაივპრესი: მოქალაქეთა დიდი ნაწილი არ ეთანხმებოდა და სოციალურ ქსელშიც აქტიურად გამოხატავდნენ უკმაყოფილებას სააღდგომო დღესასწაულზე სასაფლაოებზე გასვლის 3 დღიან აკრძალვაზე. სამოქალაქო აქტივისტიც დააკავეს ქუთაისში, სასაფლაოზე გასვლის გამო. ეს აკრძალვა დაწესდა იმ ფონზე, როცა ეკლესიაში მრევლს დღესასწაულზე ღამით შეკრების უფლება მიეცა. რას ფიქრობთ ამაზე?

გიორგი მშვენიერაძე: რა თქმა უნდა ნებისმიერი შეზღუდვა და კომენდანტის საათი თავის თავში გულისხმობს სხვა სამოქალაქო უფლებებზე გარკვეული გავლენის ქონას. მათ შორის არის გადაადგილების თავისუფლება, არის პრობლემები ტრადიციული რიტუალების შესრულების კუთხითაც. ეს არა მარტო გვერდითი ეფექტია, ეს პირდაპირი მიზანიც იყო. ანუ რატომ იზღუდება სასაფლაოზე მისვლა? - სწორედ იმიტომ, რომ იმ ტრადიციულ რიტუალში მონაწილეობა შეეზღუდათ, რადგან ის დაკავშირებულია გარკვეულწილად მაღალმობილობასთან და სოციალურ კონტაქტებთან.

ამიტომაც ცხადია ეს არის უფლების შეზღუდვა და ეს არის არა გვერდითი მოვლენა, არამედ პირდაპირი მიზანი ამ შეზღუვების. რამდენად სამართლიანი, ან რამდენად თანაზომიერია ასეთი ტიპის შეზღუდვა, შეიძლება იყოს საკამათო. ვფიქრობ, რომ გარკვეული გამართლება შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ სახელმწიფო უნდა იყოს თანაზომიერი ასეთი ტიპის შეზღუდვების მიმართ.

ლაივპრესი: საინტერესოა თქვენი მოსაზრება მთავრობის მიდგომაზე სხვადასხვა რელიგიურ ჯგუფებთან მიმართებაში პანდემიის პირობებში. მაგალითად, როგორ აფასებთ იმას, რომ ე.წ. კომენდანტის საათის მოქმედების დროში ცვლილება შევიდა აღდგომის ღამეს. გამონაკლისის სახით შეზღუდვა მხოლოდ ერთი დღით მოქმედებდა პირველი მაისის 23 საათიდან 2 მაისის 4 საათამდე, მაშინ როცა კათოლიკურ ეკლესიას უარი უთხრეს იგივე თხოვნაზე, ასევე ადრე არ გაითვალისწინეს იგივე თხოვნა ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულზე.

გიორგი მშვენიერაძე: რაც შეეხება საღამოს, 23 :00 საათამდე დროის გადაწევას აღდგომის დღესასწაულზე, რეალურად მე ვფიქრობ, ეს რომ ასე არ აქნათ, რამე არსებითად განსახვავებულ სურათს არ მივიღებდით. იმიტომ რომ ის ადამიანები, რომლებიც გავიდნენ ეკლესიებში 11:00 საათზე წირვაზე დასასწრებად, ნაცვლად 11:00 საათისა მივიდოდნენ 9:00 საათზე და ის დრო, რომელსაც ეკლესიაში დაჰყოფდნენ გაცილებით მეტი იქნებოდა და მათ შორის კონტაქტიც უდრო დიდი ხნით გაგრძელდებოდა. ამიტომაც აქ პრობლემას ვერ ვხედავ, თუმცა პრობლემაა ის, რომ სახელმწიფო ასეთივე ლმობიერი, თუ გონიერი არ ყოფილა სხვა რელიგიურ ჯგუფებთან დაკავშირებით. მათ შორის კათოლიკეებთან დაკავშირებით, როდესაც საქართველოში მცხოვრები კათოლიკე მრევლი აღნიშნავდა აღდგომის დღესასწაულს, მათ ასეთი უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა არ ჰქონიათ და ეს რა თქმა უნდა შესაძლებელია განხილულიქნეს, როგორც დისკრიმინაციული მოპყრობა რელიგიური ნიშნით. იმიტომ რომ სახეზეა განსხვავებული მოპყრობა, განსხვავებული მიდგომა.