კომენტარი
როგორც ქართველები ამბობენ, „ძალა ერთობაშია“, ახლა სწორედ ამის დროა - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან
FaceBook Twitter
E-mail Print
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს სტუმრობდა, სადაც სამოქალაქო საზოგადოებას, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ახალგაზრდებს, ბიზნესის სფეროში დასაქმებულებს შეხვდა. ვიზიტის დასასრულს, "ლაივპრესმა" ელჩთან ინტერვიუ ჩაწერა. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპერსპექტივას, კანდიდატის სტატუსის მოლოდინს, მის მიმართ გახშირებულ კრიტიკულ განცხადებებს და ოკუპაციას. კელი დეგნანი ამბობს, რომ ახლა სწორედ ის დროა, ქართველები გაერთიანდნენ, განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად და ქვეყანამ ევროპულ ოჯახში დაბრუნების შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვას.

ლაივპრესი: ჩვენი ინტერვიუ მინდა დავიწყო სამეგრელოში თქვენი ვიზიტით. ვის შეხვდით, რა თემებზე ისაუბრეთ და რა შთაბეჭდილებებით, განწყობით ტოვებთ რეგიონს?

კელი დეგნანი: ძალიან სასიამოვნოა, რომ სამეგრელოში დავბრუნდი. ეს უკვე ჩემი მესამე ვიზიტია ამ რეგიონში და ძალიან მიხარია, რომ მომეცა შესაძლებლობა დავბრუნებულიყავი. პირველად, როცა ორი წლის წინ ჩამოვედი საქართველოში, პირველი რეგიონი, რომელსაც ვესტუმრე, სვანეთი იყო. ჩვენ შევხვდით მერს, საკრებულოს წევრებს, ადგილობრივ მოქალაქეებს, თემის, ბიზნესის წარმომადგენლებთან. ვისაუბრეთ განვითარების და გამოწვევების შესახებ, რომელიც რეგიონში არსებობს. გავეცანი ძალიან საინტერესო პროექტს - ტრანსკავკასიური მარშრუტის დაგეგმვას რეგიონში. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი რეგიონისთვის, რადგან განვითარდება ეს მარშრუტი, რაც რა თქმა უნდა მეტ ტურისტს მოიზიდავს მთლიანად საქართველოში. ქვეყნის განვითარებისთვის კი ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

დღეს ზუგდიდში გვქონდა შეხვედრა ევროპის მონიტორინგის მისიასთან. მათთან ვისაუბრეთ ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან არსებულ ვითარებაზე. მივიღე გარკვეული ინფორმაცია არსებულ მდგომარეობაზე. თქვენთვის როგორც ცნობილია, ჩვენ ვართ საქართველოს ძალიან დიდი მხარდამჭერები და ჩვენი მთავარი მიზანია, რომ კონფლიქტი, რაც არსებობს, მშვიდობიანად გადაიჭრას, რაშიც საქართველოს მხარს ვუჭერთ.

ვიზიტის ფარგლებში ასევე ვიმყოფებოდი წალენჯიხაში, სადაც შევხვდით ახალგაზრდებს. ისინი გაეცნენ მედიაწიგნიერების პროგრამას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, რადგან სწორედ მისი მეშვეობით შეუძლიათ მათ გაარჩიონ, რა არის ყალბი და რომელია ნამდვილი, სწორი, უტყუარი ინფორმაცია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, განსაკუთრებით ახლა, როცა ხდება ქვეყნის დანაწევრება, საზოგადოების დაყოფა. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ახლა გაერთიანდეს ქვეყანა.

ლაივპრესი: საუბარი მინდა განვაგრძო ბოლო პერიოდში ქვეყანაში ერთ-ერთი აქტუალური თემით. ეს არის კრიტიკული განცხადებები თქვენს მიმართ, დაწყებული ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლით, გაგრძელებული "ქართული ოცნების" ყოფილი წევრებით, მინისტრ თეა წულუკიანით, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ორაკლი კობახიძით. როგორ ფიქრობთ, რას ემსახურება ეს ყველაფერი? არის თუ არა ცალკეული პირების განწყობები და პოზიცია, თუ შეიძლება ამ ანტი პიარ კამპანიის უკან ხელისუფლება იდგეს?

