85 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი და პედაგოგი, ნოდარ ანდღულაძე - ასევე ცნობილი მომღერლის, დავით ანდღულაძის შვილი და მოწაფე. 1956 წლიდან ნოდარ ანდღულაძე იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი, ასრულებდა ტენორის პარტიებს ვერდის, პუჩინის, ჩაიკოვსკის, თაქთაქიშვილის, სხვა კომპოზიტორთა ოპერებში. 1968 წლიდან ის პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, არის ვოკალური ხელოვნების თეორიის, ისტორიისა და მეთოდიკის დარგში გამოკვლევების ავტორი. მას მიღებული ჰქონდა ფილოლოგიური განათლებაც და იკვლევდა იბერიულ-კავკასიური ენების შედარებითი გრამატიკის საკითხებს.
ამერიკის მუსიკალური სამყაროს ლეგენდარული ფიგურა, ტინა ტერნერი, შვეიცარიის მოქალაქეობის მისაღებად ემზადება. 73 წლის მუსიკოსის პრესმდივნის განცხადებით, ტერნერის თხოვნას უკვე გაეცა დადებითი პასუხი ციურიხის იმ შემოგარენის ადმინისტრაციისგან, სადაც ვარსკვლავი ამჟამად ცხოვრობს. ახლა ტერნერის თხოვნა ქვეყნის ცენტრალურმა მთავრობამ უნდა განიხილოს. ტერნერი გერმანელ პარტნიორთან ერთად შვეიცარიაში უკვე თითქმის 20 წლის განმავლობაში ცხოვრობს. მისი პრესმდივნის თქმით, ვარსკვლავი კმაყოფილია პირადი სივრცის დაცულობით, რომლითაც ის შვეიცარიაშია უზრუნველყოფილი მას შემდეგ, რაც 2009 წელს ოფიციალურად დაასრულა თავისი მუსიკალური კარიერა. მსოფლიოს გარშემო გაყიდულია ტინა ტერნერის 200 მილიონ ჩანაწერამდე. ვარსკვლავი რვა გრემის პრემიის მფლობელია.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2010 წლიდან 2012 წლის ჩათვლით მოდების ჩვენებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 26,445 ლარი გამოყო, - ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ზუგდიდის ოფისმა 22 იანვარს გამგეობიდან მიიღო.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ შარშან, 10 თვის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებების დაფინანსებისთვის 12 მილიონ 265 ათას 272 ლარი გამოყო. ამის შესახებ ინფორმაციას საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის ვებ-გვერდი ავრცელებს.
ხუთშაბათს თბილისში გარდაიცვალა თეატრისა და კინოს ცნობილი
მსახიობი, გურამ საღარაძე, რომელსაც სულ რამდენიმე დღის წინ, 12
იანვარს, 84 წელი შეუსრულდა.
საღარაძემ 1951 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის
თეატრალური ინსტიტუტი და მრავალი წელი იყო თბილისის რუსთაველის
სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის დასის წევრი. საღარაძის მიერ
შესრულებულ როლებს შორის მაყურებელს განსაკუთრებით დაამახსოვრდა მისი
სოსო (ოტია იოსელიანის „ადამიანი იბადება ერთხელ“), თესევსი, მასხარა
და იულიუს კეისარი (უილიამ შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმარი“, „მეფე
ლირი“ და „იულიუს კეისარი“), ჰეილი (ართურ მილერის „სეილემის
პროცესი“), ტიპოტესკუ (იონ ლუკა კარაჯალეს „დაკარგული ბარათი“),
დურსუნი და ჭეიშვილი (ნოდარ დუმბაძის „მზიანი ღამე“ და „საბრალდებო
დასკვნა“), მინდია (კონსტანტინე გამსახურდიას „ხოგაის მინდია“), შე
ფუ, თავადი ყაზბეგი, ეფრეიტორი, ბერი (ბერტოლტ ბრეხტის „სეჩუანელი
კეთილი ადამიანი“ და „კავკასიური ცარცის წრე“), ტომი (ტ.უილიამსის
„შუშის სამხეცე“), გიორგი ჯაფარიძე (რეზო თაბუკაშვილის „რაიკომის
მდივანი“), უჩა (თამაზ ჭილაძის „როლი დამწყები მსახიობი
გოგონასათვის“) და სხვა.
