კომენტარი
გადატვირთული კლინიკები და კოვიდ-19-ის მართვა სოციალური ქსელებით - ინტერვიუ ექიმთან
კლინიკების გადატვირთვის პირობებში, ადამიანები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ოჯახის ექიმები მათ არ უკავშირდებიან. პაციენტების კითხვებს სამედიცინო ჯგუფებში გაერთიანებული რამდენიმე ექიმი პასუხობს და უანგაროდ კონსულტაციებს უწევს. "ლაივპრესი" სამედიცინო პლატფორმის "მედგიდის" წევრს, ექიმს ლალი ჯანაშიას ესაუბრა. ის ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის კოვიდ კლინიკის და ინგოროყვას კლინიკის პედიატრიული დეპარტამენტის პედიატრია. მუშაობდა რუხის კოვიდ კლინიკაში.

ლაივპრესი: რამდენად შესაძლებელია კოვიდის მართვა დისტანციურად?

ლალი ჯანაშია: ჩემთვის ყველაზე საპატიოა, რომ ვარ "მედგიდის"პედიატრი. 17 წლის ვიყავი როცა რუხის ამბულატორიაში მივედი, სანიტრად დავიწყე მუშაობა, სტუდენტობის პარალელურად მედდად ვმუშაობდი, ყველა გზა გავიარე ექიმობამდე. ახლა როცა ქვეყანა ომის მდგომარეობაშია, მოვიკრიბე ყველანაირი ძალისხმევა იმისთვის, რომ დავხმარებოდი ადამიანებს.

თავიდან, სოციალურ ქსელებში სამედიცინო ჯგუფების მიმართ, საზოგადოება სკეპტიკურად იყო განწყობილი, თუმცა პანდემიის მოცემულობაში, როდესაც ადამიანები ვერ ახერხებენ ექიმებთან ვიზიტს, ძალიან ეფექტურია ონლაინ კონსულტაცია, ოღონდ, ამის უფლება უნდა ჰქონდეს მხოლოდ კომპეტენტურ ადამიანს, ექიმს. ჩვენ ვიძლევით კონსულტაციებს რაღაც სიტუაციამდე, რომელიც შეიძლება მართვადი იყოს, მაგრამ ის არ უნდა წავიდეს ისე შორს, რომ ზიანი მიაყენოს პაციენტს, ჩვენი რჩევა შეიძლება იყოს ე.წ. დაკვალიანება, რომელ სპეციალისტს მიმართოს. ასევე, ხშირად, გადატვირთული ჰოსპიტალური სექტორის პირობებში ვეძებთ კლინიკაში ადგილს პაციენტისთვის, ვაფასებთ მის მდგომარეობას, მუდმივად ხაზზე ვართ და ხშირად ვამშვიდებთ პაციენტს სანამ 112 მოახერხებს მასთან მისვლას. ვხედავ, რომ ახლა ასეთი ფორმის კომუნიკაციას პაციეტებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომაც ბოროტებაა ახლა ფეისბუკზე ჯგუფ "მედგიდზე" განხორციელებული შეტევა. რამდენჯერმე დაიბლოკა ჩვენი გვერდი.

ლაივპრესი: ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს პრაქტიკა უფრო მეტად უნდა იყოს გამოყენებული ჯანდაცვის სექტორის მხრიდან, ვგულისხმობ ექიმის კონსულტაციებს ტელეფონით, სოციალური ქსელით?

ლალი ჯანაშია: პაციენტები წერენ, რომ გადის 4, 5, ან მეტი დღე და ოჯახის ექიმი მათ არ უკავშირდება, არადა ადამიანებს სახლში მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ, მოხუცები, რომლებიც ვერ სუნთქვავენ, ამიტომ არის ასეთი ტიპის სოციალური ჯგუფები, რომ ადამიანებს მინიმალური დახმარება მაინც გაეწიოს. ჩვენ ამას სავსებით უანგაროდ ვაკეთებთ, თუმცა თუ ყველას ეს არ შეუძლია გასაგებია, ამიტომ უნდა გაღრმავდეს ეს პრაქტიკა და ანაზღაურების შემთხვევაში ამ პროცესებში ჩაერთვება გაცილებით მეტი ექიმი. 