კელი დეგნანი: ამერიკის შეერთებული შტატები უკვე წლებია საქართველოს მეგობარია და ძალიან კარგ მეგობრებსაც კი მოსდით ზოგჯერ ერთმანეთში უთანხმოება. ამისთვის საჭიროა, მეგობრები დასხდნენ და ერთმანეთს მოუსმინონ, დაელაპარაკონ და გაარკვიონ, თუ არსებობს მათ შორის რაიმე უთანხმოება. ზოგჯერ ეს შეიძლება მოხდეს პირადი ურთიერთობების საშუალებით, ან საჯაროდაც გამოვიდეთ და გავაკეთოთ განცხადება, თუ არსებობს ამის საჭიროება და დავაფიქსიროთ ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია.

ჩვენ ძალიან ხანგრძლივი და ძლიერი პარტნიორობა გვაკავშირებს თქვენს ქვეყანასთან. ნებისმიერ მთავრობასთან, რომელიც კი არსებობდა საქართველოში, ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით კარგი პარტნიორული ურთიერთობები გვქონოდა. მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ ყოველთვის მხარს ვუჭერდით და მხარს ვუჭერთ საქართველოს მოსახლეობას. განსაკუთრებით კი მათ მისწრაფებაში, რომელიც აისახება ევროპულ ოჯახთან გაერთიანებაში. ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ქვეყანა იყოს ეკონომიკურად ძლიერი, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, რომ მოქალაქეები კი არ ტოვებდნენ ქვეყანას, არამედ დარჩნენ საქართველოში, ქვეყანა იყოს სტაბილური და უსაფრთხო. სწორედ ამიტომ ვუჭერთ მხარს საქართველოს მოსახლეობას და ნებისმიერი მთავრობის შემთხვევაში, ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს და ქართველი ხალხის მხარდაჭერას.

ლაივპრესი: როგორ ფიქრობთ, მთელი ეს კრიტიკა და ანტი პიარ კამპანია პერსონალურად თქვენი მისამართით არის, თუ ნეგატივი მიმართულია ამერიკის შეერთებული შტატებისკენ?

კელი დეგნანი: მე აქ ვარ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი და შესაბამისად, წარმოვადგენ ამერიკის პრეზიდენტს, ამერიკის სახელმწიფოს. არ ვიღებ ამ ყველაფერს პერსონალურად. მე ვარ ოფიციალური წარმომადგენელი და შესაბამისად ვერ მივიღებ ამას პირადად ჩემზე თავდასხმად და ჩემს წინააღმდეგ პიარ კამპანიად. თუმცა, მნიშვნელოვანია და ბუნებრივია, როგორც პარტნიორები, ყოველთვის ერთმანეთს ვერ დაეთანხმებიან. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, განვიხილოთ, დავსხდეთ და ვისაუბროთ ამის შესახებ. თუმცა, საზოგადოება არის ძალიან პოლარიზებული და ეს თემა არის ძალიან რთული. არ არის ეს მარტივი საკითხი ქვეყნისთვის. მე ორ-ნახევარი წელია საქართველოში ვიმყოფები და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვცდილობ, ყოველთვის მხარი დავუჭირო, დავეხმარო როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, ისე ლიდერებს, რომ გაერთიანდნენ და როგორღაც გამონახონ საერთო ენა. ჩატეხილი ხიდი, რომელიც მათ შორის არსებობს, აუცილებლად უნდა აღდგეს და ამისთვის გამოსავალი უნდა მოიძებნოს. უნდა მოხდეს ერთად მუშაობა, გაერთიანება. ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ დღეს გაერთიანდეს ერი, რომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, რომელიც მას ევროპასთან დააკავშირებს.

ასევე, საქართველოს აქვს ძალიან ბევრი სხვა შესაძლებლობა. მათ შორის, ქვეყანა შეიძლება სატრანსპორტო ცენტრი გახდეს აღმოსავლეთს და დასავლეთს შორის. ძალიან კარგი შესაძლებლობა იქნება ეს თვითონ რეგიონისთვის და შესაბამისად ამერიკა, ჩვენ, ყოველთვის დავუჭერთ მხარს და ვეცდებით, ყველანაირი გზა გამოინახოს იმისთვის, რათა გაერთიანდეს მოსახლეობა საერთო ინტერესის გარშემო და საქართველოს მოსახლეობის ინტერესების დაცვა მოხდეს.

