კომენტარი
პოლიტიკური კრიზისი საკრებულოებში - არის თუ არა რიგგარეშე არჩევნები გამოსავალი - ინტერვიუ ექსპერტთან
FaceBook Twitter
E-mail Print
სამეგრელოს ის მუნიციპალიტეტები, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საკრებულოებში ოპოზიცია უმრავლესობითაა წარმოდგენილი, პოლიტიკური კრიზისის ზღვარზეა. წალენჯიხასა და ჩხოროწყუში თავმჯდომარეებად გახარიას პარტიის წარმომადგენლები, "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერით აირჩიეს. მათ ასევე ოპოზიციონერი მოადგილეები ჰყავთ. ზუგდიდსა და სენაკში კი ხელმძღვანელი პირი ამ დრომდე ვერ აირჩიეს. შეაფერხებს თუ არა ეს მოცემულობა მუნიციპალიტეტების განვითარებას და უნდა ველოდოთ თუ არა რიგგარეშე არჩევნებს, ან მერის იმპიჩმენტს, ამ თემებზე "ლაივპრესი", ექსპერტს თვითმმართველობის საკითხებში, დავით ლოსაბერიძეს ესაუბრა.

ლაივპრესი: სამეგრელოს ორ მუნიციპალიტეტში, ზუგდიდსა და სენაკში დღემდე ვერ აირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარე. ხელისუფლება და ოპოზიციაც თანხმდება, რომ სახეზეა პოლიტიკური კრიზისი. დააზარალებს და შეაფერხებს თუ არა ეს მოცემულობა მუნიციპალიტეტების განვითარებას? რა შემთხვევაში შეიძლება მივიღოთ რიგგარეშე არჩევნები?

დავით ლოსაბერიძე: კანონით არის გაწერილი, რა შემთხვევაში შეიძლება არჩევნები ჩატარდეს. მთელი პროცედურებია. მე არ მგონია, რომ ამ პროცედურების გაწელვამ რაიმე პოლიტიკური შედეგი გამოიღოს. რაც არ უნდა საწყენი იყოს ჩვენთვის, მუნიციპალიტეტებს უფლებამოსილება არ აქვთ. ყველაფერს მთლიანად ცენტრი განსაზღვრავს. ცენტრალური ხელისუფლების პროგრამების განხოციელების გარდა, ადგილობრივი პროგრამებიც ცენტრის სრული კონტროლით ხორციელდება. მთავარი პრობლემა აქ ის არის, რომ რეალურად მუნიციპალიტეტს არ გააჩნია რეალური უფლებები, რომელთა რეალიზებასაც შეძლებდა.

კანონში პირდაპირ არის გაწერილი მუნიციპალიტეტის ორგანოების უფლებამოსილების შეჩერების წესი და შემთხვევები, პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღების წესი. პირდაპირაა ნათქვამი, თუ საკრებულო არ შეიკრიბა 6 თვეში, არ ჩატარდა სხდომები, ან არ დაამტკიცეს ბიუჯეტი კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში, ან საფრთხე შეექმნა სახელმწიფო უფლებამოსილებების განხორციელებას, ამ შემთხვევაში ხდება საკრებულოს დათხოვნა. საკრებულოს დათხოვნის ინიციატივით შეიძლება გამოვიდეს მუნიციპალიტეტის მერი, ან საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა - ინიშნება მოვალეობის დროებით შემსრულებელი. როგორც წესი, კანონმდებლობა განსაზღვრავს, რომ მერი ხდება საკრებულოს გარეშე სახელმწიფოს წარმომადგენელი და სახელმწიფო მართავს უშუალოდ თვითმმართველობის ორგანოების გარეშე.

ლაივპრესი: თუ გახსენდებათ ახლო წარსულში მსგავსი პრეცედენტი?

დავით ლოსაბერიძე: მართალი გითხრათ, არ მახსენდება. ამ შემთხვევაში რა ხდება - თუ ეს განახორციელა სახელმწიფომ, მაშინ ერთი თვის ვადაში უნდა განხორციელდეს ვადამდელი არჩევნები.