ლაივპრესი: თქვენი შეფასებით, იმ რესურსებით, რაც ახლა ჩვენს ჯანდაცვის სექტორს გააჩნია, რისი გაკეთება იყო კიდევ შესაძლებელი, რომ უფრო მომზადებულად შევხვედროდით ვირუსის გავრცელების ახალ ტალღას.

ლალი ჯანაშია: პირველ რიგში, საწოლფონდი უნდა ყოფილიყო სწორად დამენეჯმენტებული. კლინიკებში ახლაც შეიძლება იწვნენ ისეთი ადამიანები, რომელთა მოვლა ამბულატორიულ რეჟიმში კარგი მართვის შემთხვევაში, ოჯახის ექიმების მიერაც არის შესაძლებელი. ყველამ ვნახეთ, რომ "სელებრითი" ყოველგვარი ქოშინის გარეშე, მშვიდად გვესაუბრებოდა საავადმყოფოდან, რამაც დდი აგრესია გამოიწვია, რაც სავსებით გასაგებია. ჩემი მისადმი ღრმა პატივისცემის მიუხედავად, კლინიკებში არ უნდა დავიკავოთ ადგილები, რომ სხვა მძიმე პაციენტები გადავარჩინოთ.

ასევე, ვაქცინაციის დაწყებამდე, რომ გვეწარმოებინა სწორი საინფორმაციო კამპანია, ახლა არ ვიქნებოდით იქ სადაც ვართ. რამდენიმე ექიმის სტატუსების იმედად ვართ მხოლოდ. თავის დროზე, პოლიეომელიტის ვაქცინაციაც შესაძლოა ჩავარდნილიყო, ელვის პრესლი და მისი თაობის კუმირები საჯაროდ რომ არ აცრილიყვნენ. აქ მედიამაც უნდა შეასრულოს თავისი როლი, არ შეიძლება, თინა თოფურიას საათობით უთმობდე საეთერო დროს, რომელიც ბოდავს, რომ ვაქცინირებულ გოგოს არ შემოუშვებს სახლში რძლად. ყველა უნდა ჩაერთოს ამ პროცესში, ფართო მასშტაბები სჭირდება ამ კამპანიას. ახლა ერთმანეთის ჩასაფრების დრო არ არის, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ დავაგვიანეთ. აუცილებლად უნდა გავუსვა ხაზი იმას, რომ ეს მოხდა საინფორმაციო ვაკუუმის არსებობის გამო, ადამიანებს არ მივაწოდეთ სწორი ინფორმაცია, ვაქცინაციის შესახებ.

ლაივპრესი: რუხის კლინიკაში მუშაობდით და რას გვეტყვით ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი პაციენტების მკურნალობაზე?

ლალი ჯანაშია: ის სამარცხვინო ხიდი, რომელიც გვყოფს ძმებისგან, რომელსაც "საზღვარი" ეწოდება, არის დიდი ტკივილი. გახსოვთ, როგორ ვითხოვდით კარანტინის გაუქმებას ხიდს გაღმა მცხოვრებლებისთვის, რომ მათ სამედიცინო დახმარება მიეღოთ. ჩემი პაციენტების უმეტესობას უხდებოდა სოჭის მიმართულებით გადაადგილება, შემდეგ კი აბსურდული დიაგნოზებით თბილისში გადმოდიოდნენ სიცოცხლის ფასად. მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ 4 ადამიანი ერთდროულად შეეწირა ამ შავბნელი გზებით გადმოსვლას. რუხის კლინიკის არსებობა როგორც სტრატეგიულად, ისე ადამიანურად არის ძალიან დიდი ფაქტორი. მაღალი დონის კლინიკაა, რომელსაც ახლახან დაემატა ინტენსიური და რეანიმაციული განყოფილებები, რომელმაც მისცა შესაძლებლობა კლინიკას რომ მძიმე პაციენტები ემართათ. ამბობენ, რომ ბოლო დროს რუხში მოიმატა სიკვდილიანობამ. სიკვდილიანობის მაჩვენებელმა თბილისის რენიმაციულ განყოფილებებში და მთელს საქართველოში მოიმატა და ეს ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლის, ზოგადად, ქვეყანაში არსებული მძიმე სიტუაციის შედეგია.

