„ხიბულა“ - ფილმი ზვიად გამსახურდიას სიცოცხლის ბოლო დღეებზე [ფოტო/ვიდეო]
ზვიად გამსახურდიას როლს ირანელი მსახიობი ჰოსეინ მაჰჯუბი ასრულებს. გიორგი ოვაშვილის თქმით, ის არამარტო საკუთარ ქვეყანაშია ცნობილი, არამედ მსოფლიოს მასშტაბითაც. იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ ფილმი არც ბიოგრაფიულია და არც დოკუმენტური, პროტოტიპები არ უძებნია. შეარჩია ადამიანები, რომლებიც მის წარმოდგენაში ყველაზე ახლოს იყვნენ პირველ პრეზიდენტთან თუ სხვა პერსონაჟებთან. ქართველებს შორის ზვიად გამსახურდიას როლზე დასამტკიცებლად ვერ იპოვა. სამაგიეროდ რეჟისორს გაახსენდა ჯერ კიდევ 15 წლის წინ, ნიუ-იორკში ნანახი ფილმი „სამოთხის ფერები“, სადაც ჰოსეინ მაჰჯუბი მთავარი გმირია.
„უცბად ამომიტივტივდა ეს სახე. აღმოჩნდა, რომ ბატონი ჰოსეინი შეცვლილიყო ძალიან კარგი მიმართულებით. ასე მოხდა ჩვენი თანამშრომლობა“, - აღნიშნა გიორგი ოვაშვილმა.
ამავე ფილმში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბესარიონ გუგუშვილის როლს გორის თეატრის მსახიობი კიშვარდ მანველიშვილი ასრულებს.

ფილმის გადაღების დაწყებამდე, რეჟისორმა სცენარის ავტორ, ჰოლანდიელ რულოვ იან მინებოსთან ერთად მოკვლევის პროცესში სწორედ ის გზა გაიარა სოფელ-სოფელ, ტყე-ტყე, რაც ზვიად გამსახურდიამ, მდევრისთვის თავის დასაღწევად. გიორგი ოვაშვილის თქმით, ამ ყველაფრის გააზრება ძალიან რთული აღმოჩნდა, რადგან კარგად დაინახეს, თუ რას შეიძლება გრძნობდეს ადამიანი ამ დროს, როგორი შეიძლება იყოს მისი ემოციური მდგომარეობა. ამბობს, რომ უნდოდა გადაღებები რეალურ ლოკაციებზე ეწარმოებინათ, მაგრამ ეს ადგილები იმდენად მოშორებული იყო გზას და მიუვალი, მხოლოდ საცალფეხო ბილიკების გავლით ყოველდღიურად ტექნიკის მობილიზებას და სამუშაო ჯგუფის გადაადგილებას ვერ მოახერხებდნენ.
„შესაბამისად, გადასაღები ადგილები შეირჩა რაჭის რეგიონში, ასევე საირმის ზემოთ მთებში. ეს იყო ასევე ბორჯომის ხეობა. საკმაოდ რთული იყო გადაღებების პროცესი იმიტომ, რომ ყოველდღიურად გვიწევდა ფაქტობრივად ბუნებასთან ჭიდილი. ეს იყო თოვლი, წვიმა, მდინარეების გადალახვა“, - განმარტა რეჟისორმა.

სცენარის დაწერამდე ფილმზე მომუშავე ჯგუფი ყველა იმ მასალას გაეცნო, ვიზუალურს თუ ზეპირ ინფორმაციას, რაზეც ხელი მიუწვდებოდათ. შეხვდნენ ადამიანებს, რომლებიც გარკვეულწილად შემხებლობაში იყვნენ თავის დროზე განვითარებულ მოვლენებთან, ან სმენოდათ რამე. ამ პროცესში მათ ასევე მოიშველიეს 2009 წელს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რომელსაც კონსტანტინე გამსახურდია, პრეზიდენტის შვილი ხელმძღვანელობდა. ეს ყველაფერი მოგვიანებით წიგნად გამოიცა, სადაც რეჟისორის განმარტებით, წაიკითხავთ მათ შორის ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს, ერთი და იგივე ეპიზოდის განსხვავებულად აღწერის შემთხვევებს თვითმხილველების მხრიდან.
„მთელი ეს ამბავი მისტიური უფროა ჩემთვის, აბსურდი, თუ რა მდგომარეობაში შეიძლება ჩააყენოს ერმა ადამიანი, რომელიც თვითონ აირჩია ლიდერად“, - ამბობს გიორგი ოვაშვილი.

