კულტურა
გაცოცხლებული მუზები სენაკის თეატრიდან [ვიდეო/ფოტო]
სენაკის თეატრი, იმ შენობებს შორისაა, რომელიც მნახველში აღტაცებას იწვევს და ნუსხავს. გასული საუკუნის არქიტექტორების მიზანიც ალბათ ეს იყო, როცა მდიდრულ და პომპეზურ შენობებს აშენებდნენ.

შენობის დიდებულება ცენტრალური შესასვლელიდან იწყება დიდი სარკმლით, რელიეფური ორნამენტით, სადაც გამოსახულია ნიღბები, ცხენის და ადამიანის თავები, ვიოლინო და ფანდური. მაღლა საბჭოთა ვარსკვლავი მოჩანს. შენობის ფასადის ბრწყინვალებას აგვირგვინებს ზემოთა, სამკუთხა ნაწილი, რომელიც შემოსაზღვრულია ორმხრივ დაქანებული სახურავითა და კარნიზით. ეს არქიტექტურა საბჭოთა კავშირში, ფაშიზმზე გამარჯვების შემდეგ გაჩნდა.

მართალია, სენაკის თეატრის შენობა, უფრო გვიან, 50 -იან წლებში ააშენეს, მაგრამ ის საბჭოთა სოციალისტური კლასიციზიმის ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუშია. შენობაზე თავიდან გარე ფასადზე ოქროსფერი დომინირებდა, მოგვიანებით ის ცისფრად შეუღებავთ.

„სტალინური ამპირის სახელწოდებით ცნობილი არქიტექტურა ადგილობრივმა არქიტექტორმა ვახტანგ (ხუტა) გოგოლაძემ დააპროექტა. თეატრის შენობის არქიტექტურული სტილი არის ნეოკლასიციზმი ბაროკოს ელემენტებით“, - გვიყვება სენაკის მერის თანაშემწე ედიშერ ბაღათურია.

შენობა ახლაც უხვადაა შემკული ოქროსფერი ორნამენტებით, მხატვარ-რესტავრატორები ფუნჯებით სათითაოდ ამუშავებენ და ღებავენ თითოეულ ჩუქურთმას.

ფოიეში ჭერის მხატვრობაზე სამი რესტავრატორი მუშაობს, მათ შორის ერთ-ერთი, ემილ გელენავა გვიყვება, რომ მათ წვიმისგან დაზიანებულ ჭერზე დახატული მუზები გააცოცხლეს.

„ვესტიბიულის ჭერზე ოთხი მუზა იყო დახატული, ოთხივე აღვადგინეთ. ის ადგილობრივმა მხატვარმა, დიმიტრი ბარქაიამ მოხატა. მოხატული იყო ასევე საკონცერტო დარბაზის ჭერი, თუმცა მხატვრობა ძალიან იყო დაზიანებული. ახლა თითქმის იგივეა, როგორიც თავდაპირველად“, - გვითხრა ემილ გელენავამ.

სარესტავრაციო სამუშაოებში მონაწილეობას იღებს მხატვრის შვილი, მამუკა ბარქაია, რომელიც ამჟამად, თეატრის დირექტორია. იხსენებს, რომ მოხატვისას, მამის მუზა ცოლი და ოჯახის წევრები იყვნენ.

„პირველად მამამ აქ ქართული ცეკვები დახატა, მაგრამ ნესტმა დროთა განმავლობაში გააფუჭა. გასული საუკუნის 80-იან წლებში მუზები დაუხატავს, ამბობენ, რომ ყველა ქალში, თავის მეუღლეს ხატავდა, მისთვის ცოლი მუზა იყო. მეც მხატავდა. დარბაზში, ჭერზე რომ კუთხეებში ანგელოზებია, ჩემი ბავშვობაა. ალბათ მაშინ ვგავდი პატარა ანგელოზს“, - გვითხრა მხატვრის შვილმა.

მისი თქმით, ასეთი მასშტაბური სამუშაოები თეატრში ჯერ არ ჩატარებულა, ყველა სვეტი და კიბის უჯრედი დამუშავდა. განმარტავს, რომ ინჟინრებიც კი არ ელოდნენ, იმდენად რთული სამუშაოები გახდა შესასრულებელი.

რეკონსტრუქციის პროექტის მიხედვით, თეატრის მთავარი დარბაზი 400-მდე მაყურებელზეა გათვლილი. პირველ სართულზე კი ბავშვებისთვის თოჯინების თეატრი მოეწყობა, რომელიც 50 მაყურებელს დაიტევს.

რას შეთავაზებს თეატრი მაყურებელს განახლებული სცენიდან, ამაზე სამხატვრო ხელმძღვანელი ირაკლი ადამია სამსახიობო დასთან ერთად უკვე ფიქრობს.

„გვაქვს იდეა, რომ აკაკი ხორავას მემუარებიდან გაკეთდეს პიესა. ასევე, რამდენიმე ვარიანტს განვიხილავთ, - ამბობს ირაკლი ადამია.

დასს მდიდარი თეატრალური ისტორია აქვს. ისტორიული წყაროების მიხედვით, საქართველოში თეატრის დაარსებიდან მალევე შეიქმნა სენაკში თეატრალური დასი.1881 წელს დაიდგა პირველი სპექტაკლი მოლიერის „ძალად ექიმი“.

თეატრში სხვადასხვა დროს მუშაობდნენ ცნობილი მსახიობები და რეჟისორები, მათ შორის აკაკი ხორავა, ვის სახელსაც დღეს თეატრი ატარებს.

ისტორიულ სცენაზე მსახიობებმა ბოლოს სპექტაკლი 2016 წელს ითამაშეს, როცა შენობაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.

„ფაქტიურად ყველგან სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, დარჩენილი იყო მხოლოდ სცენა და პარტერი. ახლა რეპეტიციებს მოსწავლე- ახალგაზრდობის სასახლის დარბაზში ვმართავთ, დასში 17 მსახიობია, ვდგამთ სპექტაკლებს და სხვადასხვა ქალაქებში გვაქვს გასტროლები. ასე რომ, ამ ხნის განმავლობაში მსახიობები მუზებს არ დაუტოვებიათ“, - გვითხრა ირაკლი ადამიამ.

თეატრის შენობას, გამორჩეული არქიტექტურის გამო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2008 წელს მიანიჭეს. ის მხოლოდ ერთხელ, გასული საუკუნის 80 -იან წლებში გარემონტდა, თუმცა სრული რეკონსტრუქცია 2015 წლიდან დაიწყო. სამუშაოები მაისში უნდა დასრულდეს.

ამ ხნის განმავლობაში, ჩატარდა კონსტრუქციული ნაწილის გამაგრებითი სამუშაოები, გარე ფასადისა და ინტერიერის სრული განახლება, მოეწყო თბოიზოლაციის და სადრენაჟო, ელექტროგაყვანილობის, გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემების მონტაჟი, სასცენო განათებისა და აკუსტიკის სისტემები. თეატრის შენობა სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის.

თეატრში ამბობენ, რომ 139-ე სეზონზე ფარდა განახლებულ სცენაზე გაიხსნება.