კულტურა
პირველი შეხვედრა მაყურებელთან - თეატრის ცხოვრება პანდემიისას
კორონავირუსის პანდემიის გამო ზუგდიდის თეატრმა 5 თვიანი პაუზის შემდეგ პრემიერა გამართა.

გიორგი ლეონიძის მოთხრობის მიხედვით, სპექტაკლი "მარიტა" დასმა ღია სივრცეში - ბოტანიკურ ბაღში წარმოადგინა.

მარტში გამოცხადებული კარანტინის შემდეგ რეპეტიციები თეატრმა 15 ივლისს განაახლა. მსახიობები ამბობენ, რომ თეატრი ამდენი ხნით პირველად გაჩერდა.

"სიმარტოვის და შიშის განცდა იყო. იმ პერიოდში ტელევიზიით გავიდა ბატონ რობიკო სტურუას სპექტაკლი და როცა ვნახე პარტერი, რომელიც გადაფარებული იყო, იყო სიმარტოვე. ვტიროდი, მჯეროდა რომ ეს გადაივლიდა, ვფიქრობდი, რომ ამ ყველაფრის მერე დავუჩოქებ ჩემს მაყურებელს. კიდევ უფრო მეტად შემიყვარდა მაყურებელი, იმიტომ რომ ცარიელი თეატრი ძალიან ცუდია, არ შეიძლება, რომ როდესაც ადამიანს უყვები რაღაცას, ის შენთან ერთადაა, ემოციებს ცვლით, რაღაც ხდება, ზუსტად ის ხდება რა ძალიან მნიშვნელოვანია და არ მინდა სამყაროს გაუთენდეს ის დღე, როდესაც თეატრში პარტერი გადაფარებული იქნება", - გვითხრა მზეკო ჩარგაზიამ.

ზურაბ ლაშხია, რომელიც 25 წელია თეატრის მსახიობია, ამბობს, რომ სამოქალაქო ომი, ბევრი გაჭირვება გამოიარა და ახლა პირველად შეეშინდა:

"ძალიან ბევრი რამ გამოვიარეთ. ომი და ბევრი უბედურება, მაგრამ ახლა ძალიან შემეშინდა, შემეშინდა, იმიტომ რომ არავინ იცოდა, რამდენ ხანს გაგრძელდებოდა. მსახიობისთვის სახლში ჯდომა ძალიან რთულია, მსახიობი რომ მოდუნდება, ჩამოიშლება, როგორც ხელოვანი, ამის საშიშროება იყო. მერე ფეისბუკზე ვდებდით რაღაცეებს, ზღაპარიც მოვყევით პატარებისთვის, ყველა ვცდილობდით რომ გვემუშავა. ჩავიკეტებოდი მარტო ოთახში და რეპეტიციებს გავივლიდი, ავიღებდი ტელეფონს და მერე გადავიღებდი. ესეც საკმაოდ რთული აღმოჩნდა. მაგრამ საბედნიეროდ, მიწყნარდა ყველაფერი და ნელ-ნელა დავიწყეთ რეპეტიციები".

თეატრი ომის დროსაც კი აქტუალური იყო და თავის სათქმელს ამბობდა. პირველად მისი არსებობის მანძილზე მოხდა ისე, რომ თითქოს ფუნქცია დაკარგა, თუმცა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ლაშა შეროზია მიიჩნევს, რომ ეს გამოწვევა შეიძლება საინტერესოც კი გახდეს, თუ თეატრი მოძებნის სწორ ფორმას მაყურებელთან დიალოგისთვის:

"ჩვენს პრაქტიკაში მსგავსი რამ არ გვქონია. არ ყოფილა პერიოდი, რომ თეატრი ამდენი ხნით ყოფილიყო ჩაკეტილი. ომის დროსაც თეატრი უფრო მეტად აქტიურობდა, რომ განწყობა შეექმნა ადამიანებისთვის. როგორღაც უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენთვის ახალი სიტუაცია, ახალი გამოწვევა ჩვენთვის სასიკეთო გახდეს. და ის რეგულაციები, რომელიც გვაქვს, საკმაოდ რთულია, მაგალითად სცენაზე მსახიობებს შორის 2 მეტრიანი დისტანცია, ბევრმა იხუმრა როგორ შეიძლება რომ 2 მეტრის მანძილზე უყვარდეს ვიღაცას ან არ შეეხოს და ა.შ".

მას შემდეგ რაც თეატრებმა რეპეტიციები კულტურის სამინისტროს რეკომენდაციით, მარტის დასაწყისში შეწყვიტა, თეატრის ადმინისტრაცია იუტუბზე სპექტაკლების ჩანაწერებს ტვირთავდა. ფეისბუკზე მსახიობები ლექსებს ან ზღაპრებს კითხულობდნენ. თუმცა სამხატვრო ხელმძღვანელი დარწმუნებულია, მსახიობისა და მაყურებელის ურთიერთობას ვერანაირი ტექნოლოგია ვერ ჩანაცვლებს და პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების მიუხედავად, თეატრს მაყურებელი ეყოლება.

"პანდემიურ პერიოდში ეს ონლაინჩვენებები, ჩემთვის მიუღებელია, იმიტომ რომ თეატრი ცოცხალი პროცესია. ის სხვა ჟანრია, ეს ტელეჟანრია, კინოჟანრია, აქ ცოცხალი პროცესია. მოსული მაყურებელი, უშუალოდ ემოციურ მდგომარეობას პროცესში იღებს და მიდის რაღაც გარკვეულ შედეგამდე, ანალოგიურად მსახიობიც. არ გეგონოთ რომ მსახიობი რაღაცას დადგამს და ყოველ სპექტაკლზე იმეორებს ქარხანასავით. მათთვის ეს ცოცხალი პროცესია, ყოველ სპექტაკლზე იწვის, იმისთვის რომ მაყურებელთან იყოს. ეს ძალიან სენსიტიური თემაა დამოკიდებულება მსახიობის და მაყურებლის და არ მგონია ეს ცოცხალი პროცესი რაიმე სხვა ტექნოლოგიებმა შეცვალოს. დისტანციურმა ტექნოლოგიებმა, თორემ სცენაზე ტექნოლოგიები კიდევ სხვა რამეა".

ზუგდიდის თეატრი ამ სეზონზე კიდევ ერთ სპექტაკლს გამართავს ანაკლიის ამფითეატრში და შემდეგ ახალი სეზონისთვის მოემზადება.