ლაივპრესი: სწორედ კანდიდატის სტატუსის თემით მინდა განვაგრძო ჩვენი საუბარი. ხელისუფლებამ წარმოადგინა გეგმა, 12 პუნქტის შესასრულებლად იმისთვის, რომ რამდენიმე თქვეში საქართველომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. მთავრობის განცხადებით, ისინი მზად არიან შეასრულონ ეს რეკომენდაციები, მაგრამ ამაში ოპოზიციის დახმარებაც დასჭირდებათ. რამდენად გულწრფელია თქვენი აზრით ხელისუფლება, როცა ის ამბობს, რომ ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს სტატუსის მისაღებად?

კელი დეგნანი: ევროკავშირის დასახული მიზანია, კანდიდატის სტატუსის მინიჭება ქვეყნისთვის, რასაც მივესალმებით. ეს 12 რეკომენდაცია დაგეხმარებათ ამ სტატუსის მიღებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოსთვის. ეს არის ერთ-ერთი გზა იმისთვის, რომ ყველა პოლიტიკური პარტია გაერთიანდეს, ყველა უნდა გაერთიანდეს, რათა შეძლონ და ის რეფორმები, რომელიც მოთხოვნილია, შესრულდეს. რა თქმა უნდა, ეს რეფორმები ქვეყნისთვის სიახლე არ არის. ამ რეფორმებზე ადრეც მუშაობდნენ და პარლამენტშიც წარადგინეს. მთავარია რეალურად განხორციელდეს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ნამდვილად დაეხმარება და გააძლიერებს ქვეყანას. ევროკომისია გაითვალისწინებს გარკვეულ ნაბიჯებს, რაც იქნება გადადგმული ამ საკითხთან დაკავშირებით. რეკომენდაციები არ უნდა იყოს შესრულებული მხოლოდ ერთი პარტიის მიერ, არამედ ერთად მუშაობის შედეგად უნდა შესრულდეს. უნდა მოხდეს კანონმდებლობის მიღება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ქვეყნისთვის და შესაძლოა ქვეყანა კიდევ უფრო გააერთიანოს იმ საერთო მიზნის გარშემო, რასაც ჰქვია ევროპული მისწრაფებები. ახლა არ არის დანაწევრების და დაყოფის დრო, არამედ გაერთიანების დროა, რასაც მოსახლეობის უმრავლესობა მოითხოვს. სწორედ ამიტომ, აუცილებელია არა საუბარი, არამედ ის, რომ მოქმედებებზე გადავიდეთ და ამაზე მოხდეს ხელისუფლების და ოპოზიციის მხრიდან ერთობლივი მუშაობა, რადგან მე ვხედავ საქართველოს მომავალს ევროპაში და ევროპის მომავალი თქვენს ხელშია. ეს თქვენი გასაკეთებელია. ჩვენ, ამერიკელები რა თქმა უნდა მხარს დაგიჭერთ ამ ყველაფრის განხორციელებაში და გვჯერა, რომ რისკენაც ქართველი ერი მიისწრაფვის, ის აუცილებლად შესრულდება.

ლაივპრესი: ხელისუფლება ამბობს, რომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის კი კანდიდატის სტატუსის მინიჭება იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და სინამდვილეში, ამ სამ ქვეყანას შორის, საქართველო ნამდვილად მოწინავეა ყველა ასპექტში. იზიარებთ თუ არა თქვენ ამ მოსაზრებას?

კელი დეგნანი: ეს, რაღაც დონეზე უფრო გაუგებრობაა. არსებობს კოპენჰაგენის კრიტერიუმები, რომელიც უნდა დაკმაყოფილდეს. ამიტომ, უნდა მოხდეს შეკრება, გადაწყვეტილების მიღება. საქართველო ვერც წარმოიდგენდა, რომ ეს შესაძლებლობა მიეცემოდა ახლა, რადგან მხოლოდ ორი წლის შემდეგ მიეცემოდა ამის შესაძლებლობა. მაგრამ, ქვეყანას დღეს უკვე აქვს ეს შესაძლებლობა და მათ ორიენტირება უნდა მოახდინონ არა მოლდოვასა და უკრაინაზე, მათ რა მიიღეს, არამედ კონცენტრირებული უნდა იყვნენ რეკომენდაციების შესრულებაზე, ერთად იმუშაონ და აჩვენონ ევროკომისიას, რომ ისინი მზად არიან, ჩადონ ის სამუშაო და განახორციელონ ის რეფორმები, რაც აუცილებელია ამ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

