მზარეულის მაგიდა
ჭყინტი ყველის ამოყვანა [ვიდეო]
ჭყინტი ყველის ამოყვანა არც თუ ისე რთულია და მონდომების შემთხვევაში ნატურალური რძისგან გემრიელი და დაბალკალორიული ყველის დამზადება შეიძლება.

გთავაზობთ ვიდეორეცეპტს

ჩვენი თხოვნით ჭყინტი ყველი ბელა კვარაცხელიამ ამოიყვანა. ის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ცხოვრობს. ოთხსულიან ოჯახში ჰყავთ ძროხები და სამყოფ რძის პროდუქტებსაც ამზადებენ.

მაშ ასე, დავიწყოთ ჭყინტი ყველის მომზადება. ჩვენ შემთხვევაში გვაქვს 8 ლიტრი რძე, რომლისგანაც დაახლოებით კილო-ნახევრი ყველი გამოდის.

შემთბარ რძეში (არ უნდა ადუღდეს) უნდა დავამატოთ შედედებისთვის აუცილებელი კომპონენტი - ე.წ. კვეთი, ან პეპსინი. საზომად შეგიძლიათ გამოიყენოთ პეპსინის ქილის თავსახური. მოვურიოთ და დავტოვოთ თბილ ადგილას, დაახლოებით ნახევარი საათი.

როცა რძე კარგად შედედდება, შეიძლება დავიწყოთ ყველის ამოყვანა. მასა დავდგათ დაბალ ცეცხლზე და ხელით მოვურიოთ. რძე აიჭრება, არ შეგეშინდეთ, ასეც უნდა მოხდეს. დავიწყოთ რძეში უკვე აჭრილი შედედებული ნაწილების ერთად შექუჩვა. 10-15 წუთში უნდა მივიღოთ კარგად შეკრული ყველის გუნდა. ამის შემდეგ ამოვიღოთ ყველი და მოვათავსოთ ჯამში.

არ გადაღვაროთ დარჩენილი სითხე - წრუქი. მისგან ნადუღის დამზადება ძალიან მარტივია. იმისთვის, რომ უფრო გემრიელი გამოვიდეს, ბელა კვარაცხელია გირჩევთ ჩაამატოთ 1 ჭიქა ცივი წყალი და მწიკვი მარილი. ადუღეთ ძალიან დაბალ ცეცხლზე, დაახლოებით 30 წუთი. როცა სითხის ზედაპირზე თეთრი ნადუღი ამოტივტივდება, გათიშეთ ცეცხლი, გააცივეთ წრუქი და გაწურეთ მარლის ქისაში. როცა ნადუღი კარგად გაიწურება, ამოიღეთ. შეგიძლიათ ის სხვადასხვა სანელებლითაც გააზავოთ. სამეგრელოში ნადუღს ხშირად ფუჩხოლია ყველის მსგავსად, პიტნის სუნელით კაზმავენ და ღომში ჩამთბარს მიირთმევენ.