პრესკონფერენციაზე რეჟისორს ჰკითხეს, იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ პირველი პრეზიდენტის საქმე მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა ორი წლის წინ, რატომ ხდება ფილმის მიმდინარეობისას „აპელირება“, მაყურებელში რატომ ახალისებენ აზრს, რომ ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ხომ არ არის ეს პოლიტიკური დაკვეთა - ასე ჟღერდა კითხვა.
საპასუხოდ გიორგი ოვაშვილმა განმარტა, რომ ის საგამოძიებო ორგანოს არ წარმოადგენს, შესაბამისად ვერც ერთი და ვერც მეორე ვერსიის მტკიცებას მიჰყოფს ხელს, და რომ ფილმის ამოცანა ამ დილემის გარკვევა არც ყოფილა. ერთადერთი, რაშიც თითქმის დარწმუნებულია საკუთარი დაკვირვებით არის ის, რომ ეს იყო მკვლელობა:
„ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მიიყვან თვითმკვლელობამდე თუ მოკლავ. ანუ ვინ გამოკრავს სასხლეტს ხელს. ყველა შემთხვევაში ეს არის მკვლელობა. მაგრამ ვინ ჩაიდინა ეს, ვინ გამოკრა სასხლეტს ხელი, მე არ ვარ საგამოძიებო ორგანო, არ მქონია ეს ამოცანა. ნათლად, გარკვევით ვერ ვიტყოდი ფილმში იმას, რაც არ ვიცი. მე ვთქვი ის, რაც ვიცოდი“.
რეჟისორისვე თქმით, მან მოჰყვა ამბავი, რათა დაესვა კითხვები და მოეწოდებინა საზოგადოებისთვის, ეძებონ მათზე პასუხები.

ჰოსეინ მაჰჯუბისთვის გიორგი ოვაშვილის შეთავაზება, საქართველოს პირველი პრეზიდენტი განესახიერებინა, საინტერესო აღმოჩნდა. თუმცა იმისთვის, რომ პიროვნების და ხასიათის სირთულეს ჩაწვდომოდა, ამ ადამიანზე ბევრი რამის წაკითხვა მოუხდა. ამბობს, ზვიად გამსახურდიაზე იმდენს ფიქრობდა, ერთხელ ესიზმრა კიდეც ბნელ ოთახში მარტო მდგომი, შარვალ-კოსტიუმსა და თეთრ პერანგში გამოწყობილი.
„სიზმარში აღვიქვი, რომ გამსახურდიამ მარცხენა ხელით აიღო იარაღი, დაიმიზნა და გაისროლა. ამის მერე სულ ვფიქრობდი, ზვიად გამსახურდია ცაცია იყო თუ არა. მითხრეს, რომ მართლაც ცაცია ყოფილა“, - იხსენებს მსახიობი.
ჰოსეინ მაჰჯუბის თქმით, არ გაუკვირდება, თუ თვითმკვლელობის ვერსია დამტკიცდება, იმ წნეხის და ძალდატანების ფონზე, რაშიც მოუწია პირველ პრეზიდენტს სიცოცხლის ბოლო დღეებში ცხოვრება. „თავიც რომ მოეკლა, ამას დავიჯერებდიო“, - განმარტა ფილმის გმირმა.
გიორგი ოვაშვილი ამბობს, რომ კრიტიკისთვის ღიაა და გაუხარდება კიდეც, რადგან ვინმესგან შექების დამსახურება თვითმიზანი არც ყოფილა.

„თუ იქნება კრიტიკა, ჩავთვლი, რომ ტყუილად არ გვიშრომია“, - აღნიშნა რეჟისორმა.
ფილმის ბიუჯეტი 1,5 მილიონ ევროს შეადგენს. აქედან ქართული მხარის ფინანსური მონაწილეობა მასში დაახლოებით 25%-ია. დანარჩენი ფული გერმანიის და საფრანგეთის ფონდებიდან მოიპოვეს. ასევე გერმანულ-ფრანგული არხისგან „არტე“, რომელიც ნამუშევრის თანამფლობელია. თანხების მობილიზება სამუშაო ჯგუფმა ევროპული კინოს განვითარების ფონდიდანაც შეძლო.
ფილმს 23 ნოემბერს თბილისის და ბათუმის კინოთეატრებში უჩვენებენ. რაც შეეხება სხვა ქალაქებს, ამის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.