კულტურა
ფოთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ინგრევა - მეპატრონემ მასზე არ იზრუნა [ვიდეო]
ფოთში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მუნიციპალიტეტისთვის გადასაცემად, სადაც ადრე უშიშროების სამსახური იყო განთავსებული, მოლაპარაკებები მიმდინარეობს. საუბარი გერმანელი არქიტექტორის, ედმუნდ ფრიკის მიერ, მეოცე საუკუნის დასაწყისში აშენებულ შენობას შეეხება, რომელიც დღეს ფაქტობრივად დანგრეულია, მორღვეულია კედლები, არ აქვს კარები და მხოლოდ ფასადი შემორჩა. სახლს აწვიმს. ის წლებია უფუნქციოდ დგას. მისი მფლობელია "ვისოლ პეტროლიუმი", რომელსაც აქ სამუშაოები არ უწარმოებია.  

ფოთის ვიცე მერი კონსტანტინე თოფურია ამბობს, რომ კომპანია თანახმაა შენობა ადგილობრივ ხელისუფლებას დაუბრუნოს. მოლაპარაკებებიც თითქმის დასრულებულია. რჩება ტექნიკური დეტალები. შენობას ძეგლის სტატუსი 2008 წელს მიენიჭა.

მისივე თქმით, ეკონომიკის სამინისტროსთან და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობენ, რათა სახლს ფორმა შეუნარჩუნდეს, ქონება კი მუნიციპალიტეტს გადმოეცეს.

"ჯერ პირვანდელ სახეს უნდა დაუბრუნდეს. ეს ჩვენი ვალდებულებაა და ამას მოგვთხოვს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოც. შენობას არ შეეცვლება ფორმა და შინაარსი. ფუნქციური დატვირთვა უკვე მეორე ეტაპია. იმ პერიოდისთვის, როცა ჩვენ შევძლებთ მის რეკონსტრუქციას, გამოჩნდება ყველაზე საღი იდეა, თუ რა ფუნქცია ჰქონდეს, რითი შეიძლება დავტვირთოთ, რომ შეძლოს საკუთარი თავის შენახვა ჩვენი ზედამხედველობის და დახმარების ქვეშ", - უთხრა ვიცე მერმა "ლაივპრესს".

კონსტანტინე თოფურიას თქმით, მხოლოდ კონსერვაციას 300 ათასი ლარი დასჭირდება, სარესტავრაციო სამუშაოების ღირებულებას კი პროექტი განსაზღვრავს. როგორ შეძლებენ ამ თანხების მობილიზებას, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, რეგიონული განვითარების ფონდიდან, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან თუ სხვა დონორი ორგანიზაციებიდან, ეს, მისივე განმარტებით, მომავლის თემაა. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, აუცილებელი ფინანსების მოძიებას უზრუნველყოფენ.

ვიცე მერი ამბობს, რომ შენობა საინტერესოა ადგილმდებარეობით, ისტორიით, არქიტექტურით და მისით ტურისტებიც დაინტერესდებიან. მისივე განმარტებით, ძეგლის სტატუსმა მფლობელს სავარაუდოდ ხელი შეუშალა კომერციული ინტერესები განევითარებინა ამ ტერიტორიაზე, რადგან კულტურული მემკვიდრეობა ავალდებულებს კომპანიას, სახლს პირვანდელი იერსახე შეუნარჩუნოს.

შენობა ეკონომიკის სამინისტრომ 2007 წელს "ვისოლ პეტროლიუმის" შვილობილ კომპანია "ველაჯიოს" მიჰყიდა. თუმცა კანონით განსაზღვრული შეზღუდვების გამო, მან აქ ბიზნესინტერესების განხორციელება ვერ შეძლო. შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ის ორჯერ დაჯარიმდა. როგორც "ლაივპრესს" კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ უთხრა, ერთხელ 10, მეორეჯერ კი 30 ათასი ლარით. მალევე სახლი "ველაჯიომ" "ვისოლ პეტროლიუმს" მიჰყიდა. თუმცა შენობისთვისთვის ხელი არც მას უხლია. აქ ყველაფერი ისევ ისეა, როგორც წლების წინ.

"რადგან კომპანიამ გამოთქვა შენობის სახელმწიფოსთვის დაბრუნების სურვილი, ჩვენ ოფიციალურად გამოვითხოვეთ ქონების მართვიდან ინფორმაცია, და მათაც დაადასტურეს, რომ სახელმწიფო ადგილმონაცვლეობაზე იყო საუბარი. შესაბამისად, შევაჩერეთ ადმინისტრაციული წარმოება. ველოდებით გადაწყვეტილებას, რომ დაუბრუნდება სახელმწიფოს და მერე, ვისაც გადაეცემა, ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას მისი კონსერვაცია-რესტავრაციისთვის", - გვითხრა ნიკოლოზ ანთიძემ.

გერმანელი არქიტექტორის მიერ აშენებულ სახლზე მასალა "ლაივპრესმა" ჯერ კიდევ 2017 წელს მოამზადა. სახლი თავდაპირველად ერთ-ერთ ვაჭარს ეკუთვნოდა, რომელიც ქვანახშირის ბიზნესში წილებს მფლობდა. მისი მშენებლობა ქალაქის თავის, ნიკო ნიკოლაძის მმართველობის პერიოდს უკავშირდება.

რატომ ვერ უპასტრონა შენობას მფლობელმა, "ვისოლ პეტროლიუმმა" და რა გეგმები ჰქონდა შენობასთან დაკავშირებით, "ლაივპრესი" პასუხს კომპანიისგან ელოდება.