თავად საღარაძე თავის სამსახიობო კარიერაში ყველაზე წარმატებულ
ნამუშევრად მიიჩნევდა მიხეილ თუმანიშვილის სპექტაკლს „როცა ასეთი
სიყვარულია“ (პაველ კოჰოუტის პიესის მიხედვით).
მრავალი წლის განმავლობაში გურამ საღარაძე თეატრალურ უნივერსიტეტში
ასწავლიდა მეტყველების ხელოვნებასა და კულტურას. ის მხატვრული კითხვის
დიდოსტატად ითვლებოდა.
მსახიობს მინიჭებული ჰქონდა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება
(1973). ის იყო საბჭოთა კავშირის სახელმწიფო (1979) და შოთა
რუსთაველის სახელობის (1976) პრემიების ლაურეატი. 2006 წლის 13
ნოემბერს რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა გურამ საღარაძის
ვარსკვლავი.
ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე არ გამოცხადდა პარიზის სასამართლოში, სადაც დაბარებული იყო საჭესთან ნასვამ მდგომარეობაში ყოფნის ბრალდების წასაყენებლად. დეპარდიეს ადვოკატის განმარტებით, მისი კლიენტი „უცხოეთშია, პროფესიული საქმიანობის გამო“.
ბრალდება უკავშირდება პარიზში ნოემბერში მომხდარ ინციდენტს, როცა დეპარდიე სკუტერიდან ჩამოვარდა და დაუდგინდა მიღებული ალკოჰოლის, საფრანგეთში დაშვებულზე, სამჯერ უფრო მაღალი მაჩვენებელი. ამ საქმის ფონია ჟერარ დეპარდიესთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭება მას შემდეგ, რაც მსახიობმა მკაცრად გააკრიტიკა საფრანგეთის ხელისუფლების გეგმა, 75%-მდე გაზარდოს საშემოსავლო გადასახადი პირებისათვის, ვისი შემოსავალიც წელიწადში მილიონ ევროს აღემატება.
გასული კვირის მიწურულს დეპარდიე რუსეთში იმყოფებოდა, სადაც მას პირადად პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გადასცა რუსეთის პასპორტი. ორშაბათს დეპარდიე შვეიცარიას ეწვია ფეხბურთელების დაჯილდოვების ცერემონიაზე დასასწრებად.
ჟერარ დეპარდიეს, რომელმაც რუსეთის მოქალაქეობა მიიღო, მაგალითს შეიძლება მიბაძოს და რუსეთს თავშესაფარი თხოვოს ბრიჟიტ ბარდომ, წარსულში ცნობილმა მსახიობმა და ცხოველთა უფლებების დამცველმა. ბარდომ დაიმუქრა, რომ თუ ცირკის ორ ავადმყოფ სპილოს დახოცავენ, ანუ სამედიცინო ტერმინით, ევთანაზიას ჩაუტარებენ, ის რუსეთში თავშესაფარს მოითხოვს. ბარდოს განცხადებით, მთავრობამ ყური არ ათხოვა მის არაერთჯერად მიმართვას, გადაარჩინონ სპილოების წყვილი, რომლებსაც ტუბერკულიოზი სჭირთ. ბარდოს თანახმად, თუ სპილოებს დახოცავენ, ის რუსეთის მოაქლაქეობას მოითხოვს „რათა გაიქცეს ამ ქვეყნიდან, რომელიც ცხოველთა სასაფლაოდ იქცა.
