კულტურა
დადიანის მიწის გასხვისების აქამდე უცნობი დეტალები
FaceBook Twitter
E-mail Print
დადიანის სასახლის ეზოს ნაწილის ერთი კერძო მესაკუთრიდან მეორეზე გასხვისებამ საზოგადოებაში კითხვის ნიშნები გააჩინა. მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ, თუ როგორ და რატომ აღმოჩნდა თავიდანვე სამეგრელოს მთავრის მიწის ნაკვეთი ბიზნესმენების ხელში.

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ყოფილი თანამშრომელი, ეროვნულ სიძველეთა მოქმედი მკვლევარი და ქართველოლოგი მანანა სოტკილავა გვიყვება, როგორ მოხდა თავდაპირველად მიწის გასხვისება. ეს მიწა დღეს ბიზნესმენ მამუკა კვირკვიას ეკუთვნის, რომელიც კერძო მესაკუთრისგან იყიდა.

როგორ გასხვისდა დადიანის მიწა

მიხეილ სააკაშვილი რომ მოვიდა პრეზიდენტად, მეციერებათა აკადემიას ნამდვილად სჭირდებოდა რეორგანიზაცია, რადგან კორუფციის ბუდედ იქცა. მესმის, რეფორმა საჭირო იყო და რეორგანიზაციის სახელით პირველი დაწესებულება, რომელიც მეცნიერებათა აკადემიას ჩამოაშორეს, სწორედ ზუგდიდის მუზეუმია, - გვიყვება მანანა სოტკილავა. თუმცა ამბობს იმასაც, რომ სწორედ აკადემიის ქოლგის ქვეშ იყო კომპლექსი თავის დროზე დაცული პირვანდელი სახით.

მანამდე პროცესს წინ უძღოდა გიგი უგულავას სამეგრელოს გუბერნატორად დანიშვნა. ახალმა გუბერნატორმა, როგორც მანანა სოტკილავა ამბობს, განაცხადა - სამუზეუმო მუშაობა ჩამკვდარია და მის გამოსაცოცხლებლად აუცილებელია დამოუკიდებლად იფუნქციონიროსო.

"ამის შემდეგ გიგი უგულავას და გოკა გაბაშვილის მიერ პრეზიდენტზე ხდება ზეწოლა. პრეზიდენტს აწერინებენ - შეიქმნას დადიანების არქიტექტურული მუზეუმი. ეს ის პერიოდია, წინანდლის გასხვისება რომ უნდათ და მემკვიდრეს ეძებენ და კოკოჩაშვილი რომ მოძებნეს სადღაც. ანალოგიური გაკეთდა აქ. დადიანების არასდროს ყოფილა ტერიტორია. იყო დადიანის. დადიანი იყო მთავარი. დაარქვეს სახელად დადიანები და ამან ის გამოიწვია, რომ ყველა დადიანმა პრეტენზია გამოაცხადა, მე ვარო მემკვიდრე.

შედეგად, ეს ორი შენობა გამოცხადდა მუზეუმად და გადაეცა, რა ქონებაც აქვს და რაზეც არის დამაგრებული, ის მიწის ფართი. დანარჩენი, ამ აკადემიის მიერ გაკეთებულ წითელ ხაზში რაც იყო, თავის ბაღიანად, გადაეცა ეკონომიკის სამინიტროს", - გვიყვება მანანა სოტკილავა.

ამ დროს ეკონომიკის მინისტრია გიორგი არველაძე. მისი მოადგილე კი კახა დამენია, რომელიც დადიანის ეზოს ნაწილის უკანონოდ გასხვისებაში, ზუგდიდის სასამართლომ დამნაშავედ 13 წლის შემდეგ, მიმდინარე წლის იანვარში ცნო და 15 ათასი ლარით დააჯარიმა. 

მაშინ პარლამენტის წევრი იყო ზუგდიდელი გრიგოლ ქობალია. აკადემიის ყოფილი თანამშრომლის თქმით, როგორც კი პარლამენტარმა შეიტყო, რომ ტერიტორია წალენჯიხელ ლევან ქარდავასთვის უნდა მიეყიდათ, მას შეეხმიანა და შეხვედრა სთხოვა. მანანა სოტკილავამ უთხრა, იმ შემთხვევაში მოუყვებოდა ყველაფერს, რაც იცოდა, თუ დარწმუნდებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილმა არაფერი იცოდა სინამდვილეში, რა შავდებოდა მიწის გასხვისებით.