საქართველომ ბოლო 30 წლის განმავლობაში ძალიან ბევრ და მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, თუმცა ძალიან ბევრი რამ კიდევ გასაკეთებელია. ერთი რამ, რაც ხაზგასასმელია - წარსულს კი არ უნდა ვუყუროთ, არამედ მომავლისკენ უნდა გავიხედოთ. ქვეყანამ ეს შესაძლებლობა არ უნდა გაუშვას. უნდა მოუსმინონ ერთმანეთს და ორიენტირებულები იყვნენ ინკლუზიური გზით, როგორღაც, კეთილი ნების გამოხატვით, საუკეთესო გზების გამონახვით შეძლონ ის, რაც ქვეყნისთვის კარგი და სასიკეთო იქნება, რაც სურს მოქალაქეთა უმრავლესობას, ისეთი ნაბიჯები გადადგან. ეს ყველაფერი კი, საქართველოს უფრო ძლიერს და დემოკრატიულს გახდის. ეს რეკომენდაციები უბრალოდ კი არ უნდა შესრულდეს, რადგან რეალურად, პარლამენტი და პარტიები უკვე შეთანხმდნენ, რომ ეს რეფორმები ხორციელდება და არის დაგეგმილი. ამ შემთხვევაში მთავარია მოქმედება.

ლაივპრესი: კიდევ ერთი პრობლემა, რომელზეც საუბრობს ევროკომისია და რომლის გამოსწორებასაც ითხოვს, ეს არის დეოლიგარქიზაცია. ოპოზიცია წლებია საუბრობს, რომ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის მმართველობაა. თქვენ რას ფიქრობთ, არის თუ არა საქართველოში ოლიგარქიული მმართველობა?

კელი დეგნანი: ისტორიულად მედიის, პოლიტიკის და ამ ყველაფრის გაერთიანებას კარგი არაფერი მოუტანია. ამერიკაში, მე-19 საუკუნეში ჩვენც გვქონდა ეს პრობლემა და მონოპოლიური კანონის მიღების შემდეგ თავისით გადაიჭრა. კონტროლი ეკონომიკაზე, საზოგადოებაზე, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი მიუღებელია. ევროკომისიის რეკომენდაციებში რა ჩამონათვალიც არის, ნაბიჯები, რაც უნდა გადაიდგას, მათ შორის მართლმსაჯულება, კანონის უზენაესობა, ანტიკორუფციული რეფორმების განხორციელება, საბოლოო ჯამში მიგვიყვანს დეოლიგარქიზაციამდე. მთავარი არის ერთი რამ - ისეთი სისტემა შეიქმნას, რაც უზრუნველყოფს სამართლიან ეკონომიკურ-პოლიტიკურ, ძლიერი საზოგადოების და ქვეყნის ჩამოყალიბებას. აქ ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს და არ უნდა იყოს ერთმანეთთან დაკავშირებული ფული და პოლიტიკა. არ უნდა იყოს პერსონიფიცირებული, ერთი პირი არ უნდა აკონტროლებდეს ან პოლიტიკას, ან ეკონომიკას. დეოლიგარქიზაცია არ ნიშნავს, რომ რომელიმე ერთ პერსონაზე იყოს საუბარი. არაპროდუქტიულია ცალკეულ პერსონებზე საუბარი. ამ შემთხვევაში ერთი რამ არის მთავარი - იყოს საზოგადოების ნდობა და შესაბამისი, სწორი სისტემის ჩამოყალიბება. თუ იქნება საზოგადოების ნდობა, მაშინ ეს არის ნამდვილად დემოკრატიული სისტემა. შესაბამისად, ეს ყველაფერი დეოლიგარქიზაციამდე მიგვიყვანს.