ლაივპრესი: ვის შეიძლება რიგგარეშე არჩევნები დღეს აწყობდეს?

დავით ლოსაბერიძე: სახელმწიფოს აქვს ბერკეტი, თუ მუნიციპალიტეტი არ ასრულებს სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისად კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლება-მოვალეობებს, ეს თავიდან აიცილოს და პრევენცია მოახდინოს. მეორე, პოლიტიკური საკითხია, ვის შეიძლება აწყობდეს. ძნელი სათქმელია, იმიტომ, რომ გამომდინარეობს პოლიტიკოსთა და პოლიტიკური ჯგუფების პრეფერენციებიდან. თუ მაგალითად, სახელმწიფო მიდის ასეთ ფორმაზე, ბუნებრივია დგება რიგგარეშე არჩევნების საკითხი. რიგგარეშე არჩევნები ვის შეიძლება აწყობდეს ამ სიტუაციაში, ეს მეორე საკითხია. ხელისუფლება, რაც წინასწარ ისედაც ვიცით, დაადანაშაულებს ოპოზიციას, ოპოზიცია ხელისუფლებას, რომ მათ არ შეუძლიათ ადგილზე პრობლემების მოგვარება.

ლაივპრესი: ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი აირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარედ. მოადგილეებიც ოპოზიციიდან ჰყავს. წალენჯიხაში მერი ენმ-დანაა, მაგრამ არა ჩხოროწყუში. რამდენად შეძლებენ ოპოზიცია და ხელისუფლება ამ მოცემულობაში თანამშრომლობას მოქალაქეთა ინტერესებიდან გამომდინარე? და თუ ყოფილა შემთხვევა, რომ ამგვარად ყოფილიყო საკრებულოები დაკომპლექტებული?

დავით ლოსაბერიძე: ყოფილა ასეთი მაგალითები, როცა სერიოზულ ნაწილს, თუ უმრავლესობას არა, შეადგენდნენ ოპოზიციური პარტიები. ეს იყო 1998-2002 წლებში. მაშინ ხელისუფლებას სხვა დამოკიდებულება ჰქონდა. ყველაზე დემოკრატიული თვითმმართველობის სისტემა იყო პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის პერიოდში, ფორმალურად. თვითმმართველობას მაინც არავითარი უფლებამოსილება არ გააჩნდა. ეს იყო პირველი დონე, რომელიც სამწუხაროდ საქართველოში საერთოდ გაუქმდა 2004-2005 წლებში. შემდგომ იყო ამის რეაბილიტაციის მცდელობა ნაწილობრივ მაინც, ქალაქების სტატუსის გაზრდასთან დაკავშირებით, მაგრამ დღევანდელმა ხელისუფლებამაც გაიმეორა წინა ხელისუფლების ცენტრალიზაციის სენსიტივები და ისევ ცენტრალიზებულზე აიღო ორიენტირი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ იმ პერიოდში დემოკრატია ყვაოდა, იმიტომ, რომ რეალურად უფლებამოსილება საკმაოდ დიდი ჰქონდათ თვითმმართვეობებს, მაგრამ ფინანსები იმდენად ცენტრალიზებული და მცირე იყო, მიზერული, რომ მაშინდელი ხელისუფლება თვლიდა, რომ დასხდნენ და ილაპარაკონ რამდენიც უნდათ. ესეთი პრინციპი იყო. შემდგომ, ბოლო 20 წლის მანძილზე ასეთი რამ აღარ ყოფილა. რამდენადაც მე მახსოვს, ერთხელ დადგა საკითხი, როცა ხელისუფლებაში "ქართული ოცნება" მოვიდა ცენტრალურ დონეზე, ადგილობრივ დონეზე თვითმმართველობები კვლავ "ნაციონალური მოძრაობით" იყო დაკომპლექტებული ძირითადად. გვახსოვს პორტაციების და გადასვლების საკითხიც. თბილისში დადგა ეს საკითხი, რომ არ დაემტკიცებინა საკრებულოს ბიუჯეტი. მერი უგულავა იყო. დგებოდა მისი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი. თუმცა ამ ფორმით, ასეთი კონკრეტული მაგალითები, რამდენადაც მახსოვს, ჯერჯერობით საქართველოში არ ყოფილა. რა შეიძლება ამას მოჰყვეს, იურიდიული ნიუანსებია და დარწმუნებული იყავით, ყველა მხარე გამოვა და თავის იურიდიულ დასაბუთებას მოიტანს.