საბოლოოდ, მანანა სოტკილავამ დეპუტატის ხელით პრეზიდენტს ჯერ კიდევ საბჭოთა მმართველობის დროს, მეცნიერ ილია ანთელავას მიერ გაკეთებული წითელი ხაზების ასლი გადასცა. ამ ხაზებით დადგენილი იყო მთავრის კუთვნილი ტერიტორია, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა წყობილების დროს დამახინჯდა და სხვადასხვა ფუნქციით დაიტვირთა. მოგვიანებით, ამ დოკუმენტზე მუშაობა წინა ხელისუფლების პირობებში გაგრძელდა, თუმცა, როგორც მანანა სოტკილავა ამბობს, ლოგიკური დასასრული ვერ ჰპოვა:

"რეაბილიტაციაში შეტანილი იყო ის, რომ გამოცხადდეს ამ ზონაში შეჭრილი ტერიტორიები და სახელმწიფოს როცა ექნება შესაძლებლობა, მოხდეს მისი გაყვანა. აქ შესული იყო მათ შორის მეოთხე სკოლა, სკოლის მიმდებარედ მაცხოვრებლებიც. ყოფილი ტექნიკუმის შენობა, სტადიონი, მეორე სკოლა, ენგურჰესის ბაღი. შეჭრილი ობიექტების გაყვანა უნდა მომხდარიყო შესაძლებლობის მიხედვით და აღდგენილიყო ანსამბლის თავდაპირველი სახე - სტადიონის აღება, ხეივნის აღდგენა".

მანანა სოტკილავას თქმით, გრიგოლ ქობალია რამდენიმე დღეში ხელახლა შეეხმიანა. უთხრა, რომ სააკაშვილი ნანახმა და მოსმენილმა გააოგნა - ამას როგორ ვიზამდიო. მეტიც, დაავალა, მობილური ჯგუფი შეექმნათ და რეკონსტრუქციის გენერალური გეგმა მოემზადებინათ თავდაპირველი იერ-სახის დასაბრუნებლად, რომლის განხორციელებასაც პირად კონტროლზე აიყვანდა. მაშინ, გარკვეული ხნით, მანანა სოტკილავას თქმით, ტერიტორიის გაყიდვის საკითხი შეჩერდა. თუმცა, შემდეგ გრიგოლ ქობალია გარდაიცვალა, ერთ დღეს კი შეიტყო, რომ მიწა აუქციონის წესით გაასხვისეს.

ეს ნაჭიშკრალი ტერიტორიაა. მეგრელი კაცი სახლს რომ აშენებს, პირველ რიგში შემოსაზღვრავს და ჭიშკარს უკეთებს ოდის პირდაპირ მაყურებელს, - ამბობს მანანა სოტკილავა:

"გინახავთ სადმე ეზოს გარეშე სამეგრელოში სახლი? დადიანი დადგამდა ამ შუაგულ ტყეში?".

მოგვიანებით იმ დოკუმენტის ორიგინალი დასჭირდა, სადაც ეს წითელი ხაზები იყო დატანილი და კულტურის სამინისტროს მიმართა.აქ უთხრეს, რომ არ ჰქონდათ. ცენტრალურ არქივში კიაღმოაჩინა, რომ იმ ნომრით, სულ სხვა დოკუმენტი დაურეგისტრირებიათ. იურისტებმა საბოლოოდ დააიმედეს, რომ ასლითაც შესაძლებელია ეროვნულ საექსპერტო ბიუროში მისი ნამდვილობის დადგენა, თუმცა ეს გარკვეულ თანხას მოითხოვს.

მანანა სოტკილავას თქმით, საბოლოოდ მთავრის კუთვნილი მიწა, ის, რაც აკადემიის წითელ ხაზებში იყო მოქცეული, რამდენიმე ნაწილად დაიყო. ერთ ადგილას იუსტიციის სახლი დადგეს, იქვე ახლოს კი "გაბერილი ბუშტი" [ყინულის მოედანი] ჩადგეს. უფრო ადრე საფეხბურთო სტადიონი აიღეს.

"ეკონომიკის სამინისტროდან დადიანის მამულის მიწის განკარგვის უფლებამოსილება გადაეცა ადგილობრივ მმართველობას. სწორედ ამის შემდეგ მოხდა სტადიონის აღება და ტერიტორიის სხვადასხვა ფართად, ანუ გასაყიდ ნაჭრებად დაყოფა და გამზადება გასასხვისებლად", - გვიყვება რესპონდენტი.

