კულტურა
ცეკვა „ოტობაია“ სუხიშვილებისგან [ვიდეო]
მეგრულ-აფხაზურ მოტივებზე სუხიშვილების ნაციონალურმა ბალეტმა ახალი ცეკვა - „ოტობაია“ შექმნა. ოტობაია ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის სოფელია და სამეგრელოს ესაზღვრება. რატომ დაარქვეს სუხიშვილებმა ცეკვას ოტობაია და რისი თქმა სურთ ქორეოგრაფებს - „ლაივპრესი“ ანსამბლის დირექტორს ნინო სუხიშვილს ესაუბრა.

<   ცეკვა გეოგრაფიული სახელით   >

ნინო სუხიშვილი: გეოგრაფიულ სახელებს ხშირად ვარქმევთ ახალ ცეკვებს. მაგალითად, გვაქვს ცეკვა „ზეკარი“, რომელიც უღელტეხილია საქართველოში. გვაქვს ცეკვა „ჯუთა“, რომელიც სოფელია ხევსურეთში და ასე დავარქვით „ოტობაიაც“. ამ ლამაზი, გეოგრაფიული სახელწოდებების დარქმევა ცეკვებისთვის კიდევ უფრო გამოაცოცხლებს საქართველოს კუთხეებს.

ანსამბლის რეპერტუარში ჩვენ მანამდეც გვქონდა ძალიან ლამაზი, აფხაზური ცეკვა, რომელიც ქალბატონმა ნინო რამიშვილმა მთიულურის მოტივებზე შექმნა. ახლა კი გავაკეთეთ ახალი პროექტი, რომელსაც ჰქვია „ცეკვა ქართული“. ამ პროექტის კიდევ ერთი ცეკვის „თამაშის“ პრემიერა ცოტა ხნის წინ გაიმართა. გვინდა, რომ ყველა რეგიონის ცეკვა განვაახლოთ და რეპერტუარში შევიტანოთ. გვინდა ვაჩვენოთ ყველას, თუ როგორ ცეკვავენ 21-ე საუკუნის საქართველოში.

ფოტო ექსკლუზიურად მოგვაწოდა ჩუბ1ნა-მ

<   საერთო ხასიათი ცეკვაში, მუსიკასა და კოსტიუმებში   >

ნინო სუხიშვილი: აფხაზეთში დიდია სამეგრელოს ტრადიციების გავლენა და პირიქით, სამეგრელოში - აფხაზურის. ზოგადად, მეგრელებს და აფხაზებს ბევრი რამ აქვთ საერთო და მოძრაობებიც ძალიან მსგავსია.

მეგრული და აფხაზური მოტივები გამოვიყენეთ მოძრაობებში, მუსიკასა და კოსტიუმებში. ჩვენმა ბენდმა და ილიკო სუხიშვილმა ერთად დაამუშავეს მუსიკა, არანჟირება გაუკეთეს. ზოგადად, როცა ცეკვის შესაფერის მუსიკას ვამუშავებთ, ვიყენებთ კუთხურ, ეროვნულ საფუძვლებს და შემდეგ ვუკეთებთ სტილიზაციას, რომ მომგებიანი და სცენაზე წარმატებული იყოს. კოსტიუმების შექმნის დროსაც ასე ხდება.

ფოტო ექსკლუზიურად მოგვაწოდა ჩუბ1ნა-მ

<   აფხაზებთან ურთიერთობაზე - სუხიშვილების ოცნება   >

ნინო სუხიშვილი: ვიცნობ ძალიან ბევრ ადამიანს აფხაზეთში, რომლებსაც გული წყდებათ იმის გამო, რომ ერთმანეთს დაგვაშორეს.

სუხიშვილების ანსამბლში ძალიან დიდ ხანს ცეკვავდნენ აფხაზეთიდან ძმები თარბები. მათ თითქმის ნახევარი ცხოვრება გაატარეს ჩვენთან. შემდეგ სოხუმში დაბრუნდნენ, იქ ანსამბლი შექმნეს და რა გამოცდილებაც აქ მიიღეს, გაუზიარეს სხვებსაც. საკმაოდ წარმატებული ქორეოგრაფიული კარიერა ჰქონდათ. ბატონი კანდიდ თარბა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე თბილისში სამკურნალოდ რომ ჩამოვიდა, მაშინ ვნახე. მისი გარდაცვალების ამბავი რომ გავიგე, ძალიან მინდოდა გამოსამშვიდობებლად სოხუმში ჩასვლა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არცთუ ისე უსაფრთხო იყო.

წელს ბათუმში გამართულ ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლების საერთაშორისო ფესტივალზე გვინდოდა ბავშვთა ანსამბლების მოწვევა აფხაზეთიდან, მაგრამ უარი მივიღეთ მათგან.

ჩემი ოცნებაა ჩავიდე სოხუმში მთელი ანსამბლით და გავმართოთ კონცერტი, სადაც ქართულ და აფხაზურსაც ვიცეკვებთ. იმედია, რომ ჩემი ოცნება როდესმე ახდება.

ცეკვა „ოტობაიას“ პრემიერა 15 ივლისს ბლექ სი არენაზე გაიმართა.