კულტურა
ზუგდიდელი ტყუპები „ვარსკვლავური ომებიდან“ [ვიდეო]
"მკურნალი ტყუპების" სახელით ცნობილი მომღერალი დები, თეა და ლიკა შენგელაიები, რომელთაც საერთაშორისო აღიარება დიდი ხანია მოიპოვეს, მალე მშობლიურ ქალაქშიც იმღერებენ.

"ეს იქნება ჩვენი პირველი კონცერტი ზუგდიდში, რაც დიდი პატივია, რადგან ძალიან გვიყვარს აქაურობა. 21 აგვისტოს, ბერტა ფონ ზუტნერის პრემიის გამარჯვებულების გამოვლენის ღონისძიებაზე მიგვიწვიეს, სადაც ჩვენს სიმღერებს ვიმღერებთ. ასევე ამ დღისთვის ვთხოვეთ ჩვენს მეგობარ ქეთი მელუას ძმას ზურას, რომელიც ჩვენთან ერთად უკრავდა, ჩაეწერა ქეთისთან ერთად სიმღერა, რაც შეასრულეს და ღონისძიებაზე გაუშვებენ ვიდეოს - სიმღერის ჩანაწერს", - ამბობენ ტყუპები.

ლიკა იხსენებს, რომ ზუგდიდში კონცერტი ბავშვობის შემდეგ არ ჰქონიათ.

"აქ, ბებია და ბაბუასთან ყოველ წელს დავდიოდით. საუკეთესო ბავშვობა გვქონდა. ბებიას ძალიან უყვარდა მეგრული სიმღერები და ყოველთვის გვთხოვდა გვემღერა მეგრული. ბაბუაც მღეროდა. "ასე ჩონგურს" ვმღეროდით ხშირად. აქ რომ ჩამოვდიოდით, კონცერტებს ვაწყობდით სამეზობლოში. ბავშვობაში ბევრ რამეს ვმღეროდით, პინკ ფლოიდი, მაიკლ ჯექსონი, სელინ დიონი, ბრიტნი სპირსსაც ვუსმენდით და ძალიან ბევრს ვცეკვავდით. ახლა მეცინება ამაზე".

გოგოები ჯერ კიდევ პატარები იყვნენ, როცა მამა ლადო შენგელაია არაბთა გაერთიანებულ ემირატებში ექიმად წავიდა სამუშაოდ, რის გამოც ოჯახი დუბაიში გადავიდა საცხოვრებლად. გოგოებმაც სამედიცინო მიმართულებით მიიღეს უმაღლესი განათლება, თუმცა პარალელურად წერდნენ მუსიკას.

"ეს ტრადიცია გრძელდება ოჯახში. ბებია, მამა, ყველა ექიმები არიან. ჩვენც ძალიან მოგვწონს ექიმობა. ძალიან კეთილი საქმეა. პრაქტიკოსი ექიმები არ ვართ. უფრო სამეცნიერო მიმართულებით წავედით. ლონდონში გლობალური ჯანდაცვის მიმართულებით მაგისტრატურა გავიარეთ", - ამბობს თეა.

ტყუპებისთვის ორივე სფერო ერთნაირ ძალისხმევას მოითხოვს, რადგან ფიქრობენ, რომ სხვა შემთხვევაში წარმატება შეუძლებელია.

ქართველი მომღერლები 2015 წელს ჰოლივუდის ფილმში - "ვარსკვლავური ომების" მეშვიდე ეპიზოდში გადაიღეს.

"ხშირად დავდიოდით კასტინგებზე ემირატებში და ასე მოვხვდით "ვარსკვლავურ ომებში". რომ დაგვირეკეს და გვითხრეს, არჩეულები ხართ და გსურთ თუ არა მიიღოთ მონაწილეობაო, შოკი გვქონდა. გადაგვიღეს. მაშინ ბევრი რამ დაიწერა ჩვენზე. საქართველოშიც არაერთ გადაცემაში მიგვიწვიეს. ფილმში მონაწილეობა კარგი გამოცდილება იყო ჩვენთვის. მერე გადავწყვიტეთ ალბომის გამოშვებაც", - ამბობენ დები.

კარანტინის პერიოდში "მკურნალმა ტყუპებმა", კორონავირუსის წინააღმდეგ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო კონცერტზე, საქართველოს სახელით მიიღეს მონაწილეობა.

ახლა კი კლიპს იღებენ თავიანთ სიმღერაზე "ოცნებების მთა".

გოგოები ამბობენ, რომ ის ოცნებები, რომელიც ჯერ კიდევ ზუგდიდში მეზობლებისთვის გამართული კონცერტების დროს ჰქონდათ, აუსრულდათ:

"სულ გვჯეროდა, რომ რაღაცას მივაღწევდით. ისეთ განწყობაზე ვიყავით, სულ რომ არ გავჩერებულვართ. მთავარია არ გაჩერდე ცხოვრებაში, რაც გინდა ის გააკეთო და წარმატებაც მოვა".