ხელისუფლება, როგორც"შეცდომების გამგრძელებელი"

მანანა სოტკილავა ამბობს, რომ მოქმედ ხელისუფლებას იმის მაგივრად, წინამორბედის შეცდომები გამოესწორებინა, თავად გააგრძელა "კრიმინალური მოქმედებები". კერძოდ, სწორედ "ქართული ოცნების" პირობებში გაიტანა აუქციონზე ზუგდიდის მერიამ საკრებულოს თანხმობით მეორე სკოლის მოპირდაპირედ მდებარე მიწის ნაკვეთი და სასტუმროს მშენებლობაც დაანონსდა ქალაქის განვითარების მიზნით, რასაც კრიტიკით უპასუხა სოციალურ ქსელში. მოგვიანებით კი მაშინდელმა მერმა, ირაკლი გოგოხიამ უთხრა - 50 მილიონის ინვესტიცია უნდა მომეზიდა ქალაქში და თქვენ ჩამიშალეთო.

"ხელისუფლება იცვლება, მაგრამ ეს თემა არ კვდება. არის რაღაც ჯგუფი, რომლსაც აქვს ძალიან დიდი ფინანსური დაინტერსება. არ ვიცი პერსონალურად ვინ არიან. დავალებების გამცემია საძებარი", - ამბობს მანანა სოტკილავა.

დადიანების ეზოს ნაწილის გასხვისება 2013 წელს ახალგაზრდების ჯგუფმა გააპროტესტა. აქციის მონაწილეებმა ამბობდნენ, რომ კერძო მესაკუთრისთვის მიყიდვა ხელყოფდა კლუტურული მემკვიდრეობის ძეგლის ინტერესს.

მაშინ ზუგდიდის განვითარების ფონდის "ერთსულოვნების"ერთ-ერთმა დამფუძნებელმა კონსტანტინე კაკავამ, რომელიც დღეს ზუგდიდის მერის მოადგილეა, მოუწოდა შესაბამის ორგანოებს, გამოეძიათ საქმე. აცხადებდა, რომ ტერიტორიის ნაწილი მუზეუმს თუ სახელმწიფოს, მაგრამ აუცილებლად უნდა დაბრუნებოდა, რადგან საბოლოოდ "ეს ხალხის ქონებაა".

მიწა ყოფილი ხელისუფლების მმართველობის შემდეგ, "ქართული ოცნების" პირობებში კიდევ ორჯერ, კერძო პირებზე გაიყიდა. მუნიციპალიტეტის მოქმედმა მერმა, გიორგი შენგელიამ კი განაცხადა, რომ ბიუჯეტს მიწის დასაბრუნებლად საჭირო თანხა არ გააჩნდა.

მიწის გასხვისების საქმეში დამნაშავედ ცნობილი ყოფილი მაღალჩინოსანი ბრალს არ აღიარებს

ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, კახა დამენიამ, გაასაჩივრა ზუგდიდის სასამართლოს მიმდინარე წლის იანვარში მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ის დამნაშავედ ცნეს დადიანის ეზოს ნაწილის გასხვისების საქმეში. კერძოდ, სამსახურებრივი გულგრილობისთვის.

ბრალდებულის უფლებადამცველმა იოსებ ჯანაშიამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ პროკურატურა მისი დაცვის ქვეშ მყოფს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავებოდა, თუმცა მოგვიანებით ეს მუხლი გადაკვალიფიცირდა. ადვოკატის თქმით, ახლა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მოუწევთ დამტკიცება, რომ კახა დამენიას არც სამსახურებრივი გულგრილობა გამოუჩენია და ამ საქმეში სრულიად უდანაშაულოა.

იოსებ ჯანაშია არც მანანა სოტკილავას ნათქვამს იზიარებს, რომ ტერიტორიის გასხვისებაგიგი უგულავას და გოკა გაბაშვილის [კულტურის ყოფილი მინისტრი] პრეზიდენტზე "ზეწოლით" და საბოლოოდ, ეკონომიკის მინისტრის და მისი მოადგილის ხელით აღსრულდა.

"რა შუაშია გიგი უგულავა. რა დროს გიგი უგულავას თემაა. აქ იყო უბრალოდ საკითხი, რომ გაოხრებული იყო ის ადგილი და ვინმე ინვესტორი რომ ყოფილიყო. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის ტერიტორია იყო, ძეგლი კი არ იყო ცალკე. ძეგლი თავისთავად გულისხმობს რაღაც ობიექტს. ეს ობიექტი არ იყო. უბრალოდ ედავებიან იმას, რომ სახელმწიფოს უნდოდა უკან დაბრუნება, იმ მოტივით, რომ მოვლა-პატრონობის პირობა იყო ჩადებული გაყიდვისას. მოვლა-პატრონობის პირობა შეიძლება ძეგლს დაუდო და არა მიწას. ის [მანანა სოტკილავა] რასაც ამბობს, ეს მხოლოდ მისი აზრია. სამართლებრივად არაფერს ეფუძნება", - გვითხრა ადვოკატმა.