ჯგუფი „შინ“-ი დღეს, 24 აგვისტოს ზუგდიდის ცენტრში 20:00 საათზე, საზოგადოებრივი პროექტის - „ერთი ხმა“ ფარგლებში პირველ კონცერტს გამართავს.
დღეს დილით ჰაკერებმა გატეხეს მოსკოვის იმ სასამართლოს საიტი, რომელმაც პარასკევს პანკ-ჯგუფ "პუსი რაიტის" წევრებს ორ-ორი წლით პატიმრობა მიუსაჯა. სააგენტოების ცნობით, სასამართლოს მთავარ გვერდზე ძირითადი ტექსტი შეცვლილი იყო მოწოდებით: "თავისუფლება 'პუსი რაიტს!'" განყოფილებების დასახელებებზე დამატებული იყო უცენზურო კომენტარები. სასამართლოს საიტზე შესვლისას ავტომატურად ირთვებოდა პანკ-ჯგუფის ერთ-ერთი სიმღერა. სასამართლოს პრეს-მდივანმა დარია ლიახმა დაადასტურა ვებსაიტზე ჰაკერული თავდასხმის ფაქტი. ამ დროისთვის ვებსაიტის მუშაობა აღდგენილია.
პანკ-ჯგუფ „პუსი რაიოტის" წევრები, რომლებსაც ორ-ორი წლით პატიმრობა მიუსაჯეს „პანკ-ლოცვის“ გამო“, რომელიც მათ მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში აღავლინეს და რომლის ტექსტში მიმართვაა ღვთისმშობლისადმი, „პუტინი განდევნე“, არავითარ შემთხვევაში შეწყალებას არ ითხოვენ. ამის შესახებ ადვოკატმა ნიკოლაი პოლოზოვმა განაცხადა. მანვე დასძინა, რომ დაცვის მხარეს ჯერ არ მიუღია სასამართლოს განაჩენის კოპია, ამიტომ ჯერჯერობით არ შეუძლია განაჩენის გასაჩივრება.
პოპ მუსიკის ვარსკვლავი მადონა "პუსი რაიოტის" წევრებს გამოესარჩლა. მან რუსეთს მოუწოდა არ მიუსაჯოს პატიმრობა პანკ ჯგუფის სამ წევრს, რომლებიც პუტინის საწინააღმდეგო აქციის გამო დააკავეს. მადონამ "ასოშიეიტედ პრესს" განუცხადა, რომ ის "ცენზურის წინააღმდეგია" და იმედი გამოთქვა, რომ "მოსამართლე მათ მიმართ ლმობიერი იქნება და ისინი მალე გათავისუფლდებიან". "პუსი რაიოტის" სამი წევრი უკვე ხუთი თვეა საპატიმროში იმყოფება. მათ ბრალი ედებათ ხულიგნობაში და 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. დღეს მოსკოვიის სასამართლო დაკავებულთა საქმეზე მხარეების არგუმენტებს მოისმენს.
არტ–გენის ფესტივალი, რომლის თემაც წელს არის „გავუფრთხილდეთ ოჯახს“, უკვე მეორედ ზუგდიდში, მხოლოდ ამჯერად დადიანისეული ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე, ტრადიციულად ღია ცის ქვეშ მოწყობილ სცენაზე გაიმართა. ფესტივალი პოლიკარპე ხუბულავამ და ადგილობრივმა ანსამბლმა „ოდოიამ“ გახსნა. ამის შემდეგ მონაწილე ფოლკლორული ანსამბლები სამეგრელოს სხვადასხვა რაიონებიდან, აბაშიდან, ჩხოროწყუდან, წალენჯიხიდან, ხობიდან, სენაკიდან, ასევე ადგილობრივი ფოლკლორულ–ქორეოგრაფიული ანსამბლები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ საკუთარი პროგრამით. დღეს ზუგდიდში გაიმართა ასევე აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისგან შემდგარი ანსამბლის, „კოჩორას“პრეზენტაციაც, რომელმაც ფესტივალში წელს პირველად მიიღო მონაწილეობა.