ლაივპრესი: თუ შეიძლება მერის იმპიჩმენტს ველოდოთ?

დავით ლოსაბერიძე: ფაქტობრივად, ამ შემთხვევაშიც გადაწყვეტილების მიმღები არის ცენტრალური ხელისუფლება. იმიტომ, რომ იმპიჩმენტი რას შეიძლება მოჰყვეს? ბიუჯეტის არდამტკიცებას მაგალითად. საკრებულომ, ვთქვათ დაამტკიცა ბიუჯეტი და მერი არ ასრულებს? ამ შემთხვევაში როგორ ხდება. კონკრეტულ საკითხებს ცალ-ცალკე უნდა მივუდგეთ. ჩხოროწყუში შეიძლება სხვანაირად იყოს საქმე, ზუგდიდში სხვანაირად და ბათუმში განსხვავებულად. მაგრამ, ცენტრალური ხელისუფლების დისკრეციაა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. რა თქმა უნდა, კანონით თვითმმართველობას, თუ თვითმმართველობა გრძნობს თავს დაზარალებულად, ან მერი, ან საკრებულო, ასეთ შემთხვევაში პირდაპირი მმართველობის გადაწყვეტილება შეიძლება გაასაჩივროს ან მერმა, ან საკრებულოს წევრთა მეოთხედმა. მაგრამ ამას შემდეგ სასამართლო განიხილავს. თუ პოლიტიკურ რეალობას შევხედავთ, ვიცით როგორი გადაწყვეტილება შეიძლება იქნას მიღებული სასამართლო სისტემის მიერ. ასე რომ, ამ შემთხვევაში ერთადერთი, რაც შეიძლება იყოს, თუ მართლა კანონის მუხლების დაცვით წავედით, ყველა პუნქტის დაცვით წავიდა ყველა მხარე და პირდაპირი მართველობა შემოიღეს, თუ 6 თვის მანძილზე არ შეიკრიბა საკრებულო, თუ არ განახორციელა თავისი უფლებამოსილება, ან ბიუჯეტი არ იქნა მიღებული, ამ შემთხვევაში ხდება პირდაპირი მმართველობის შემოღება. პირდაპირ მმართველობას ახორციელებს მოვალეობის შემსრულებელი მერი. იგივე მერი რჩება, თუ სახელმწიფომ არ გადაწყვიტა, რომ სხვა შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ცენტრალური ხელისუფლებისგადასაწყვეტია, ვინ შეიძლება დაინიშნოს. ასევე, ვალდებულება აქვს ცენტრალურ ხელისუფლებას ამ შემთხვევაში, დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები.

ლაივპრესი: თქვენ თუ ფიქრობთ, რომ ეს საუკეთესო გამოსავალი იქნება ამ მოცემულობაში?

დავით ლოსაბერიძე: პოლიტიკური პროცესების შეფასებისგან თავს შევიკავებ, იმიტომ, რომ ჩემი აზრით, მთავარი პრობლემაა სხვა სფეროშია - დეცენტარლიზაციის არარსებობა. თორემ, ცენტრალურ ხელისუფლებას ყოველთვის აქვს უფლება, დაიცვას საერთო კონსტიტუციური წესრიგი და ზედამხედველობას ახორციელებს ყველა ქვეყანაში თვითმმართველობის ორგანოებზე. ეს კანონმდებლობითაა გაწერილი. ამ შემთხვევაში, თუ ჩვენ მივადგებით საარჩევნო წესებს, ეს კიდევ უფრო დაძაბავს ამ სიტუაციაში პოლიტიკურ გარემოს. ჩვენ რომ ვიყოთ კონსოლიდირებული დემოკრატიის ქვეყანა და არაფერი პრობლემა არ არის, შეიძლება პრემიერიც გადადგეს, პარლამენტის ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს. ვიცით ასეთი რაღაცები გერმანიაში, იტალიაში. ამით ქვეყანა არ ინგრევა. მოქალაქეები აფიქსირებენ თავის პოზიციას. მერე, როგორც უმრავლესობა გადაწყვეტს, იმის მიხედვით ხდება არსებული სისტემის კორექტირება. ამას პოლიტიკური რყევები არ მოყვება. წარმოვიდგინოთ, რომ ვადამდელი არჩევნებია დანიშნული მუნიციპალიტეტებში, ან დაიძაბა სიტუაცია ეროვნულ დონზე. ეს მშვიდად რომ არ ჩაივლის საქართველოს კვალობაზე, კარგად ვიცით. ასე რომ, ამას ორივე, სამივე თუ ათივე მხარე, მე ვფიქრობ იაზრებს და აფასებენ იმის მიხედვით, თუ რადენად სჭირდებათ ამის გაკეთება, ბოლომდე მიყოლა.