იოსებ ჯანაშიას თქმით, როცა ამერიკის საელჩოს დახმარებით მუზეუმში რეკონსტრუქცია განხორციელდა, კონკრეტულ ტერიტორიაზე გაიარა მიწისქვეშა კომუნიკაციამ, რაც კერძო მესაკუთრის თანხმობას საჭიროებდა. სწორედ ამიტომ გააქტიურდა ეს თემაც: "ამიტომ შეიქმნა პრობლემა. თორემ საერთოდ ვის ახსოვდა".

"ჩვენი ნებართვის გარეშე იქ მესაკუთრე ვერაფერს ააშენებს"

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა დადიანის ეზოს ნაწილის კიდევ ერთხელ გასხვისება. ნიკოლოზ ანთიძემ გვითხრა, რომ პირველად ამის შესახებ სწორედ "ლაივპრესისგან" შეიტყო. ამ ფაქტს ის აღმაშფოთებელს უწოდებს. სააგენტოს დირექტორის მოსაზრებით, ტერიტორია თავის დროზეც არ უნდა გაყიდულიყო კერძო მფლობელზე და სანაცვლოდ მუზეუმს დაბრუნებოდა.

"ამ მიწას კერძო მესაკუთრე არ უნდა ჰყავდეს. მართლა გამიკვირდა გასხვისების შესახებ გადაწყვეტილება. როცა ზუგდიდში ვიყავი ჩასული მაშინდელ პრემიერთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, განკარგულება გასცა, რომ გამოძიება დაწყებულიყო ამ საკითხზე, თუ როგორ მოხვდა კერძო საკუთრებაში. ამის მერე ჩემთვის მოულოდნელი იყო და არასასურველია, რომ კიდევ გასხვისდა. არ ვიცი როგორ მოხდება უკან დაბრუნება, მაგრამ ფაქტია ერთი რამ - მანდ ვერავინ ვერაფერს ააშენებს ვერასდროს სააგენტოს ნებართვის გარეშე. გამორიცხულია ეგ. ის ტერიტორია შეიძლება პარკის ნაწილად განვიხილოთ მხოლოდ", - უთხრა ნიკოლოზ ანთიძემ "ლაივპრესს".

მისი თქმით, სწორედ მათი ინიციატივით დაიწყო ნიკოს სასახლის და ბოტანიკური ბაღის რეკონსტრუქცია. იგეგმება ეკატერინეს სასახლის აღდგენაც. განსაკუთრებული ყურადღებით ეპყრობიან დადიანების ტერიტორიას, ამიტომაც, აქ შესაძლოა ძეგლისთვის დამახასიათებელი პატარა სკამები დაიდგას მოსასვენებლად.

ზუგდიდის დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში, ნიკოსეული სასახლის სიახლოვეს, 995 კვ. მეტრ მიწას უკვე მესამედ, კერძო მფლობელი ჰყავს. მიწა შპს "ლაზეთიგრუპმა" მიმდინარე წლის მარტში იყიდა.

კომპანიის ხელმძღვანელი და 50%-იანი წილის მფლობელი რუსეთის მოქალაქე ლალიტა შერვაშიძეა, დანარჩენი 50%-ის კი ზუგდიდელი მამუკა კვირკვია.

თუ რა მიზნით შეიძინა მიწის ნაკვეთი და როგორ სურს მისი განვითარება, მეპატრონე ჯერ არ საუბრობს.

მანამდე ტერიტორია გია უბირიას ეკუთვნოდა. უფრო ადრე კი ენმ-ის წალენჯიხის ყოფილ მაჟორიტარ ლევან ქარდავას.

უფრო ადრე,მიწის ნაკვეთზე ბიზნესმენმა გოჩა ფიფიამ ამფითეატრი აღადგინა, რომელიც მალევე დაშალეს. მიწა კი მის საკუთრებაში არ ყოფილა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
მატყლის ჩეჩვა და და რთვა, საქართველოს სხვა რეგიონების მსგავსად
სამეგრელოშიც იცოდნენ, თუმცა ეს ტრადიცია უკვე მივიწყებულია.
19:02 / 14.02.2021
მატყლის ჩეჩვა და და რთვა, საქართველოს სხვა რეგიონების მსგავსად სამეგრელოშიც იცოდნენ, თუმცა ეს ტრადიცია უკვე მივიწყებულია.
ზუგდიდის დადიანების სასახლის საგანძურის ფოტოები გუგლის კულტურულმა
ინსტიტუტმა ატვირთა.
13:52 / 06.01.2021
ზუგდიდის დადიანების სასახლის საგანძურის ფოტოები გუგლის კულტურულმა ინსტიტუტმა ატვირთა.
17:43 / 19.08.2020
"მკურნალი ტყუპების" სახელით ცნობილი მომღერალი დები, თეა და ლიკა შენგელაიები,
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.