კულტურა
Nickola's - ბრენდი ახალგაზრდა ზუგდიდელი დიზაინერისგან [Video]
უკვე 5 წელია თბილისში საკუთარი სამკერვალო აქვს. მოდის სფეროში საქმიანობის დაწყება კი მშობლიურ ქალაქს უკავშირდება. მაშინ ის სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელობდა. პირველი ჩვენებაც ზუგდიდში გამართა. 25 წლის ნიკოლას ქანთარიამ 2 წელია საკუთარი ბრენდი - Nickola's შექმნა და თბილისში მაღაზია გახსნა.

ნიკოლასი ამბობს, რომ ჭრა-კერვა ბავშვობიდან უყვარდა და ეცვა თანატოლებისგან განსხვავებულად, გამოირჩეოდა განსხვავებული შეხედულებებითაც, რის გამოც განხილვის საგანი არაერთხელ ყოფილა. ზუგდიდი უყვარს, რადგან მისივე სიტყვებით, ყველაზე კარგი - ბავშვობის მოგონებები სწორედ ამ ქალაქს უკავშირდება.

„რეალურად, ალბათ ყველაზე კარგი პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში - ბავშვობა. ახლაც, როცა აქ ვარ, აქაური ჰაერი, სუნიც კი სხვანაირია. ძალიან ბედნიერი ვარ 3-4 თვეში ერთხელ რომ ვახერხებ ჩამოსვლას. როდესაც აქ ვარ, ზუსტად ის ნიკო ქანთარია ვხდები და არა ნიკოლას, რომელიც მერე გავხდი“.

ნიკოლასი ამბობს, რომ საქართველოში ეპატაჟური დიზაინერის სახელი მცირე დროში მოიპოვა. 6 წლის წინ გარემოს შეცვლის მიზნით ზუგდიდი დატოვა და დაწყებული საქმე დედაქალაქში განაგრძო.

„წელიწადის 12 თვე“ - ასე ერქვა პირველ პროექტს, რომლითაც ის საზოგადოებამ გაიცნო. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდა დიზაინერი ყოველი თვის შესაბამისს სამოსს ქმნიდა, რამაც წარმატება მოუტანა. ივნისში ნიკოლასმა ჩვენება ბაქოში გაიმართა, სადაც დიზაინერმა განსხვავებული ლუქი წარადგინა.

მაღაზიაში სტუმრობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, თუმცა დიზაინერის თქმით, კოლექცია განსხვავებულია და შესაბამისად ყველასთვის გათვლილი არ არის.

„ბრენდი უნდა ყოფილიყო ზუსტად ისეთი და რაღაც ისეთი ხაზი უნდა ქონოდა, როგორიც არის დიზაინერი. რადგან დიზაინერი იყო განსხვავებული, ბოლოს გადავწყვიტეთ, რომ ბრენდიც ყოფილიყო განსხავავებული“, - ამბობს ნიკოლას ქანთარია.

ამბობს რომ, რაც დღეს აქვს და ის, რომ საზოგადოება იცნობს, დიდი შრომის დამსახურებაა. ნებისმიერ საქმეში წარმატებისთვის მონდომება და სიყვარულია საჭირო, - გვითხრა დიზაინერმა.

განსაკუთრებულ სიამოვნებას ადამიანებთან ურთიერთობა, კომუნიკაცია ანიჭებს. მოსწონს საკუთარი ცხოვრება და მისით კმაყოფილია.

„ვერასოდეს ვერ ვიქნები ჩვეულებრივი ქართველი ბიჭი, ვერასოდეს. ბავშვობიდან არ ვყოფილვარ და ახალაც ვერ ვიქნები“.