ლაივპრესი: ქართული ოცნება პოლიტიკურ ალიანსში ადანაშაულებს გახარიას პარტიას და "ნაციონალურ მოძრაობას". თქვენ როგორ უყურებთ ამ პროცესებს?

დავით ლოსაბერიძე: თუ ჩვენ ამას გარე თვალით შევხედავთ, წარმოვიდგინოთ ეს ხდება არგენტინაში, ავტრალიაში, ან ბურკინა ფასოში, პოლიტიკურ პარტიებს აქვთ უფლება შეკრან, ან არ შეკრან ალიანსი. "ქართული ოცნება" ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში ცდილობს გახარია გამოიყვანოს "ნაციონალური მოძრაობის" აგენტად და ამით იცის, რომ იმოქმედებს ანტინაციონალების მომხრე ელექტორატზე. ბუნებრივია, თავის მხრივ "ნაციონალური მოძრაობა" იტყვის, რომ ეს არ ხდება, იმიტომ, რომ გახარიას თავისი ხედვა აქვს და ეს პოლიტიკური პროცესის ნაწილია. ამას კატეგორიულად უაყოფს გახარიას მხარეც. ეს პოლიტიკური აწონ-დაწონვის საკითხია. თუ ადამიანი მხარს უჭერს "ქართულ ოცნებას", ბოლომდე დაუჯერებს მას, თუ რამე სასწაული არ მოხდა. "ნაციონალების" მომხრეებიც "ნაციონალებს" დაუჯერებენ. გახარიას კი მისივე მომხრეები. თეორიულად აქ არავითარი პრობლემა არ არის. უბრალოდ პოლიტიკური პიარისთვის რა იქნება და როგორ გამოყენებული, ეს მეორე საკითხია.

მთავარი არსი ის არის, რომ დიდად მუნიციპალიტეტს ეს მაინცდამაინც არ დაეტყობა. გართულებული მომსახურება არ იქნება. ის, რომ ნაგავი არ იქნება გატანილი, ან საბავშვო ბაღები დაიკეტება, ასეთი რამ არ მოხდება. თუ მიზანმიმართულად არ გააკეთა საქართველოს პოლიტიკურმა ელიტამ. მაგრამ ეს იმაზე მტყველებს, რომ თვითმმართველობებს არ აქვთ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების საშუალება. ეს არის თავი და თავი იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში მოქალაქეთა ინტერესების სრულუფლებიანი დაცვა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს სტუმრობდა,
12:31 / 20.07.2022
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს სტუმრობდა,
გრიპის მოახლოებული სეზონი, ვაქცინაციის საგანგაშოდ
დაბალი მაჩვენებელი და მეხუთე
15:10 / 14.10.2021
გრიპის მოახლოებული სეზონი, ვაქცინაციის საგანგაშოდ დაბალი მაჩვენებელი და მეხუთე
აფხაზეთში, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, რთული
ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.
09:21 / 03.09.2021
აფხაზეთში, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.
კლინიკების გადატვირთვის პირობებში, ადამიანები სოციალურ ქსელებში
წერენ,
09:24 / 21.08.2021
კლინიკების გადატვირთვის პირობებში, ადამიანები სოციალურ ქსელებში წერენ,
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.