კულტურა
ქალი, რომელმაც ზუგდიდის ფოტოისტორია შექმნა [Photo]
ვიღაც სახლზე ოცნებობს, ვიღაც ავტომანქანაზე, ან სხვა მატერიალურ სიკეთეებზე, დედას - ქალბატონ ლუიზა ციმინტიას სურვილი კი ძველი ფოტოების შეგროვება და თაობებისთვის ქალაქის ისტორიის შენახვა იყო, - ამბობს ლავრენტი კემულარია, ლუიზა ციმინტიას ვაჟი. მან გვიამბო დედაზე, მის პროფესიულ საქმიანობასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, ქალზე, რომელმაც ყველასათვის უცნობი ადამიანები, მათ შორის ბევრი საინტერესო ქალის ფოტოსურათი აღმოაჩინა.

ლუიზა ციმინტია ცხოვრობდა ზუგდიდში 1930-2008 წლებში. იყო პროფესიით პედაგოგი, ზუგდიდის პირველი საშუალო სკოლის პირველი ქალი დირექტორი. პროფესიული საქმიანობის გარდა, ხშირად მონაწილეობდა საზოგადოებრივ აქტივობებში. ძველი ნივთებით და ფოტოებით კი ბავშვობიდან დაინტერესდა.

„1901 წელს, როცა დედას მშობლები ჩამოვიდნენ სამეგრელოში, მათ შეიძინეს ზუგდიდში სახლი, რომელიც რუსთაველის ქუჩაზე მდებარეობდა და ეკუთვნოდა სალომე დადიანის პირისფარეშ ლიზა ადამიას. სახლ-კარი რომ იყიდეს, ნივთების ნაწილი, მათ შორის ძველი ფოტოებიც დახვდათ იქ, რომელთაც შემდეგ დედამ მიუჩინა თავისი ადგილი. მან ოჯახში დაამკვიდრა ფოტოების შეკრების, დათარიღების, წარწერის გაკეთების და ალბომებში შეგროვების კულტურა“, - გვიყვება ლავრენტი კემულარია.

ფოტო: მე-20 საუკუნის 40-იანი წლების ზუგდიდი

დღეს მათ ოჯახში ასობით ფოტო და ათეულობით ალბომი ინახება. ფოტოებზე, როგორც ძველი ქალაქის ხედები და ქუჩები, ასევე, ის ცნობილი ადამიანებია ასახული, ვისაც ქალაქის და ქვეყნის განვითარებაში წვლილი მიუძღვის.

„დედამ მოიძია აკაკი ჭანტურიას უცნობი ფოტო, ადამიანის, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის დადიანების სასახლიდან გატანილი და დაკარგული ექსპონატების მოძიებასა და მუზეუმის დაარსებაში. ასევე, არქივში გვაქვს მისი მეუღლის უოლტერ ბოლის ფოტოც. ის იყო ლონდონიდან, დიდგვაროვანი ოჯახისშვილი და ძალიან საინტერესო ქალბატონი“, - გვითხრა ლავრენტი კემულარიამ.

ფოტო: მე-20 საუკუნის დასაწყისი, ფოტო გადაღებულია ზუგდიდის პირველი სკოლის წინ

ფოტოარქივში არის ასევე პირველი ქართველი მფრინავი ქალის - რუსუდან ჟორდანიას, ალენ მიურატის ბაბუის, დადიანების მებაღეებისა და მათი შთამომავლების ფოტოებიც.

არქივის დათვალიერებისას, ფოტოებთან ერთად საინტერესო ამბებსაც ვეცნობით:

ფოტო: მე-20 საუკუნე, ზუგდიდის თეატრის წინ მდებარე სკვერი

„ერთხელ ნარაზენში, ძველი და საინტერესო ფოტოების მოსაძიებლად წავედით, ვიყავით ხონძი შელიას მამაპაპისეულ ლამაზ ოდა-სახლში, სადაც მამიდამისის, სალომე გვათუას ფოტოსურათი ეკიდა. ეს ქალბატონი სტალინის ქალიშვილის მუსიკის მასწავლებელი იყო. ამ ქალბატონმა ზუგდიდის სოფელ ცაიშში გახსნა სამუსიკო სკოლა, რაც პირველი პრეცენდენტი იყო საბჭოთა კავშირში. მამას, ვალერიან კემულარიას, რომელიც იმ წლებში ზუგდიდის კულტურის სამსახურს ხელმძღვანელობდა, მას კარგად ახსოვდა ეს ქალბატონი. გვიამბო, თუ როგორ სთხოვა ელეგანტურად ჩაცმულმა ლამაზმა ქალბატონმა სოფლად სკოლის დაარსების ნებართვა. მამას უთქვამს, რომ ეს შეუძლებელი იყო, მაგრამ ქალბატონმა კულტურის მინისტრთან მიმართვის მოპოვების შემდეგ მართლაც შეძლო სამუსიკო სკოლის დაარსება სოფელში“, - გვითხრა ლავრენტი კემულარიამ.

ფოტო: ქალი ყვავილებით ხელში არის რუსუდან ჟორდანია, პირველი ქართველი მფრინავი ქალი

ის ამბობს, რომ ფოტოების მოძიება და აღდგენის პროცესი ბევრ სირთულესთან იყო დაკავშირებული.

„საოჯახო ალბომების დათვალიერება სთხოვო სხვას, ეს ცოტა უხერხულობასთანაც არის დაკავშირებული, მაგრამ ლუიზა ციმინტიას იცნობდნენ, პატივს სცემდნენ, მისთვის ყველა ოჯახის კარი ღია იყო. დედა დადიოდა ძირძველ ზუგდიდელთა ოჯახებში და ეუბნებოდა მისი განზრახვის - ფოტოგამოფენის მოწყობის შესახებ. შერჩეულ ფოტოებს ხალისით გვაწვდიდნენ მასპინძლები. როცა გარკვეული რაოდენობის ფოტოს მოვაგროვებდით, პერიოდულად 5-10 ფოტო დამქონდა მათთან, მერე მიმქონდა თბილისში, ფილარმონიის გვერდით იყო კოდაკის ლაბორატორია და იქ ვამუშავებდით და იქვე ვბეჭდავდით და ვაკეშივე მდებარე სახელოსნოში ხდებოდა მათი დაჩარჩოება“.

ფოტო: უოლტერ ბოლი, აკაკი ჭანტურიას ცოლი

ფოტომასალის გარკვეული რაოდენობის შეგროვების შემდეგ ოჯახმა ის ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში პირველად 2006 წელს, სახელწოდებით - „გარინდული წამი“ გამოიფინა. მას შემდეგ ფოტოგამოფენა რამდენჯერმე მოეწყო. 2013 წელს კი კემულარიების ოჯახი გამოფენით თანაქალაქელების ინიციატივას, ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის აღდგენის მოთხოვნას გამოეხმაურა.

ახლა ოჯახი ახალ პროექტზე მუშაობს, რომელშიც ლუიზა ციმინტიას შვილებთან ერთდ, შვილიშვილებიც ჩაერთვნენ.