ლაივპრესი: მოძრაობას "შინ ევროპისკენ", რომელიც პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, სხავადასხვა სფეროს წარმომადგენლებს აერთიანებს, არ სჯერა, რომ მთავრობას ნამდვილად სურს ევროკომისიის პირობების შესრულება. ამიტომ ითხოვენ ისინი ხელისუფლების "ეროვნული თანხმობის მთავრობით" ჩანაცვლებას, ამიტომ გამართეს საპროტესტო აქციები. არის თუ არა ეს გამოსავალი დღეს იმ პირობებში, როცა ჯერჯერობით, ხელისუფლება და ოპოზიცია ვერ ახერხებენ შეთანხმებას?

კელი დეგნანი: დღეისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია, გაერთიანდნენ ერთი საერთო ინტერესის გარშემო. ეს საერთო ინტერესი მოსახლეობამ უკვე თავად დაგვანახა, რომ 20 ივნისს 120 თასზე მეტი ადამიანი გამოვიდა რუსთაველზე და გამოხატეს თავიანთი მხარდაჭერა ევროპული მომავლის მიმართ. ამ ადამიანებმა გამოხატეს თავიანთი სურვილი, რომ მიიღონ კანდიდატის სტატუსი და გახდნენ ევროპის ოჯახის წევრი. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ძალიან დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს მთავრობა, იყვნენ პასუხისმგებლიანები მოსახლეობის მიმართ, იყვნენ ინკლუზიურები. მათ შედარებით მეტი პასუხისმგებლობა აკისრიათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება მათ უნდა გაეთიშონ. პირიქით, ისინიც აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულები ამ პროცესებში და როგორც ქართველები ამბობენ, "ძალა ერთობაშია". ახლა სწორედ ამის დროა. დღეს სწორედ ეს დღე უდგას ქართველ ერს, რომ ყველა მხარე გაერთიანდეს და ამბიციები გვერდზე გადადონ. მთავრობა უნდა იყოს გულწრფელი, ინკლუზიური და ყველა დაინტერესებულ მხარესთან გამონახონ საერთო და მათთან ითანამშრომლოს. ევროკომისიას უნდა დაანახონ, რომ საქართველო არის გაერთიანებული ამ საერთო მიზნის გარშემო. მთავარი ის კი არ არის, რეკომენდაციები შესრულდეს ამ შემთხვევაში, არამედ კომისია დასვამს კითხვას, შეუძლია კი საქართველოს ჰყავდეს საზოგადოება, რომელიც შეძლებს გაერთიანებას. დღეს ქვეყანაში, როცა ძალიან მარტივია დეზინფორმაციის გავრცელება, და ამ ზეწოლის წინაშეა საზოგადოება, რაც ხელს უწყობს ქვეყანაში არასტაბილური ვითარების შექმნას, სწორედ მთავრობის როლი, ოპოზიციის, მოქალაქის, სამოქალაქო საზოგადოების, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

ლაივპრესი: ჩვენი საუბრის დასასრულს აუცილებლად მინდა გკითხოთ ოკუპირებულ რეგიონებზეც. რადგან ზუგდიდში ვართ, აქედან სულ რამდენიმე კილომეტრში აფხაზეთის რეგიონია. ხელისუფლების გაცხადებული პოზიციაა სამშვიდობო პოლიტიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ. თუმცა ამ მიმართულებით წლებია თითქმის არაფერი იცვლება. როგორ ფიქრობთ, რამდენად საკმარისია ხელისუფლების ძალისხმევა კონფლიქტის მშვიდობიანად მოსაგვარებლად და კიდევ რა ღონისძიებების გატარება მიგაჩნიათ საჭიროდ, რომ მეტი პოზიტიური იმპულსი გაჩნდეს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში?