ლაივპრესი: არის თუ არა საკმარისი ის რეგულაციები ვირუსის შესაჩერებლად, რაც საკოორდინაციო საბჭომ დააწესა?

ლალი ჯანაშია: ერთადერთი, რაშიც არ ვეთანხმები საბჭოს, ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუქმება, ამითკიდევ უფრო შევუწყვეთ ხელი ანტივაქსერებს, რომლებიც ამბობენ, ვერ მიდიან აცრის პუნქტამდე. კარგი იქნებოდა, თუ გამოვიდოდა ტრანსპორტის კიდევ უფრო მეტი რაოდენობა. რეგულაციები საჭიროა, მაგრამ მნიშვნელოვანია მისი აღსრულება. ის არ უნდა იყოს შერჩევითი, ვინც არ უნდა იყოს, პრემიერი, თუ ქალაქის მერი, 200 ადამიანთან არ უნდა იჯდეს და ჭიქას ჭიქაზე არ უნდა უჭახუნებდეს გამარჯვებულ ოლიმპიელს, რომელიც არავისზე ნაკლებად არ გვიყვარს ჩვენც.

ლაივპრესი: საველე ჰოსპიტლები მოეწყო. რას ფიქრობთ, რამდენად ეფექტური იქნება იქ პაციენტების მკურნალობა?

ლალი ჯანაშია: ძალიან მძიმე პაციენტის მოვლას ასევე, ძალიან კარგი პირობები ესაჭიროება, იქ უნდა იყოს ჟანგბადის აპარატი, მუდმივად უნდა ხდებოდეს ვინტილაცია და ა.შ. ამასთან,
საველე ჰოსპიტალში მოვითხოვთ კადრებს და მათ 2 ლარ ნახევარს ვთავაზობთ, როცა ნებისმერი გაწკრიალებულ მაღაზიაში კონსულტანტს გაცილებით მეტი აქვს, ასეთი შეთავაზებული პირობებით როგორ უნდა ავაწყოთ ჰოსპიტალი წარმოუდგენელია.

ლაივპრესი: როგორია თქვენ პროგნოზი შემოდგომისთვის, რას უნდა ველოდოთ, რა რეკომენდაცია გექნებათ სასწავლო დაწესებულებებისთვის, სკოლების, ბაღებისთვის. თუ ინციფირების მაჩვეებელმა არ იკლო, მიზანშეწონილად მიგაჩნიათ თუ არა სასწავლო პროცესის განახლება?

ლალი ჯანაშია: შემოდგომაზე ალბათ, მთლიანად "დელტა" შტამი ჩაანაცვლებს ბრიტანულ შტამს,რაც შეეხება სასწავლო პროცესს, სავარაუდოდ, გადაიდება, ყოველი დადასტურებული 1000 შემთხვევიდან 100 ბავშვია, როცა ამხელა დადებითობის მაჩვენებელია, იქ ბუნებრივია რომ სასწავლო პროცესის განახლებაზე ვერ ვისაუბრებთ.

სანამ ჩემი მეგობრები მეუბნებიან ხოლმე, ნუ დებ ფეისბუკზე სტატუსებს, თავს გაუფრთხილდი, ან ჩვენ გაგვიფრთხილდი, არ გაგიფრთხილდებით არავის, სანამ არ მივხვდებით, რომ არ არის ეს კოვიდ -19 ჩვეულებრივი გრიპი და მას ვერ ვუმკურნალებთ "ფერვექსის" ჩაით.

ასევე, მინდა გთხოვოთ, რომ ხშირად წეროთ კლინიკებში, ჰოსპიტლებში მომუშავე ადამიანებზე, რადგან ისინი არიან უჩინარი გმირები, რომლებმაც ახლა, უნდა გადაარჩინონ ქვეყანა.