დათო ტურაშვილის „ტყეების მეფე“ - პრეზენტაცია ზუგდიდში
ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში დათო ტურაშვილის რომანის „ტყეების მეფე“ პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნი დავით აღმაშენებლის მოღვაწეობას შეეხება და გადმოსცემს, თუ როგორ მიაღწია 16 წლის ბიჭმა წარმატებას.
პრეზენტაცია დისკუსიის ფონზე წარიმართა. აუდიტორიის კითხვებს წიგნის ავტორი თავად პასუხობდა, თუმცა მოქალაქეები კითხვები მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ტურაშვილის პოზიციითაც დაინტერესდნენ.
„მიჭირს ამ წიგნზე მოკლედ საუბარი, რადგან მის დასაწერად ძალიან ბევრი ლიტერატურის გაცნობა დამჭირდა. ეს არის რომანი დავით აღმაშენებელზე. მთავარი პირობა მისი წარმატების, რომელიც ვერავინ გაიმეორა, იყო მისი მეგრელი ბრძენი მრჩეველი ჭყონდიდელი. სწორედ ამიტომ ძალიან მინდოდა ამ წიგნის პრეზენტაცია ქუთაისის მერე ზუგდიდში ყოფილიყო“, - განაცხადა მწერალმა.