კულტურა
Covid-19-ის წინააღმდეგ მსოფლიო კონცერტზე ქართველმა ტყუპმა დებმა იმღერეს [ვიდეო]
დებმა თეა და ლიანა შენგელაიებმა, Covid-19-ის წინააღმდეგ მსოფლიო კონცერტზე, საქართველოს სახელით მიიღეს მონაწილეობა.

კონცერტი, რომელიც დისტანციურად შედგა, საქველმოქმედო იყო. მასში მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები მონაწილეობდნენ.

„კონცერტისას, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებმა მუსიკოსებმა სახლებიდან დისტანციურად მიიღეს მონაწილეობა. ჩვენ სახლში სხვადასხვა ინსტრუმენტზე დავუკარით და შევასრულეთ რამდენიმე სიმღერა. მათ შორის ორი ახალი სიმღერა, რომელიც პანდემიის დროს დავწერეთ. ჯანმოს ფონდის ვებ გვერდზე იყო ფანდრაიზერი და უნდა დაგვედო ბმული. ჩვენ მოვუწოდებდით ხალხს, შესულიყვნენ ჩვენს პოსტზე და განეხორციელებინათ ქველმოქმედება. ეს იყო მუსიკით ნათქვამი სიტყვა პანდემიის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში“, - გვიყვება თეა შენგელაია.

ტყუპების მშობლები ზუგდიდიდან არიან. როგორც თეა ამბობს, ოჯახი 90-იან წლებში არაბთა გაერთიანებულ საემიროში გაემგზავრა, სადაც 27 წელი იცხოვრეს.

დებმა თბილისში სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრეს უცხო ენაზე. მაგისტრატურა ლონდონში გაიარეს. ამჟამად საქართველოში ცხოვრობენ.

დებს ევროპაში კარგად იცნობენ, როგორც ბენდს „მკურნალ ტყუპებს“ (Healer Twins). მათ გამოცემული აქვთ რამდენიმე ალბომი. სიმღერის ტექსტს და მუსიკას თვითონ წერენ.

2015 წელს კი ტყუპები ჰოლივუდის ფილმში „ვარსკვლავური ომების“ მეშვიდე ეპიზოდში გადაიღეს.

თეა ამჟამად ტუბერკულოზის საერთაშორისო კვლევაზე მუშაობს. ამბობს, რომ პროფესიის პარალელურად, კინოსა და მუსიკაშიც გააგრძელებენ საქმიანობას.