კელი დეგნანი: ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით აქ, სადაც ასე ახლოს ვიმყოფებით ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან. ჩვენ ცოტა ხნის წინ როცა ვიყავით ევროპის მონიტორინგის მისიასთან, მათ მოგვახსენეს არსებული მდგომარეობა, ის რთული ვითარება, რაშიც ცხოვრობს იქ მოსახლეობა. ჩვენ ძალიან ძლიერი დამცველები ვართ და მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს ფუნდამენტური და ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გავაგრძელებთ ქვეყნის მხარდაჭერას. აუცილებელია ორიენტირებულები ვიყოთ სამშვიდობო გადაწყვეტილების მიღებაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო წლების განმავლობაში გარკვეულ ნაბიჯებს დგამს საკითხის მშვიდობიანად გადასაწყვეტად. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში ხდება ამაზე მუშაობა. ეუთო, ამერიკის შეერთებული შტაბები ჩართულები არიან პროცესში, რომ მოხდეს გარკვეული გამოსავლების პოვნა. თუმცა აქ ერთი რამ არის გასათვალისწინებელი, ერთი მხარე, ვისაც ამ პროცესში არ სურს მონაწილეობა, რუსეთია. ის აგრძელებს დაპირისპირებას, ამ პროცესის შეჩერებას. საქართველო ყველანაირად ცდილობს, რომ განავითაროს ისეთი მექანიზმები, რომელიც საზოგადოებაში გაზრდის ცნობიერებას ამ საკითხებზე, ცდილობს ამ საკითხზე მუშაობას, რომ რაც შეიძლება მეტი დიალოგი იყოს და პრობლემა დიალოგით გადაიჭრას. აქ ხაზი უნდა გაესვას და ძალიან მნიშვნელოვანია, შენარჩუნდეს ხალხთაშორის ურთიერთობები. ზუგდიდში განსაკუთრებულად შეიძლება ამის შემჩნევა, რადგან აქ ადამიანებს უფრო მეტად შეუძლიათ ერთმანეთთან ჰქონდეთ ურთიერთობა. არ უნდა დაშორდნენ ერთმანეთს. ნებისმიერი მექანიზმი, რომელიც ხალხთაშორისი ურთიერთობების გაძლიერებას შეუწყობს ხელს, ეს იქნება ვაჭრობა, განათლება, ჯანდაცვის კუთხით დახმარება, მხოლოდ წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. სწორედ ამ გზით უნდა გაგრძელდეს ადამიანებთან ურთიერთობა, რათა ისინი ერთმანეთს დაუკავშირდნენ სხვადასხვა მექანიზმების საშუალებით და ხაზს ვუსვამ, მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი მექანიზმების, საუბრის, დიალოგის გაგრძელების საშუალებით.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
სამეგრელოს ის მუნიციპალიტეტები, სადაც ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საკრებულოებში
21:06 / 05.02.2022
სამეგრელოს ის მუნიციპალიტეტები, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საკრებულოებში
გრიპის მოახლოებული სეზონი, ვაქცინაციის საგანგაშოდ
დაბალი მაჩვენებელი და მეხუთე
15:10 / 14.10.2021
გრიპის მოახლოებული სეზონი, ვაქცინაციის საგანგაშოდ დაბალი მაჩვენებელი და მეხუთე
აფხაზეთში, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, რთული
ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.
09:21 / 03.09.2021
აფხაზეთში, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.
კლინიკების გადატვირთვის პირობებში, ადამიანები სოციალურ ქსელებში
წერენ,
09:24 / 21.08.2021
კლინიკების გადატვირთვის პირობებში, ადამიანები სოციალურ ქსელებში წერენ,
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
რობოტი „თამადა“ და კედლის სათბური - ზუგდიდელი ახალგაზრდების გამოგონება ბაზარზე გასავლელად ემზადება [ვიდეო]
ზუგდიდში ახალგაზრდები მუდმივად უჩივიან შემეცნებით-გასართობი სივრცეების სიმწირეს, სადაც იდეების
როგორ დავსაქმდე - ზუგდიდში სამუშაოს მაძიებლებისთვის ონლაინ პლატფორმა შეიქმნა  [ვიდეო]
უმუშევრობა საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ადამიანები ასაკის და სქესის განურჩევლად სამსახურს ეძებენ,
საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოზარდები ცვლილებებისთვის [ვიდეო]
ახალგაზრდებს, რომლებიც სოფლად ცხოვრობენ, გაცილებით მეტი საჭიროებები აქვთ. იმისთვის, რომ განვითარდნენ და გარემო
80 წლის კეკე მასწავლებელი სოფელ ხაბუმედან [ვიდეო]
მერი (კეკე) გულუა უკვე 60 წელია ჩხოროწყუს სოფელ ხაბუმეს სკოლაში ასწავლის. რამდენიმე წლის წინ სახელმწიფოს
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.