კულტურა
გუგლის ვირტუალურ მუზეუმში დადიანების სასახლის საგანძური გამოიფინა
ზუგდიდის დადიანების სასახლის საგანძურის ფოტოები გუგლის კულტურულმა ინსტიტუტმა ატვირთა.

გუგლის ვირტუალურ მუზეუმში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია სახლიდან გაუსვლელად დაათვალიეროს ცნობილი ტილოები და ხელოვნების ნიმუშები.

ამჯერად, დამთვალიერებელი იხილავს ილორის, მოქვის, წალენჯიხის და სხვა ძვირფას ოქროს ხატებს.

"მსოფლიოს უდიდესმა, გუგლის კულტურულმა ინსტიტუტმა თავისი პლატფორმა დადიანების სასახლეს დაუთმო! ზუგდიდი ხელოვნების სასახლის შემდეგ მეორე ქართული მუზეუმია, რომლის კოლექციაც მრავალმილიონიანი მსოფლიო აუდიტორიის წინაშე გამოიფინა.

"დადიანების სასახლეების საგანძური" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც წუხელ ღამის პირველ საათზე ჩაიტვირთა. ნიუ იორკში ამ პროცესს ჩვენი წარმომადგენელი მერი ხარაიშვილი უწევდა კოორდინაციას, რისთვისაც მას განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა. გამოფენა ლილი ბერაიას ნაშრომისა და ტექსტის საფუძველზე ხელოვნების სასახლის თანამშრომელმა მარიამ კიკვაძემ მოამზადა.

გამოფენას ორმაგი მნიშვნელობა აქვს: პირველი მსოფლიოს კიდევ ერთხელ გააცნოს ჩვენი ქვეყნის უმდიდრესი წარსული და ამასთანავე კულტურის, პირუთვნელი ფაქტების ენით მსოფლიოს დაანახოს ჩვენი ტერიტორიული ერთიანობის ისტორიული საფუძვლები", - წერს ფეისბუკზე მკვლევარი გიორგი კალანდია, რომელიც 4 თვის წინ ზუგდიდის დადიანების სასახლეების მზრუნველთა საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა.

მანამდე, გუგლის კულტურული ინსტიტუტის წევრი საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი - ხელოვნების სასახლე გახდა.

დადიანების სასახლის საგანძურის დათვალიერება შეგიძლიათ აქ.